გორდონ სტრაჩანი: საქართველოს ნაკრები საშიში გუნდია

AutoSharing Option
scotsman.com-თან ინტერვიუში შოტლანდიის ნაკრების თავკაცმა გორდონ სტრაჩანმა საქართველოს ნაკრებთან მომავალ მატჩზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ 4 სექტემბერს კახა ცხადაძის გუნდი ევრო 2016-ის შესარჩევ მატჩში შოტლანდიის გუნდს მასპინძლობს.

გთავაზობთ პოპულარული შოტლანდიური გამოცემის სტატიას, რომელიც ოდნავ შევამცირეთ.

"საქართველოს ნაკრების თავკაცმა გუნდში გიორგი მაკარიძე გამოიძახა და ამით შოტლანდიელებს 8 წლის წინანდელი კოშმარი გაგვახსენა.

თუმცა ნაკრების თავკაც გორდონ სტრაჩანს იოლი გზა აქვს გამონახული, რომ გუნდმა თავიდან აიცილოს 2007 წელს თბილისში წაგებული მატჩის ტვირთი, ტვირთი, რომელიც სკოტთა უმრავლესობას ახლაც აწუხებს. ის, უბრალოდ, უარყოფს ამ ზეწოლას.

არადა,
რატომ? მაშინ სტრაჩანს სულ სხვა ინტერესები და სადარდებელი ჰქონდა, ის "სელტიკის" მწვრთნელი იყო.

"არ მახსოვს ის მატჩი! მსოფლიო დიდად შეიცვალა 2007 წლის მერე. ჩვენ, მაგალითად, საბანკო კრიზისი გვქონდა, - ამბობს სტრაჩანი. - მისმინეთ, ახლა მე iWatch მაქვს. 2007 წელს რომ ეს ჩემთვის ვინმეს ეთქვა, ხომ დავცინებდი?!".

მოკლედ, ნაკრების თავკაცი ევრო 2008-ის შესარჩევი ეტაპის 0:2 მარცხისგან გაკვეთილს ასე იღებს - ყველაფერი შეიცვალა მას მერე და იმ შეხვედრას მნიშვნელობა აღარ აქვს. ალბათ, ამიტომაც შეარჩია მან 26-კაციანი დელეგაცია საქართველოს და გერმანიის ნაკრებებთან სათამაშოდ. გუნდის თავკაცისთვის მნიშვნელოვანია, ამ ორი დაპირისპირებიდან პირველი აუცილებლად სათავისოდ დაასრულოს.

შესაძლოა, სტრაჩანი არ იკლავს თავს 2007 წლის ოქტომბრის კრახზე ფიქრით, მაგრამ მის გუნდში ასეთები აუცილებლად იქნებიან.

ის თამაში კიდევ ერთხელ გაგვახსენა მეკარე გიორგი მაკარიძის საქართველოს ნაკრებში გამოძახებამ. მაშინ ის 17 წლის ბიჭი იყო. შეგახსენებთ, რომ ბოლოს მას ნაკრებში 2008 წელს დაუძახეს. არადა, მან და მისმა თანაგუნდელებმა მაშინ ალექს მაკლიშის ბიჭებს კარგი საფეხბურთო გაკვეთილი მოუწყვეს.

მაშინ საქართველოს ნაკრებში 16 წლის ლევან ყენიამაც ითამაშა შეხვედრაში, რომელიც შოტლანდიას რომ მოეგო, თითქმის აუცილებლად ითამაშებდა ევროპის ჩემპიონატზე. სინამდვილეში კი შოტლანდიის ნაკრები ხეირიანად ვერც კი დაემუქრა მაკარიძის კარს.

ეს გამოძახებები გაფრთხილებასავითაა მომდევნო კვირას ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მატჩისთვის. სტრაჩანი ახლაც ამაყობს "აიბროქსზე" შარშან მოგებული 1:0-ით. ის ამბობს, რომ მისმა გუნდმა მატჩის 60 წუთი საუკეთესოდ ჩაატარა, თუმცა ყველაფერი შესაძლოა, წყალში ჩაყრილიყო ბოლო წამებზე, როცა შეცვლაზე შესული ირაკლი ძარიას დარტყმულმა ძალიან ახლოს ჩაუარა კარს.

ახლა საქართველოს ახალი მწვრთნელი ჰყავს - "დანდის" ყოფილი ფეხბურთელი თემურ ქეცბაია კახა ცხადაძემ დეკემბერში შეცვალა, მას მერე, რაც გუნდმა შინ პოლონეთთან 0:4 წააგო.

თუმცა სტრაჩანს მიაჩნია, რომ ანგარიში ყველაფერზე არ მეტყველებს:

"ვისაც ჰგონია, რომ თბილისში ცალკარა იქნება, ძალიან ცდება. მათ ვურჩევ, ნახონ პოლონეთთან მატჩის ჩანაწერი. მართალია, პოლონეთმა 4:0 მოიგო, მაგრამ ბოლო სამი გოლი ბოლო 5 წუთში გაიტანა. ეს ფორმალობაა, ნახონ თამაში და თავად დარწმუნდებიან საპირისპიროში".

რა თქმა უნდა, ცალკარას არ ველით - მით უმეტეს, რომ შოტლანდიის ნაკრები საქართველოში ორი დღით ადრე ჩამოდის. არადა, გუნდი, როგორც წესი, თამაშის წინა დღით ჩადის ხოლმე.

"ახლა სხვა დროა, საქართველოში ოთხ საათზე ოდნავ მეტ დროში ჩავალთ. ახლა მთავარია, დროში სამსაათიან სხვაობას კარგად შევეგუოთ. ასეთ ადგილებში არასოდეს გაქვს რამის გარანტია, მათ შორის, საგარეო მოგებების", - აცხადებს სტრაჩანი, რომელსაც მიაჩნია, რომ მოსაგებად საუკეთესო შემადგენლობა შეარჩია.

მწვრთნელი უარყოფს, რომ ვერმოგების შემთხვევაში შანსი აღარ გვექნება.

საინტერესოა, სტრაჩანი თუ ათამაშებს დარენ ფლეტჩერს, რომელიც გამოიძახა ნაკრებში. ის 8 წლის წინათ თბილისში იყო. მას მოჰყავს სტივენ ნეისმითიც, რომელსაც "ევერტონში" შემადგენლობაში მოხვედრა უჭირს:

"როცა ნაკრებში გყავს ისეთი ფეხბურთელი, როგორიც სტივენია, როგორ უნდა დატოვო ის შინ? რობერტო მარტინესს დიდებული გუნდი ჰყავს და შემადგენლობაში მოხვედრა ძნელია.

სწორედ ნეისმითისნაირ მოწადინებულ ფეხბურთელებს შეუძლიათ საქართველოს ნაკრებთან თამაშში თავის გამოჩენა, მატჩში, რომელიც თითქმის ყველაფერს ნიშნავს ჩვენი ნაკრებისთვის".

Sportall.Ge
2007 წ. საქართველო-შოტლანდია 2:0. მალხაზ ასათიანი და გიორგი მაკარიძე
მკითხველის კომენტარები / 3 /
ქართველებს სირბილი უსწავლიათო?
გუჯა კახაძე
20:46 25-08-2015
0
ნუ გვაგიჟებთ.
jkas
19:40 25-08-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული