დავით სირაძე: ასე დავამარცხეთ შოტლანდია... [VIDEO]

AutoSharing Option
33 წლის დავით სირაძე ახლა უგუნდოდაა. არადა, იყო დრო, ის საქართველოს ნაკრების წამყვანი ფორვარდი გახლდათ და გადამწყვეტი გოლებიც გაჰქონდა. სწორედ სირაძემ გაუტანა ორიდან ერთი ბურთი შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებს 2007 წლის დაუვიწყარ თბილისურ მატჩში, როცა კლაუს ტოპმიოლერის საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე გასვლის მოსურნე სქოთებს მწარე ალიყური გააწნა (2:0)...

"ლელო" დავით სირაძეს დაუკავშირდა და იმ მატჩთან ერთად სხვა საინტერესო საკითხებზეც ელაპარაკა.

- დავით, გაიხსენეთ შოტლანდიასთან მატჩისწინა პერიოდი. როგორი მოლოდინი გქონდათ? გვახსოვს, ბრიტანულ პრესაში ხუმრობდნენ კიდეც, საქართველოს ნაკრები სკოლის მოსწავლეებით გვეთამაშებაო...
- დავიწყებ იმით,
რომ შოტლანდიასთან საქართველოს ნაკრებს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ელის. მინდა, ამ მატჩში კახა ცხადაძესა და ბიჭებს წარმატებები ვუსურვო...

რაც შეეხება იმ შეხვედრას, გავიხსენებ ყველაფერს, რაც მახსოვს. პირადად მე რაც შემეხება, თავდაპირველად ისე იყო საქმე, რომ ძირითად შემადგენლობაში არ უნდა ვყოფილიყავი. თამაშის წინა დღეს კლაუს ტოპმიოლერმა გადაწყვეტილება შეცვალა და ძირითადში გამამწესა.

მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებმა ეს შეხვედრა აბსოლუტურად გაახალგაზრდავებული შემადგენლობით ჩაატარა. შოტლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდნენ სრულიად გამოუცდელი ფეხბურთელები - ლევან მჭედლიძე, ლევან ყენია, გიორგი მაკარიძე... იმთავითვე ვიტყვი, რომ ამ მოთამაშეებმა შესანიშნავად გაართვეს თავი ამოცანას... შოტლანდიასთან მატჩი, თუ არ გადავაჭარბებ, საქართველოს ნაკრებისთვის ერთ-ერთი საუკეთესი იყო არსებობის ისტორიაში. ჩვენმა გუნდმა ითამაშა გამართული და შედეგზე ორიენტირებული ფეხბურთი.

გული იმაზე მწყდება, რომ ამ შემადგენლობით საქართველოს ნაკრებს მეტი შეხვედრა არ ჩაუტარებია. არადა, ყველა აღნიშნავდა, რომ იმ ფორმაციის ნაკრებმა მართლაც კარგად ითამაშა. შედეგიც ყველაფერზე მეტყველებს...

- რას იტყვით შოტლანდიის იმ ნაკრებზე?
- ძალიან კარგი გუნდი იყო. იმ დროისთვის, ევროპის ჩემპიონატზე გასვლის რეალური შანსი ჰქონდათ და ისე გამოვიდა, რომ ეს შანსი ჩვენ დავაკარგვინეთ.

- თამაშის დროსაც და მერეც ვხედავდით შოტლანდიელი ფეხბურთელების გააფთრებულ სახეებს. უშუალოდ მინდორზე თუ მიაქციეთ ამას ყურადღება?
- თამაშის მერე იქნებოდა თუ ჩვენი მეორე გოლის შემდეგ, ყველამ ვნახეთ მათი ფეხბურთელებისა და მწვრთნელების სახეები. უშუალოდ მატჩის მიმდინარეობის დროს კი ამას მაინცდამაინც დიდ ყურადღებას არ მიაქცევ, რადგან თამაშში ბოლომდე ხარ ჩართული. ფაქტია, შოტლანდიელებმა ვერ შეაფასეს საქართველოს ნაკრები. მათ იცოდნენ, რომ ჩვენი გუნდი ზედმეტად გაახალგაზრდავებული შემადგენლობით ითამაშებდა და ეს სათავისო ფაქტორად ჩათვალეს. რაც მოხდა, ყველამ ერთად ვნახეთ.

- მოდით, გაიხსენეთ თქვენ მიერ შოტლანდიის ნაკრების კარში გატანილი გოლი...
- ჯერ ფლანგზე გადავიტანეთ ბურთი, მერე დათო კვირკველიამ მომცა პასი... საერთოდ, ისე აეწყო ჩემი კარიერა ნაკრებში, რომ დათო ხშირად მიკეთებდა საგოლე გადაცემებს. ლევან მჭედლიძე ამ პასის დროს წავიდა წინა ძელთან, მე კი უკანა ძელთან დავრჩი. სუფთა ინტუიცია იყო, ამას სხვა რამით ვერ ავხსნი.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

- რა თქმა უნდა, ამ გამარჯვებაში დიდი იყო საქართველოს ნაკრების გერმანელი მწვრთნელის, კლაუს ტოპმიოლერის როლი. დღეს როგორ იხსენებთ ამ კაცს?

- ტოპმიოლერი უმაღლესი კლასის მწვრთნელი რომ იყო, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. საერთოდ, გერმანელებს ერთი თვისება აქვთ, რომელიც შეუფასებელია - სანამ მსაჯი არ ჩასტვენს საფინალოდ, სულ თამაშობენ, არ კარგავენ კონცენტრაციას...

შოტლანდიასთან მატჩის წინ ტოპმიოლერმა იცოდა, რომ ძალიან ახალგაზრდულ შემადგენლობას ეყრდნობოდა, მაგრამ ის მაინც ძალიან იმედიანად იყო. გვითხრა კიდეც თამაშის წინ - თუ შოტლანდიელებზე მეტს ვირბენთ და ორთაბრძოლებს მოვიგებთ, გამარჯვება ჩვენ დაგვრჩებაო.

თამაშის მერე გვიჩვენა სტატისტიკური მონაცემები და დადასტურდა მისი სიტყვების სიმართლე. ამ შეხვედრაში ლევან ყენიამ და ჯაბა კანკავამ მთლიანად წაართვეს მინდვრის ცენტრი მეტოქეს.

- წეღან თქვით, გული მწყდება, საქართველოს ნაკრებს იმ შემადგენლობით მეტი შეხვედრა რომ არ ჩაუტარებიაო. თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი? ჩვენი ფეხბურთელების საქმისადმი მიდგომა ხომ არა?
- მოდით, ყველაფერს ფეხბურთელს ნუ დავაბრალებთ. იმ შემადგენლობიდან დღეს თითქმის ყველა მოქმედი ფეხბურთელია. მხოლოდ შაშიაშვილი და ასათიანი აღარ თამაშობენ, მგონი. ჩვენ ძალიან ხშირად და უსისტემოდ ვცვლით ძალიან ბევრ რამეს. მაგალითად, თავის დროზე ნაკრებში იმ მოტივით არ მიძახებდნენ, რომ ასაკში ვიყავი. არადა, თუნდაც დღეს რომ ავიღოთ, ჩემზე უფროსები თამაშობენ ნაკრებში. ნაკრებიდან ისე გამიშვეს, ერთი სიტყვაც კი არავის უთქვამს.

როცა საქართველოს ეროვნულს ეხება საქმე, უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ეს არის ჩემთვის ყველაზე ძვირფასი გუნდი. უბრალოდ, მგონი, ვიყავი ღირსი, რაღაც მაინც აეხსნათ...

- რა ხდება თქვენს კარიერაში? ითქვა, თითქოს, კარიერა ცხინვალის "ლიახვში" უნდა გაგეგრძელებინათ...
- "ლიახვზე" არ ყოფილა სერიოზული ლაპარაკი. დამირეკეს და შემომთავაზეს, მაგრამ საქმე ამის იქით არ წასულა. მადლობას ვეუბნები და ყოველთვის ვეტყვი ყველას, ვისაც ჩემი ეიმედება. იყო სხვა ვარიანტები და ახლაც არის. მოგეხსენებათ, მე და დვალი "დაჩიადან" რომ წამოვედით, ჯაბა "საბურთალოში" მივიდა, მე კი ჯერჯერობით უგუნდოდ ვარ.

- ფორმას როგორ ინარჩუნებთ?
- არ დავმალავ, ნაწყენი ვარ. საქართველოში ფეხბურთელი მეტად უნდა დაფასდეს. ნაკრებზე უკვე გითხარით. უგუნდოდ ვარ და მინდოდა, იმ კლუბში მევარჯიშა, რომლისთვისაც რაღაც მაინც გამიკეთებია. ბოლოს და ბოლოს, მე ამ გუნდიდან გავიკვლიე გზა ევროპაში...

- გასაგებია, "ლოკომოტივს" გულისხმობთ, თუმცა არ მესმის, რაში იყო პრობლემა?
- არც მე მესმის. თავის დროზე, ახალი მისული რომ ვიყავი ამ გუნდში, ჩემთვის, როგორც ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის, უდიდესი სტიმული იყო გამოცდილ ფეხბურთელებთან ერთად ვარჯიში. თუნდაც, კახა გოგიჩაიშვილი ავიღოთ... რაღაც დონეზე მერე მეც ვითამაშე ფეხბურთი, გამოცდილება დავაგროვე... ახალგაზრდა ფეხბურთელს რაღაცას ხომ ვასწავლი? განა ეს კარგი არ იქნებოდა?

- კარიერის დასრულებაზე ხომ არ დაფიქრდით?
- არა, ჯერ არ ვაპირებ....

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
Nebismier kartul klubs damshvenebda datos gamocdileba..samwuxaroa chveni fexburti eset dgeshi roa..
Fu tkveni
16:10 03-09-2015
0
ამ კადრებს რომ ვუკურებდი, თვალზე ცრემლი მადგებოდა,როდის ათმაშდება ჩვენი ნაკრები ისე, რომ ასეთ თამაშებს სტაბილურად ატარებდეს
Unknown
16:38 03-09-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული