ნაკრებია თუ კბილის ექიმი? ფეხბურთისადმი ინტერესი კატასტროფული ტემპით ეცემა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ბოლო "გმირობის" ამბავი ყველას მოგეხსენებათ. გუნდმა ალბანეთთან გასვლაზე მოპოვებული ორბურთიანი უპირატესობა ბოლო 6 წუთში გაანიავა და ნაღდი მოგება ხელიდან გაუშვა, ქომაგი კი კვლავ გულმოკლული დატოვა...

რეალურად, ფეხბურთს ახლა აქვს ერთ-ერთი ბოლო შანსი, რადგან ხალხმა მასზე გული სერიოზულად აიცრუა. ადრე თუ ქართული ფეხბურთის კრიზისზე გულისტკივილით ლაპარაკობდნენ, ახლა უკვე ტონი აგრესიულია და ღიზიანდებიან აზრით, რომ სახელმწიფო ფეხბურთის დაფინანსებას აპირებს - ამ მარაზმში ფულს რატომ ხარჯავთ?

ასეთია გავრცელებული მოსაზრება გამუდმებული წაგებების შემდეგ და ძნელია, შეედავო...

ფეხბურთისადმი ინტერესი კატასტროფული ტემპით ეცემა. გადახედეთ
ტელევიზიებს - საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს სისტემატურად აღარავინ აშუქებს. უმაღლესი ლიგის თამაშებს ისედაც ცოტა მაყურებელი ჰყავდა, ახლა კი სტადიონები თითქმის ცარიელია. ხალხი უკვე აღარც ასაკობრივ ნაკრებებს სწყალობს. 2012 წელს, როცა ვასილ მაისურაძის 19-წლამდელთა ნაკრები "მიხეილ მესხზე" ელიტრაუნდის მატჩებს ატარებდა, 15 ათასი მაყურებელიც მოვიდა, გუშინ კი... დიდი-დიდი 2 000 კაცი ყოფილიყო...

ეს არ არის შემთხვევითი ამბავი. კატალიზატორი ეროვნული ნაკრებია, რომელიც განაპირობებს ინტერესს ეროვნული ჩემპიონატისა და ასაკობრივი გუნდების მიმართ - ზრდის ან ამცირებს.

სადავო არ არის, კახა ცხადაძემ ნაკრებში პროგრესი მოიტანა, მაგრამ ესტონეთსა და ალბანეთთან გამართულმა ბოლო ორმა შეხვედრამ (განსაკუთრებით ტალინურმა კოშმარმა) ისევ უიმედობა გააჩინა. როცა ნაკრები ასეთ უსუსურობას ავლენს, იქ არავის უნდა უკვირდეს, რომ მეორე დღეს ხალხს სტადიონზე მისვლის სურვილი არ გაუჩნდება...

ერთმა ცნობილმა კაცმა მითხრა - ნაკრების თამაშზე დასწრება კბილის ექიმთან მისვლას მაგონებსო - წინასწარ ვიცი, მეტკინება და ვერიდებიო. ალბათ, საქართველოს ნაკრებს უნდა ერქვას "ექიმი ჟივაგო", რადგან მის თავს სულ სევდა და ტკივილია. 17 და 19-წლამდელებში კიდევ რაღაცას ვაღწევთ, ახალგაზრდულ და ეროვნულის დონეზე კი ფეხბურთელების გაზრდას ვერ ვახერხებთ.

უახლოესი წლების პერსპექტივა არც ისე სასიამოვნოდ მოჩანს - ისეთი თამაშებით, რაც ესტონეთსა და ალბანეთთან ვაჩვენეთ, ჩვენი იმედი ხანგრძლივი იმედგაცრუებით შეიცვლება და ბოლოს ფეხბურთისადმი ინტერესი ტოტალურად გაქრება.

ცხადაძე ძალიან უცნაურ გუნდში მუშაობს, სადაც თამაში ბევრს შეუძლია, მაგრამ მხოლოდ მაშინ ინძრევიან, როცა მწვრთნელი უყვირის და მატჩის დროს მითითებებს იძლევა. ეტყობა, ბოლო 10 წუთში მასაც ყელის იოგები ჩაუწყდა, ვეღარ კარნახობდა და გუნდმა მეტოქის ნახევარზე აქტიური თამაშის ნაცვლად, ისევ საკუთარ ნახევარზე გადაინაცვლა და რეალურად, თამაში შეწყვიტა.

რა გამოდის, როცა ფეხბურთელი მწვრთნელის გარეშე იქ არ დგას, სადაც უნდა იდგეს, და ისე არ თამაშობს, როგორც საჭიროა, არ იცის, ზონები როგორ გადაკეტოს?

საუკეთესო დაცვა რომ შეტევაა, სწორედ ეს ფილოსოფიაა წამყვან საფეხბურთო ქვეყნებში, მაგრამ ცხადაძე იმ გუნდთან მუშაობს, სადაც ეს მიუღწეველია, სადაც ფეხბურთელები ბოლო წუთებზე საკუთარ საჯარიმოში მეტოქეს 3-4 წამით უყურადღებოდ ტოვებენ და თავისუფლად არტყმევინებენ...

"ნაკრები კი არა, საშინელებათა ჟანრია" - გულშემატკივარი ამას რომ იტყვის, მართლა ცუდადაა საქმე. მართლა საშინელებაა, როცა XXI საუკუნეში ცხოვრობ, ტელევიზორში ყოველდღე საუკეთესო ფეხბურთს უყურებ, მისთვის დამახასიათებელი ტემპითა და სისწრაფეებით, მერე კი გადართავ ჩვენი ნაკრების მატჩზე და რას ხედავ? - საპირისპიროს! რომ შეტევაში გასაყოლებელი ბურთი მეკარეს უბრუნდება, მოსაგერიებელი ბურთით საკუთარ საჯარიმოში კაცის მოტყუებას იწყებენ, მუდმივად რაღაც იგონებენ და ტკბებიან არა სწრაფი შეტევითა და გოლებით, არამედ, ადგილზე ყოვლად უაზრო მატაობით, რომელსაც გაგრძელება და შედეგი არ მოსდევს...

სწორად თამაშიც შეუძლიათ, რაც გერმანიასთან და იმავე ალბანეთთან ეპიზოდებში გამოჩნდა. უბედურებაც ესაა, რომ ეს მხოლოდ ეპიზოდებია, სტაბილურად კი არ გამოგვდის. საკუთარ საჯარიმოსთან მატაობა ქართული "ნოუ ჰაუა". მსგავსი რამ საფეხბურთო ანბანში აკრძალულია, ჩვენთან კი ნებადართული.

ასეთი რამ ხდება ასაკობრივ და ახალგაზრდულ ნაკრებშიც, ევროთასებზე ჩვენი კლუბების შესრულებით და საერთო აზრია, რომ ქართული ფეხბურთი მსოფლიოს მოთხოვნებს უფრო მეტად ჩამორჩა, ვიდრე - ლარი დოლარს.

ფეხბურთმა ხალხისგან ნდობის მანდატი ამოწურა და რამე თუ არ შეიცვალა, მალე ხალხი არა თქვენს უფულობას, არამედ, თქვენს დაფინანსებას გააპროტესტებს. იმიტომ, რომ ფულს სიამოვნებაში იხდიან და არა - გულისხეთქვაში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 25 /
ff გეთანხმები!

ვიდრე ფეხბურთი მომგებიანი არ გახდება არაფერი გვეშველება. ფეხბურთელის ხელფასი 10 000 ლარიდან უნდა იწყებოდეს. სალექცია პატიოსნად უნდა ხდებოდეს. კლუბის მეპატრონეებმა მწვრთნელს ხელფასის ნაცვლად სოლიდური პრემია უნდა შესთავაზოს მხოლოდ მოგების შემთხვევაში.

ასე ფეხბურთელიც უფრო მოტივირებული იქნება, მწვრთნელიც მუდმივად ეცდება ცოდნა აიმაღლოს და სელექციაც პატიოსნად ჩაატაროს.

თუ ამას შევძლებთ ქათული ფეხბურთი სანახაობად გადაიქცევა და გულშემატკივარიც დაუბრუნდება სტადიონს.
გუჯა კახაძე
20:32 22-11-2015
0
ფულის გარეშე დღეს არ არსებობს ფეხბურთი. ეს რეალობაა და უნდა შევიგნოთ. დავით ყიფიანს რამდენი ქონდა ხელფასიო ვიღაცა ირონიულად კითხულობს. დავით ყიფიანს ხელფასი შეიძლება არა მაგრამ ნახევარი საქართველო მაგისი იყო. ყველგან ყველაფერს გააკეთებდა. შეიძლება მესის არ აქვს იმდენი შეძლება რისი გაკეთებაც ყიფიანს შეეძლო იმ დროს. მაშინ სსრკ-ში ფული არ წყვიტავდა ბევრს არაფერს დღეს ბავშვები კი თამაშობენ მაგრამ როცა ცხოვრებაში შედიან და ოჯახი უნდა შექმნან და არჩინონ არ ყოფნით ის 1000 ლარი და ანებებენ თავს ფეხბურთს. შეძლებულის შვილებიო რო ამბობთ იმათ უბრალოდ საშუალება აქვთ შვილი არჩინონ და მეტ ხანს დატოვონ ფეხბურთში. აბა 1000 ლარი რო გაქვს ხელფასი რა მოტივი უნდა შეგრჩეს. გაყიდი თამაშს აბა რას იზამ. აბა გუნდს ქონდეს თამაშის მოგებიდან 100 000 ლარი შემოსავალი თუ გაყიდონ. ჩემპიონატის მოგებაში რო ჟეშტის თასს და რკინის მედალს რო მოგცემენ მარტო რა გული და მოტივი უნდა შეგრჩეს.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული