[ექსკლუზივი]­­ კახა ცხადაძე: ჩვენ უკან ვეღარ დავიხევთ!

AutoSharing Option
2015 წლის დასაწყისიდან, როცა საქართველოს ეროვნული ნაკრები კახა ცხადაძემ ჩაიბარა, გარკვეული დრო გავიდა და სალაპარაკოც დაგროვდა. ფაქტია, ჩვენი ქვეყნის უპირველესი გუნდი ის აღარ არის, რაც აქამდე იყო. პროგრესი თვალსაჩინოა, თუმცა სამუშაო ჯერ კიდევ ძალზე ბევრია...

"ლელო" შეხვდა ცხადაძეს და შეეცადა, ნაკრების თავკაცთან საუბრისას გულშემატკივრისთვის საინტერესო ყველა თემა მოეცვა...

ჩვენ არ უნდა ვიყოთ ერთი თამაშის გუნდი
- უკვე გარკვეული დრო გავიდა მას მერე, რაც საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩაიბარეთ. მოდით, შევაფასოთ განვლილი პერიოდი, რომელიც, ალბათ, იძლევა გარკვეული დასკვნების გამოტანის საშუალებას...
- სიამოვნებით. მოგეხსენებათ,
ჩემი ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა პირველი ორი მატჩი მალტასთან და გერმანიასთან ჩაატარა. ამ შეხვედრების წინ ძალიან მცირე დრო მქონდა გუნდთან სამუშაოდ. ორ დღეში თამაშს ვერავინ "დააყენებს" და შეცვლის...

ჩვენ მალტასთან ვუტევდით სუფთა ემოციაზე, მაგრამ ამავე დროს - დიდი მონდომებით. თუ გავიხსენებთ მაშინდელ შეხვედრას, საქართველოს ნაკრებს ბურთის ფლობის დიდი პროცენტი ჰქონდა...

მერე იყო ზაფხულის ევროპული შეკრება და ამ შეკრებაზე დიდი სამუშაო გავწიეთ. ვარჯიშებსაც კი ვიღებდით ვიდეოზე და ფეხბურთელებს ვაჩვენებდით, ანალიზს ვუკეთებდით. მათთვის იოლი არ იყო ეს ყველაფერი. ამდენი თეორია, ამდენი განხილვა, პლუს დატვირთვები... გუნდი ბოლომდე "წამომყვა"...

უკრაინის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში ნათლად გამოჩნდა ამ მუშაობის შედეგი. ჩვენ 70-75 წუთის განმავლობაში ვითამაშეთ ის ფეხბურთი, რომელიც უნდა გვეთამაშა. გვქონდა უპირატესობა, თუმცა საბოლოოდ მაინც დავმარცხდით...

ამას მოჰყვა პოლონეთთან ევროშესარჩევი მატჩი. პირველი 25 წუთის განმავლობაში შებოჭილები ვიყავით, ვერ ვაჩვენეთ ის ფეხბურთი, რომელიც უნდა გვეჩვენებინა. მერე გამოვასწორეთ თამაში და... ამ დროს გავუშვით გოლი. გავუშვით იმიტომ, რომ ფეხბურთელი, რომელიც უნდა "ამოსულიყო" მეტოქეზე, არ "ამოვიდა". ისე, ყველა ჩვენმა ფეხბურთელმა ზუსტად იცის, სად უნდა იდგეს ჩვენი თუ მოწინააღმდეგის სტანდარტული მდგომარეობის დროს...

გოლის მერე საქართველოს ნაკრები დაეუფლა უპირატესობას, მაგრამ 89-ე წუთზე გავუშვით მეორე გოლი. ეს გოლი იყო 4 ფეხბურთელის უხეში შეცდომის შედეგი. აქ გამოჩნდა ქართული ხასიათის ძალიან ცუდი თვისება...

როცა ჩვენ 0:2-ს ვაგებთ, ერთი სული გვაქვს, რომ თამაში დამთავრდეს. ქართული მენტალიტეტი ასეთია - წაქცეულს წიხლს არავინ დააჭერს. არადა, ევროპელისთვის ეს უცხოა. პოლონელებმა ბოლომდე ითამაშეს და კიდევ 2 გოლი გაგვიტანეს.

ეს ძალიან კარგი გაკვეთილი იყო არა მხოლოდ ჩვენი ნაკრებისთვის, არამედ, ზოგადად, ქართული მენტალიტეტისთვის. ბოლომდე ბრძოლა უნდა ვისწავლოთ ფეხბურთშიც, ცხოვრებაშიც, სპორტის სხვა სახეობებშიც...

შოტლანდიასთან თამაშის განსაკუთრებული მოლოდინი გვქონდა. მე ამ თამაშის წინ ვთქვი, რომ დრო იყო, საქართველოს ნაკრებს ეჩვენებინა ის თამაში, რომელსაც ველოდით. ჩვენ ვეთამაშეთ მაღალი დონის გუნდს. ამ გუნდის ძირითადი ბირთვი ინგლისურ პრემიერლიგაში თამაშობს. თან, შოტლანდიელები უზომოდ იყვნენ მოტივირებულნი - ისინი ინარჩუნებდნენ ევროპის ჩემპიონატზე გასვლის რეალურზე რეალურ შანსს...

რა უნდა ყოფილიყო საქართველოს ნაკრების მოტივაცია ამ შეხვედრაში? როცა ფეხბურთელი გადის "დინამოს" სტადიონზე, თამაშობს თავისი ქვეყნისთვის, საკუთარი გულშემატკივრების წინაშე, ამაზე დიდი მოტივაცია რაღა უნდა იყოს?!.

ჩვენ ფეხბურთელებს ჩავუნერგეთ, რომ შეუძლიათ თამაში და გამარჯვება, რომ არავისზე ნაკლებნი არ არიან... მთლიანობაში, საქართველოს ნაკრებმა შოტლანდიასთან ითამაშა ძალიან სოლიდური ფეხბურთი აბსოლუტურად ყველა რგოლში...

მერე კიდევ ერთხელ ვუყურე ამ თამაშს. საქართველოს ნაკრები მთელი შეხვედრის განმავლობაში მოძრაობდა ძალიან გუნდურად და ორგანიზებულად. ეს წარმატებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია...

მაშინაც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ: ჩვენ არ უნდა ვიყოთ ერთი თამაშის გუნდი, არ უნდა დაგვაბრმავოს ერთმა კარგმა თამაშმა, ჩვენ სტაბილურად უნდა ვითამაშოთ კარგად და უნდა ვიბრძოლოთ მსოფლიოსა თუ ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად...

შეიძლება, ხანდახან არ იყოს შედეგი. ეს ბუნებრივია, მაგრამ ყოველთვის უნდა იყოს თამაში. უნდა ჩანდეს ის გეზი, რომელიც ავირჩიეთ.

ჩვენ უკან ვეღარ დავიხევთ! პირიქით, საქართველოს ნაკრების პროგრესი უნდა გაგრძელდეს!..

- ...და მივადექით ბოლო, ირლანდიასთან მატჩს...
- მეორე ტაიმი ჩაგვივარდა, რაც გადაღლილობის ბრალი იყო. ისე კი ყველა ფეხბურთელმა თავი დადო. ავიღოთ, მაგალითად, გურამ კაშია. ჩვენ ის საყრდენის პოზიციაზე დავაყენეთ. კაშიას თავისუფლად შეეძლო ეთქვა, რომ ეს არ იყო მისი პოზიცია და იქ თავს ვერ გამოიჩენდა, მაგრამ თავი გადადო და ამისთვის მადლობა მას! რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ მოვთხოვთ კაშიას საგოლე პასებს... მაგრამ მას დიდი მადლობა კიდევ ერთხელ!..

ჩვენ გვქონდა მოედნის ცენტრში ალტერნატივა ახალგაზრდა ფეხბურთელის სახით, მაგრამ არჩევანი კაშიაზე შევაჩერეთ. როცა საქმე ახალგაზრდა ფეხბურთელს ეხება, გარკვეული რისკის წინაშე დგები, როგორც მწვრთნელი. აქ არ ვგულისხმობ მხოლოდ თამაშის შედეგს. ვგულისხმობ იმას, რომ შეიძლება, ფეხბურთელი ფსიქოლოგიურად "მოკლა"...

მერე მაინც შევუშვით ცინცაძე და პაპუნაშვილი. კიდევ ერთხელ ვიტყვი იმას, რაც ადრეც მითქვამს - მათი ძალიან გვეიმედება, ეს ბიჭები საქართველოს ნაკრების მომავალია...

ირლანდიასთან იყო გადაღლილობის ფაქტორი. თუნდაც ვაკო ყაზაიშვილი ავიღოთ. ჯერ კიდევ პირველ ტაიმში ის საკუთარ თავს ზემოთ ხტებოდა და ისე თამაშობდა. შოტლანდიასთან თამაშმა ბევრი ძალა წაიღო...

და მაინც, ჩვენ უნდა შევძლოთ და მივეჩვიოთ 3 დღეში ორი მატჩის ჩატარებას. ასეთი ფორმატია მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში. ესაა დროის მოთხოვნა. აქ წინა პლანზე გამოდის რეზერვის თემა. ჩვენ უნდა შევცვალოთ ხოლმე ის მოთამაშეები, რომლებიც გადაღლილები იქნებიან...

ევროპული მენტალიტეტი და კონკურენცია
- საინტერესო თემას მივადექით. არის სანაკრებოდ საკმარისი რეზერვი?
- შეიძლება, იმხელა არა, მაგრამ მაინც არის. მოგეხსენებათ, ბოლო დროს გიორგი ჭანტურია უგუნდოდ იყო; ნიკა გელაშვილმა ერთწლიანი პაუზის შემდეგ ახლა დაიწყო თამაში; სანდრო კობახიძეს ტრავმა ჰქონდა; იმედი მაქვს, ნიკა ძალამიძეც დაიწყებს თამაშს...

ჩვენ გვჭირდება ევროპული მენტალიტეტის ფეხბურთელები. აუცილებლად სანახავია საქმეში "ფრაიბურგის" ნახევარმცველი ლუკა ჰუფნაგელი. უკვე ვუთხარი ამის თაობაზე ალექსანდრე ჩივაძეს.

გადაწყვეტილია, რომ ნოემბერში ამხანაგურ მატჩს ვითამაშებთ ესტონეთთან. მეორე მატჩიც გვინდა ჩავატაროთ და ამაზე მოლაპარაკება ახლა მიდის...

ჩვენ გვინდა გუნდი, რომელიც სრულფასოვნად იქნება დაკომპლექტებული - 3 მეკარე პლუს 20 ფეხბურთელი. თითოეული მათგანი ნებისმიერ დროს უნდა იყოს მზად, რომ ითამაშოს...

- აკაკი გოგიას თემა საბოლოოდ დაიხურა?
- არა, არ არის ეს თემა დახურული. ჯერ ფეხბურთელმა უნდა თქვას თანხმობა საქართველოს ნაკრებში თამაშზე. მერე გასავლელია მთელი რიგი პროცედურებისა. მე საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვარ და ჩემი საქმე მაქვს...

- ისე ჩანს, რომ საქართველოს ნაკრებმა დაძლია შიში - მეტოქის, ბურთის, შეტევის... რა თქმა უნდა, თქვენზე უკეთ ამას ვერავინ შეატყობდა.
- მე სხვანაირად შევხედავდი ამ საკითხს. საქართველოს ნაკრების წინა მწვრთნელს ჰქონდა სხვანაირი სათამაშო კონცეფცია. შიში აქ არაფერ შუაშია. უბრალოდ, ეს არის სისტემა, რომელიც არ ეფუძნება ბურთის კონტროლს...

რაც შეეხება შიშსა და კომპლექსს, ეს განპირობებული იყო ჩვენი გუნდის ბოლოდროინდელი შედეგებით. ჩვენ დავკარგეთ იმის რწმენა, რომ შეგვიძლია შოტლანდიისა და ირლანდიის დონის გუნდებთან ტოლ-სწორად თამაში და გამარჯვება...

ირლანდიასთან მატჩის დასრულების შემდეგ ფეხბურთელებმა ბოდიში მომიხადეს. მათ უნდოდათ, რომ ჩემთვის იუბილე გამარჯვებით მოელოცათ... სამწუხაროდ, არ გამოვიდა, მაგრამ იქვე ბიჭებმა მითხრეს - მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში თბილისურ მატჩზე საუბარი არ არის, დუბლინშიც 3 ქულისთვის ჩამოვალთო...

- არაერთხელ გითქვამთ, რომ კლუბსა თუ ნაკრებში აუცილებელია იყოს კონკურენცია. კმაყოფილი ხართ საქართველოს ნაკრებში დღეისთვის არსებული კონკურენციით? ვთქვათ, მარცხენა მცველის პოზიცია ავიღოთ, სადაც გიორგი ნავალოვსკი ძალიან კარგია, მაგრამ მას სრულფასოვანი კონკურენტი სჭირდება. როცა თქვენ ეძებთ დაცვის მარჯვენა ფლანგზე უჩა ლობჟანიძის ალტერნატივას, ლოგიკურია, ეს მარცხენა მცველსაც ეხებოდეს...
- კარგი კითხვაა. შაბათს მივფრინავ კვიპროსში, სადაც ჩვენი ლეგიონერების თამაშს დავესწრები. მოხარული ვარ, რომ გია გრიგალავამ თამაში დაიწყო. მას ჩვენს სქემაში ჩაჯდომა შეუძლია როგორც მარცხენა-ცენტრალური მცველის, ისე მარცხენა მცველის პოზიციაზე...

ამ პოზიციაზე ჩვენ გვყავს გიორგი ფოფხაძეც. ამ ფეხბურთელს ყველა კარგად ვიცნობთ და მისი კარგი თამაშებიც გვახსოვს. ის უკლუბოდ იყო, ახლა კი გუნდი მონახა და მთავარია, ინტენსიური სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს...

- საქართველოს ნაკრების ყველა მატჩი მახსოვს და პრაქტიკულად არ მახსენდება, გუნდს იმდენ ხანს ეკონტროლებინოს ბურთი, როგორც შოტლანდიასთან შეხვედრის ერთ ეპიზოდში მოხდა. როგორ მოახერხეთ აქამდე მისვლა?
- 42 გადაცემა იყო ზედიზედ... ვარჯიშებზე სწორედ ბურთის კონტროლზე კეთდება აქცენტი. ეს არის სულ. ეს არის ჩვენი სტილი...

- კარს მოგვადგა გიბრალტართან მატჩი. ვიცით, რომ მეტოქე სუსტია. საინტერესოა, როგორ მიუდგებით ამ შეხვედრას? ხომ არ უნდა ველოდოთ ექსპერიმენტებს?
- მნიშვნელოვანია, რომ გავითავისოთ: ჩვენთვის არ არსებობს სუსტი მოწინააღმდეგე! ყველა მეტოქე უნდა დავაფასოთ. შეიძლება, გიბერალტარი არ არის ძლიერი გუნდი და არც დიდი ტრადიციები აქვს, მაგრამ დღევანდელ ფეხბურთში დონე ძალიან გათანაბრებულია...

გაგიმხელთ, რომ განზრახული გვაქვს, გიბრალტართან მატჩისთვის შევცვალოთ ტაქტიკური სქემა და ერთით მეტი ფეხბურთელით შევუტიოთ. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი გამარჯვებაა და ამავე დროს, გვინდა, რომ გერმანიასთან დასკვნით შეხვედრას გუნდი სრულ მზადყოფნაში შეხვდეს...

ბევრმა გააკრიტიკა ჩემი ინიციატივა...
- ძლიერი ეროვნული ჩემპიონატის გარეშე ძლიერი ნაკრების შექმნა ძალიან რთულია. თქვენ სისტემატურად ესწრებით ჩვენი პირველობის მატჩებს. რა აზრის ხართ ზოგადად ჩემპიონატზე და ადგილობრივ რესურსზე?
- ჩემი აზრით, დღეს საქართველოს არ აქვს იმის საშუალება, რომ ჩემპიონატში იყოს 3-4 ძლიერი კლუბი და მერე ეს კლუბები, თუნდაც ევროთასებამდე, კიდევ გააძლიეროს ლეგიონერებით. ასე აკეთებენ აზერბაიჯანსა და ყაზახეთში. მე ძალიან კარგად ვიცი, რა ხდება ამ ქვეყნებში - იქ კოლოსალური თანხები იხარჯება!..

ბევრმა გააკრიტიკა ჩემი ინიციატივა, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელების უმაღლეს ლიგაში ინტეგრაციასთან იყო დაკავშირებული. ჩემი მოტივაცია ესაა: ახალგაზრდისთვის უმაღლეს ლიგაში თამაში მეტი მოტივაციაა, ვიდრე პირველ ლიგაში...

ჩვენ 16 გუნდი გვყავს უმაღლეს ლიგაში და გამოდის, რომ სულ მცირე, 32 ახალგაზრდა ფეხბურთელს აქვს სათამაშო პრაქტიკა. აქედან, თუნდაც 2 წელიწადში, 4-5 მოთამაშე ნაკრებში რომ მოვიდეს, ხომ კარგი იქნება?!.

...და კიდევ ერთი. ჩემი აზრით, არ აქვს მნიშვნელობა, საქართველოს ჩემპიონატში 10 გუნდი ითამაშებს, 12 თუ 16. ჩვენთან ერთადერთი კლუბი "დინამოა", რომელსაც კარგი სავარჯიშო და სათამაშო პირობები აქვს...

ჩვენ ძალიან ცოტა გვყავს კვალიფიციური მწვრთნელები ფიზმომზადებაში. სამედიცინო პერსონალიც აუცილებელია.... კვება, აღდგენა, ვიტამინები.

ცოტა ხნის წინათ, ერთი ახალგაზრდა მწვრთნელი მოვიდა ჩემთან. ის აზროვნებს, ძალიან ბევრს ფიქრობს... მითხრა - კახა, რაზეა ლაპარაკი, როცა ფეხბურთელებს ნორმალურად საჭმელს ვერ ვაჭმევო?! მშიერი ფეხბურთელი რას მოიგებს? როგორ უნდა გაიქცეს?.. შეიძლება, ტრაგედიაც კი მოხდეს...

"ინტერში" რაც გავაკეთეთ, ბევრი რამ ჩემი სტაფის დამსახურება იყო. მე მყავდა ძალიან კვალიფიციური, 13-კაციანი ჯგუფი. ყველა ნიუანსი გათვლილი იყო, თუნდაც - ვარჯიშისწინა ვარჯიშები, რომელიც ფეხბურთელს ძირითადი წვრთნისთვის ამზადებს... მყავდა ძალიან კვალიფიციური სამედიცინო შტაბი... აქ საუბარი არ არის აღდგენაზე, ვიტამინიზაციაზე... ხომ წარმოგიდგენიათ, რაზე ვლაპარაკობთ? ორ წელიწადში ეს ახალგაზრდა ფეხბურთელები გაიზრდებიან. ჩვენი კლუბების ფინანსური მდგომარეობაც გამოსწორდება... ამის იმედიც მაქვს...

- პირდაპირ უნდა გითხრათ, გაგვახარა იმ დიდმა ტაქტმა, რომელიც გამოიჩინეთ თორნიკე ოქრიაშვილთან დაკავშირებით. შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ეს ინციდენტი ამოწურულია?
- მე ფეხბურთელს ყოველთვის ერთ რამეს ვეუბნები - საქართველოს ნაკრებში ჩვენ ვართ ჩვენი ქვეყნის დესპანები და უნდა მოვიქცეთ ისე, რომ არათუ ერთმანეთის შეხედვის, არამედ სარკეში ჩახედვის დროსაც არ შეგვრცხვეს საკუთარი თავის...

შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ ბიჭებს საშუალება მივეცი, ოჯახებთან ერთად გაეტარებინათ გარკვეული დრო, ოღონდ, შეკრების ფარგლებში. ამის შემდეგ ფეხბურთელები ნაკრების ბაზის საპრესკონფერენციო დარბაზში შევკრიბე. როგორც ჩანს, ოქრიაშვილმა ჩათვალა, რომ მომხდარის თაობაზე უნდა მელაპარაკა. მოვიდა და გულწრფელად მითხრა ყველაფერი...

საერთოდ, არავისთან მილაპარაკია ამ თემაზე და ეს თემაც ამოწურულია...

რა თქმა უნდა, ფეხბურთელს უნდა ჰქონდეს ემოცია, თუმცა ეს ემოცია უნდა იყოს მართვადი, მით უმეტეს, როცა საქმე ეხება ეროვნულ ნაკრებს. რა არის იმაზე დიდი პატივი, როცა შენი ქვეყნის ჰიმნზე დგახარ, შენი ხალხისთვის თამაშობ... მაშინ, პირადი ამბიცია მეათე პლანზე გადადის...

- საინტერესოა, რა ხდება ხოლმე საქართველოს ნაკრების გასახდელში?
- საერთოდ, მირჩევნია, ყველაზე ნაკლები ამ თემაზე ვილაპარაკო. ჩვენი პრინციპია: ყველა ერთისთვის და ერთი - ყველასთვის! რა მაღალ დონეზეც უნდა ითამაშოს ერთმა კონკრეტულმა ფეხბურთელმა, გუნდი თამაშს ვერ მოიგებს. ფეხბურთში გუნდური გარჯა იმარჯვებს...

ჩვენი მოვალეობაა, "შევძვრეთ" თითოეული ფეხბურთელის ტვინში და ბოლომდე მივიტანოთ ჩვენი პრინციპები. ეს იოლი არ არის, მაგრამ უნდა შევძლოთ და გეტყვით, რომ კარგი ტემპით მიდის ამ მხრივ მუშაობა...

- თქვენ ახალი ამპლუა მოუძებნეთ ჯანო ანანიძეს. ის ძალიან ეფექტური იყო საყრდენის პოზიციაზე შოტლანდიასთან მატჩში. საინტერესოა, როგორ მიხვედით იმ დასკვნამდე, რომ ანანიძე ამ პოზიციაზე კარგად წარმოაჩენდა თავს?
- პირველი დღიდანვე, რაც ნაკრები ჩავიბარე, მიმაჩნდა, რომ ჯანოს სწორედ ამ პოზიციაზე უნდა ეთამაშა. ჯაბა კანკავასთან ერთად ის ამ პოზიციაზე კარგი იყო. ანანიძე ინტელექტუალი ფეხბურთელია, აქვს პასის კულტურა. კანკავა მუშაობს დაცვითი ფუნქციების შესრულებაზე, ჯანოს კი მაინცდამაინც ართმევას ვერ მოსთხოვ, თუმცა შოტლანდიასთან ესეც წარმატებით აკეთა და სწორედ მისი ართმევის შემდეგ ორჯერ შეიქმნა მოწინააღმდეგის კართან საგოლე ეპიზოდი...

- დაბოლოს, ერთი კითხვაც. იმდენმა და ისეთმა ნაკრებებმა გაგვისწრეს ფიფას რეიტინგში, რომ ქართველ ქომაგს რწმენა შეერყა. სად არის ჩვენი ადგილი მსოფლიო ფეხბურთში?
- ყოველ შემთხვევაში, იქ არა, სადაც ახლა ვართ!.. როგორც ვიცი, შოტლანდიასთან მოგება სადღაც 30 საფეხურით წაგვწევს წინ. თუ ჩვენი პროგრამა-მინიმუმი შესრულდა და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, სულ მცირე, მესამე ადგილზე გავედით, სადღაც პირველ ორმოცდაათ ნაკრებს შორის უნდა მოვხვდეთ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
შენი კი არა ქეცბაიას ინიციატივა იყო
მერი
16:24 18-09-2015
0
კახა ჯიგარი ხარ შენი იმედი გვაქვს კიდე ბევრჯერ გაგვახარე.კახა იქნებ გურამ თეთრაშვილი გენახა მარჯვენა მცველია, კიდე გიორგი ჯიქია, ამბროსი ჩაჩუა,თემურ ფარცვანია,იგორ ჩემინავა,აკაკი გოგია,ვაკო გვილია,გუჯა რუხაია,დავით ხურციძე,ანზორ სანაია,ირაკლი გეფერიძე,ირაკლი ლოგუა და მეკარეები გიორგი შელია და ზაურ მახარაძე ვნახოთ რა შეუძლიათ იქნებ გამოადგნენნ ნაკრებს.
giorgi basiladze
16:51 18-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული