ესტონეთი VS საქართველო - ტალინში ბევრი რამ გამოჩნდება

AutoSharing Option
დღეს, 11 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის ბოლოსწინა ამხანაგურ მატჩს გამართავს ტალინში, ესტონეთის ეროვნულ გუნდთან. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება და მას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მეორე არხის ეთერში ვიხილავთ.

შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია. ჯერ ერთი, საქართველოს ნაკრები ახლა ისეთ სტადიაზეა, რომ მისთვის ყველა თამაში ლამის ფინალის ტოლფასია...

მეორეც: ტალინში რამდენიმე რამ უნდა გამოჩნდეს. პირველ რიგში, ის, გრძელდება თუ არა პროგრესი, რომელიც ბოლო მატჩებში ჩვენი გუნდის გარჯას ლაიტმოტივად გასდევდა, განსაკუთრებით, გერმანიასთან საგარეო შეხვედრაში...

პრობლემები
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, ვინც
უნდა წვრთნიდეს და რომელ გუნდსაც უნდა ეთამაშებოდეს, საკადრო პრობლემები არასოდეს აკლია და რაღა ესტონეთთან მატჩი იქნებოდა გამონაკლისი?

თავიდანვე ვიცოდით, რომ ბალტიისპირელებთან შეხვედრაში ვერ დაგვეხმარებოდნენ ჯანო ანანიძე, ლევან მჭედლიძე და ნიკა კვეკვესკირი.

კახა ცხადაძე გუნდურობას ანიჭებს უპირატესობას და საქართველოს ნაკრებში დღეს "ლიდერი", თითქოს, პირობითი ცნებაა, მაგრამ ვაღიაროთ - ლევანიცა და ჯანოც ნაკრებისთვის შეუცვლელი ფეხბურთელები არიან. მჭედლიძე ეროვნული გუნდის თავდასხმაში პირველი კაცია, ჯანო კი, მას შემდეგ, რაც ცხადაძემ საყრდენ ნახევარმცველად დააყენა, კიდევ უფრო ფასეული ფეხბურთელი გახდა ჩვენი ნაკრებისთვის.

თითქოს, ეს დანაკლისი არ კმაროდა და, ნაკრების შემადგენლობა კიდევ გაიცხრილა. ხელი იტკინა ლევან ყენიამ; ყაზანის "რუბინმა" საბა კვირკველიას ტრავმის თაობაზე მოიწერა; ოჯახური მიზეზით ტალინში ვერ ჩავიდა თორნიკე ოქრიაშვილი; ესტონეთთან მატჩში არც უჩა ლობჟანიძე გვეყოლება, ვინც ორშაბათ საღამოს კვიპროსის ჩემპიონატის კალენდარული მატჩი ითამაშა თემურ ქეცბაიას აპოელ-თან...

არ არის ეს ყველაფერი კარგი, თუმცა ესტონეთი იმ დონის მეტოქეა, რომელთანაც წარმატებით თამაში აშკარად შეგვიძლია. კარგად ორგანიზებულ, მაგრამ ფანტაზიას მოკლებულ ბალტიისპირელებს არ უყვართ საქმის დაჭერა ტექნიკურ, მოკლე პასზე ორიენტირებულ მეტოქესთან, რომელსაც სათამაშო ორიენტირად ბურთის დიდხანს ფლობა და თამაშის კონტროლი აქვს.

ბოლო წამს...
ტრავმირებული საბა კვირკველიას ნაცვლად, ნაკრებს თბილისის "დინამოს" მცველი გიორგი გველესიანი დაემატა.

"დინამო" ჩემპიონატს ლიდერობს. "დინამო" ყველაზე სტაბილური გუნდია საქართველოში - სტაბილური პირობებით და ფეხბურთელი ამ გუნდში ყველაზე სწრაფადაც უმატებს.

ცხადაძეს უკვე ჰყავს შეგულებული სანაკრებო ხერხემალი - ეს ის შემადგენლობაა, რომლის ზურგზეც მუნდიალის შესარჩევი ციკლის სიმძიმე გადაივლის. გველესიანი ამ შემადგენლობის წევრია. მან უკვე გაუსინჯა გემო ნაკრებში ყოფნას და, წესით, უცხო სხეული არ უნდა იყოს ეროვნულ გუნდში.

ლევან ყენიას შემცვლელად კი ცხადაძემ გუგა ფალავანდიშვილი შეიგულა. გუგამ სადებიუტო შეხვედრა უკვე ითამაშა ეროვნულ ნაკრებში. მას ეხერხება შექმნაც და ჩაშლაც, ის თამაშიდან თამაშამდე იზრდება და მალე ახალ, თვისებრივად მაღალ სათამაშო დონეზე გასასვლელად იქნება მზად. ყოველ შემთხვევაში, სტადიონის ტრიბუნიდან ასე ჩანს.

აქვეა ტალინის "ფლორას" 25 წლის ლიდერი ზაქარია ბეგლარიშვილიც, ვინც რამდენიმე დღის წინათ ესტონეთის ჩემპიონი გახდა.

ორი დებიუტანტი
სანაკრებო სიაში ორი დებიუტანტია. პირველი, ეს არის გერმანული "ფრაიბურგის" 21 წლის ნახევარმცველი ლუკა ჰუფნაგელი. არიან ქვეყნები, სულაც ნატურალიზებული ფეხბურთელებით რომ გადიან ფონს. ჩვენ ასე არ გვიჭირს, მაგრამ რატომ უნდა ვთქვათ უარი ტრადიციული გერმანული კლუბის კარგ ფეხბურთელზე, ვის ძარღვებშიც ქართული სისხლი ჩქეფს (ლუკას დედა, ქალბატონი ფიქრია, ქართველია).

ასე რომ, ჰუფნაგელის გამოძახება ეროვნულ გუნდში უდავოდ მნიშვნელოვანი და დადებითი მოვლენაა.

მეორე დებიუტანტი ზაქარია ბეგლარიშვილია. მას უთამაშია საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში. ტექნიკა და აზროვნება ამ ფეხბურთელის კოზირია. თავის დროზე, ის ამსტერდამის "აიაქსში" ვარჯიშობდა. მერე მისი კარიერა ისე ვერ აეწყო, როგორც ვისურვებდით.

"ზახარას" სანაკრებო შანსი ეძლევა და ამ შანსს ის მაგრად უნდა ჩაეჭიდოს.

დადებითი
რამდენიმე დადებითი ფაქტორია. ერთ-ერთი მთავარია ის, რომ თითქმის ყველა ჩვენს ფეხბურთელს აქვს სათამაშო პრაქტიკა. თუ არ ჩავთვლით მეკარე გიორგი ლორიას, ვინც თანდათან აგვარებს პრობლემებს სამარის "კრილია სოვეტოვში".

დადებითია ისიც, რომ ეროვნული გუნდის ვარჯიშები ძალიან ხალისიანად მიდის - ეს კარგ გუნდურ ატმოსფეროზე მეტყველებს. გიორგი ჭანტურიას კი ვეღარ ვცნობთ - ძალიან გამხდარა, ეტყობა გერმანული დატვირთვების კვალი...

მეტოქე
იყო დრო, ესტონეთისთვის პლეი-ოფში თამაშიც არ იყო უტოპია. ბოლო დროს, ამ პატარა და ოდითგანვე არასაფეხბურთო ქვეყნის ნაკრები ამწარებს ხოლმე გრანდებს და საშუალოებს. ის არ არის არც გიბრალტარი, არც მალტა და არც სან მარინო, მაგრამ არც გოლიათია და თუ გვინდა, რომ ჩვენი ნიშა გვქონდეს ევროპულ ფეხბურთში, ამ მეტოქეს უნდა მოვუგოთ.

ბოლო ევროშესარჩევ ციკლში ესტონეთის ნაკრები მეოთხე ადგილზე გავიდა 10 ქულით. ამდენივე ქულა ჰქონდა მეხუთეადგილოსან ლიტვის ნაკრებს. ესტონელები ინგლისს, შვეიცარიასა და სლოვენიას ჩამორჩნენ.

შვედი მწვრთნელის, მაგნუს პერსონის ხელმძღვანელობით, საკმაოდ კარგმა და ბრძოლისუნარიანმა შემადგენლობამ მოიყარა თავი. ესტონეთის ნაკრებს ყველა რგოლში ჰყავს ლიდერები.

დაცვაში პირველი კაცია გერმანული "აუგსბურგის" უკანახაზელი რაგნარ კალვანი. ლიდერებად ითვლებიან გამოცდილი დმიტრი კრუგლოვი და ნორვეგიაში მოთამაშე ენარ იაგერი.

ნახევარდაცვის ლიდერია პოლონური "იაგელონიას" შუახაზელი კონსტანტინ ვასილიევი. ეს ფეხბურთელი ბალტიისპირელებს შორის გამორჩეული ინდივიდუალისტია და მასზე ტყუილად როდი გაამახვილა ყურადღება კახა ცხადაძემ გუშინწინდელ კომენტარში...

თავდასხმის ხაზში კი პირველი ვიოლინოა აზერბაიჯანული "გაბალას" შემტევი სერგეი ზენიოვი. ზენიოვმა ცოტა ხნის წინათ მაგრად აწვალა თბილისის "დინამო" და აზერბაიჯანული კლუბის ბოლოდროინდელ წარმატებებში მისი წვლილი ძალიან დიდია.

ესტონეთი
მეკარეები: მიკელ აკსალუ (სიკ, ფინეთი), მარკო მეერიტსი (ემენი, ჰოლანდია), პაველ ლონდაკი (ბოდო გლიმტი, ნორვეგია), სერგეი პარეიკო (ლევადია), მაიტ ტოომი (ფლორა);
მცველები: არტურ პიკი (ლევადია), ალო ბარენგრუბი (ნომე კალიუ), მარკუს იურგენსონი (ფლორა), რაგნარ კალვანი (აუგსბურგი, გერმანია), ენარ იაგერი (ვალერენგა, ნორვეგია), გერტ კამსი (ფლორა), ნიკიტა ბარანოვი (ფლორა), ტაინო ტალისტე (სოგნდალი, ნორვეგია), დმიტრი კრუგლოვი (ლევადია);
ნახევარმცველები: ჟოელ ლინდპერე (ნომე კალიუ), ალეკსანდრ დმიტრიევი (ინფონეტი), სანდერ პური (სლიგო როვერსი, ირლანდია), მაკსიმ გუსევი (ფლორა), სილმ ლუტსი (ლევადია), კონსტანტინ ვასილიევი (იაგელონია, პოლონეთი), ილია ანტონოვი (ლევადია), კარლ მეტსი (ვიკინგი, ნორვეგია), კენ კალასტე (ნომე კალიუ), იგორ სუბოტინი (ლევადია), ანდრეას რაუდსეპი (ლევადია), ანდრე ფროლოვი (ფლორა), რაუნო საპინენი (ფლორა);
თავდამსხმელები: ატს პურიე (ნომე კალიუ), სერგეი ზენიოვი (გაბალა), ინგმარ ტეევერი (ლევადია), ჰენრიკ ოიამა (სვინდონი, ინგლისი), რაუნო ალიკუ (ფლორა).
მწვრთნელი: მაგნუს პერსონი

საქართველო
მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), ნუკრი რევიშვილი (მორდოვია, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (ფეირენშე, პორტუგალია);
მცველები: გიორგი ნავალოვსკი (დილა), გიორგი ფოფხაძე (ფლამურტარი, ალბანეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი (ქარშიაქა, თურქეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), გიორგი გველესიანი (დინამო თბ), ოთარ კაკაბაძე (დინამო თბ), გია გრიგალავა (პაფოსი, კვიპროსი);
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (რეიმსი, საფრანგეთი), სანდრო კობახიძე (ვოლინი, უკრაინა), მათე ცინცაძე (დინამო თბ), ვალერი ყაზაიშვილი (ვიტესი, ჰოლანდია), გუგა ფალავანდიშვილი (დილა), მურთაზ დაუშვილი (კარპატი, უკრაინა), გიორგი ჭანტურია (დუისბურგი, გერმანია), ლუკას ჰუფნაგელი (ფრაიბურგი, გერმანია), ზაქარია ბეგლარიშვილი (ფლორა, ესტონეთი);
თავდამსხმელები: მათე ვაწაძე (ორჰუსი, დანია), ბაჩანა ცხადაძე (ფლამურტარი, ალბანეთი), ნიკოლოზ გელაშვილი (პაფოსი, კვიპროსი).
მწვრთნელი: კახა ცხადაძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
ფუ თქვენ რა გითხარით არც კაცობა გაქვთ და არც ქართველობა მონდომება მაინც გეტყობოდეთ. სირცხვილია უბრალოდ. რა უნდა ნაკრებში კაკაბაძეს ცინცაძეს ჭანტურიას ბაჩანა ცხადაძეს და კიდევ ეს ახალი ვიღაც ჰუფნაგელი. დინამოს ფეხბურთელებს საქართველოს ჩემმპიონატი ჰქონიათ თუ რამე მსაჯი ან ფედერაცია დაეხმარებათ მაგრამ ეგ ევროპა და რეალობაა
ggbb
22:46 11-11-2015
0
კვტრებივით დარბიან
გოგა
22:46 11-11-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული