ანგარიშის გახსნა კახა ცხადაძის შეგირდებს უკვე მე-15 წუთზე შეეძლოთ. მასპინძელთა მეკარემ ჯერ სანდრო კობახიძის ძლიერი დარტყმა მოიგერია, მოწოდებული კუთხურის შემდეგ კი გურამ კაშიას აუღო ახლო მანძილიდან თავური.
ესტონელებმა საპასუხო სახიფათო ეპიზოდი ოთხიოდე წუთში შექმნეს, სწარფი კონტრშეტევის შემდეგ ჯერ გიორგი ლორიამ გადაგვარჩინა, შემდეგ კი - გიორგი ნავალოვსკიმ.
მასპინძლებმა გატანის შანსი ვერც 38-ე წუთზე გამოიყენეს - მარჯვენა ფრთიდან ვასილიევის ჩაწოდების შემდეგ, გერტ კიმსს ბურთის კარში გადაგზავნა ერთი შეხებით
მეორე ტაიმის საწყის წუთებში ესტონელთა კართან ხიფათი შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა, გიორგი ჭანტურიამ და ბაჩანა ცხადაძემ შექმნეს. ჭანტურიას უზადო პასის შემდეგ ცხადაძე თავით გზავნიდა ბურთს კარში, მაგრამ მეკარემ საოცარი რეაქცია გამოავლინა.
ეს იყო და ეს - ჩვენ გუნდს ღირებული მეტი აღარაფერი შეუქმნია, აღსანიშნავი მხოლოდ ეროვნულ ნაკრებში ლუკა ჰუფნაგელისა და ზაქარია ბეგლარიშვილის დებიუტი იყო. აი, ესტონელებმა კი ოთხწუთიან მონაკვეთში ორჯერ გაიტანეს. 61-ე წუთზე აც პურიემ ერთბაშად სამი ქართველი მცველი გააბითურა და ახლო მანძილიდან შანსი არ დაუტოვა ლორიას, 65-ზე კი არტურ პიკმა დააგვირგვინა იერიში ზუსტი დარტყმით.
გაშვებული გოლების შემდეგ, როგორც სამწუხაროდ არაერთხელ გვინახავს, ქართველმა ფეხბურთელებმა თამაში დაასრულეს... ესტონელებმა კი შეხვედრის მიწურულს, 87-ე წუთზე კიდევ ერთხელ გაიხარეს - გატანილი გოლით მაქსიმ გუსევი გამოირჩა, რომელსაც ბოლო წუთზე რომ ეყოჩაღა, დუბლსაც შეასრულებდა.
საქართველოს ნაკრებმა ესტონეთთან შეხვედრა ამ შემადგენლობით ჩაატარა: ლორია, კაკაბაძე, კაშია, ამისულაშვილი, გრიგალავა (68, ჰუფნაგელი), ნავალოვსკი (68, ფოფხაძე), კანკავა, ცინცაძე (73, დაუშვილი), კობახიძე (45, ჭანტურია), ყაზაიშვილი (79, ბეგლარიშვილი), ვაწაძე (45, ცხადაძე).
საქართველოს ნაკრები ესტონეთიდან ალბანეთში გადაინაცვლებს, სადაც მორიგ ამხანაგურ მატჩს ადგილობრივ ნაკრებთან 16 ნოემბერს ჩაატარებს.