...კარგი იქნება, მაგრამ ჩვენს სიტყვას პირველად და უკანასკნელად გადავალთ. როგორ გინდა, არ შეაქო საქართველოს ნაკრები, როცა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან მხოლოდ კი არ იბრძვის, არამედ ფეხბურთს თამაშობს.
ცუდი ისაა, რომ საქართველოს გაცილებით ადრე შეეძლო ეთამაშა ფეხბურთი და დრო დავკარგეთ, მაგრამ ამ თემას ნუღარ მივუბრუნდებით. მით უმეტეს, კარგია, რომ გზა მაშინ მაინც გამოჩნდა, როცა
...გამოჩნდა და ჩვენ ამ გზაზე სიარული დავიწყეთ. ჯერჯერობით, სწრაფად მივდივართ და თუ ასე გავაგრძელეთ, რაღაც აუცილებლად გამოვა. ეს ციკლი წარსულია და ახლა მომავლისკენ უნდა გავიხედოთ. უნდა გავიხედოთ არა ძველებურად, არამედ საქმის ცოდნითა და ჯანსაღი ამბიციით.
როცა ალბანეთი და ისლანდია გადიან დიდ ტურნირებზე, ამბიცია შენც გიჩნდება. რატომაც არა? ცოტა ხნის წინათ, ერთსაც ვჯობდით და მეორესაც. ცოტა ხნის წინათ, ჩვენს ნაკრებს იმდენი ვარსკვლავი ჰყავდა, ალბანეთს არც დაესიზმრებოდა.
იმ ვარსკვლავებს ჰქონდათ გვარიანად არეული საქართველო და ცოტა არეული ხასიათი. დღეს სხვა დროა. მეტი პროფესიონალიზმია, ეს ოხერი ნიჭი კი, მაინცდამაინც, არ ჩანს. სადაც დიდი ნიჭი არ არის, იქ საქმე დიდმა შრომისმოყვარეობამ უნდა გააკეთოს.
გერმანიასთან დასასრული კი მართლაც მაგარი იყო. ჩვენ ვნახეთ, რომ ნაკრებმა მაგრად მოუმატა ბუნდესმანშაფტთან თბილისური შეხვედრის შემდეგ. ვნახეთ, რომ თვით მსოფლიოს ჩემპიონთანაც კი აღარ ვიკეტებით დაცვაში და ბურთს საძულველი საგანივით აღარ ვიშორებთ.
შეტევაში გვაქვს სითამამე, რომელიც არ გვქონდა. გვყავს თორნიკე ოქრიაშვილი, რომელიც ფინტაობს გერმანიასთან; გვყავს ვაკო ყაზაიშვილი, ვინც აუცილებლად ითამაშებს ტოპლიგაში; გვყავს ჯაბა კანკავა, ვინც უკვე იქაა; გვყავს ნუკრი რევიშვილი, ჯანო, ლორია, მჭედლიძე...
...და ამ დროს შენ არ უნდა თქვა, რომ მესებს ვერ დაბადებ და ფეხბურთელები არ გყავს. ამ დროს დრო იკარგება. მინდორზე ზვარაკივით გადიხარ და აგებ. ასე, ფეხბურთელი მენტალურად ეჩვევა წაგებას. მწვრთნელი თუ ეგუება, ფეხბურთელი - მით უმეტეს.
მგონი, კახა ცხადაძე ნელ-ნელა ერევა ამ მენტალიტეტს და ეს ძალიან კარგია. რამეს რომ მიაღწიო, ჯერ ის უნდა განსაზღვრო, სად ხარ. შემდგომ ციკლამდე დიდი დროა. იმ დრომდე ამ საკითხზე ბევრს დავწერთ. ახლა მოკლედ ვთქვათ.
საქართველოს ამ ფორმაციის ნაკრები მთებს ვერ გადადგამს და ვერც გარდანქეშანობას დაიბრალებს, მაგრამ იმის რესურსი კი აქვს, რომ ნებისმიერ გუნდს ბოლომდე ებრძოლოს. აქვს იმის რესურსი, რომ თუ ალბანეთმა შეძლო, თუ ჩრდილოეთ ირლანდიამ შეძლო, თუ ისლანდიამ შეძლო, საქართველომაც შეძლოს...
ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ მისაღები ჯგუფის მიუხედავად, აუცილებლად გავალთ მსოფლიოს ჩემპიონატზე. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ის ჯგუფი ჩვენი იქნება. ის კი უნდა ვთქვათ და გავაკეთოთ, რომ მსოფლიოსა თუ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი ჩვენთვის ორი-სამი ტურის შემდეგ არ იქცეს ფორმალობად.
ამას სჭირდება ბრძოლა; ამას სჭირდება ფეხბურთის თამაში; ამას სჭირდება შესაბამისი რესურსი, შემადგენლობის სიღრმე... ახლა, როცა ნაკრებში ყველა ღირსეული თამაშობს და ეროვნულ გუნდს აღარ ღრღნის შიდა კონფლიქტები, ჩვენი საფეხბურთო რესურსი ძველებურად დაშრეტილი აღარ მოსჩანს.
მესები ჩვენში კვლავ არ დაბადებულან, მაგრამ ნაკრებში კონკურენცია არის და ახლებიც ძალუმად აკაკუნებენ ეროვნული გუნდის კარზე. აგერ, თუნდაც, ნიკა კვეკვესკირი. ის კარგი იყო "დილაში" და ბაქოს "ინტერში" კიდევ მოუმატებია.
კვეკვესკირი საჭირო კაცად მოჩანს ცხადაძის ნაკრებში. დებიუტანტისთვის დამახასიათებელი ნერვიულობა არ ეტყობა და მაგრადაც ამწვავებს თამაშებს. ფეხბურთი და ტრავმები რამ გაყო. თუ რამეა, ჩვენ შეგვიძლია, მშვიდად ვიყოთ. კვეკვესკირი ადგილზეა. ის თავის გასაკეთებელს ყველგან გააკეთებს.
ფეხბურთის თამაში კი მართლაც დავიწყეთ. და ეს რაციონალური ფეხბურთია. ფეხბურთი ზიზილ-პიპილოების გარეშე, გადაპრანჭვის გარეშე. ფეხბურთი, სადაც მოწინააღმდეგისთვის ყველა ზონა უნდა დაიხუროს და შენ მის თავისუფალ ზონაში შეძვრე. ოღონდ, არა სპონტანურად. არა ალალ-ბედზე მოგერიებით. ასე ერთხელ გაგიმართლებს, მაგრამ "ყარაულის თოფით" პროცესს ვერ მოიგებ.
არადა, პროცესი მოსაგებია და ჩვენი ყველა მოწინააღმდეგისადმი დიდზე დიდი პატივისცემის მიუხედავად, ჩვენ ამ პროცესის მოგება უკვე შემდეგ ციკლში შეგვიძლია.
ახლა საქართველოს ნაკრებს სჭირდება ბევრი ამხანაგური; სჭირდება შეკრებები, რომელსაც კახა ცხადაძე ნაყოფიერად იყენებს; სჭირდება დიდი ერთიანობა და საერთო მიზნისკენ მწყობრი სვლა. ფეხბურთელებმა ეს უნდა გაიგონ და შეიგნონ.
საქართველო მათგან ამას ითხოვს. მათ უნდა ისწავლონ ქვეყნისთვის მსხვერპლის გაღება. უნდა ისწავლონ, თორემ მოვა დრო და ისინი ინანებენ. ოთხმოცდაათიანების ჩვენს ვარსკვლავებს ბევრიც არ დაუკლიათ. მათ დროც ებრძოდა. დრო, როცა ბიჭები დიღმის ბაზაზე სანთლებით ხელში ერთმანეთს ასხამდნენ წყალს...
დღეს ყველა მათგანი ნანობს. ბევრი რამ მათი ბრალი არ არის, მაგრამ მაინც. დღეს სხვა დროა და ჩვენი ფეხბურთელებიც ვერ დაიჩივლებენ იმ ათასგვარ პრობლემაზე, მათ წინამორბედებს რომ ჰქონდათ. დრომ საფეხბურთო ცივილიზაცია ჩვენამდეც მოიტანა.
მე მინდა, რომ მათ არ ინანონ. მე მინდა, რომ საქართველომ გაიხაროს.
მე რა, ჩვენ ყველას გვინდა!
აბა, წინ, რუსეთისკენ!
ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"