"პროცენტებით რომ ლაპარაკობს ცხადაძე, თქვას ზუსტად, რამდენი აქვს ხელფასი"

AutoSharing Option
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის პრესკონფერენციას გამოეხმაურა.

მინისტრმა ბრიფინგი გამართა ჟურნალისტებისთვის, მერე მონაწილეობდა არაერთ თოქ-შოუში, მოგვიანებით კი "ლელოსაც" მისცა ინტერვიუ...

- ალბათ, ფაქტია, რომ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. ეს აურზაური უნდა ჩაცხრეს...
- დუღილის ტემპერატურა აწეულია და ჩემი აზრით, ის ასწია კახა ცხადაძის განცხადებებმა. შეთქმულების თეორიებით ლაპარაკი არ მიმაჩნია სწორად. ალბათ, პროცენტებსა და ხელფასის დაკლებაზე ლაპარაკს ჯობია, კონკრეტული ციფრებით ვილაპარაკოთ... რატომღაც მას ჰქონდა ილუზია, რომ
შემეძლო, მისი ხელფასი გადამეხადა.

მინისტრად რომ მოვედი, მაშინვე გავაკეთე აქცენტი იმაზე, რომ ამხელა ხელფასს სახელმწიფოსგან არ უნდა იღებდეს მწვრთნელი. მე ცხადაძეს არ ვებრძვი, მინდა სისტემა შევცვალო. როცა ეს განცხადება გავაკეთე, სხვა ხელმძღვანელობა იყო ფეხბურთის ფედერაციაში. მაშინ რა ვიცოდი, რა შედეგით მორჩებოდა არჩევნები? ჩემი საქმე არ არის მწვრთნელის დანიშვნა და არდანიშვნა.

- ამბობენ, სპორტის მინისტრს პიროვნულად არ აქვს კარგი დამოკიდებულება ცხადაძესთანო...
- კიდევ ერთხელ ვამბობ - პიროვნულად არაფერი მაქვს კახა ცხადაძის საწინააღმდეგო. პირიქით, მას ძალიან ვაფასებ. ნაკრებში ასეთი სიტუაცია იყო წლების განმავლობაში. სხვა შეიძლება პირში არ ამბობს სათქმელს, მე კი ეს სათქმელი პირდაპირ ვთქვი.

თუ ფეხბურთის ფედერაცია მოძებნის ნაკრების მთავარი მწვრთნელის დასაფინანსებელ თანხას, გადაუხადოს მას ხელფასი, არ არის არანაირი პრობლემა. 10 წლის განმავლობაში დიდი თანხა დაიხარჯა ნაკრების მწვრთნელებში და შედეგი არ ჩანს. ამას მაშინაც ვამბობდი, სანამ მინისტრი გავხდებოდი. ეს ხომ სახელმწიფოს ფულია?!

- მაინც რა თანხაა ეს?
- ათეულ მილიონ ლარზეა ლაპარაკი. მინდა აქვე ვთქვა, რომ ჩვენ მხოლოდ ფეხბურთში არ ვართ შედეგზე ორიენტირებულები. სპორტის სხვა სახეობებშიც ასეა. ასე რომ, ნურავინ იტყვის, თითქოს ცხადაძეს ვებრძვი.

- ვიცით, რომ სახელმწიფო ფეხბურთის ფედერაციას წლიურად 7 მილიონ ლარს აძლევს. ამ თანხის მიზნობრიობას სახელმწიფო განსაზღვრავს?
- ეს სახელმწიფოს ფულია და, რა თქმა უნდა, პრიორიტეტებსაც სახელმწიფო განსაზღვრავს. სხვათა შორის, ძალიან ბევრ ქვეყანაში ფეხბურთის ფედერაცია სახელმწიფოს დახმარების გარეშე იხდის მწვრთნელის ხელფასს.

- ბევრი მიიჩნევს, რომ ფეხბურთის ფედერაციას რეალურად დღეს სპორტის სამინისტრო მართავს. რამდენად დამოუკიდებელია დღეს ფეხბურთის ფედერაცია?
- ჩემი, როგორც მინისტრის ოცნებაა, რომ ყველა ფედერაცია იყოს აბსოლუტურად დამოუკიდებელი. ვინც არ იცნობს ლევან კობიაშვილს, მხოლოდ ის იტყვის, ფეხბურთის ფედერაცია არ არის დამოუკიდებელი. სწორედ ფედერაცია იღებს გადაწყვეტილებას ნაკრების მთავარი მწვრთნელის თაობაზე და ეს მის დამოუკიდებლობაზე მეტყველებს.

- აღმასკომზე გკითხავთ. ბევრის აზრით, იქ ორი კლუბის კადრების სიჭარბეა...
- ეს აღმასკომი საფეხბურთო საზოგადოების არჩეულია. ისინი თავიანთ კლუბებში თუ სხვაგან წარმატებულები იყვნენ. ასე ყველაფერს შეიძლება კუდი გამოაბა.

- ხომ არ არევს ნაკრებში სიტუაციას ცხადაძის შესაძლო წასვლა?
- მე არ ვაყენებ ეჭვქვეშ მის კომპეტენციას, პირად თვისებებს, ღირსებას... სპორტის მინისტრი მწვრთნელის საკითხთან რა შუაშია?! დიდი იმედი მაქვს, მალე დაწყნარდება სიტუაცია და ფეხბურთელები მშვიდად გააგრძელებენ მომზადებას შესარჩევი ციკლისთვის. ვინ თქვა, რომ ცხადაძე ჩემი მტერია? აბსურდია!

ხალხს მიაქვს ფული ქართული ფეხბურთიდან და მე ეს ფული მომქონდა. შესაბამისად, ჩემთვის სულერთი ვერ იქნება ქართული ფეხბურთის ბედი. ჩვენ დავიწყეთ რეფორმები და ეს არის რთული გზა.

- როდის ამოქმედდება ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა?
- შეიქმნა "ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი". ჩვენ ახლა ველოდებით ფედერაციის პრიორიტეტებს.

- ფაქტია, რომ კლუბების დაფინანსებას აზრი ეკარგება, თუ ქართული ფეხბურთი არ გაიწმინდა...
- საჭირბოროტო საკითხს შეეხეთ. წლების განმავლობაში ვინც არასწორად იყო მიჩვეული ცხოვრებას და მუშაობას ფეხბურთში, ის განაწყენდება ამ რეფორმებით. მაგრამ მე მზად ვარ ნებისმიერი კრიტიკისთვის. მზად ვარ და ვიცი, რომ შეიძლება ლაფიც მესროლონ, მაგრამ ჩემთვის მთავარია, გულშემატკივარი დარჩეს კმაყოფილი.

- ბოლოს, კერძო კლუბებზეც გვითხარით...
- ფონდის დაფინანსებისას კერძო კლუბებს ექნებათ გარკვეული პრიორიტეტი. ჩვენ ისე უნდა ვიმოქმედოთ, რომ სახელმწიფო კლუბები კერძო კლუბებად გარდაიქმნან. ჩვენ ქართულ ფეხბურთში უნდა დავაბრუნოთ არა მხოლოდ ის ინვესტორები, რომლებიც წასულები არიან დროებით, არამედ ახლებიც უნდა მოვიზიდოთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 30 /
რატომ არის დემაგოგია. მაინტერესებს ერთი თუ სამინისტრო და ფედერაცია ვერ გააკეთებენ თავიანთ საქმეს - ანუ ვერ შექმნიან პირობებს რომ ბავშვები სწორად აღიზარდნონ,ნორმალური ინფრასტრუქტურა იყოს, ჩემპიონატის პრობლემები მოგვარდეს და ბევრი სხვა კიდევ და პასუხისმგებლობა შედეგებზე მარტო მწვრთნელს დაეკისროს ეგ არის დემაგოგია?
qutaiseli-s aleko
22 იანვარი 2016 15:48
0
2009 წელს ნაკრები რომ მიატოვა ცხადაძემ, მაგაზე ილაპარაკოს. და კიდე იმაზე, თავის ბიჭს რომ იძახებდა ხოლმე ნაკრებში. კარგით რა, ნუ შექმენით გმირი.
ნიკო
22 იანვარი 2016 15:47
0
თენგო-ს. რომ იძახი, ფეხბურთში "შედეგს კი მინიმალურსაც ვერ აღწევენ-ო". მარტო პირველი ნაკრები გაქვს ალბათ მხედველობაში თუ....? ორ ასაკობრივ ნაკრების დონეზე, ელიტრაუნდში გასვლას, შედეგად არ თვლი? მე მასე არ ვფიქპობ. შედეგი არის, მაგრამ არა პირველი ანუ ეროვნული ნაკრების დონეზე. დანარჩენები მეტნაკლებდ პლიუსშია. ასე, რომ რეალურ აზროვნებას გირჩევდი.
bibi
22 იანვარი 2016 15:28
0
ეს აღმასკომი საფეხბურთო საზოგადოების არჩეულიაო, რომ ამბობთ ტარიელ ბატონო, ისიც მოყევით ბარემ თუ როგორ მოატეხინეთ პირადად თქვენ აღამასკომიდან "ზესტაფონის" კანდიდატი იმის შიშით რომ კოკაია და მისი გუნდი დღევანდელ აღვირახსნილობას არ გაგაბედინებდნენ და როგორ დანიშნეთ აღმასკომში ინჯიას ბიჭი
სიმართლე მიყვარს მე!
22 იანვარი 2016 15:19
0
რატომ არ იძახის არც ერთი მხარე რამდენია ხელფასი?!
გულშემატკივარს 3 ლარი არ აქვს რომ ბილეთი იყიდოს ხომ არ ესჰინიატ რომ პანჩურებით არ გაყარონ ეს....
ნოდარი
22 იანვარი 2016 15:10
0
კიდე ერთხელ ვიმეორებ ფეხბურთის ფედრაციის ჩინოსნების შედარება მთავრობასთან და მითუმეტეს სახელმწიფოსთან აფსურდი და დემაგოგიაა .ამის საპირისპირო აქ ვერავინ ვერაფელი დაწერა და ვერც დაწერს ფეხბურთის ფედრაცია არის ავტონომიური ერთეული და ფინანსდება ქვეყნის გარედან ხოლო თუ რამეს მთავრობა აძლევს პრიორიტეტებსაც ის განსაზღვრავს. იმ თანხით რა უნდა დაფინანსდეს.
quTaiseli
22 იანვარი 2016 15:01
0
კომენტარებიდან ვეთანხმები "თენგო"-ს და "ალეკო"-ს. ვთვლი რომ კალათბურთს, რაგბის და სხვა წარმატებულ სპორტის სახეობებს მეტი მიხედვა ჭირდებათ, რადგან მათ მსოფლიო ფედერაციებიდან არ აფინანსებენ. შედეგები კი ფეხბურთელებზე ბევრად უკეთესი აქვთ(მარტო ფაჩულიას და გორგოძის წარმატება რად ღირს), ამიტომ სახელმწიფომ მათთვის მეტი თანხები უნდა გამონახოს. ისე, ბონუსური სისტება მინისტრებსაც შეთავაზოს ბატონმა ტარიელმა. ყოველთვიური ანგარიში წარადგინონ და იმის მიხედვით მიიღონ ანაზღაურება. ეჭვი მაქვს, ჩვენი მინისტრები, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, საერთოდ უხელფასოდ დარჩებიან.
ლევანი
22 იანვარი 2016 14:42
0
რასაც მწვრთნელს აძლევენ ხელფასს ის რომ ფეხბურთელებზე გადაანაწილო და უთხრა "ამ ფულს თქვენ მიიღებთ გამარჯვების შემთხვევაშიო",ჩათვალეთ მოიგებენ.აბა 10 ლარი 27 თეთრი გერგება და შაურმა ჭამეო,არავინ ითამაშებს. ამათ ქართველობაზე ვერ დაუწყებ ლაპარაკს,ფული ურჩევნიათ!ამიტომ ფული უნდა მისცე,მერე კი რამე გამოჩნდება!ჯერ იქნება ჩემპიონატზეც გავიდეთ.
avoieee
22 იანვარი 2016 14:37
0
ეეხ ტარიელ , ტარიელ :) რა ყველა ძველი ბიჭები ხართ კაცოო ? კი ნუ ვითომ დიპლომატობ ძმაო , პირდაპირ თქვი , დაასახელე ციფრი , რამდენს იღებს ხელფასს , ან ითხოვს და რამდენის მიცემას ფიქრობ . მერე გამოიტანს დასკვნას საფეხბურთო სამყარო , რასთან გვაქვს საქმე.
ერთსაც გეტყვი , თუ გიტყდება საქვეყნოდ ყველაფერზე საუბარი , მაშინ დაჯექით შენ და ცხადაძე ვიწრო წრეში და დაილაპარაკეთ ადამიანურად და საქმიანად . ჩამოყალიბდით და ისე იმოქმედეთ თუ ილაპარაკეთ . ერთიც კიდევ , არც ერთი ხართ ანდრო ჯორდანია და არც მეორე დიდი ნოდარ ახალკაცი . ორივე ჯერ კიდევ საეჭვო კომპეტენციის ბრძანდებით ფეხბურთში და ზოგადად სპორტში .ამიტომ მეტი იფიქრეთ და პიროვნული ამბიციები გვერდზე გადადეთ .
gerchi
22 იანვარი 2016 14:19
0
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ვალდებულია შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები!...როგორც ჩანს შავბნელ ძალებს ხელს აძევს ლევან კობიაშვილის დასუსტება,რადგან რაც ხდება პირდაპირ ურტყავს მის სახელს...
არტაგი
22 იანვარი 2016 13:58
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული