ამას გარდა, არ არის გამორიცხული, რომ კახა ცხადაძის დამოძღვრილმა გუნდმა 2015 წლის ბოლომდე კიდევ ორი შეხვედრა გამართოს - ამხანაგური მატჩები სტუმრად აზერბაიჯანთან და ესტონეთთან.
ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ საქართველოს ნაკრები ნოემბერში სტუმრად ესტონეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდეს. წესითა და რიგით, ამ სპარინგს ხელი არაფერმა უნდა შეუშალოს, მით უფრო,
შვედი სპეციალისტის, მაგნუს პერსონის ხელმძღვანელობით მოასპარეზე ესტონეთის ნაკრები დღესდღეობით ფიფას რეიტინგში 91-ეა (ჩვენ 139-ე) და ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე შესარჩევი ციკლის ექვს მატჩში 7 ქულის მოგროვებაც მოახერხა.
ისე, აქამდე საქართველოსა და ესტონეთის ნაკრებები ოფიციალურ შეხვედრებში ერთმანეთს არასდროს დაპირისპირებიან, ამხანაგურ მატჩებში კი მცირე უპირატესობა ჩვენს მხარესაა: 4 მატჩი, 2 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება (ბურთების სხვაობა: 6-4).
ესტონელებთან სპარინგი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია; აი, რაც შეეხება საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს, ეს საკითხი ჯერჯერობით მოლაპარაკების სტადიაშია. თუმცა, იმის შანსი, რომ საქართველოს ნაკრებმა აგვისტოშიც გამართოს კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი, 50/50-ზეა. სავარაუდო მეტოქეც უკვე ცნობილია - სტუმრად აზერბაიჯანთან, რომელიც დღესდღეობით ფიფას რეიტინგში 115-ე ადგილზეა.
ახლა ყველაფერი აზერბაიჯანის ნაკრების ხორვატი თავკაცის, რობერტ პროსინეჩკის თანხმობაზეა დამოკიდებული. მისი ხელმძღვანელობით, ჩვენმა მეზობლებმა ბოლო ორ ოფიციალურ შეხვედრაში 4 ქულა მოიპოვეს. ერთადერთი პრობლემა, შესაძლოა, ის იყოს, რომ აგვისტოში უცხოურ კლუბებს ვერავინ მოსთხოვს ფეხბურთელების ნაკრებებში გაშვებას (ეს "ფიფას თვე" არ არის) და აზერბაიჯანელების მხრიდან თანხმობის შემთხვევაში, კახა ცხადაძე მეზობლებთან სასპარინგოდ საქართველოს კლუბების ნაკრებს გაიყვანს.
ისე, ჩვენგან განსხვავებით, აზერბაიჯანის ნაკრებში ერთი-ორი ლეგიონერი თუა და, აქედან გამომდინარე, არც მეზობლებს აწყენთ ჩვენებთან ძალების მოსინჯვა.
ესტონელებისა არ იყოს, აქამდე არც აზერბაიჯანის ნაკრებთან ჩაგვიტარებია ოფიციალური მატჩი. სამაგიეროდ, ექვსჯერ დავუპირისპირდით ამხანაგურ შეხვედრებში და ფაქტობრივ თანაფარდობაში მხოლოდ ბურთების სხვაობაში ვჯობნით: 6 მატჩი, 2 მოგება, 2 ფრე, 2 წაგება, ბურთების სხვაობა: 8-6.
ასე დაემთხვა, რომ აზერბაიჯანის ნაკრების წინააღმდეგ საქართველოს ნაკრებს, თითქმის უმრავლეს შემთხვევაში, ექპერიმენტული შემადგენლობებით უწევდა მოედანზე გამოსვლა. ასე იყო 1992, 1993, 1998, 2001 და 2007 წლებში გამართულ მატჩებში და ასე იქნება ახლაც...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"