...მცირე ლირიკული გადახვევა. საქართველოს ნაკრებმა ეს-ესაა დაამარცხა შოტლანდია. სტადიონიდან შინ ტაქსით ვბრუნდები. მძღოლი ფეხბურთის მოყვარული აღმოჩნდა. მითხრა, სამუშაოდ მას შემდეგ გამოვედი, რაც ეროვნული გუნდის თამაში მორჩაო.
და ამ ახალგაზრდა კაცმა ეგრევე სიმართლე მაჯახა, შიშველი სიმართლე: ჩვენი გუნდი, განსაკუთრებული ხასიათის გუნდიაო. ერთ თამაშს მოვიგებთ და საამაყოდ ლამის
მერე გავა დრო, ჩვენ დავდგებით კიდევ ერთი თამაშის მოგების აუცილებლობის წინაშე, გაგვასწრებენ ისეთი ნაკრებები, აქამდე მათი არსებობა რომ არავის გაუგონია და ისევ გავისვრით ყარაულის თოფივითო...
ღმერთმანი, ასეთი სიმართლე საქართველოს ნაკრებზე კარგა ხანია არ მომისმენია და ეჭვგარეშეა, იმ ახალგაზრდა ქომაგს ბევრი, ძალიან ბევრი ჰქონდა ნაფიქრი ჩვენი გუნდის ზნეზე.
რატომ მოვიხმე ეს მაგალითი? რა თქმა უნდა, კარგია, საქართველოს ნაკრებმა შოტლანდია რომ დაამარცხა. კარგია, რომ ფეხბურთის თამაში დავიწყეთ. ყველაზე კარგი ის იქნება, თუ ეს გამარჯვება ერთჯერად სიხარულად არ დარჩება და მომავალ სამ ქულას ორი წელიწადი არ დაველოდებით.
ამის ნიშნები უკვე ჩანს და საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელიც ამისკენ მიდის. კახა ცხადაძემ გუნდს ხელი მოკლე ხანში დაატყო. ახლა უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ გვარიანი დრო დავკარგეთ და ეს დრო ყაირათიანად რომ გამოგვეყენებინა, იქნებ არც ამ შესარჩევ ჯგუფში გვქონოდა ერთობ მოკრძალებული მიზნები.
საქართველოს ნაკრები ისე სწავლობს შეტევას და ბურთის კონტროლს, როგორც ახლად ფეხადგმული ბავშვი. რას იზამ, ხანდახან იმის სწავლაც კი თავიდან გიწევს, რაც ადრე კარგად იცოდი. ეს ცხოვრების კანონია.
სტაბილურობა - საქართველოს ნაკრები ფეხბურთის თამაშს რომ გაიხსენებს, შემდეგ ეს ფაქტორი უნდა გამოვიდეს წინა პლანზე. სწორედ ეს გვაკლდა ოდითგანვე და გვაკლია ახლაც. სხვანაირად არ იქნებოდა დუბლინური მატჩის მეორე ტაიმი - ტაიმი, რომელიც კარგად ჩატარებული პირველი ნახევრის შემდეგ აშკარად ჩაგვივარდა.
ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ საქართველოს ამ ფორმაციის ნაკრებს რაც შეიძლება ნაკლები ასეთი ტაიმი ჰქონდეს.
ერთი კია - გაქარწყლდა მითი იმის თაობაზე, თითქოს ეროვნულ გუნდს იმდენად მწირი პოტენციალი აქვს, რომ შეტევაში არაფრის შექმნა შეუძლია, სულ დაცვაში უნდა იჯდეს და თუნდაც შოტლანდიის დონის გუნდს ვერაფრით მოუგებს.
რა ცუდია, რომ ეს სუპერპესიმისტური ხმები საქართველოს ნაკრების ზედა, ძალიან ზედა ეშელონებიდან ისმოდა. აბა, რა უნდა მოსთხოვო გუნდს, რომლის ხელმძღვანელობასაც წარმატების არ სჯერა და არც კონკრეტული, გამოკვეთილი მიზანი აქვს.
რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრების თამაშში ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ლაფსუსია. რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის პოტენციალი შემოსაზღვრულია და ის არ არის უშრეტი. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვყავს ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც ადრე გვყავდა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, ვითამაშოთ ფეხბურთი.
დღეს ბევრი ისეთი გუნდი თამაშობს შედეგიან ფეხბურთს, ვარსკვლავები რომ არ ჰყავს. ვარსკვლავები კი არა, ჩვენზე უარესი მოთამაშეებით რომ არის დაკომპლექტებული. თუ ისინი აღწევენ შედეგს, ჩვენ რატომ ვერ უნდა მივაღწიოთ?
ვნახოთ, რა რესურსით იბრძვის ესტონეთი, სომხეთი... თუნდაც ისლანდია. ამბობენ, ისლანდიას მაგარი ფეხბურთელები ჰყავსო. ეს იქნებ საკამათო საკითხიც იყოს. ისლანდიას ჰყავს გილფი სიგურდსონი, ბებერი ეიდურ გუდიონსენი, ფორვარდები - სიგტორსონი და ფინბოგასონი. ჰყავს მაღალი მცველები...
საქართველოს ძალიან ბევრჯერ ჰყოლია ამაზე უკეთესი შემადგენლობა, მაგრამ შედეგი არ გვქონია. მაშ, საქმე მხოლოდ ფეხბურთელებში არ არის. ისლანდია აეწყო კარგი მწვრთნელის ხელში. მაგრად აეწყო და შედეგიც მიიღო.
ჩვენ არ გვყავს ისლანდიაზე ნაკლები გუნდი, 20 წლის წინათ არსებულ ვითარებას რომ თავი დავანებოთ, არც ახლა გვყავს, თორემ მაშინ სხვა დრო იყო და ვარსკვლავები საქართველოს ნაკრების სათადარიგოთა სკამზე ისხდნენ.
აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ რესურსითაც შეგვიძლია მივიღოთ შედეგი, თუ:
* ვიქნებით ერთსულოვანნი და კრილოვის ერთი იგავ-არაკის პერსონაჟებივით არ გავირჯებით;
* ფეხბურთელები პირადულზე წინ სამშობლოს ინტერესებს დააყენებენ;
* საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები მინდორზეც და ცხოვრებაშიც პროფესიონალურად მოიქცევიან, არ აჰყვებიან ცდუნებებს, თავს დაანებებენ გამოხტომებს;
* ეროვნულ გუნდში იქნება პრინციპი - ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის!
...დანარჩენი უკვე სამწვრთნელო შტაბის საქმეა. ჩვენმა სამწვრთნელო შტაბმა თავისი საქმე იცის. კახა ცხადაძის მუშაობაში მოსაწონი ბევრია, განსაკუთრებით კი ის, რომ ის ნიუანსებში გრძნობს თამაშს და ყველაფერზე უმალვე რეაგირებს.
თქვენი არ ვიცი და, მე არ მიყვარს მწვრთნელები, თამაშის დროს რომ "სძინავთ".
ძილზე ვთქვით და იმედია, ქართული ფეხბურთიც მალე საბოლოოდ გაიღვიძებს ზამთრის ხანგრძლივზე ხანგრძლივი ძილის შემდეგ...
ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"