რა ცვლილებები მოხდება სანაკრებო ფრონტზე? - სავარაუდო კანდიდატები

AutoSharing Option
ფაქტია, 2015 წლის დასასრული "ცხელი" იქნება ქართულ ფეხბურთში. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აცხადებენ, რომ არ არიან კმაყოფილები ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მიერ ნაჩვენები შედეგებით.

წლის ბოლოსთვის გაირკვევა, რომელ ნაკრებში რა ცვლილებები მოხდება, მანამდე კი იმ სპეციალისტების შესახებ ვისაუბროთ, რომლებიც, შესაძლოა, ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ნაკრებში მთავარი მწვრთნელის პოსტებზე ვიხილოთ...

რა თქმა უნდა, ჯერ გადაწყვეტილი არაფერია და ჩვენს დღევანდელ წერილში უფრო ვარაუდები სჭარბობს, თუმცა ამ დროისთვის სხვანაირად ვერც იქნება. მოვა დრო და ყველა ერთად ვნახავთ, ამ ვარაუდებიდან რომელი გამართლდება და რომელი - არა.

მაგალითად, კულუარებში ამბობენ, რომ საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების გაწვრთნის შანსი აქვთ გიორგი კიკნაძესა და ზაზა ზამთარაძეს, ახსენებენ გიორგი დევდარიანის კანდიდატურასაც.

სამივე მათგანს შესანიშნავად იცნობს ქართული საფეხბურთო საზოგადოება. გამოცდილება არც ერთს დაეწუნება. სამივე მათგანი ამჟამად უმუშევარია. კიკნაძე ბოლოს თბილისის "ლოკომოტივს" წვრთნიდა, დევდარიანი კი შოთა არველაძეს ეხმარებოდა "ტრაბზონსფორში", ზამთარაძე "სამტრედიაში" მუშაობდა...

ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად, ზამთარაძეს დავუკავშირდით:

"ძალიან გთხოვთ, პირდაპირ ასე დაწეროთ: ეს არის მტკნარი სიცრუე! ახალგაზრდული და ასაკობრივი ნაკრებების მთავარ მწვრთნელად კი არა, საერთოდ მწვრთნელად არ ვაპირებ მუშაობას... იგივე შემიძლია გითხრათ გიორგი კიკნაძესთან დაკავშირებითაც. რამდენადაც ვიცი, მისი კანდიდატურა საერთოდ არ განხილულა", - გვითხრა ზამთარაძემ და არანაირი საფუძველი არ გვაქვს, მის სიტყვას არ ვენდოთ.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მომავალი მწვრთნელის ვინაობა ამ დროისთვის გაურკვეველია. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ახალგაზრდულ ნაკრებს ახალი დამრიგებელი ეყოლება, ვინც ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ალექსანდრე ჩივაძეს ჩაანაცვლებს ამ საპასუხისმგებლო პოსტზე.

ამავე რანგში ითქვა დევდარიანის თაობაზეც, პლუს ამას, ეს ეხება ასაკობრივ ნაკრებებსაც.

დევდარიანი ახალი თაობის გამორჩეული მწვრთნელია. ხალხს უყვარს მისი პირდაპირობა, მისი შემტევი ფეხბურთი.

ცხადია, დევდარიანმა გარკვეული გამოცდილება მიიღო თურქეთში. მართალია, "ტრაბზონსფორში" მისი და არველაძის ერთობლივი მუშაობა სულ რამდენიმე თვეს გაგრძელდა, მაგრამ ეჭვგარეშეა, თურქულ გრანდში ახალგაზრდა სპეციალისტი ბევრ ისეთ რამეს ისწავლიდა და ჩაინიშნავდა, რაც სამომავლოდ გამოადგება. ესეც არ იყოს, მის ხელში გამოიარა არაერთმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა, მათ შორის - საქართველოს ეროვნული ნაკრების დღევანდელმა წევრებმაც...

კულუარებში ამბობენ, რომ სხვებთან ერთად ამ პოსტზე ვარლამ კილასონიას კანდიდატურაც განიხილება. 48 წლის სპეციალისტი ჩინებულად მუშაობს "სიონში". ბოლნისური კლუბი, რომელსაც სეზონის წინ ხეირიანი შეკრება არ გაუვლია, ეროვნული ჩემპიონატის ლიდერებშია. რაც მთავარია, წარმატების მისაღწევად კილასონიას სულაც არ დასჭირვებია ვარსკვლავური (საქართველოს კვალობაზე) შემადგენლობა. და კიდევ უფრო მთავარი - 48 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით, "სიონში" არაერთი ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელი დაწინაურდა.

საერთოდ, სადაც კი უმუშავია, კილასონია ყოველთვის უშიშრად აწინაურებდა ახალგაზრდა მოთამაშეებს და ისინიც ხშირად უმართლებდნენ მწვრთნელს. მოკლედ, საქმე გვაქვს ძალიან საინტერესო კანდიდატთან.

გუშინ კილასონიასაც შევეხმიანეთ. აი, რა გვითხრა მან:

"ოფიციალური შემოთავაზება არ ყოფილა. მეც, ისევე, როგორც თქვენ, ვიცი, რომ კულუარებში ითქვა ჩემ შესახებ. ამ ეტაპზე სხვას ვერაფერს გეტყვით".

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ჩვენი ინფორმაციით, ამ ეტაპზე აქ ცვლილებები გამორიცხულია. ვფიქრობთ, ეს არცაა გასაკვირი. მართალია, ესტონეთსა და ალბანეთთან შეხვედრებში საქართველოს ნაკრების თამაში ძალიან შორს იყო იდეალურისაგან, უფრო მეტიც - მძაფრი კრიტიკაც დაიმსახურა, მაგრამ კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით, ნაკრები უკეთესობის გზას ადგას, ფეხბურთელებს ესმით მთავარი მწვრთნელის და ისიც უკვე ბოლომდე ჩასწვდა გუნდის შუქ-ჩრდილებს...

ეჭვგარეშეა, წლის ბოლომდე ფეხბურთის ფედერაციას დიდი დაფიქრება მართებს. ეს ისეთი საკითხია, რომლის გადაწყვეტის დროსაც აჩქარება არ გამოგვადგება.

ყველა "ჰო" და "არა" აფთიაქარის სასწორზე უნდა დაიდოს და გადაწყვეტილება ისე უნდა იქნას მიღებული...

ქართველები ძალიან ხშირად ვმდგარვართ ასეთი პრობლემის წინაშე - ძალიან კარგი, გამორჩეული თაობა გვყავს ხოლმე, შედეგი კი ისეთი არ არის, როგორიც ყველას გვსურს და როგორსაც ველით. აქ, ჩვენი აზრით, მხოლოდ ორი მიზეზი უნდა იყოს:

პირველი ის, რომ ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელები რამდენიმე კარგ თამაშს ჩაატარებენ თუ არა, თავი ეგრევე ვარსკვლავები ჰგონიათ. აქვე, გასათვალისწინებელია საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დონეც.

და მეორე მიზეზი - დღეს ყველამ იცის, რომ ფეხბურთი მხოლოდ მინდორზე არ იწყება და მთავრდება. დღეს ფეხბურთში წარმატებას უამრავი ნიუანსი განაპირობებს და მათ შორის ერთ-ერთი მთავარი ის არის, რომ ნაკრებისა თუ გუნდის მწვრთნელი თანამედროვე ფეხბურთში კარგად უნდა იყოს ჩახედული, მუდმივად უნდა სწავლობდეს, სრულყოფისკენ უნდა ილტვოდეს...

იმ შემთხვევაში, თუ ასაკობრივი ნაკრებების მთავარი მწვრთნელები შეიცვლებიან, აუცილებლად გასათვალისწინებელი იქნება, რომ 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებმა, თუნდაც არცთუ დამაჯერებელი თამაშის ფონზე, ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის საგზურები მოიპოვეს.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ თამასა მაღლაა აწეული. ქომაგი ახალი მწვრთნელებისგან კიდევ უფრო მეტს მოითხოვს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
ra zamtaradze gvegadavebit?
qartveli
14:28 03-12-2015
0
არ გამოგრჩეთ არც ერთ სტატიაში რომ ჩივაძე დიდი ფეხბურთელი და ქართული ფეხბურთის ლეგენდა იყო...
ასევე არ გამოგრჩეთ არჩილ არველაძის არცერთი ინტერვიუს შესავალში რომ რომ არა ტრავმები ისიც შოთასავით დიდ ფეხბურთს ითამაშებდა...
და ა.შ.
....
walkabout
15:13 03-12-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული