დინამოელი იმ თაობიდანაა, "ქართული ფეხბურთის იმედს" რომ ვუწოდებთ. ისინი პატარა ასაკიდანვე დაეჩვივნენ გამარჯვებებს და ცხადია, მათგან მომავალში სწორედ გამარჯვებებს ველით...
- ეროვნულ გუნდში დებიუტი ყველა ფეხბურთელისთვის განსაკუთრებული მოვლენაა. როგორ იხსენებთ ირლანდიასთან მატჩს?
- სასიხარულოც იყო და სანერვიულოც. ერთი რამ დაზუსტებით შემიძლია ვთქვა - ეს იყო დაუვიწყარი შეგრძნება. რომ შევეცადო ახსნას, ბოლომდე მაინც არ გამომივა. ამიტომ იმას დავჯერდები,
- თამაშს როგორ აფასებთ?
- ირლანდიის ნაკრები თამაშის წინ ჩვენზე მომგებიან სიტუაციაში იყო. ირლანდიელებმა იოლად დაამარცხეს გიბრალტარი. დაამარცხეს ისე, რომ ძალა პრაქტიკულად არ დაუხარჯავთ.
საქართველოს ნაკრებს რაც შეეხება, ყველამ ვიცით, რომ ჩვენს გუნდს მომქანცველი მატჩი ჰქონდა შოტლანდიასთან. ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ სამ დღეში ძალების ბოლომდე აღდგენა ძნელია.
პირველი ტაიმი, შეიძლება ითქვას, ჩვენი კარნახით მიმდინარეობდა. მეორე ნახევარში თავი იჩინა ფიზიკურ კონდიციებში სხვაობამ. მივიღეთ ისეთი გოლი, რომელიც, წესით, არ უნდა გაგვეშვა. ამას ისიც დაემატა, რომ ბოლო 10 წუთი კაცნაკლულებმა ჩავატარეთ ლევან მჭედლიძის ტრავმის გამო.
- ყველამ ვიცით თქვენი შესაძლებლობები. აქედან გამომდინარე, მოგვეჩვენა, რომ სადებიუტო შეხვედრაში ოდნავ შებოჭილი იყავით. ეთანხმებით თუ არა ამ შეფასებას?
- იყო ეს მომენტი, რასაც მეც სადებიუტო მატჩის ფაქტორს ვუკავშირებ. თანაც, მინდორზე 0:1-ზე შევედი, გოლი იყო გასატანი, თამაში გადასარჩენი. პირველივე ეპიზოდში დავკარგე ბურთი. ბიჭებმა გამამხნევეს. მომეხსნა დაძაბულობა. ამისთვის მადლობა მათ.
ირლანდია-საქართველო 1:0 - მეტი სითამამე და შემოქმედება გვჭირდება! [VIDEO]
საქართველო-შოტლანდია 1:0 - პოზიტივი ტენდენციად უნდა იქცეს! [VIDEO]
საქართველო-შოტლანდია 1:0 - პოზიტივი ტენდენციად უნდა იქცეს! [VIDEO]
- შეიძლება ითქვას, საქართველოს ნაკრები ერთი დიდი ოჯახია? როგორ მიგიღეს გუნდში ახალბედა?
- ძალიან კარგად მიმიღეს და იმასაც სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ნაკრები ერთი დიდი ოჯახია. სხვანაირად ჩვენ შოტლანდიას ვერ მოვუგებდით. ერთი ოჯახია როგორც მინდორზე, ისე მინდვრის გარეთ.
- საიდუმლო არავისთვისაა, რომ ბევრ ქართველ ფეხბურთელს პროფესიონალიზმი აკლია. მათე ცინცაძე თუ მიიჩნევს თავს ნამდვილ პროფესიონალად?
- მე ჩემს თავს ვთვლი პროფესიონალად. ვცხოვრობ ისე, როგორც ფეხბურთს უხდება და შეეფერება.
კარგად მესმის, ეს კითხვა რატომაც დამისვით. ზოგადად, ქართველ ფეხბურთელებს მართლაც გვაკლია პროფესიონალიზმი, ამაში გეთანხმებით, მაგრამ მე ჩემს თაობაზე გეტყვით, რომ ისინი ისე ცხოვრობენ, როგორც ფეხბურთელებს შეეფერებათ.
- ვიცით, ბევრს კითხულობთ, სწავლობთ... როგორია მათე ცინცაძე ფეხბურთს მიღმა?
- ფეხბურთს რომ თავი დავანებოთ, ჩემთვის პირველი და მთავარი ჩემი ოჯახია. მერე სამეგობრო წრე, სანათესაო, საახლობლო... სწავლა და კითხვა მართლაც ძალიან მიყვარს. მინდა მეტი შევიმეცნო ამ რთულ და წინააღმდეგობებით სავსე სამყაროში.
- საინტერესოა, ფეხბურთი როგორ შემოვიდა თქვენს ცხოვრებაში?
- ფოთში შევედი პირველად ფეხბურთზე, ჩემს მშობლიურ ქალაქში. ბაბუამ წამიყვანა. ჩემი პირველი მწვრთნელი მამუკა ბაჯალაძე იყო.
- სულ საყრდენი ნახევარმცველი იყავით?
- არა, თავიდან თავდამსხმელი ვიყავი. მას შემდეგაც კი, რაც "ლოკომოტივში" გადმოვედი სათამაშოდ, ბომბარდირიც კი გავხდი ერთ-ორჯერ. მერე დიმა თოფურიამ და გიორგი ჩიტაურმა შემიცვალეს ამპლუა და ასე ვიქეცი საყრდენ ნახევარმცველად.
- რომელია თქვენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი ტიტული?
- საქართველოს ჩემპიონობა იყო ჩემთვის პირველი ტიტული და აქედან გამომდინარე, ყველაზე - დასამახსოვრებელიც. რაც შეეხება ასაკობრივ ნაკრებს, რამდენიმე ჯილდო მაქვს მოგებული. ყველაზე მეტად გამოვარჩევ 17-წლამდელთა ნაკრების რიგებში ევროპის პირველობაზე დაკავებულ მეოთხე ადგილს.
- რომელ კლუბს ქომაგობთ, რომელი ქვეყნის ლიგა მოგწონთ ყველაზე მეტად?
- ვარ "იუვენტუსის" ქომაგი და ყველაზე მეტად იტალიური სერია A-ს ყურება მიყვარს, ესეც - "იუვენტუსის" ხათრით.
- "დინამოში" ახლა შესანიშნავი ვითარებაა და თქვენ ამ გუნდის შეუცვლელი წევრი ხართ. და მაინც, ალბათ, მათე ცინცაძეც ფიქრობს უცხოეთში თამაშზე...
- "დინამოში" თავს დიდებულად ვგრძნობ. ეს ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ასეა. საზღვარგარეთ ძალების მოსინჯვაც არ იქნებოდა ურიგო, თუნდაც იტალიაში ან ინგლისში, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს. კონტრაქტით კიდევ ერთი წელი დამრჩა "დინამოსთან". აქ მართლაც შესანიშნავად ვარ.
- რამე ხომ არ დაგრჩათ სათქმელი?
- უბრალოდ, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო კახა ცხადაძეს ნდობისთვის!
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"