- ეს არის შუქი გვირაბის ბოლოს! მგონი, ეს შუქი ყველამ ერთად დავინახეთ. ცხადია, გახარებული ვარ იმ თამაშით, რომელიც საქართველოს ნაკრებმა აჩვენა, უპირველეს ყოვლისა - შოტლანდიასთან მატჩში. ვფიქრობ, ურიგოდ არც ირლანდიასთან გვითამაშია, მიუხედავად იმისა, რომ დავმარცხდით. რაც მთავარია, ვუტევდით და ამან ძალიან გამახარა.
საქართველოს ნაკრების მატჩებს არ ვაცდენ და აღარც კი მახსოვს, მოწინააღმდეგეს ბოლოს ბურთი ასე როდის
ამ და სხვა ფაქტორების გამო, მგონია, რომ ეს არ არის საქართველოს ნაკრების მაქსიმუმი და ეროვნული გუნდი, კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით, კიდევ უფრო მოუმატებს. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის რეზერვი, რომელიც მე დავინახე ჩვენი გუნდის თამაშში.
- რას იტყვით იმ ტაქტიკაზე, რომელიც ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა აირჩია?
- საერთოდ, ფეხბურთში ასეა: მეტწილად ის გუნდი იგებს, რომელიც უტევს. კი, არის საწინააღმდეგო მაგალითებიც, მაგრამ ძირითადად ასეა. ცხადაძე შეტევაზე აკეთებს აქცენტს და ეს მისასალმებელია...
რაც შეეხება ნიუანსებს, მომწონს მისი გეზი, რაც სანახაობრივ ფეხბურთსა და ბურთის კონტროლს გულისხმობს. ბურთი რომ გიჭირავს, ამით მოწინააღმდეგეს ძალიან რთულ მდგომარეობაში აგდებ - აიძულებ, უბურთოდ ირბინოს. შოტლანდიის ნაკრებთან თბილისურ მატჩში, მთელ რიგ ეპიზოდებში, კარგად გვეჭირა ბურთი და მნიშვნელოვანწილად სწორედ ამან განაპირობა საქართველოს ნაკრების გამარჯვება.
ცხადაძის გაწვრთნილ გუნდში მომწონს ისიც, რომ ფეხბურთელები არ ერიდებიან თამაშის საკუთარ თავზე აღებას, იმპროვიზაციას...
- თქვენ გამორჩეული საყრდენი იყავით. ამ კუთხით, რას იტყვით საქართველოს ნაკრების ორ საყრდენზე შოტლანდიასთან შეხვედრაში - ჯანო ანანიძესა და ჯაბა კანკავაზე?
- მათ იდეალურად შეავსეს ერთმანეთი. ძალიან მაღალ დონეზე ითამაშა ორივე ფეხბურთელმა. ჯანოს პასები შესანიშნავი იყო. ვფიქრობ, საქართველოს ნაკრებს ეს დუეტი დიდ სარგებლობას მოუტანს.
- წეღან თქვით, საქართველოს ნაკრები აუცილებლად მოუმატებსო. მაინც, რა უნდა გამოასწოროს ჩვენმა გუნდმა?
- რა თქმა უნდა, სამწვრთნელო შტაბს სამუშაო ჯერ კიდევ ძალიან ბევრი აქვს. მოსამატებელიც რამდენიმე კომპონენტში გვაქვს. მე ერთს გამოვარჩევ - ძალიან გვჭირდება კიდევ უფრო მეტი თავდაჯერებულობა. სიტუაცია გვიჩვენებს, რომ შეგვიძლია, მაგრამ რიგ ეპიზოდებში ჯერ კიდევ გვაკლია შეტევაში ის სითამამე, რომელიც ნებისმიერი გუნდისთვის აუცილებელია.
- რას იტყვით ლევან მჭედლიძეზე, ვინც ჩინებულად გაისარჯა შოტლანდიასთან მატჩში?
- რად უნდა ლაპარაკი იმას, რომ ლევანი უნიჭიერესი ფორვარდია. პირდაპირ გეტყვით - ძალიან მაგარი ფეხბურთელია, გადაჭარბების გარეშე. თუ აქამდე მან ბოლომდე ვერ გამოავლინა საკუთარი შესაძლებლობები, ეს მხოლოდ და მხოლოდ ტრავმების ბრალია. ლევანი კიდევ მოუმატებს. დარწმუნებული ვარ, მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა აღარ შეაწუხებს...
- როგორ გგონიათ, შეძლებს საქართველოს ნაკრები მომავალ, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში წარმატებით თამაშს?
- მე მჯერა, რომ საქართველოს ნაკრები შეძლებს სამეულში მოხვედრას. ჯგუფი ისეთია, რომ ჩვენ თამამად შეგვიძლია ვიფიქროთ წარმატებაზე. წილისყრისას, შედარებით გაგვიმართლა. დღევანდელ ფეხბურთში იოლი მოწინააღმდეგე აღარ არსებობს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, ტოლ-სწორად ვეთამაშოთ ამ ნაკრებებს. თანაც, მანამდე, ალბათ, გარკვეულ სიახლეებსაც შესთავაზებს გულშემატკივარს ნაკრების სამწვრთნელო შტაბი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"