The Times: დიდი მატჩი საქართველოში

AutoSharing Option
4 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ევრო 2016-ის შესარჩევ მატჩში შოტლანდიის გუნდს მასპინძლობს. ჩვენი მეტოქე თბილისში 2 სექტემბერს ჩამოდის.

The Times-მა ამ შეხვედრას "დიდი მატჩი საქართველოში" უწოდა. სანამ უშუალოდ შოტლანდიელთა მატჩისწინა კომენტარებზე გადავალთ, ვიტყვით, რომ William Hill ყველაზე მეტად შოტლანდიელთა 1:0 გამარჯვებას წინასწარმეტყველებს (9/2). ცნობილი ბუკმეკერული კანტორა ფსონებს ასე იღებს: საქართველოს მოგება - 17/5; ფრე - 2/1; შოტლანდიის მოგება 1/1.

BBC გვთავაზობს ინტერვიუს სკოტების ახალგაზრდა მცველ ენდრიუ რობერტსონთან. "ამ ციკლში ასეთი მატჩი ჯერ არ გვქონია, ეს არის აუცილებლად მოსაგები შეხვედრა. აქედან მოყოლებული, ყველა
თამაში მნიშვნელოვანია", - თქვა "ჰალ სიტის" ფეხბურთელმა.

გორდონ სტრაჩანის ასისტენტი სტიუარტ მაკქოლი ამბობს, რომ ახალი დაშავებულები გუნდში არ ჰყავთ და მწვრთნელმა უკვე მოიფიქრა სასტარტო 11-ეულის 8 თუ 9 წევრი.

"თბილისში ფრე მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება კარგი ქულა, თუ ჩვენ მერე პოლონეთს დავამარცხებთ. ეს ისეთი თამაშია, სადაც ჩვენი ყველა კონკურენტი უკვე გამარჯვებული გამოვიდა.

ძალიან დაძაბული მატჩი გველის, პოლონეთიც კი, რომელმაც თბილისში 4:0 მოიგო, ახლოს იყო იქ ქულების დაკარგვასთან. ქართველებთან მატჩში ბევრ გოლს არ ველი, მე ბედნიერი ვიქნები, თუ ჩვენ მეტოქეზე მეტ გოლს გავიტანთ.

მათ ახლა ახალი მწვრთნელი ჰყავთ და შესაძლოა, თამაშის ახალი იდეები და სისტემაც ჰქონდეთ.

სტუმრად თამაშის შიში? რაც გორდონი ნაკრებში მოვიდა, შოტლანდია სტუმრად კარგად თამაშობს. გავიხსენოთ ხორვატია, პოლონეთი და გერმანია თუნდაც. ასე რომ, შიშზე ლაპარაკი არც არის", - განაცხადა მაკქოლმა.

"კრისტალ პალასის" ნახევარმცველი ჯეიმს მაკარტური: "თუკი ფინალურ ეტაპზე გასვლა გვსურს, საქართველოს ნაკრებთან თამაში იმ კატეგორიისაა, რომელიც უნდა მოვიგოთ. ჯერ მხოლოდ საქართველოზე უნდა ვიფიქროთ და მხოლოდ ამის მერე ხალხით გავსებულ "ჰემპდენსა" და გერმანიის ნაკრებზე".

ჯეიმს მორისონი (ვესტ ბრომვიჩი): "თუკი ევროპის ჩემპიონატზე გავალთ, ეს ჩემს კარიერაში უდიდესი მიღწევა იქნება. ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების ყურებით და ოცნებით გავიზარდე. ჩემთვის ეს ოცნების ასრულება იქნება.

29 წლის ვარ და მხოლოდ 12 წლის ვიყავი, როცა ბოლოს იყო შოტლანდია დიდ ტურნირზე. "საფრანგეთი-98" ახლაც ძალიან კარგად მახსოვს.

საქართველოსთან შინ ისე კარგად ვითამაშეთ, რომ 3-4 გოლის სხვაობითაც უნდა მოგვეგო. თბილისშიც თუ ასე ვითამაშებთ, ეჭვიც არ მეპარება, რომ დამაჯერებელი მოგება ჩვენ დაგვრჩება.

ვიცით, რომ ირლანდიას საქართველოსთან ბოლო წუთამდე გაუჭირდა და ეჭვიც არ გვეპარება, რომ დიდი მატჩი გველის, მაგრამ შანსები გვექნება და მათ გამოყენებას ვაპირებთ.

ჩვენი უპირატესობა დისციპლინა და შეკრული თამაშია, როცა გუნდს უჭირს".

გორდონ გრეერი (ბრაიტონი): "მხოლოდ საქართველოსთან მატჩზე ვართ კონცენტრირებულნი. ბიჭებს საერთოდ არ გვიხსენებია ლაპარაკში ჯერ გერმანია. ახლა ყოველ მატჩს უდიდესი მნიშვნელობა აქვს".
მკითხველის კომენტარები / 4 /
რაღა მაინცდამაინც ამ ჯიგრებს უნდა მოვუგოთ?:)))
murtalo
22:28 02-09-2015
0
როგორც იქნა შედგება მატჩი, სადაც შეეძლებათ თავი გამოავლინონ ნაკრებმაც და მწვრთნელმაც, რადგან მოწინააღმდეგე თითქმის ჩვენი თანაბარძალოვანია. აქაც გვიპატიებია თუნდაც წაგება, ოღონდ თამაში აჩვენონ, რადგან პოლონელებთან ბოლო თამაშს, პირადად მე მაინც წინ გადადგმულ ნაბიჯად ვაფასებ.
zurab
23:38 02-09-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული