[ოთხშაბათის საკითხავი] თავზე ხელაღებული

AutoSharing Option
სანაკრებო ამბები და ფეხბურთის ფედერაციის მომავალი არჩევნები - ესენია ჩვენი დღევანდელი რუბრიკის მთავარი თემები. ფაქტია - ქართულ ფეხბურთში დღეს უმნიშვნელოვანესი პერიოდი დგას...

ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ?!
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ პრესკონფერენცია გამართა. ცხადაძეს აზერბაიჯანში გარკვეული პრობლემები ჰქონდა ჟურნალისტებთან, მაგრამ ამაში მხოლოდ მას ვერ დაადანაშაულებ. აზერული მედია - ეს სხვა თემაა და ძალიან რთულია, მის ლაბირინთებს ჩაუღრმავდე. ვერც ყველაფერი დაიწერება და ითქმება, რადგან ბევრი რამ იქნებ მკითხველმა არც დაგვიჯეროს.

ცხადაძემ იცის ჟურნალისტის, ნაღდი ჟურნალისტის ფასი. მის სიტყვას განსაკუთრებული ფასი ადევს ჩვენთვისაც.
სხვანაირად არც შეიძლება იყოს, რადგან ცხადაძის მთელი კარიერა მაგალითია სამშობლოს უანგარო სიყვარულისა.

ახლა დაგვიანებულიც კია იმაზე წერა, რომ მაშინ, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის გარიჟრაჟზე, შავ-ბნელი 90-იანების დასაწყისში, საქართველოს ნაკრებს პირველი ფორმა სწორედ ცხადაძემ გამოუგზავნა; რომ მან რუსეთის საფეხბურთო ბოსები ძლიერ გააწბილა და "ძერჟავას" საქართველოს ნაკრები არჩია; რომ ყოველთვის პირდაპირ ამბობდა სათქმელს საქართველოს ნაკრების საკეთილდღეოდ და არც "ძლიერთა ამა ქვეყნისათა" განაწყენებას ერიდებოდა.

ცხადაძემ ყველაზე მეტად იცის თავისი სიტყვის ფასი. იცის და მან თქვა, რომ საქართველოს ნაკრების პროგრამა-მინიმუმი მესამე ადგილია, მაქსიმუმი კი - მეორე...

მეექვსე კალათაში მყოფი ნაკრების მთავარ მწვრთნელს გვარიანი გამბედაობა სჭირდება ამის სათქმელად. სჭირდება, მაგრამ ისიცაა, რომ თუ გუნდს ან ნაკრებს ეს ოხერი მიზანი არ დაუსახე, ისე არაფერი გამოდის.

ერთმა მოსწრებულად შენიშნა კომენტარებში - საქართველოს ნაკრები უიღბლოთა კრებულს ჰგავსო. ჰგავს კი არა, ასეცაა და ჩვენც არაფერს ვაკეთებთ, რომ ეს იღბალი როგორმე ჩვენკენ შემოვატრიალოთ.

ყველაფერი ოდესმე სრულდება და ჩვენი გაჭირვებაც უნდა დასრულდეს. გაცრუებული იმედების და ოცნებების სასაფლაოზე მისვლას ჩვენ ვინ დაგვასწრებს, მაგრამ ეს წვალება ოდესმე უნდა მორჩეს.

იქნებ ახლა? თავზე ხელაღებული, ალალი, კარგი ქართველი კაცისა და კარგი მწვრთნელის ხელში?
არ გვინდა, ურაპატრიოტიზმი და ზედმეტი ოპტიმიზმი დაგვწამონ, მაგრამ თუ იმას შევეჩვევით, სადაც ვართ, მაშინ ნუღარ ვთამაშობთ ფეხბურთს და ნურც ვწერთ მასზე. სხვა საქმე ვიპოვოთ ლუკმის საშოვნელად...

ცხადაძის სიტყვები გვარწმუნებს - ქართული ფეხბურთი ჯერაც ცოცხალია!

სიტყვის ფასი
საქართველოში დიდი სტუმრიანობაა. თბილისს ევროპული ფეხბურთის დიდკაცობა ბუზივით ახვევია. თაფლი კი ის სუპერთასია, გუშინ გვიან ღამით რომ გაიმართა "დინამო არენაზე".
ჩვენ კულუარებში ვინ შეგვახედებს, მაგრამ დიდი ალბათობით, ახლა წყდება, ვინ იქნება საქართველოს ფეხბურთის მომავალი მესაჭე.

მთავარი მოთამაშე ორია - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი რევაზ არველაძე და ლევან კობიაშვილი, გნებავთ - პირიქით.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ თქვა, რომ ის მხარს დაუჭერს იმ კანდიდატს, რომელსაც სახელმწიფო წარადგენს.

ჯერ ერთი, არ მგონია, სახელმწიფომ ღიად წარადგინოს თავისი კანდიდატი. ეს არ შეიძლება და მხოლოდ აფრიკაში თუ შეიძლება მოხდეს. ერთი კია - სახელმწიფოს სიმპათიით ისარგებლებს კობიაშვილი და ამის უფლება სახელმწიფოს აქვს (თუ არჩევნებში ღია ჩარევა არ იქნება).

საიდანაც გინდა, მიუდექი - ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის სიტყვას გვარიანი ფასი და წონა აქვს ქართულ საფეხბურთო სამყაროში. ამ ეტაპზე ისე ჩანს, რომ პრეზიდენტობის მსურველი რევაზ არველაძე ნამდვილად არ იქნება სახელმწიფოს მთავარი რჩეული.

არ ვიცი, როგორ უყურებს ამ საკითხს სიჭინავა, მაგრამ ყველაფერს საქმიანი სასწორით ვერ აწონი.

არსებობს ცხოვრებასა და ფეხბურთში კიდევ "რაღაც" და ეს "რაღაც" მოაქვს ადამიანებს შორის წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ ურთიერთობას.

სიჭინავამ და არველაძემ სწორედაც წლების განმავლობაში იმუშავეს ერთად. იყო უამრავი ვიზიტი, ერთად გატარებული დრო და მოგონებები... მე კი მეგონა, სიჭინავა და არველაძე მეგობრები იყვნენ...

გულზე ხელს დავიდებ და ვიტყვი - მე არ ვეკუთვნი არც ერთ "დასს" კარსმომდგარი არჩევნების წინ. უბრალოდ, მე სიჭინავა არველაძის თანამოაზრე მეგონა, თუ მეგობარი არა.

და ამასაც გულწრფელად დავწერ - არ მომეწონა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის საქციელი...
მკითხველის კომენტარები / 6 /
და რატომ უნდა მოიგოს??? რატომ არ უნდა მოიგოს:რამდენი წელია ფედერაციის მაღალჩინოსანია?! და რა გააკეთა ამ წლების განმავლობაში? ქართულ ფეხბურთს დედა...! ან თუ არაფერი გაუკეთებია და მას არ დაუქცევია ქართული ფეხბურთი ესეიგი არ იცის როგორ მართოს, როგორ ამოიყვანოს ამ ჭაობიდან ქართული ფეხბურთი(თორემ ამდენი წლების განმავლობაში გააკეთებდა ამას)! და ამიტომ უნდა წავიდეს და სხვას დაუთმოს ადგილი !
David-s
13:09 13-08-2015
0
და რატომ არ უნდ მოიგოს არჩევნები არველაძემ? მეკამათეთ ფაქტებით და არგუმენტებით
David
12:33 13-08-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული