თურმე, რამდენი რამ შეგვძლებია... ლადო ბურდული ნაკრების მატჩებზე

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ბოლო ორი მატჩის შეფასება ვთხოვეთ ეროვნული ნაკრების ყოფილ წევრს, 34 წლის ლადო ბურდულს, ვისაც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ გუნდში 21 მატჩი ჩაუტარებია და 2 გოლი გაუტანია.

ბურდული ენაწყლიანი მოსაუბრეა, მას ანალიზის კარგი უნარი აქვს და მასთან ქართული ფეხბურთის თუ ეროვნული გუნდის პრობლემებსა და პლუსებზე ლაპარაკი ყოველთვის საინტერესოა...


- მოდით, თავი
დან ზოგადად შევაფასოთ საქართველოს ნაკრების ბოლო ორი მატჩი...

- ვთქვათ ყველაფერი მარტივ და გასაგებ ენაზე - ამ ორმა თამაშმა გამოაჩინა, რომ საქართველოს ნაკრებს შეუძლია ისე თამაში, როგორც ფეხბურთს უხდება. ჩვენ შეგვიძლია ბურთის კონტროლი, ინდივიდუალიზმის გამოვლინება, შეტევაში ხარისხიანი თამაში...

როცა ამას თუნდაც ფრაგმენტულად აჩვენებ, გამოდის, რომ სტაბილურადაც შეგიძლია თამაშში გქონდეს ეს ნიუანსები.

რა თქმა უნდა, გვინდა, რომ ჩვენი გუნდის თამაშში ეს ნიუანსები იყოს უფრო სტაბილურად და დარწმუნებულიც ვარ, რომ ასეც იქნება დროთა განმავლობაში. ოღონდ ამას სჭირდება ბევრი მუშაობა. რად უნდა ლაპარაკი იმას, რომ უკეთესობა იგრძნობა. თუნდაც ის ავიღოთ, რომ ორი მატჩის ჯამში საქართველოს ნაკრები დროის უდიდეს მონაკვეთში კონცენტრირებული იყო.

შოტლანდიასთან ძალიან რთული თამაში იყო. კი ვამბობთ, რომ შოტლანდიას მუდმივად ვამწარებთ, მაგრამ ეს იოლი საქმე არ არის. შოტლანდიის ნაკრების მთელი შემადგენლობა პრემიერლიგაში თამაშობს. ამ ერს საუკუნეების განმავლობაში გამომუშავებული აქვს მებრძოლი ხასიათი...

რაც შეეხება ირლანდიას, მე პირადად ვიცი, რა ხდება დუბლინში, როგორი ზეწოლაა იქ მოწინააღმდეგეზე... ამის გაძლება არ არის იოლი. ჩვენ ირლანდიაში ივო შუშაკის დროს ვითამაშეთ. ულაპარაკოდ მოგვიგეს მასპინძლებმა, არადა, მაშინ საქართველოს ნაკრებს ძალიან კარგი შემადგენლობა ჰყავდა. თუ არ ვცდები, მაშინ ირლანდიას ზედიზედ 20 წაუგებელი თამაში ჰქონდა...

- ფაქტია, ბევრი გაკეთდა ნაკრებში. რა არის პირველი რიგის ამოცანა ამ ეტაპზე?
- ამ ეტაპზე პირველი რიგის ამოცანაა ფეხბურთელების ფსიქოლოგიური მომზადება და ამ კუთხით თითოეულ კარგად ჩატარებულ მატჩს და, ასე განსაჯეთ, წუთსაც კი, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. თუნდაც ის რად ღირს, რომ შოტლანდიას დროის გარკვეულ, საკმაოდ სოლიდურ მონაკვეთში ბურთი დავუმალეთ. ეს არ იყო რიგითი მომენტი.

თუ არ ირწმუნე, რომ შეგიძლია, ვერასოდეს ვერაფერს მიაღწევ. ჩვენ ბოლო დროს გაუთავებლად გვესმოდა, რომ საქართველოს ნაკრების ამ შემადგენლობას ბევრი არ შეუძლია და უნდა შევეგუოთ იმ თამაშს, რომელსაც ეროვნული გუნდი აჩვენებს. ეს არ იყო სწორი მიდგომა. ხომ ვნახეთ, რომ შეტევაც შეგვიძლია და ბურთის კონტროლიც, მომენტების შექმნაც და ლამაზად თამაშიც. განა იმავე შემადგენლობით არ თამაშობს ახლა ეროვნული ნაკრები?

მე თავად ვიყავი ფეხბურთელი და არაერთ მწვრთნელთან მიმუშავია. არსებობენ მწვრთნელები, რომლებიც ერთ შეცდომასაც არავის პატიობენ. როცა ფეხბურთელმა იცის, რომ ერთი შეცდომის გამო ის შეიძლება 5 მატჩით აღარ გააკარონ ძირითადს, ის შებოჭილია და ვეღარ თამაშობს კარგად. როცა მწვრთნელი ფეხბურთელს ბოლომდე ენდობა, მაშინ აბსოლუტურად სხვა სურათია. შეიძლება 8 შემთხვევაში არ გამოუვიდეს ფეხბურთელს თამაში, მაგრამ მეცხრედ გამოუვა, მერე კი დაიჭერს ამ თავის თამაშს და მიჰყვება და მიჰყვება...

- მინდა, აზრის გამოთქმა გთხოვოთ თორნიკე ოქრიაშვილის საქციელზე...
- ეს პრობლემა ძალიან მალე, ყოველგვარი ხმაურის გარეშე მოგვარდა და ამან ძალიან გამახარა. ჩვენ ვნახეთ, რომ მომხდარის შემდეგ, ირლანდიასთან მატჩში ოქრიაშვილმა ძალიან მაგრად ითამაშა.

ფეხბურთი კაცური თამაშია. ფეხბურთს რობოტები არ თამაშობენ და სადაც ფეხბურთია, იქ ემოციაცაა. გარკვეულწილად, მესმის ოქრიაშვილის და მივესალმები იმ პოზიციას, რომელიც საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დაიკავა.

მეც ვიყავი მწვრთნელი და მქონდა გუნდში ასეთი შემთხვევაც... დღეს მე და ის ფეხბურთელი ჩვეულებრივად ვაგრძელებთ ურთიერთობას...

თორნიკეს მეტი თავმდაბლობისა და თავდაჭერილობის გამოჩენა მართებდა, მაგრამ რაც მოხდა, მოხდა...

- მოდით, გამოვარჩიოთ პირობითად ძლიერი და სუსტი რგოლი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში...
- მიმაჩნია, რომ ყველამ მაქსიმუმი გააკეთა. ჩემი აზრით, ცოტა უკეთესად მართებდა თამაში საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველს, თუმცა უჩა ლობჟანიძე გამოსადეგი ფეხბურთელია ეროვნული გუნდისათვის. ამავე დროს, როგორც რიგითი ქომაგი, ვისურვებდი, რომ ამ პოზიციაზე ოთარ კაკაბაძეც გვენახა. კაკაბაძეს უყვარს შეტევა და მისი ჩაწოდებები სახიფათოა...

შოტლანდიასთან თბილისურ მატჩში ძალიან კარგები იყვნენ ჯანო, ლევან მჭედლიძე, ვაკო ყაზაიშვილი... ჯაბა კანკავაზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. ჯაბამ ხუთიანზე გააკეთა თავისი საქმე. ის დიდი პროფესიონალია თავისი საქმის. მითითებაც არ სჭირდება, არ სჭირდება თქმა - აქეთ გაიქეცი, იქით გაიქეცი, ითამაშე!..

შოტლანდიასთან უნაკლოდ ითამაშა ალეკო ამისულაშვილმა და ჩემს ახლო მეგობარს ვულოცავ კარგ გარჯას. კახა ცხადაძის მიერ არჩეულ ტაქტიკურ სქემას ძალიან უხდება გიორგი ნავალოვსკი. ფლანგზე მისი თამაში ძალიან მომწონს.

დუბლინში ვერ ითამაშა ჯანო ანანიძემ, არადა, კანკავა-ანანიძის წყვილი საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ძალიან კარგია. ისინი ერთმანეთს ავსებენ.

- მინდა, ნაკრების დებიუტანტებზე გკითხოთ. რა თქმა უნდა, ამ ბიჭებს დიდი პერსპექტივა აქვთ, თუმცა მოგვეჩვენა, რომ ისინი ოდნავ შებოჭილები იყვნენ...
- ძალიან მომწონს გიორგი პაპუნაშვილის თამაში. მე ვიქნები ძალიან ბედნიერი, თუ გიორგი უმაღლესი დონის ფეხბურთს ითამაშებს. იმავეს ვიტყვი მათე ცინცაძეზეც. შეფასებაში კი გეთანხმებით, ისინი ცოტა შებოჭილები იყვნენ, თუმცა ამას ეშველება. საქართველოს ნაკრებში მომავალი მათია. ისინი კიდევ ბევრ მატჩს ჩაატარებენ ეროვნული გუნდის შემადგენლობაში.

როცა დებიუტანტებზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი ნაკრები ირლანდიაში თამაშობდა. ირლანდიაში კი გრანდებიც კი ხშირად ვერ ავლენენ თავიანთ საუკეთესო თვისებებს, არათუ გამოუცდელები.

- რომელი ეპიზოდები დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად ამ ორ თამაშში?
- გამოვარჩევ გუნდურ და ინდივიდუალურ მოქმედებებს. გუნდურად ბურთის კონტროლი, კონცენტრაცია, შეტევის წყურვილი... ინდივიდუალურად თუნდაც ის, ვაკო ყაზაიშვილი რომ გაძვრა ოთხ ფეხბურთელში, მჭედლიძე რომ დატრიალდა მთელი ტანით, ჯანოს პასები, იგივე ვაკოს გოლი...

- ის ერთადერთი შეცდომა გაიხსენეთ...
- ეს იყო შეცდომა, რომელსაც მე "კოლექტიურს" დავარქმევდი. საბა კვირკველიამ მაღალ დონეზე ჩაატარა ორივე მატჩი, მაგრამ მიმაჩნია, რომ იმ ეპიზოდში არ უნდა გაეკეთებინა "პადკატი", უნდა მიჰყოლოდა კაცს ბოლომდე...

მაგრამ შეცდომების გარეშე ფეხბურთი არ არსებობს, ესეც ფაქტია.

- იმედი ჩვენი მუდმივი საგზალია. გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი?
- გვაქვს! ახლა მთავარია, ტაიმი კი არ ვითამაშოთ მაღალ დონეზე ან მონაკვეთი, არამედ მთელი მატჩი. ამის ძალა შეგვწევს და ნაკრების სამწვრთნელო შტაბიც აქეთკენ მიდის.

ძალიან მომწონს კახა ცხადაძის ტაქტიკა. ზუსტად ასეთ ტაქტიკას ვიყენებდი მაშინ, როცა ბოლნისის "სიონის" მთავარი მწვრთნელი ვიყავი. მომწონს თუნდაც ის, რომ ცხადაძე ფეხბურთელებს სისტემატურად უცვლის ადგილებს ფლანგებზე...

ერთი სიტყვით, იმედის სერიოზული ნაპერწკალი გაჩნდა ხალხში და ის ყველამ ერთად უნდა გავაღვივოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ბლა-ბლა-ბლა და რა შეგვძლებია? რა ფარჩაკი ნაკრები იყო ის დარჩა და ... ცხადაძე მას ვერ შეცვლის!
0
შენნაირი ვაი გულშემატკივრების ბრალია კარგად როა საქმე.
giorgi basiladze
16:55 13-09-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული