საინტერესოა, რა შთაბეჭდილებით დაბრუნდა ცხადაძე თურქეთიდან? ამ და სხვა საკითხებზე "ლელო" საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცს გაესაუბრა...
- ძალიან კარგია, თურქეთში რომ წავედი. პირველი მატჩი, რომელსაც დავესწარო, ბაქოს "ინტერისა" და "ვერდერის" შეხვედრა იყო. "ვერდერის" სამწვრთნელო შტაბმა ფეხბურთელები ორ გუნდში გაანაწილა. ამის შემდეგ ვნახე გიორგი პაპუნაშვილის თამაში "ვერდერში", ვენის
ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ის, რომ თითოეული ფეხბურთელი, რომელიც ჩვენ საქმეში ვნახეთ, ჯანმრთელადაა და თამაშობს. ისინი მზად არიან, საქართველოს ნაკრებს გამოადგნენ, სარგებლობა მოუტანონ ეროვნულ გუნდს.
- ფეხბურთელებთან ხომ არ გისაუბრიათ?
- დავიწყებ იმით, რომ ვესაუბრე "დუისბურგის" ბულგარელ მთავარ მწვრთნელს, ილია გრუევს, რომელმაც რუსული იცის. ის გიორგიზე მაღალი აზრისაა და ამბობს, რომ ჭანტურია არის ნიჭიერი ფეხბურთელი. აქვე, ის იზიარებს ჩვენს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ჭანტურიამ უნდა ისწავლოს უბურთოდ თამაში.
გიორგის პირადად ველაპარაკე. სწორედ ეს ვუთხარი მას. ჩვენ ჭანტურია მეტად უნდა გამოვიყენოთ შეტევაში, თორემ დაცვაში დროულად ჩადის... მოკლედ, ნანახით კმაყოფილი დავბრუნდი.
- როგორია თქვენი უახლოესი გეგმები?
- თვის ბოლოს თურქეთში ვაპირებ წასვლას. ვიცი თბილისის "დინამოს" სპარინგების კალენდარი და მინდა, ბატე-სთან მატჩს დავესწრო. მოგეხსენებათ, "დინამოში" არიან ნაკრების წევრები და კანდიდატები. მერე შეიძლება ესპანეთში გადავინაცვლო, სადაც შეკრებას გაივლიან მოსკოვის "სპარტაკი" და ყაზანის "რუბინი"...
სხვათა შორის, ჩემი ინფორმაციით, "სპარტაკიდან" უკვე გაუშვეს ის ფეხბურთელები, ვის გაშვებასაც აპირებდნენ. ძალიან მინდა, რომ ესპანურ შეკრებაზე ჯანომ თამაში დაიწყოს. წავიკითხე, რომ დიდი ალბათობით, ეს შეიძლება ასეც მოხდეს და ამან ძალიან გამახარა. სანამ "სპარტაკი" ესპანურ შეკრებას დაიწყებს, ჯანოს დაველაპარაკები. მასთან სისტემატური კონტაქტი მაქვს.
ესპანეთშივე ვნახავ საბა კვირკველიასაც... აქვე, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მერაბ ვარძუკაშვილს, ვინც ჯანო, პრაქტიკულად, ფეხზე დააყენა. მას დიდი წვლილი მიუძღვის ლევან მჭედლიძისა და სხვა ფეხბურთელების მკურნალობაში. მე ვამაყობ, რომ ასეთი ექიმი გვყავს.
- ხომ არ გაირკვა, ვისთან შეიძლება ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა ამხანაგური მატჩები?
- ჯერ ეს საკითხი არ არის გარკვეული. თურქეთში რომ ვიყავი, იქაურები მოვიდნენ ჩემთან და რამდენიმე საინტერესო ინფორმაცია მომაწოდეს. ანტალიაში ერთკვირიან შეკრებაზე არაერთი ნაკრები ჩადის. მაგალითად, რუმინეთი და საბერძნეთი. იქვე იქნება თურქეთის ნაკრებიც... ჯერ მეტი კონკრეტიკა შეიძინოს ამ საკითხმა და მერე ფეხბურთის ფედერაციასაც წარვუდგენ კონკრეტულ გეგმას.
- თქვენ სულ ცოტა ხნის წინათ გამოხატეთ მზადყოფნა, 25 პროცენტით შეიმციროთ ხელფასი. ფეხბურთის ფედერაციას კი თავისი ფინანსური მოდელი აქვს...
- ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენეთ ეს დრო ბრძოლისუნარიანი, კონკურენტუნარიანი გუნდის ჩამოსაყალიბებლად. რაც კონტრაქტში მთავარ მიზნად მიწერია, იმის განხორციელება იწყება სექტემბრიდან, როცა სტარტს აიღებს ახალი შესარჩევი ციკლი. ჩვენ დღეს გვყავს უპრეცედენტოდ შეკრული გუნდი და გვჯერა, რომ შეგვიძლია ვაჩვენოთ შედეგი.
ღმერთმა ნუ ქნას და, თუ ეს შედეგი ვერ დაიდო, პასუხისმგებელი იქნება ნაკრების მთავარი მწვრთნელი. ამიტომ მე მჭირდება სიმშვიდე, სიწყნარე, რათა ნორმალურად ვიმუშაო.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"