[დღის თემა] აჩვენე შედეგი? მიიღე პრემია!

AutoSharing Option
გუშინ, 13 იანვარს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიაცენტრში ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომა გაიმართა. ამის შემდეგ სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი მედიას შეხვდა. დღის ინტრიგა იყო კახა ცხადაძის გარშემო შექმნილი ვითარება, აგორებული ჭორები და ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ექსკლუზიური კომენტარი "ლელოსთან", რომ მაისიდან ხელფასს 25 პროცენტით შეიმცირებს და რომ მის წინააღმდეგ ვიღაცები იბრძვიან...

ფედერაციის პრეზიდენტმა ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ილაპარაკა, თანაც, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის
გარეშე...

ანაზღაურების ახალი სისტემა
- ჩემი ინიციატივით, აღმასკომზე ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელთა ანაზღაურების ახალ სისტემაზე ვიმსჯელეთ. მათი ფიქსირებული ხელფასი უნდა იყოს დაბალი, ოღონდ შედეგის ჩვენების შემთხვევაში სოლიდურ პრემიებს მიიღებენ. თუმცა ჰონორარი მინიმალური შედეგის შემთხვევაშიც დაერიცხებათ...

დიდი ხანია, ახალ მოდელზე ვლაპარაკობ. ეს იდეა აღმასკომმაც მოიწონა, რადგან ახალი სისტემა შედეგზეა ორიენტირებული და მიმაჩნია, რომ ის სამართლიანია. ის შეეხება როგორც ასაკობრივ, ასევე ეროვნულ ნაკრებს.

აქვე გეტყვით, რომ 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების ახალი მწვრთნელებისთვის, ვასილ მაისურაძისა და გიორგი ყიფიანისთვის, ეს პირობები მისაღებია.

სრული ნდობა ცხადაძეს!
- ცხადია, ანაზღაურების ახალი სისტემა კახა ცხადაძესაც პირადად გავაცანით და ახლა მის პასუხს ველით. 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ნაკრების წარმატებად მესამე ადგილის დაკავება ჩაითვლება - ეს თავად კახასგანაც გვსმენია. თუ ის შეთავაზებაზე უარს იტყვის?

მისი პოზიცია მალე გვეცოდინება და ახლა ამაზე ლაპარაკი არ მსურს. მინდა იცოდეთ, რომ ნაკრების მთავარ მწვრთნელს სრულ ნდობასა და მხარდაჭერას ვუცხადებთ. გვინდა, რომ გვერდით დაგვიდგეს და მუშაობა გააგრძელოს. ახლა თავად ცხადაძის გადასაწყვეტია, დათანხმდება თუ არა ახალ სისტემას. იმედია, დადებით პასუხს მივიღებთ...

მიუხედავად იმისა, რომ მე-3 ადგილი ჩვენ არაფერს მოგვცემს და ამით მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გავალთ, ეს ნაკრებს მაინც წარმატებად ჩაეთვლება. ასეთ შემთხვევაში, ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფიქსირებულ თანხაზე გაცილებით მეტს აიღებს...

ის, რაც ბოლო პერიოდში ცხადაძის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით პრესაში დაიწერა, ჩემთვის გაუგებარია. არ მესმის, ეს ყველაფერი მისგან რატომ მოდის. კიდევ ვიმეორებ - გვინდა, რომ ერთად ვიყოთ და აბსოლუტური მხარდაჭერაც აქვს. ავუხსენით სიტუაცია და ფორმატი, თუ როგორ ვაპირებთ სამომავლოდ მუშაობას. დღეს კი, რასაც მისი მხრიდან პრესის საშუალებით ვიგებთ, გულდასაწყვეტია.

ცხადაძესთან თანამშრომლობა მიუღებელი რომ ყოფილიყო, ახალ სისტემაზე პირადად არც დაველაპარაკებოდი...

რამხელა ანაზღაურებას იღებს? ეს საკითხი კონფიდენციალურია. თუმცა, გეტყვით, რომ ეს ციფრი საკმაოდ დიდია. პირადად ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო, რომ მწვრთნელებს დიდ ხელფასს უნიშნავდნენ და შედეგს არ სთხოვდნენ. ჩვენ კი სწორედ შედეგზე ორიენტირებული მუშაობა გვსურს...

Sportall.Ge

ოლიმპი და ბაია
- ჯიქიას ქუჩაზე მდებარე "ოლიმპის" სკოლის საკითხი აქტუალურია. მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიის მესაკუთრეები არ ვართ, იქაურობის დანგრევა მტკივნეული იყო. რამდენჯერმე შევხვდით ქალაქის მერს, საკრებულოს წევრებს, სკოლის წარმომადგენლებს, მწვრთნელებს... პრობლემის მოგვარებაში მაქსიმალურად ჩართულები ვართ...

იქ რამდენიმე საფეხბურთო სკოლის გუნდი ვარჯიშობდა. ამიტომ ბავშვები დროებით ქალაქის სხვადასხვა სტადიონზე გადანაწილდებიან. გარკვეული ჯგუფი დიდ დიღომში, "ვისოლის" საფეხბურთო მოედანზე გადავა, სადაც ორი სტანდარტული მოედანია - ბუნებრივი და ხელოვნურსაფარიანი. იჯარას ჩვენ დავფარავთ.

პარალელურად, მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ ჯიქიას ქუჩაზე სტადიონები შენარჩუნდეს...

გარდა ამისა, ზუგდიდის "ბაიას" საფეხბურთო აკადემიაში საწვრთნელი პროცესი მაისის ჩათვლით ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება და ამასაც ფედერაცია დააფინანსებს - მართალია, ეს გადაწყვეტილება ჯერ ხელმოწერილი არ არის, მაგრამ "ბაიას" ხელმძღვანელობას შევხვდით და შეთანხმება მიღწეულია...

რაც შეეხება ექსპრეზიდენტ ზვიად სიჭინავას შეთავაზებას, თითქოს "ბაიას" ბაზას უფასოდ გადმოგვცემს, ჰაერზე ნალაპარაკები არავის სჭირდება. თუ ასე უნდოდა, წლების განმავლობაში ფედერაციის პრეზიდენტი იყო და ამაში ხელს არავინ უშლიდა...

სპონსორები და ჩემპიონატის ერთიანი ფონდი
- ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი დაფუძნდა და ახლა მასში თანხების მოზიდვაზე ვმუშაობთ. ფონდის ერთ-ერთი მიმართულება უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბების დახმარებაა.

ფონდის ფუნქციონირების დაწყების შემდეგ კლუბებს თანხა ერთიანი დაფინანსების სისტემიდან გამოეყოფათ, მუნიციპალიტეტებიდან კი ვერ მიიღებენ. მათ იმდენი დაერიცხებათ, რაც "სუნთქვის" საშუალებას მისცემთ. სხვა საქმეა, რამდენად ღრმად "ისუნთქებენ". ეს უკვე მათზეა დამოკიდებული...

უნდა დამთავრდეს ის დრო, როცა სახელმწიფო კლუბებში მხოლოდ საბიუჯეტო თანხებს ელოდნენ და დამატებითი შემოსავლების მოსაძიებლად არაფერს აკეთებდნენ. შენც ხომ უნდა გააკეთო რაღაც, მარტო ხელფასს ხომ არ უნდა ელოდო?! ეტყობა, კლუბებს კარგად უნდა ავუხსნათ, რომ მათზე ახლა ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. ვინც დამატებით სახსრებს მიიზიდავს, ის ფონდიდან ერთ იმდენს კიდევ მიიღებს, რომ შემდგომში სპონსორის მოძიების სტიმული ჰქონდეს...

რაც შეეხება ვალებს, ფედერაციას "ვი-თი-ბი ბანკის" 3 მილიონი ლარი მართებს, მაგრამ ბანკმა ამ თანხის გასტუმრება გადაგვივადა...

სპონსორების თემასაც შევეხები. ფეხბურთის ფედერაცია მათი მოზიდვის მიზნით მოლაპარაკებას რამდენიმე კომპანიასთან აწარმოებს. არის რამდენიმე პოტენციური პარტნიორი და არა მხოლოდ "ვი-თი-ბი ბანკი".
აუცილებლად დაველაპარაკებით ამჟამინდელ სპონსორს, "სოკარს". ჯერ უცნობია, მათ სფფ-სთან თანამშრომლობის გახანგრძლივება სურთ თუ არა. ეს საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის...

ვაკანსიები
- ფეხბურთის ფედერაციაში შიდა სტრუქტურული ცვლილებები, ფაქტობრივად, დასრულებულია. შიდა სტრუქტურა უკვე ჩამოყალიბდა და მალე ჩვენს ვებგვერდზე აიტვირთება სრული ინფორმაცია, თუ რა სახე მიიღო ფედერაციამ ამ ცვლილებების შემდეგ.

სტრუქტურა დაფუძნებულია თანამედროვე სისტემაზე, რომელიც ძალიან კარგადაა გამართული...

ფედერაციაში გარკვეულ თანამდებობებზე ვაკანსიები გამოცხადდება. მსგავსი რამ ქართულ ფეხბურთში მანამდე არ მომხდარა. მთავარია, ვაკანსიებზე კანდიდატურების შერჩევა გამჭვირვალე იყოს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
მემგონი ფედერაცია იხოდება და სწორი მიმართულებითაც, ცხადაძე კარგი მწვრთნელია, მაგრამ გამოჩნდება ეხლა რამდენად თავდაჯერებულია. მომწონს სახელფასო რეფორმა.
giorgi
12:08 14-01-2016
0
სამსაჯო სტრუქტურა ხო აწყობილია და რატო არ ტარდება რეფორმაა????
gorski111
12:09 14-01-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული