საქართველო VS უკრაინა - ბოლოს და ბოლოს, გავტეხოთ ნავსი!

AutoSharing Option
დღეს, 9 ივნისს, ჩვენი დროით 22 საათზე, ავსტრიულ ქალაქ ლინცში საქართველოს ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში უკრაინის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს "პირველი არხი" შემოგვთავაზებს...


მატჩის მნიშვნელობა
ფაქტია, დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის ყველა შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, იქნება ეს ამხანაგური თუ ოფიციალური მატჩი. ეს ბუნებრივიცაა - სწორედ სტატუსით შენზე ძლიერ მოწინააღმდეგესთან წარმატებული თამაშით უნდა გამოსწორდეს ის კატასტროფული მდგომარეობა, რომელიც საქართველოს ნაკრებს ფიფას რეიტინგში აქვს.

ჩვენს მკითხველს კარგად ემახსოვრება ფიფას ბოლო რეიტინგები, სა
დაც ლუქსემბურგმა, ავღანეთმა და ბევრმა არასაფეხბურთო ქვეყანამ გაგვასწრო. აბსოლუტურად მართებულად მიიჩნევს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე, რომ ჩვენი გუნდისთვის ყველა მატჩში, იქნება ეს ამხანაგური თუ ოფიციალური, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია შედეგი.

ერთიცაა სათქმელი - ეს ფაქტორი გარკვეული წნეხის ქვეშ ამყოფებს საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბსა და ფეხბურთელებს, თუმცა რას ვიზამთ, ასეთია ჩვენი რეალობა...

ავსტრიაში ნაღვაწი უნდა გამოჩნდეს...
ვერ ნახავთ მსოფლიოში სანაკრებო მწვრთნელს, რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში არ უჩიოდეს ერთ კონკრეტულ პრობლემას და ამ პრობლემას "დროის უკმარისობა" ჰქვია. სხვანაირად რომ ვთქვათ, ნაკრების თავკაცს შეგირდების მოსამზადებლად საკმარისი დრო არასოდეს აქვს.

სწორედ ამიტომ გაგვიკვირდა (სასიამოვნოდ), როცა საქართველოს ნაკრებმა მალტასთან ამხანაგურ და გერმანიასთან ევროშესარჩევ მატჩებში, რბილად რომ ვთქვათ, უწინდელზე გააზრებული ფეხბურთი აჩვენა.

დაახლოებით ერთი კვირაა, ჩვენი გუნდი ავსტრიულ შეკრებაზეა. შუა ევროპაში ნაკრებს ყველა პირობა აქვს საიმისოდ, რომ კარგად მოემზადოს უკრაინასთან ამხანაგური და პოლონეთთან ევროშესარჩევი მატჩებისთვის.

ერთადერთი, რაც ოდნავ გვანერვიულებს, ის არის, რომ გვინდა თუ არა, საქართველოს ნაკრების ბანაკში აუცილებლად იქნება წინასაშვებულებო განწყობის "შტრიხები", თუმცა იმისიც გვჯერა, რომ ბიჭები რამდენიმე დღესაც მოითმენენ ქვეყნის ღირსებისა და პრესტიჟისთვის.

სწორედ ავსტრიულ შეკრებაზე ნაღვაწი უნდა გამოჩნდეს ამ ორ უახლოეს შეხვედრაში და ჩვენც იმის იმედი გვაქვს, რომ შედარებით უკეთესობას დავინახავთ ეროვნული გუნდის თამაშში.

საერთოდ, ზომიერება და "ოქროს შუალედის" დაცვა ყველგანაა საჭირო. საქართველოს ნაკრებისგან მთების გადაბრუნებას არავინ ითხოვს, მაგრამ ის კი გვინდა, რომ ყოველი მომდევნო თამაში ოდნავ მაინც სჯობდეს წინას.

პრობლემები
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, კვირა საღამოს მდგომარეობით, ერთადერთი პრობლემა იყო - შეძლებს თუ არა უკრაინასა და პოლონეთთან თამაშს ეროვნული გუნდის უპირველესი ფორვარდი ლევან მჭედლიძე. სამწუხაროდ, ტრავმის გამო ის ვერ ითამაშებს.

არადა, ბოლო დროს მჭედლიძე თითქოს ფორმაში შევიდა, რისი დასტურიც არის მილანის "ინტერთან", "სან სიროზე", სერია A-ს ბოლო ტურში შესრულებული დუბლი.

ასევე ტრავმის გამო ნაკრებს გამოაკლდა გოგიტა გოგუა.

არც ერთი მოგება
აქამდე საქართველოსა და უკრაინის ნაკრებები ერთმანეთს რვა შეხვედრაში დაუპირისპირდნენ და აქედან ჩვენი გუნდის გამარჯვებით არცერთი მატჩი არ დასრულებულა.

ალბათ, დროა, ნავსი გატყდეს, თუმცა წინასწარვე უნდა ვთქვათ - ამის გაკეთება ძალზე რთული იქნება. უკრაინის ნაკრები, რომელსაც ლანჩხუთის "გურიის" ყოფილი დამრიგებელი მიხაილო ფომენკო წვრთნის, ევროპულ ფეხბურთში ერთობ ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენს.

მიმდინარე შესარჩევ ციკლში უკრაინა, ჯერჯერობით, მეტ-ნაკლები წარმატებით ასპარეზობს. ფომენკოს გუნდს ჯგუფში 9 ქულით მესამე ადგილი უჭირავს და ერთბაშად ორ მეტოქეს ჩამორჩება - ლიდერ სლოვაკეთსა და მეორეადგილოსან ესპანეთს.

მეტოქის ბანაკში
ფომენკოს ხელმძღვანელობით, უკრაინის ნაკრები ავსტრიულ ლინცში შაბათ დილას გაემგზავრა. სანაკრებო სიაში 25 ფეხბურთელია.

Sportall.Ge
ფოტოზე: უკრაინის ნაკრები საქართველოსთან მატჩის წინ
ეროვნულ გუნდში პირველად მოხვდნენ "დნიპროს" 28 წლის მარჯვენა მცველი პაველ ქსენძი და "ზორიას" 22 წლის საყრდენი ნახევარმცველი მაქსიმ მალიშევი.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს უკრაინის ნაკრებში ორი ფორვარდის დაბრუნება. ლაპარაკია "დნიპროს" მოიერიშე ევგენი სელეზნიოვსა და "შახტარის" შემტევ ოლექსანდრ გლადკიზე.

როგორც უკრაინის ეროვნული ნაკრების სამედიცინო შტაბის ხელმძღვანელმა სერგეი დერეპოვსკიმ განაცხადა, მიკროტრავმები აწუხებთ "შახტარისა" და "დინამოს" (სწორედ ეს გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს უკრაინის თასის ფინალში) ცალკეულ ფეხბურთელებს.

თუმცა ისეთი, რომ თამაშს ვინმე გამოაკლდეს, არ ჰყავთ და ფომენკოსაც უძლიერესი თერთმეტეულის დაყენების საშუალება ექნება. გამოჯანმრთელდა უკრაინის ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი მცველი ოლექსანდრ კუჩერიც, რომელსაც თავი ჰქონდა გატეხილი.

გარისკვად არ ღირს
ძალიან რთული სათქმელია, როგორ ტაქტიკურ სქემას აირჩევს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე უკრაინასთან შეხვედრაში. სამწუხაროდ, არ გვქონია იმის ფუფუნება, გვენახა, რა ხდება ავსტრიულ შეკრებაზე. უნდა ვივარაუდოთ, რომ ბევრი არ შეიცვლება მალტასა და გერმანიასთან არჩეულ ტაქტიკურ სქემაში.

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეროვნული გუნდის კაპიტან ჯაბა კანკავას, რომელიც პოლონეთთან მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს და გუნდს ავსტრიულ შეკრებაზეც არ ახლავს (მწვრთნელსა და კაპიტანს შორის მოლაპარაკებით), მინდვრის საყრდენ ზონაში შეცვლის ბუბა დაუშვილი.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ავსტრიაში ამ შემადგენლობითაა:

მეკარეები: გიორგი ლორია ("ოლიმპიაკოსი", საბერძნეთი), ნუკრი რევიშვილი ("ტოსნო", რუსეთი), როინ კვასხვაძე ("ოთელოსი", კვიპროსი);
მცველები: ალექსანდრე ამისულაშვილი, ლაშა სალუქვაძე (ორივე - "ინტერი", აზერბაიჯანი), გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), ლაშა თოთაძე ("დინამო", თბ), უჩა ლობჟანიძე ("ომონია", კვიპროსი), კახა ალადაშვილი ("სკა ენერგია", რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი ("ტოსნო", რუსეთი), ლაშა დვალი ("ქასიმფაშა", თურქეთი);
ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი ("კარპატი", უკრაინა), კახა მახარაძე ("ფახთაქორი", უზბეკეთი), მათე ცინცაძე ("დინამო", თბ) ჯანო ანანიძე ("სპარტაკი", რუსეთი), ალექსანდრე კობახიძე ("ვოლინი", უკრაინა), ვალერი ყაზაიშვილი ("ვიტესი", ჰოლანდია), გოგიტა გოგუა ("სკა ენერგია", რუსეთი), ლევან ყენია ("სლავია", ჩეხეთი), თორნიკე ოქრიაშვილი ("გენკი", ბელგია);
თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე ("ემპოლი", იტალია), მათე ვაწაძე ("ორჰუსი", დანია), გიორგი ჭანტურია ("კლუჟი", რუმინეთი), ბაჩანა ცხადაძე ("ინტერი", აზერბაიჯანი).

აქვე, ფომენკოს რჩეულებსაც გადავხედოთ:

მეკარეები: ანდრეი პიატოვი ("შახტარი"), დენის ბოიკო ("დნიპრო"), ნიკიტა შევჩენკო ("ზორია");
მცველები: ევგენი ხაჩერიდი ("დინამო"), ანდრეი პილიავსკი ("ზორია"), ვიაჩესლავ შევჩუკი, ალექსანდრ კუჩერი, იაროსლავ რაკიცკი (ყველა - "შახტარი").
ნახევარმცველები: ნიკოლაი მოროზიუკი, სერგეი რიბალკა, სერგეი სიდორჩუკი, დენის გარმაში, ოლეგ გუსევი, ანდრეი იარმოლენკო (ყველა - "დინამო"), რუსლან როტანი, ევგენი კონოპლიანკა, პაველ ქსენძი (ყველა - "დნიპრო"), ტარას სტეპანენკო ("შახტარი"), მაქსიმ მალიშევი ("ზორია"), ანატოლი ტიმოშჩუკი ("ზენიტი", რუსეთი), დენის ოლეინიკი ("ვიტესი", ჰოლანდია);
თავდამსხმელები: ფილიპ ბუდკოვსკი ("ზორია"), ევგენი სელეზნიოვი ("დნიპრო"), არტიომ კრავეცი ("დინამო"), ალექსანდრ გლადკი ("შახტარი").

ურთიერთშეხვედრები
10.08.98. ამხანაგური მატჩი
უკრაინა-საქართველო 4:0
1:0 რებროვი (1), 2:0 რებროვი (42), 3:0 სკაჩენკო (57), 4:0 კოვალოვი (76)

20.03.99. ამხანაგური მატჩი
საქართველო-უკრაინა 0:1
0:1 კონოვალოვი (77)

14.02.01. ამხანაგური მატჩი
საქართველო-უკრაინა 0:0

17.04.02. ამხანაგური მატჩი
უკრაინა-საქართველო 2:1
1:0 რებროვი (17), 1:1 ბურდული (72), 2:1 ტიმოშჩუკი (90)

13.10.04. მჩ შესარჩევი მატჩი
უკრაინა-საქართველო 2:0
1:0 ბელიკი (12), 2:0 შევჩენკო (79)

03.09.05. მჩ შესარჩევი მატჩი
საქართველო-უკრაინა 1:1
0:1 როტანი (43), 1:1 გახოკიძე (89)

06.09.06. ეჩ შესარჩევი მატჩი
უკრაინა-საქართველო 3:2
1:0 შევჩენკო (31), 1:1 არველაძე (38), 1:2 დემეტრაძე (61), 2:2 როტანი (61), 3:2 რუსოლი (80)

08.09.07. ეჩ შესარჩევი მატჩი
საქართველო-უკრაინა 1:1
0:1 შელაევი (7), 1:1 სირაძე (89)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ეს თამაში კი არა საზიზღრობაა..ცხვარზე და ოციანზე თამაშს გავს
გია
23:29 09-06-2015
0
საშინელებაა
გია
23:28 09-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული