კონკურენცია საქართველოსაც მოუხდება - გიორგი მაკარიძე ნაკრებში ბრუნდება

AutoSharing Option
ცნობილია, რომ 25 წლის მეკარე გიორგი მაკარიძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ბრუნდება. ეს ამბავი თავად ფეხბურთელმაც დაგვიდასტურა და რა გასაკვირია, რომ ერთობ გახარებულიც იყო...

ვერავინ იტყვის, რომ წარსულისგან განსხვავებით, დღეს საქართველოს უპირველეს გუნდში მეკარის რგოლი სუსტია. ჩვენ გვყავს გიორგი ლორია, ნუკრი რევიშვილი, როინ კვასხვაძე, მიხეილ ალავიძე... ამის მიუხედავად, კახა ცხადაძის გადაწყვეტილებას უნდა მივესალმოთ.

ჯერ კიდევ 17 წლის იყო მაკარიძე, როცა საქართველოს ეროვნულ გუნდში რამდენიმე კარგი მატჩი ჩაატარა. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ შეხვედრა შოტლანდიის ნაკრებთან. მაშინ სქოთები ძალიან ახლოს იყვნენ ევროპის ჩემპიონატზე გასვლასთან,
მაგრამ თბილისში გეგმები ჩაეშალათ და ამაში ერთ-ერთი "დამნაშავე" სწორედ მაკარიძე იყო.

კლაუს ტოპმიოლერის გაწვრთნილმა საქართველომ, ლამის უწვერული ჭაბუკებით რომ იყო დაკომპლექტებული, პატარა სასწაული მოახდინა და ძლიერი მოწინააღმდეგე ბეჭებზე გააკრა.

მომთხოვნმა ბრიტანულმა მედიამ თავისიანები კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა - შოტლანდია თბილისში სკოლის მოსწავლეებთან დამარცხდაო, დაწერეს მაშინ იქაურ მედიაში...

ზემოთ ტყუილად როდი ვახსენეთ ცხადაძე და მისი გადაწყვეტილების მართებულობა. მართალია, დღეს საქართველოს ნაკრებს არ აკლია კვალიფიციური მეკარეები, მაგრამ კონკურენციას არსად და არასოდეს უვნია არცერთი გუნდისთვის და, ვფიქრობთ, საქართველოს მთავარი გუნდის შემთხვევაშიც ასე იქნება.

თავდაჯერებული, კარის ხაზსა და გამოსვლებზე კარგად მოთამაშე და ფეხით თამაშის მოყვარული - ასე დაგვამახსოვრდა გიორგი მაკარიძე მაშინ, როცა ის საქართველოში თამაშობდა.

ნურც იმას დავივიწყებთ, რომ 2009 წლის შემდეგ, რაც საფეხბურთო თვალსაზრისით ძალიან დიდი დროა, ჩვენ არ გვინახავს გიორგის თამაში და საქართველოშიც ძალიან იშვიათად გვქონდა ამის საშუალება, რადგან ჩვენი წერილის გმირს, პრაქტიკულად, ვერ ვხედავდით თბილისის "დინამოს" ძირითად შემადგენლობაში...

არადა, მას შემდეგ მან ითამაშა ფრანგულ "ლე მანში", კვიპროსულ "დოხაში", ახლა კი პორტუგალიის სეგუნდა ლიგის ბინადარ "ფეირენშეს" ღირსებას იცავს. უნდა ვიფიქროთ, რომ წლების გასვლასთან ერთად გიორგიმ თამაშს უმატა.

მეკარეების შემთხვევაში ხომ ასეა - რაც დრო გადის, ისინი სულ უფრო საიმედონი ხდებიან...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სეფიაშვილი აქ გყავთ და მაგას ვერ ხედავთ რომელ გაძლიერებაზე საუბრობთ მიეცით შანსი უყურეთ სეფიაშვილის თამაშებს, საერთოდ საზღვარგარეთ უნდა თამაშობდეს, რომ წაიყვანენ საქართველოდან მაშინ აღიარებთ, რომ მაგარია და შემდეგ ეცდებით რომ ჩამოიყვანოთ??
Levani
23:53 29-08-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული