რევაზ ძოძუაშვილი: კახას ისეთი პასი მივეცი, ქართულ ფეხბურთს რომ გამოადგება

AutoSharing Option
ფოტოზე: რევაზ ძოძუაშვილი და კახა ცხადაძე
საქართველოს ეროვნული ნაკრების ორი განვლილი მატჩის შეფასება საბჭოთა და ქართული ფეხბურთის ვარსკვლავს, ეროვნული გუნდის ყოფილ მწვრთნელს რევაზ ძოძუაშვილს ვთხოვეთ:


- ბატონო რევაზ, ჯერ ზოგადად შევაფასოთ საქართველოს ეროვნული ნაკრების ორი მატჩი შოტლანდიასა და ირლანდიასთან...
- მოდით, ჯერ ვთქვათ ასე: ამ ორ თამაშში ჩვენ გვქონდა როგორც კმაყოფილების, ისე უკმაყოფილების მიზეზი.

კმაყოფილი უნდა ვიყოთ იმით, რომ შინ შოტლანდიის ძლიერი ნაკრები
დავამარცხეთ. იოლი საქმე არ არის, შექმნა ისეთი გუნდი, რომელიც შოტლანდიას მოუგებს. ამ ნაკრების რეალური ძალა არაერთხელ გამოჩნდა ჯგუფში. რაღა შორს წავიდეთ, ჩვენთან თამაშის მერე ხომ ნახეთ, რა ომი გაუმართეს გერმანიას?

კმაყოფილი უნდა ვიყოთ იმით, რაც ნათლად გამოჩნდა: ჩვენ შეგვწევს ძალა, დავამარცხოთ შოტლანდია და თითქმის ტოლ-სწორად ვეთამაშოთ ირლანდიას. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია, ვითამაშოთ და უნდა ვითამაშოთ კიდეც დიდ ტურნირებზე, მაგალითად, რუსეთში 2018 წელს გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე. ამ შესარჩევ ციკლში კი საქმე უკვე გაფუჭებულია. აქედან გამომდინარე, ჩვენი სამწვრთნელო შტაბი, დარწმუნებული ვარ, ამ შეხვედრებს იყენებს მომდევნო ციკლისთვის უკეთ მოსამზადებლად.

ამაში არაფერი წარმოუდგენელი არ არის. ჩვენ უნდა გვჯეროდეს, რომ საქართველოს ნაკრებს ეს შეუძლია და ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ...

ახლა გავაკეთოთ პროფესიონალური ანალიზი. საქართველოს ნაკრების სამმა ცენტრალურმა მცველმა ორივე შეხვედრაში შესანიშნავად ითამაშა. შოტლანდიის ნაკრებთან მათი გარჯა კი მე, უბრალოდ, "უნაკლო" მგონია. 90 პროცენტით მათი დამსახურებაა, რომ თბილისში 3 ქულა ავიღეთ. ამას რომ ვამბობ, არ მინდა დავაკნინო სხვების კარგი თამაში, მაგრამ დაცვის როლი ძალიან დიდი იყო ამ გამარჯვებაში. განსაკუთრებით კარგად იყო გადაკეტილი ის ზონები, სადაც ბურთი ყველაზე ხშირად ძვრება. დაზღვევა იქნებოდა თუ თავით თამაში, ბიჭები შესანიშნავები იყვნენ.

როგორც ჩანს, საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ბოლომდე გაშიფრა შოტლანდიელთა თამაშის მანერა. ჩანდა, რომ თბილისში ბრიტანელთა ყველა მოქმედება შესწავლილი იყო. ისინი შორი მანძილიდან საჯარიმოში ჩაგდებებით ცდილობდნენ ფონს გასვლას და ეს მოულოდნელი არ ყოფილა ჩვენთვის...

მეორე მხარე - შეტევაში თამაში. საერთოდ, ყველაზე მეტად ფეხბურთში ის გუნდი ფასობს, რომელიც მოწინააღმდეგისგან რაღაცას სწავლობს. მოდით, გადმოვიღოთ ირლანდიისაგან ის, რაც კარგი აქვს. პრესინგი, კოლექტიური შეტევა - კარგი იქნება, თუ ამას ვისწავლით ირლანდიელებისგან. მეორე ტაიმში მათ შეტევაში ძალიან კარგი თამაში აჩვენეს. ჩვენ დიდი ყურადღება უნდა დავუთმოთ კოლექტიურ შეტევას, მეტად უნდა დავბალანსდეთ ამ რგოლში...

ერთ ნიუანსზეც უნდა ვთქვა: ჩემი აზრით, ასეთ თამაშებში მთლად გამართლებული არ მგონია მინდორზე ახალგაზრდა, გამოუცდელი ფეხბურთელების გამოყვანა. უფრო სწორი იქნება, ეს ამხანაგურ შეხვედრებში გავაკეთოთ, ან ისეთ მატჩებში, სადაც გუნდი იგებს და ფსიქოლოგიური მდგომარეობაც მყარი აქვს.

არადა, მწვრთნელი მომავლისკენ იყურება, მას უნდა, რომ გუნდი გაახალგაზრდავდეს, მომავლისთვის ერთი აგური დღესვე დაიდოს... რთული საქმეა, მაგრამ ყველაფერს ეშველება და ყველაფერი გამოვა.

- თქვით, რომ ამ ორ მატჩში ყველაზე მეტად დაცვის თამაში მოგეწონათ. მაშ, რა ვუყოთ ირლანდიასთან გაშვებულ გოლს?
- ახლაც ვამბობ: ცენტრალურ მცველებს კიდევ ერთხელ ვეტყვი დიდ მადლობას. რაც შეეხება გოლს, იმ ეპიზოდში ყველა ერთმანეთის იმედად დარჩა.

იცით, რა არის? როცა ზედიზედ ორ მატჩს თამაშობს დაცვა შეცდომების გარეშე, ავტომატიზმამდე მიდის ეს ყველაფერი. იქმნება შთაბეჭდილება და ფეხბურთელიც იჯერებს, რომ აღარასოდეს შეცდება. წამით გაითიშნენ დუბლინში და გავუშვით კიდეც ის დასანანი გოლი. ასეთი რამეები ხდება ფეხბურთში, თუმცა, თქმა არ უნდა, ჩვენს მცველებს უფრო ყურადღებით უნდა ეთამაშათ.

- მოდით, ახლა სუსტ რგოლზე ვილაპარაკოთ...
- ფლანგის მცველებმა ორივე თამაში, თითქოს უშეცდომოდ ჩაატარეს. მე მაინც მგონია, რომ მათი მხრიდან ცოტა მეტი ყურადღება იყო საჭირო. თავად გახლდით ფლანგის მცველი და მინდა, რომ ეს პოზიცია ყველაზე ძლიერი იყოს საქართველოს ნაკრებში.

- როგორ უნდა მივაღწიოთ შეტევაში თამაშის დალაგებას?
- ცოტა შორიდან მოვუვლი. მართალია, დაცვამ დიდებულად გაართვა თავი უშუალო მოვალეობას, მაგრამ ამავე დროს, კარგი იქნება, თუ ჩვენი მცველები უფრო მეტად ჩაერთვებიან შეტევებში. დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მცველებმა კარგად ითამაშეს მხოლოდ დაცვაში და არა - შეტევაში. არადა, თანამედროვე ფეხბურთში, და ამაში ყველა პროფესიონალი დამეთანხმება, მცველი შეტევებშიც აქტიურად უნდა ჩაერთოს.

- ფაქტია, დიდწილად მცველებმა უნდა შექმნან რიცხობრივი მეტობა მოწინააღმდეგის ნახევარზე...
- აი, რა შესანიშნავად ერკვევით... ყველა ძლიერ გუნდში მცველებიც უტევენ... ჩვენც ასე უნდა ვიყოთ. ჯერ მაინც ასეა, რომ შეტევაში მეტწილად მაინც რომელიმე ფეხბურთელის ინდივიდუალური ოსტატობის იმედად ვართ, მაგალითად - თორნიკე ოქრიაშვილის.

საერთოდ, ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, რომ შეტევაში თუნდაც ინდივიდუალიზმისა და ცალკეული ფეხბურთელების გაქანებით გავიდეთ ფონს. ძალიან კარგია, რომ საქართველოს ნაკრებს ჰყავს ისეთი დონის ცენტრფორვარდი, როგორიც ლევან მჭედლიძეა. ის კიდევ მოუმატებს. შოტლანდიასთანაც და ირლანდიასთანაც ლევანმა ძალიან მაღალ დონეზე ითამაშა.

- ამას წინათ, კახა ცხადაძის გვერდით შეგნიშნეთ ტრიბუნაზე, თან რაღაცას ინიშნავდით. ალბათ, საქმიანი ურთიერთობა გაქვთ ეროვნული გუნდის თავკაცთან...
- დაახლოებით ერთი კვირის წინათ შევხვდი კახა ცხადაძეს. მინდა გითხრათ, რომ ძალზე საქმიანად ვისაუბრეთ. მასაც ვუთხარი ფლანგის მცველებზე და ახლა იუმორით ასე ვიტყვი - კახას ისეთი პასი მივეცი, ქართულ ფეხბურთს რომ გამოადგება და თუ საჭირო იქნა, მომავალშიც მივცემ ასეთ პასებს....

- ბოლოს სხვა თემაზე. ხომ არ არის რაიმე ახალი თქვენს კარიერაში?
- "დინამოს" გარდა, დღეს არც ერთ ქართულ კლუბს არ აქვს დალაგებული სიტუაცია, პროგრესისთვის საჭირო გარემო. ამიტომაც ვერიდები ასეთ ადგილას მისვლას. ვიმუშავე "ტორპედოში", მაშინ, როცა კლუბი "ვისოლის" მფლობელობაში იყო და ძალიან უკმაყოფილო დავრჩი.

- და ერთიც: კარს მოგვადგა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები და არ იქნება, ამაზეც არ გკითხოთ აზრი...
- ჩემი პოზიცია ასეთია: არ შეიძლება, ფეხბურთის ფედერაციისა და სახელმწიფოს დაყოფა. თუ ისინი ერთად არ დადგებიან, ისე ქართული ფეხბურთის პროგრესი გამორიცხულია. ეს ორი მხარე უნდა შეიკრიბოს და უნდა მოინახოს ისეთი ვარიანტი, რომელიც წაადგება ჩვენი ფეხბურთის განვითარებას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
რეზო მარტალია
Unknown
14:50 12-09-2015
0
თუ ქართველი ექსპერტების ერთად აგებული ტვინი ვირის ტვინზე ცოტა მეტია, რამხელა ტვინის პატრონია მათ შირის ყველაზე დიდი ტვინის პატრონი? აი ეს არის გასაცემი კითხვა.

შოტლანდია-გერმანიის თამაშს გადახედეთ, და მაგ თამაშზე 3 დგით ადრე ჩატარებულ საქართველო-შოტლანდიას (მეტოქეს კარისკენ ერთი რომ არ დაურტყია).

მეტოქემ რინგზე ხელები ჯიბეში ჩაიდო და 12 რაინდი გვეთამაშა. საქარტველომ ერთხელ მოარტყა ყბაში. როგორია?

ექსპერტები კი იძახიან ეს პროგრესია და სახელმწიფომ, რომელიც 1 ბილიონ ვალს იგებს წელიწადში, 250 მილიონი ფეხბურთში უნდა ჩადოსო?
ამერიკელი
16:41 12-09-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული