ყველაფრის თავიდათავი არის მინისტრი... კახა ცხადაძის პრესკონფერენცია

AutoSharing Option

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ 21 იანვარს პრესკონფერენცია გამართა. მასთან ერთად მედიის წინაშე წარდგნენ ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბის წევრები - გიორგი ჩიხრაძე და მამუკა აბუსერიძე.

პრესკონფერენციის თემა ცნობილი იყო. როგორც იცით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ცხადაძისთვის კონტრაქტის ახალი პირობები მოამზადა. თავად ცხადაძემ კი ფედერაციის პოზიციას იმით უპასუხა, რომ ხელფასის 25 პროცენტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.

ოთხშაბათს ცხადაძე და ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ერთმანეთს შეხვდნენ, თუმცა ამ შეხვედრას მაინცდამაინც დიდი სიცხადე არ შეუტანია იმ არასასიამოვნო სიტუაციაში, რაც ნაკრების გარშემო შეიქმნა.

გუშინდელ პრესკონფერენციაზე
ეროვნული გუნდის თავკაცმა ქართულ საფეხბურთო თემს არაერთი საყურადღებო მესიჯი გაუგზავნა...

- ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით მოგიწვიეთ. გადავწყვიტე, მეთქვა ყველაფერი, რადგან ხალხმა სიმართლე უნდა იცოდეს. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ დღეს ეროვნულ გუნდში არის არნახულად ჯანსაღი ატმოსფერო. გუნდი შეკრულია ისე, როგორც არასდროს...

ყველას კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო, რა იყო ერთი წლის წინათ. ბაქოს "ინტერთან" კონტრაქტი 2017 წლის 30 მაისამდე მქონდა. გავაუქმე ეს კონტრაქტი და წამოვედი საქართველოში, რადგან ჩემს ქვეყანას ვჭირდებოდი. პირველი 6 თვის განმავლობაში უხელფასოდ ვიმუშავე ნაკრებში. ისიც უნდა ვთქვა, რომ ჩემს წინამორბედებზე დაახლოებით 60 პროცენტით ნაკლებ ანაზღაურებაზე დავთანხმდი...

თავადაც იცით, რომ ნაკრებში ძალიან ბევრი პრობლემა იყო. ფეხბურთელებს დაკარგული ჰქონდათ ოპტიმიზმი. შევცვალეთ სათამაშო სტილი, დავამკვიდრეთ ახალი ფილოსოფია. იყო ბევრი კარგი და ბევრი მძიმე წუთი, მაგრამ ფაქტია, რომ დღემდე დიდი მოცულობის სამუშაოს შესრულება მოვასწარით...

მოვიდა სექტემბერ-ოქტომბერი და დადგა ძლიერ გუნდებთან შესარჩევი თამაშების დრო. ჩვენ მომავლისკენ ოპტიმიზმით გავიხედეთ. ყველას გაგვიჩნდა რწმენა, რომ ახალ საკვალიფიკაციო ციკლში საქართველოს ნაკრებს შეუძლია, წარმატებით ითამაშოს და ხალხი გაახაროს...

გერმანიასთან მატჩის შემდეგ განვაცხადე, რომ კარგი იქნებოდა, ფეხბურთელების ფინანსურად მოტივირება იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში წარმატებით გამოვალთ-მეთქი...

ორ დღეში ტელევიზიით გამოდის სპორტის მინისტრი და ამბობს, რომ მისი შეხედულება ასეთია: უნდა იყოს დაბალი ხელფასი და ანაზღაურების ბონუსური სისტემა. მერე ერთ-ერთ ღონისძიებაზე ჩვენ შევხვდით ერთმანეთს და მინისტრმა პირდაპირ მითხრა, რომ არ აპირებს ჩემთვის ხელფასის გადახდას, რომ სახელმწიფო არ დააფინანსებს მწვრთნელის ანაზღაურებას...

მე ვუთხარი, რომ ის უნდა დაეხმაროს ფეხბურთს, მაგრამ მან ისევ მითხრა, რომ არ აპირებს მაღალი ხელფასის გადახდას.

ყველამ ვიცით, როგორ ფინანსურ მდგომარეობაშია საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია. თუ სახელმწიფო არ დაეხმარა, ისე ფედერაციას ამ სირთულეებთან გამკლავება გაუჭირდება...

ახლა ზუსტად არ მახსოვს, 18 თუ 19 დეკემბერი იყო. ჩემთან კონკრეტული წინადადებით ჩამოვიდა ერთ-ერთი კლუბის წარმომადგენელი (ჩვენი ინფორმაციით, ლაპარაკია ალმათის "ქაირათზე" - რედ.) და შემომთავაზა ფინანსური თვალსაზრისით მეტად მომგებიანი წინადადება. შემიძლია, ყველაფერი გითხრათ დმიტრი გალიამინის ვიზიტთან დაკავშირებით - სად ვისხედით, სად ვივახშმეთ, როდის გავაცილე...

მე ამ დროს გამოვთქვი მზადყოფნა, შემემცირებინა ხელფასი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე. პასუხისმგებელი ვარ თქვენ წინაშე, ქართველი ხალხის წინაშე. ასე დავკრა ფეხი და 8 თვეში წავიდე, რა გამოვა ამით? ის, რომ დიდ ფულს გავეკიდე? ვიკლებ 25 პროცენტს და დავიბრუნებ იმ შემთხვევაში, თუ მისაღები შედეგი დაიდება...

მე ვუთხარი ამის თაობაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას, პირადად ლევან კობიაშვილს. ისიც ვთქვი, რომ მზად ვიყავი, შემემცირებინა ხელფასი და თუ ეს პირობაც არ იქნებოდა მისაღები, მაშინ ერთობლივად მიგვეღო გადაწყვეტილება...

მერე ჩვენ შორის კონტაქტი ვეღარ შედგა. თუ არ ვცდები, ლევანი ბათუმში იყო, კლუბებთან შეხვედრაზე. ერთპიროვნულად მივიღე გადაწყვეტილება, უარი მეთქვა ამ შეთავაზებაზე...

ვერ წავიდოდი გუნდიდან, სადაც ამხელა ერთიანობაა. ბიჭები ყოველდღე მირეკავენ, მათგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ... აგერ, ნიკა კვეკვესკირმა საქართველოს ნაკრებში სულ ორი მატჩი ითამაშა და მისი მესიჯი შემიძლია გაჩვენოთ...

მე კონტრაქტი მაქვს. ჩვენ ყველას გვაქვს გარკვეული ვალდებულებები ჩვენივე შემოსავლებიდან გამომდინარე. რაც გავაკეთე ჩემს ხელფასთან დაკავშირებით, ეს იყო ჩემი მაქსიმუმი...

გუშინ ლევან კობიაშვილმა თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვერ შევთანხმდებით, მზადაა, კომპენსაცია გადაიხადოს. სამწუხაროა, რომ ყველაფრის თავიდათავი არის სპორტის მინისტრის დამოკიდებულება ჩემ მიმართ და იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც მისი სურვილით მე უნდა შემცვალოს...

ჩემი აზრით, დღეს რაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას დალაგებული აქვს, ესაა ეროვნული ნაკრები. ეს არის შეკრული, ერთი დიდი ოჯახი და ამას ყველა ფეხბურთელი დაადასტურებს...

- რჩებით ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე?
- გულწრფელად ვუთხარი ლევან კობიაშვილს: მე შენ არასდროს გაზარალებ-მეთქი. მე ფეხბურთში ვარ მთელი ცხოვრება და აქვე ვიქნები, მინისტრი კი შეიძლება დღეს იყოს ამ პოსტზე და ხვალ ისევ ბიზნესში დაბრუნდეს...

სხვანაირად ნუ გამიგებთ, მაგრამ თავის დროზე უარი ვთქვი მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატში მონაწილეობაზე, საქართველოს ნაკრებში რომ მეთამაშა. ბურთები, ფორმები, ბუცები შემიძენია ნაკრებისთვის, თბილისის "დინამოსთვის"... ამაზე არასოდეს მილაპარაკია. იმიტომ ვთქვი, რომ მე ვერ დავკრავ ფეხს და ვერ წავალ. მე ეროვნული გუნდის კაპიტანი ვიყავი. მიყვარს ეს გუნდი და მინდა, მას სარგებლობა მოვუტანო...

მინდა, ერთად ვაკეთოთ საქმე. მთელი აქცენტი იყო მომდევნო შესარჩევ ციკლზე და ის ჯერ არ დაწყებულა. მე არ ვამბობ, რომ მაცადონ ორი ციკლი და ასე შემდეგ... მე ვამბობ, რომ ამავე ციკლში უნდა დაიდოს ის შედეგი, რომელიც მომცემს მუშაობის გაგრძელების მორალურ უფლებას. დაიწყება მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი და ყველა ერთად ვნახავთ, რა იქნება, პირველ ოთხ თამაშში ბევრი რამ გამოჩნდება...

- რჩება შთაბეჭდილება, რომ ლევან კობიაშვილი ბოლომდე ვერ აკონტროლებს სიტუაციას ფეხბურთის ფედერაციაში...
- ლევანმა ჩაიბარა არასახარბიელო ფინანსურ მდგომარეობაში მყოფი ფეხბურთის ფედერაცია. კობიაშვილმა რა ქნას? ფულს სახლიდან ხომ არ მოიტანს? მე უდიდეს პატივისცემას ვაფიქსირებ მის მიმართ. ლევანმა თავად თქვა, რომ დარწმუნებულია ჩემს სამწვრთნელო შესაძლებლობებში.

- და მაინც, იქმნება შთაბეჭდილება, რომ თქვენსა და ფედერაციას შორის არ არის კომუნიკაცია...
- მე თავიდან ლევანს ვუთხარი, რომ ხელფასს შევიმცირებდი 25 პროცენტით და მერე გავაკეთე ეს განცხადება გაზეთ "ლელოში". კი, შეიძლება ცალმხრივად გაწყდეს კონტრაქტი, მაგრამ ვინც გაწყვეტს ამ ხელშეკრულებას, მას გარკვეული ვალდებულებები ეკისრება...

არის კიდევ ერთი მომენტი. მე მითხრეს, რომ თუ საქართველოს ნაკრები გავა მსოფლიო ჩემპიონატზე, ამ მიღწევის სარგო ფინანსური შემოსავლიდან საკმაოდ სოლიდური თანხა ეკუთვნის მწვრთნელს. მე მივედი ბიჭებთან და პირდაპირ ვუთხარი, რომ წარმატების შემთხვევაში, ეს თანხა იქნება მათი და ამას ყველა დაადასტურებს...

- როგორ ფიქრობთ, ნებისმიერ შემთხვევაში ხომ არ არის გადაწყვეტილი თქვენი "მოშორება"?
- ეს მხოლოდ ვარაუდებია.

- ამ ყველაფრის ფონზე ნაკრებში თქვენი მუშაობა როგორ გესახებათ?
- ფაქტია, ძალიან რთული სიტუაციაა და ეს ეროვნულ ნაკრებზე დადებითად არ აისახება. ბიჭები ნერვიულობენ. დროზე უნდა გაირკვეს ყველაფერი.

მე მაქვს ჩემი იმიჯი, ჩემი ავტორიტეტი... მგონი, ის არასდროს ყოფილა ცუდი. სუფთად ვცხოვრობდი და ვცხოვრობ, ვაკეთებ საქმეს... აქვე ვიტყვი, რომ ჩემი სტაფის წევრებს ამოეწურათ კონტრაქტები, მაგრამ სანამ მე ვიქნები ნაკრებში, ისინიც იქნებიან.

აქვე, ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელებზე ვიტყვი. მე ვერანაირ ტრაგედიას ვერ ვხედავ იმაში, რომ მათი დანიშვნა ჩემთან შეთანხმების გარეშე მოხდა. ბევრ ქვეყანაში ხდება ასე. მთავარია, ამან ნაკრებს არგოს...

- იქმნება შთაბეჭდილება, რომ შეცდომებიდან ბევრს ვერაფერს ვსწავლობთ. იყო დრო და ძალიან კარგ შესარჩევ ჯგუფში წარმატებით თამაშის პერსპექტივა ნაკრების ხელოვნურ გაახალგაზრდავებას გადავაყოლეთ. ჯგუფი ახლაც მისაღებია და ისევ... ხელოვნური აურზაური...
- მაშინ ნაკრების კაპიტანიც გაუშვეს ეროვნული გუნდიდან... მართალი ბრძანდებით, შეცდომა იმისთვისაა, რომ ადამიანმა შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს, მეორედ აღარ შეცდეს.

ყველაზე მეტად, ქართული საფეხბურთო სამყაროს გახლეჩა მანერვიულებს. ის უნდა გაერთიანდეს!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
მე არ მაქ ილუზია რომ იმ ფულს სახლში არ წაიღებენ! მაგრამ რადგან საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა გაჭირვებულია მაგხელა ხელფასებს არვინ უნდა იღებდეს! ეგ ცხადაძეც, კობიაშვილიც და ხეჩიკაშვილიც რომ ფულის საკეთებლადაა მოსულა ეგ ფაქტია
კახაბერი-is
10:28 23-01-2016
0
ნორმალურ ხალხს არ ვაცადოთ მუშაობა გოიმებისდოგი რო იკო იმაზე ხმას არ ვიგებდით კახას კიდე ვეცით კისერში ვაი ჩვენ პატრონს ახია ჩვენზე სულ უნდა გადაგვჯოგონ გირსები ვართ.სად წავიდა ჩვენი კაცობა და ადამიანობა
goga
09:32 23-01-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული