ექსპერიმენტი: მოდი, შევქმნათ საქართველოს ნაკრების იდეალური მწვრთნელი

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მალე ეყოლება ახალი მწვრთნელი. სადღეისოდ ვითარება ასეთია - ფეხბურთის ფედერაცია პოტენციურ კანდიდატზე (ან კანდიდატებზე) არ ლაპარაკობს. როგორც ჩანს, სამუშაო პროცესი გრძელდება, ანდაც უკვე ყველაფერი მოგვარებულია და, უბრალოდ, გადაწყვეტილებას ჯერ არ ახმაურებენ. ამგვარი პრაქტიკა არსებობს და ამაში გასაკვირი არაფერია.

ჩვენ ახლა სხვა კუთხით შევეხებით თემას. ეროვნულმა ნაკრებმა, დასაბამიდან დღემდე, არაერთი სახელოვანი მწვრთნელი მოინელა. მათგან ზოგს ვერანაირი სარგებლობა ვერ მოუტანია ქვეყნის უპირველესი გუნდისათვის, ზოგს შედარებით მეტი ურგია, უფრო მეტს კი - ნაკლებად.

წარსულს ყურადღებით დავაკვირდეთ და ეროვნული გუნდის ყოფილ
დამრიგებელთაგან საუკეთესო თვისებები ავიღოთ, რითიც შევეცადოთ და ეროვნული გუნდისთვის იდეალური ვარიანტი შევარჩიოთ.

ჩვენ შეგნებულად გამოვტოვებთ ზოგიერთ მწვრთნელს. როცა საქმე იდეალური მწვრთნელის ტიპაჟის არჩევას ეხება, მაშინ კადრებიც შესაბამისი უნდა იყოს...

გივი ნოდიას ადამიანობა - ქართულ საფეხბურთო სამყაროში კაცს ვერ იპოვით, საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველ მწვრთნელზე გადაკვრითაც კი ეთქვას აუგი. უსუფთავესი პიროვნება, დიდი ადამიანი - ასე ვიცნობდით ბატონ გივის და ძალიან საწყენია, რომ ის ჩვენ შორის აღარ არის...

გიგა ნორაკიძის საფეხბურთო ინტელექტი - არაერთი ქართული გუნდი დაუყენებია აღმავლობის გზაზე. ყველა ახასიათებდა და დღესაც ახასიათებს, როგორც განსაკუთრებული საფეხბურთო ინტელექტის მქონე სპეციალისტს.

ალექსანდრე ჩივაძის ხასიათი - საქართველოს ნაკრების მწვრთნელი, რომლის ხელმძღვანელობითაც ეროვნულმა გუნდმა პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა. საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა და ჩვენი ფეხბურთის ცოცხალმა ლეგენდამ შეძლო და ეროვნულ გუნდში დიდებული კლიმატი შექმნა. ფეხბურთელებს ის ძალიან უყვარდათ. ჩივაძე ზედმეტად არ ერეოდა გუნდის თამაშში. იმ დროის საქართველოს ნაკრები კი, ალბათ, ყველაზე თვალსასეირო ფეხბურთს თამაშობდა თავისი არსებობის ისტორიაში. შედეგიც, როგორიც ჩივაძის დროს ჰქონია ნაკრებს, მერე ვერავინ გაიმეორა.

ის ფეხბურთელებს ისევე უყვარდათ, როგორც ვისენტე დელ ბოსკე უყვართ თავის მოთამაშეებს. ეგაა, მაშინ დიდ მადაზე ვიყავით და საქართველოს ნაკრებისგან ინგლის-იტალიის დამარცხებას ვითხოვდით... ისე, ჩივაძის დროს ნაკრებში გამორჩეულად ნიჭიერი თაობა თამაშობდა.

დავით ყიფიანის ქარიზმა - საქართველოს ნაკრების ყველა მაშინდელი ვარსკვლავისთვის დავით ყიფიანი უპირველესი ავტორიტეტი იყო. მისი ქარიზმა ძალიან დიდი, განუსაზღვრელი გახლდათ. ისიც ფაქტია, საქართველოს ნაკრების მწვრთნელობისას ჩვენი ფეხბურთის ლეგენდას არაერთხელ ვატკინეთ გული. თუმცა იყო შეცდომებიც, ჩავარდნებიც... პრინციპში, ისევე, როგორც ყოველთვის.

მე იმისიც მჯერა, რომ არც საქართველოს ნაკრები და არც ზოგადად, ქართული ფეხბურთი ამ დღეში არ იქნებოდა, ყიფიანი ცოცხალი რომ ყოფილიყო...

იოჰან ბოსკამპის პირდაპირობა - საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველი უცხოელი მწვრთნელი. მის დროს თაობათა ცვლის პროცესი დაიწყო და შედეგებიც ვერ იყო თვალისმომჭრელი, თუმცა ბოსკამპმა ხელი მაინც დაატყო ნაკრებს და სარკეშიც ჩაგვახედა.

სწორედ საქართველოში მისი მოღვაწეობისას დაიბადა ლეგენდარული ფრაზა - "ჯორჯიან მენტალიტეტ დებილ". ეს მას შემდეგ ითქვა, რაც ერთი ჩვენი ფეხბურთელი შორეული ქვეყნიდან სანაკრებო შეკრებაზე... მანქანით ჩამოვიდა და გზაში სალაღობოდაც მოიცალა.

რევაზ ძოძუაშვილის თვალი - არაერთისგან გამიგონია, რომ ის დაბადებულია ფეხბურთისთვის. დღეს მწვრთნელის დადებით თვისებებზე გვიწევს საუბარი და თავად მინახავს, დილიდან საღამომდე როგორ ვერ შელევია "მიხიჩა" მინდორს...

მან არაერთ ქართველ ვარსკვლავს შეაღებინა დიდი ფეხბურთის კარი. ჩემი აზრით, საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში მისი გაქანების მწვრთნელ-სელექციონერი არ გვყოლია.

ივო შუშაკის ვაჟკაცობა - კარგი მწვრთნელი, დიდებული ადამიანი. მისი ეს დიდი ადამიანობა ჰარმონიულად ერწყმის შინაგან სიმტკიცეს, ვაჟკაცობას... შუშაკი არ მოერიდა მკვეთრ და სამართლიან ნაბიჯებს თუნდაც იმ ფეხბურთელების მიმართ, ჩვენში აღიარებული ვარსკვლავები რომ იყვნენ.

შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ მის დროს გამოიჭედა დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ყველაზე მნიშვნელოვანი და საამაყო გამარჯვება რუსეთის ნაკრებთან.

ალენ ჟირესის დიპლომატია - ფრანგებს დიპლომატიაში ბევრი ვერ შეედრება. ჟირესის გაწვრთნილ საქართველოს ნაკრებს მთები არ გადაუდგამს, მაგრამ ქართულ საფეხბურთო თემსა და მასმედიაში ფრანგი ყველას უყვარდა. მიზეზი - მუსიე ალენის მართლაც განსაკუთრებული დიპლომატიური ნიჭი იყო.

კლაუს ტოპმიოლერის ტაქტიკური მრავალფეროვნება - ყველას გვაქვს ჩვენი სუბიექტური აზრი. ჩემი აზრით, ტაქტიკური თვალსაზრისით, საქართველოს ნაკრები ყველაზე გამართულად სწორედ ტოპმიოლერის დროს თამაშობდა. გერმანელის მოღვაწეობა ჩვენში არ იყო ერთგვაროვანი. მას ბევრი მოწინააღმდეგეც ჰყავდა თუნდაც ზღაპრული ხელფასის გამო, მაგრამ ფაქტია - ტოპმიოლერი მართლაც რომ ტოპ-მწვრთნელი იყო.

ექტორ კუპერის დამოუკიდებლობა - დიდებული არგენტინელი მწვრთნელის ბიოგრაფიაში საქართველოს ნაკრები ერთი დიდი შავი ლაქაა. მე ასე მგონია: კუპერმა ხეირიანად ვერც კი გაიგო, სად იყო და რას აკეთებდა. შესაბამისად, ჩვენთან მას ბევრი დადებითი თვისება არ გამოუვლენია, მაგრამ ერთ მათგანზე ყურადღების გამახვილება მაინც შეიძლება - ის იყო ყველასგან აბსოლუტურად დამოუკიდებელი.

თემურ ქეცბაიას ჟინი - ქეცბაია-მწვრთნელზე ბევრი ითქვა და დაიწერა. ალბათ, ყველა დაგვეთანხმება იმაში, რომ მისი ხელმძღვანელობით გამართული მატჩების უმრავლესობაში საქართველოს ნაკრები შმაგად იბრძოდა, ისევე, როგორიც თავად იყო ფეხბურთელობის ჟამს.

პირველად, სწორედ ქეცბაიას დროს დაიმსხვრა სტერეოტიპი, რომ "ჩვენი მილიონერი ფეხბურთელები საქართველოს არად აგდებენ და სანაკრებო მატჩებში ფეხებს უფრთხილდებიან".

კახა ცხადაძის თანმიმდევრულობა - საქართველოს ნაკრების ჯერაც მოქმედ მწვრთნელს (ვიდრე კონტრაქტი ოფიციალურად არ გაწყვეტილა) ჩვენთვის არ დაუდგამს "ოქროს კოშკები". ცხადაძე თანმიმდევრულად, გეგმაზომიერად მიჰყვებოდა საქმეს. მან ფეხბურთელებს შეაგნებინა, რომ ისინი წაგებისთვის არ არიან დაბადებულნი.

მერე ოდნავ გაუმჯობესდა თამაშის ხარისხიც. გავიხსენეთ შეტევა, კარში დარტყმა... თბილისში პრინციპული მატჩი მოვუგეთ შოტლანდიას, ლაიპციგში დიდი პრობლემები შევუქმენით მსოფლიოს ჩემპიონ გერმანიას... მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა...

* * *
ერთი სიტყვით, ასეთად გვესახება იდეალური მწვრთნელის პორტრეტი, თუმცა ნამდვილად არ გვაქვს იმისი ილუზია და წარმოუდგენელიცაა, ნაკრების მომავალი თავკაცი ყველა ამ თვისებით იყოს აღჭურვილი.

ჯერ ერთი, ასეთი მწვრთნელი რომ ეძებო, დრო გჭირდება, დრო კი ფეხბურთის ფედერაციას თავზე საყრელად ნამდვილად არ აქვს - სადაცაა, ყაზახეთთან ამხანაგური მატჩისთვის შემადგენლობა უნდა დასახელდეს და თავად ეს მატჩიც აღარ არის შორს.

ესეც არ იყოს, ფეხბურთის ფედერაცია ისეთ მწვრთნელს ეძებს, რასაც მისი ჯიბე გასწვდება და ასეთ დროს ვინ შეგრჩება ხელში, კაცმა არ იცის. იმედია, ახალი მწვრთნელის კომპეტენცია (თუნდაც მინიმალური დონე) იგნორირებული არ იქნება...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
ჩვენი მთავარი პრობლემა ფეხბურთელების უთამაშებლობაა და ვინც არ უნდა მოვიდეს მწვრთნელად აზრი არ ექნება თუ ფეხბურთელებმა ძირითადში არ დაიმკვიდრეს თავი
გიორგი
15:38 12-03-2016
0
მასეთი მე ვიცი პეპ გუარდიოლა :D
მანუჩარ
10:15 12-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული