Football.ua: საქართველო-უკრაინა 1:1 დასრულდება

AutoSharing Option
უკრაინული მედია დიდ ყურადღებას უთმობს ამხანაგურ მატჩს საქართველოსა და უკრაინის ნაკრებებს შორის, რომელიც 9 ივნისს ქალაქ ლინცში გაიმართება. ჩვენ პოლონეთთან ევრო 2016-ის შესარჩევი მატჩისთვის ვემზადებით, უკრაინელები კი ლუქსემბურგს დაუხვდებიან ლვოვში.

მას საქართველოში ხელისგულზე ატარებდნენ
Спорт Сегодня წერს, რომ უკრაინელთა თავკაცს, მიხაილ ფომენკოს საქართველოსთან კარგი მოგონებები აქვს:

"ჩვენი ნაკრების თავკაცს საქართველოსთან საუკეთესო მოგონებები აკავშირებს. 1989 წელს მან ლანჩხუთის "გურია" საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში გადაიყვანა. უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი სერგეი ტატულიანი იხსენებს, რომ მაშინ ფომენკოს ხელისგულზე ატარებდნენ საქართველოში. "ეს იყო ნამდვილი გმირობა,
სოფლის გუნდი უმაღლეს ლიგაში გადავიდა. ფომენკო ახლაც ძალიან უყვართ იქ და აფასებენ".

უკრაინელთა ვარაუდი და პროგნოზი
Football.ua-მ მატჩის სავარაუდო შემადგენლობები გამოაქვეყნა:

უკრაინა: ბოიკო, გუსევი, ხაჩერიდი, რაკიცკი, შევჩუკი, ტიმოშჩუკი, რიბალკა, იარმოლენკო, სიდორჩუკი, ოლეინიკი, კრავეცი.

საქართველო: ლორია, ლობჟანიძე, კაშია, ამისულაშვილი, დვალი, მახარაძე, ყაზაიშვილი, ნავალოვსკი, კობახიძე, მჭედლიძე, ოქრიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ უკრაინასთან მატჩში მჭედლიძის თამაში გამოირიცხა. ასე რომ, უკრაინელთა ვერსია არასწორია. მათი ვერსიით, დიდი ალბათობით, ფომენკო კონოპლიანკას საქართველოსთან დაასვენებს.

გამოცემა თავისეულ პროგნოზსაც გვთავაზობს, რაც ცოტა არ იყოს, მოულოდნელია - 1:1.

ახლაც მახსოვს თბილისის აეროპორტი და უდიდესი სიხარული
ავსტრიაში დაბანაკების შემდეგ ჟურნალისტებს ანატოლი ტიმოშჩუკი წარუდგა.

"ქართველებთან ბევრჯერ გვითამაშია, ზოგჯერ მოგვიგია, ზოგჯერ ფრედ გვითამაშია. სწორედ თბილისის აეროპორტში შევიტყვეთ დანია-თურქეთის შედეგი, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი ადგილით გაგვიყვანა. მახსოვს საოცარი ეიფორია, რაც ჩვენს ნაკრებში მაშინ აეროპორტში ხდებოდა.

თანაც, ჩემი პირველი სანაკრებო გოლი 2002 წელს ქართველთა კარში გავიტანე. ავსტრიელ გულშემატკივრებს თამაშზე ვეპატიჟებით. საქართველოს და უკრაინის ნაკრებები ორიგინალური გუნდებია. ჩვენს გუნდში "დინამოს", "შახტარის" და "დნიპროს" ვარსკვლავები თამაშობენ. ასე რომ, კარგი თამაში იქნება.

ავსტრიაში ბევრია ეთნიკურად უკრაინელი. იმედია, ისინი მოვლენ. მარტო მე ვიცი, რომ ჩემი ათამდე მეგობარი აპირებს თამაშზე მოსვლას".

საქართველო უკრაინაში არ ჩავიდა
Спорт-Экспресс в Украине-სთან ინტერვიუში მიხაილ ფომენკომ განაცხადა:

"უკრაინას სპარინგის გამართვასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს, ომის გამო აქ ჩამოსვლა არ სურთ. სულ სამი ვარიანტი განიხილებოდა. პირველი ვარიანტი არ გამოვიდა, გუნდი, რომელიც მზად იყო ჩვენთან სათამაშოდ, ბოლოს უარზე იყო. შემდეგ ჩავარდა მეორე ვარიანტი, დარჩა საქართველო და ვთამაშობთ კიდევაც საქართველოსთან.

ქართველებმა უკრაინაში თამაშზე უარი თქვეს, ისინი პოლონეთთან მატჩისთვის ემზადებიან და ავსტრიაში თამაში შემოგვთავაზეს", - განაცხადა ფომენკომ.

"საქართველოს ნაკრები საქმეში ბოლოს ძალიან დიდი ხნის წინ ვნახე. ჩვენ გვავქს მათი ჩანაწერები ამ შესარჩევ ციკლში და თამაშამდე ვნახავთ", - ამბობს ფომენკო.

ჩაშლილი პრესკონფერენციები
ФФУ-ს ოფიციალური საიტის ცნობით, გუშინ ორივე ნაკრების თავკაცთა პრესკონფერენციები არ ჩატარდა. ამის მიზეზი ისაა, რომ "გუგლის" არენაზე ვარჯიშისგან თავი შეიკავა ფომენკომაც და ცხადაძემაც, რადგან ეს არენა მოშორებითაა. შესაბამისად, ორგანიზატორებს პრესკონფერენციაზე უარის თქმა მოუწიათ.

ერთმანეთს ვერაფრით გავაკვირვებთ
РБК-Украина რუსლან როტანის კომენტარს გვთავაზობს: "ჩვენ ერთმანეთს ვერაფრით გავაკვირვებთ, ისინი კარგად გვიცნობენ ჩვენ და ჩვენ - მათ. საქართველოს ნაკრებს კვალიფიციური ფეხბურთელები ჰყავს, რომლებიც ევროპასა და უკრაინაში თამაშობენ. მეტოქე კარგად თამაშობს და თუ აგებს, მაინც ბოლომდე იბრძვის".
მკითხველის კომენტარები / 2 /
ცოტა დააკლდა, სულ ერთი გოლი :-)
alioxa
04:02 10-06-2015
0
გაუმარჯოს ძმობას.
gode
18:44 09-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული