კახა ცხადაძე ზურაბ ხიზანიშვილს საქართველოს ნაკრებში აბრუნებს?

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები უახლოეს ოფიციალურ შეხვედრას 4 სექტემბერს, თბილისში, შოტლანდიასთან გამართავს.

სამწუხაროდ, მანამდე ამხანაგური მატჩის ჩატარება ვერანაირად ვერ ხერხდება - აგვისტო ფიფას კალენდრით არ არის გათვალისწინებული და სპარინგ-პარტნიორის მოძიებაც, ფაქტობრივად, გამორიცხულია.

არადა, დიდი შანსი იყო, რომ საქართველოს ნაკრებს (უფრო ზუსტად, საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ ნაკრებს) აგვისტოში ამხანაგური შეხვედრა ჩაეტარებინა აზერბაიჯანის ნაკრებთან, თუმცა ჩვენი მეზობლებისგან ამ სპარინგის თაობაზე უარი მივიღეთ.

ამის მიუხედავად, ჩვენი უპირველესი გუნდის თავკაცი კახა ცხა
დაძე
აგვისტოში მაინც აპირებს ნაკრების იმ პოტენციურ კანდიდატთა შეკრებას, რომლებიც საქართველოს ჩემპიონატში ასპარეზობენ და საერთოდაც, ასეთი შეკრებები სამომავლოდაც გაგრძელდება.

ასევე გაგრძელდება ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვოიაჟები ახლო თუ შორეულ უცხოეთში მოასპარეზე ქართველ ლეგიონერთა საქმეში სანახავად. თანაც, ამ შემთხვევაში ლაპარაკია იმ ფეხბურთელებზე, ნაკრებში გარკვეული პერიოდი რომ არ გამოჩენილან, ან კიდევ, საერთოდ რომ არ უთამაშიათ.

სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ცხადაძის ამასწინანდელი ვიზიტი... ისლანდიაში! საქმე ისაა, რომ 16 ივლისს, ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ისლანდიური "ჰაფნარფიორდური" მასპინძლობდა აზერბაიჯანულ "ინტერს", რომლის შემადგენლობაშიც ოთხი ქართველი ფეხბურთელი ირიცხება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების დღევანდელი თავკაცი ამა წლის მაისის ბოლომდე ზედიზედ 6 სეზონის განმავლობაში "ინტერის" მთავარი მწვრთნელი გახლდათ და წარმატებითაც მუშაობდა. ზაფხულიდან კი ამ გუნდს სათავეში ჩაუდგა ზაურ სვანაძე, რომელიც მანამდე ცხადაძის ასისტენტი იყო.

ადრეც ვწერდით, რომ ამ სატრანსფერო პერიოდში "ინტერში" სერიოზული საკადრო ცვლილებები მოხდა - გუნდიდან 18(!) ფეხბურთელი წავიდა. ანუ სვანაძე, ფაქტობრივად, ახალი გუნდით წარდგა ევროტურნირებზე და პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანური "ლაჩის" ბარიერის გადალახვის შემდეგ, "ჰაფნარფიორდურს" გადაეყარა.

ჩვენდა სასიხარულოდ, "ინტერმა" სტუმრად შეძლო ისლანდიის ბოლო წლების ერთ-ერთი უძლიერესი გუნდის დამარცხება და ამაში ლომის წილი ქართველმა ახალწვეულებმაც შეიტანეს. 25 წლის ცენტრალური მცველი ლაშა კასრაძე "ინტერში" ამ ზაფხულს გადავიდა ბაქოს "აზალიდან", ხოლო 23 წლის უნივერსალმა ნიკა კვეკვესკირმა (წინა სეზონში "დილასთან" ერთად საქართველოს ჩემპიონი გახდა) ახალი გუნდის შემადგენლობაში ევროტურნირებზე მესამე მატჩი ჩაატარა და უკვე 2 გოლი გაიტანა!

თუმცა, "ჰაფნარფიორდური"-"ინტერის" მატჩის გამორჩეული ფეხბურთელი ბაქოელთა გუნდის ყველაზე ცნობადი ახალწვეული, 33 წლის ზურაბ ხიზანიშვილი გახლდათ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის "დინამოს", "ლოკომოტივის", "დანდის", "რეინჯერსის", "ნიუკასლის", "რედინგის", "ქაისერისა" და "სამტრედიის" გამოცდილ მცველს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2013 წლის 14 აგვისტოს მერე აღარ უასპარეზია. სულ კი ხიზანიშვილს ჩვენს უპირველეს გუნდში 91 მატჩი აქვს ჩატარებული და ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ ორწლიანი პაუზის მერე კვლავ დაუბრუნდეს საქართველოს ნაკრებს.

აქვე, იმასაც დავძენთ, რომ ცხადაძე უახლოეს მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს ნაკრების პოტენციურ კანდიდატთა დასაკვირებლად სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
კახი, ცოტა აზრზე მოდი და გაიხედ-გამოიხედე. წარმატებული უნდა იყო და არა უაზრო ექპერიმენტატორი.
0
არ გვინდა რა ეს ხიზანები და ხალიანები,რაღა დროს ხიზანაა?!...
bacho
02:03 21-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული