თვალსაზრისი: რა გვასწავლა უკრაინამ?

AutoSharing Option
საქართველოსა და უკრაინის ეროვნულ ნაკრებთა ავსტრიული მატჩი უკვე ისტორიის კუთვნილებაა.

უკვე დავწერეთ და ერთხელაც გავიმეორებთ - ლინცში ვნახეთ სხვანაირი საქართველო. ვნახეთ ბევრი მოკლე პასი, ჟინი, ხასიათის სიმტკიცე და თავდადება, მაგრამ ვნახეთ ისიც, რაც არაერთხელ გვინახავს - ბევრი შეცდომა, წაგება და კურიოზული გოლი, ანუ გოლი - არსაიდან.


ფაქტია, საქართველოს ნაკრებს პროგრესი ეტყობა. ამხანაგური მატჩები კი იმისთვისაა, რომ ოფიციალური შეხვედრისთვის კარგად მოემზადო. ასეთი თამაში კარს გვადგას - 13 ივნისს, ფავორიტ პოლონეთთან, ვარშავაში...

რა თქმა უნდა, საქართველოს
ნაკრების სამწვრთნელო შტაბი უკრაინასთან შეხვედრას დაწვრილებით ანალიზს გაუკეთებს. ჩვენ კი ჩვენი ვთქვათ...

მთავარი პრობლემა
ისე ჩანს, რომ სანამ იარსებებს საქართველოს ნაკრები, იქნება ეს პრობლემაც - ვგულისხმობთ თამაშის კონკრეტულ მონაკვეთში კონცენტრაციის დაკარგვას. დღეს ეს სენი ძალიან იშვიათია ნაღდ ევროპულ კლუბებსა თუ ნაკრებებში, მაგრამ ჩვენ კი უცილობლად გვჭირს.

რომ არა ის კოშმარული 20 წუთი, უკრაინასთან ნამდვილად არ წავაგებდით და იქნებ მოგებით ნავსიც გაგვეტეხა.

ყველა მწვრთნელი, ვისაც აქამდე საქართველოს ნაკრებში უმუშავია, სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა შემთხვევაში ამახვილებდა ამ საკითხზე ყურადღებას, მაგრამ ჯერ არაფერი გამოდის, ისევ იქ ვართ.

არადა, უნდა გამოვიდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლონეთთან ძალიან გაგვიჭირდება. თუნდაც ასეთ 20 წუთს არ გვაპატიებენ ლევანდოვსკი, კრიხოვიაკი და ძმანი მათნი.

ცივსისხლიანობა, სითამამე
ვერავინ იტყვის, რომ საქართველოს ნაკრები უკრაინასთან შეხვედრაში არ უტევდა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ჩვენების გარჯას დამაგვირგვინებელ ფაზაში "რაღაც" აკლდა.

რა იყოს ეს "რაღაც"? საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ამას "სითამამე" უწოდა.


ჩვენც აქვე ვართ - გნებავთ, სითამამე დაარქვით, გნებავთ, ცივსისხლიანობა, ფაქტია, რომ ეს გვაკლია.

არადა, საჭიროა, ძალიან საჭირო - თავდამსხმელი "მკვლელის ინსტინქტით", სითამამით ფასობს. მისი და შემტევი ნახევარმცველების მთავარი მოვალეობა გოლის გატანა, შედეგიანი პასის გაკეთებაა. ამისთვის კი აუცილებლად საჭიროა სითამამე.

როცა მეკარე უთამაშებელია...
რატომ არ იყო დამაჯერებელი უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია? ამას ერთადერთი მიზეზი აქვს - მას შემდეგ, რაც ბერძნული ოფი დაიშალა, ლორია უთამაშებელია.

არც ერთ ფეხბურთელს არ რგებს იძულებითი უქმობა და, მით უმეტეს, ის ძალიან ცუდია მეკარისთვის. ამის მიუხედავად, ლორიას გასაკიცხად ენა არ მოგვიბრუნდება - ის ულაპარაკოდ ნომერ პირველი მეკარეა საქართველოში.

ერთი კია - გვინდა, სეზონი მალე დაიწყოს და ლორიას უთამაშებლობას ბოლო მოეღოს. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ის საქართველოს ნაკრებში კიდევ არაერთ დასამახსოვრებელ მატჩს ჩაატარებს.

ის 20 წუთი...
თუ იმ კოშმარულ 20 წუთს გამოვრიცხავთ, შეიძლება ითქვას, უკრაინასთან შეხვედრაში საქართველოს ნაკრების დაცვამ კარგად ითამაშა. შეიძლება ითქვას ისიც, რომ ჩვენმა მცველებმა იმ 20 წუთში იმდენი შეცდომა დაუშვეს, ერთ მთლიან შეხვედრას რომ ეყოფოდა.

აქედანვე შეიძლება იმის ვარაუდი, რომ ქართველ უკანახაზელებს ვარშავაში იმაზე ბევრად მეტი სამუშაო ექნებათ, ვიდრე ლინცში ჰქონდათ. მთავარია, მათ 90 წუთის განმავლობაში შეინარჩუნონ სიმშვიდე და არ დაკარგონ კონცენტრაცია.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ლევანდოვსკისა და მილიკის ნეიტრალიზება ძალიან გაჭირდება.

მარჯვნივ გვიჭირს
საქართველოს ნაკრებში დღეს ბევრი პრობლემაა, მაგრამ აუცილებლად უნდა გამოვარჩიოთ ერთი მათგანი, სახელად - "მარჯვენა მცველი". უკვე წლებია, ჩვენს ქვეყანაში არ მოინახა ამ ამპლუის ისეთი მოთამაშე, ბოლომდე რომ უპასუხებდა თანამედროვე მოთხოვნებს.

უნდა გამოვტყდე - პირადად, კატეგორიული წინააღმდეგი ვარ იმისა, რომ საქართველოს ნაკრების ღირსება ნატურალიზებულმა ფეხბურთელმა დაიცვას, მაგრამ პრობლემა იმდენად თვალსაჩინოა, რომ დაფიქრებად ღირს.

...ადრეც ღირდა, მაგრამ ახლა...

ასე გვგონია, მალე ეროვნული გუნდის კარს ოთარ კაკაბაძე შეაღებს. მისი გაქანების გვჯერა და იმისიც გვწამს, რომ ის ამ პრობლემას მოხსნის, ოღონდ ეს მომავალში, მაგრამ მანამდე ვარშავაა...

ოქრიაშვილის მომენტი
იყო დრო, საქართველოს ნაკრები ისე თამაშობდა, როგორც თამაშობდა თორნიკე ოქრიაშვილი. კახა ცხადაძე კი გუნდურ ფეხბურთს ქადაგებს, ფეხბურთს, რომელიც ერთ მოთამაშეზე არ არის დამოკიდებული. ამის მიუხედავად, ოქრიაშვილის როლი საქართველოს ნაკრების თამაშში ძალიან დიდია.

ცოდვა გამხელილი სჯობს - უკრაინასთან მატჩი ოქრიაშვილისთვის ერთ-ერთი უარესი იყო ნაკრებში და კარგი იქნება, თუ ის ასე აღარ ითამაშებს. ეს ეროვნული გუნდის ინტერესებშია.

ოქრიაშვილმა სხვებთან შედარებით ადრე დაასრულა სეზონი. როგორც ჩანს, მას გაუჭირდა ოპტიმალური სათამაშო ფორმის შენარჩუნება. იმედია, ვცდებით და თორნიკე პოლონეთში უკეთ გაირჯება.

შუა ხაზში საქართველოს ნაკრებს ყველაზე დიდი რესურსი აქვს და ამ რგოლში ვერც ერთ ფეხბურთელს ვერ ექნება თავი ქუდში. არც ის გაგვიკვირდეს, პოლონეთთან ძირითადში ლევან ყენია ან გიორგი ჭანტურია რომ ვიხილოთ.

მიგნებამ გაამართლა
ძალიან მიჭირს იმის გახსენება, თუ როდის იყო ასე ეფექტური ბოლოს ჯანო ანანიძე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში.

ადრეც არაერთხელ დაგვიწერია და ახლაც ამ აზრზე ვართ - ანანიძე არ არის ფლანგელი ნახევარმცველი და მისი ადგილი მინდვრის ცენტრშია. თურმე, ცხადაძეც გვეთანხმება.

ანანიძემ ძალიან ბევრი იმუშავა, შეძლებისდაგვარად ამწვავებდა სიტუაციას და ერთხელ მოჭრილი დარტყმით კინაღამ გაიტანა კიდეც.

მათე-გოლი
საქართველოს ნაკრებს თავდასხმაში ჰყავს ლევან მჭედლიძე, ვინც ცოტა ხნის წინათ დუბლი შეუსრულა "ინტერს" და საქართველოს ნაკრების ნომერ პირველი შემტევია. მათე ვაწაძე, ბაჩანა ცხადაძე... გოლების გატანა ამ ბიჭებსაც შეუძლიათ.

სადღეისოდ, როცა მჭედლიძე დაშავებულია, პოლონეთთან მატჩში შეტევის წინა ხაზზე, ალბათ, ვაწაძე უნდა გამოჩნდეს - "ორჰუსის" ფორვარდი, ვინც უკრაინასთან ისეთი ბურთი შეაგდო, მხოლოდ მოწოდებით თავდამსხმელს რომ გააქვს...

მოკლედ, არის რესურსი, ზოგ რგოლებში - მძაფრი კონკურენციაც, უკვე ჩანს ნამუშევარიც, მაგრამ სასურველამდე ჯერ კიდევ შორს ვართ. თუმცა ის მაინცაა პოზიტივი, საქმე რომ დაიძრა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ალტერნატიული ნაკრები ბევრ პრობლემას მოხსნიდა და უთამაშებელი ფეხბურთელებიც აღარ გვეყოლებიდა, მაგრამ სიტყვა ალტერბატიული ყველასთან "თანამდებობის დაკარგვად" ასოცირდება.
გუჯა კახაძე
15:14 11-06-2015
0
ძაან მოსაბეზრებელია უკან მეკარესთან პასები,რამაც გოლი გამოიწვია.
მალხაზი
15:41 11-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული