როგორ მიუდგება ვლადიმირ ვაისი რთული ხასიათის ქართველ ბიჭებს?

AutoSharing Option
მრავალნაცადი ჭეშმარიტებაა, რომ მწვრთნელზე არაფერი ითქმის მანამ, სანამ მრავალი მატჩი არ გამოსცდის მას, სანამ შედეგი არ იქნება დადებითი ან უარყოფითი.

საქართველოს ნაკრებს ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით ჯერ არ უთამაშია - არც ოფიციალური და არც ამხანაგური მატჩი. ამიტომ ჯერ ვერანაირ დასკვნას ვერ გავაკეთებთ, პირველ, ზოგად შთაბეჭდილებებზე საუბარი კი უკვე შესაძლებელია...

ევროპელი
ბოლომდე დავესწარი ვლადიმირ ვაისის ღია ვარჯიშს, საქართველოს ნაკრებს რომ ჩაუტარა თბილისის ზღვაზე და ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას: ჩვენს გუნდს კვალიფიციური,
ნაღდი ევროპული დონის მწვრთნელი ჰყავს, რომელმაც კარგად იცის თავისი საქმე და საკეთებელი.

ეგაა, როცა საქართველოს ნაკრებს ეხება საქმე, მწვრთნელის მომავალ სვეს ვერაფრით განსაზღვრავ. ჩვენს ნაკრებს ნებისმიერი მწვრთნელის მონელება შეუძლია. იმედია, ეს ასე არ მოხდება...

ვაისის ვარჯიში არის მოკლე და კონკრეტული. დღეს ყველა ასე ავარჯიშებს ევროპაში. სამაგიეროდ, მწვრთნელი ვერ იტანს, როცა ფეხბურთელი თუნდაც ერთი წამით კარგავს კონცენტრაციას.

ლამის გამადიდებელი შუშით ვაკვირდებოდი ნაკრების ვარჯიშს და ერთი ფეხბურთელის თუნდაც წამიერი მოდუნება ვერ ვნახე. ვნახე შეცდომა, ბურთის დაყოვნება, არაზუსტი დარტყმა ან პასი, მაგრამ მოდუნება და ინდიფერენტულობა მე არ მინახავს.

როგორი ფეხბურთი უყვარს სლოვაკს?
მწვრთნელი ძალიან ხშირად ვარჯიშებზე იცნობა ხოლმე. როგორი ფეხბურთი უყვარს ვაისს, ამას ყაზახეთთან თბილისური მატჩისას ვნახავთ. ვარჯიშებზე კი რამდენიმე საყურადღებო ნიუანსი გამოჩნდა.

თავი შეგვიძლია დავდოთ: ვაისისეული ფეხბურთის მთავარი კრედო შეტევიდან დაცვაში სწრაფად გადასვლაა და - პირიქით. ამას სლოვაკი სპეციალისტი ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს. სხვანაირად არც შეიძლება. თუ ჩვენ გვინდა, რომ ევროპულ ფეხბურთს ფეხი ავუწყოთ, სწორედ ასე უნდა ვითამაშოთ.

ფაქტია: სლოვაკი უდიდეს ყურადღებას მიაქცევს სათამაშო დისციპლინის განუხრელად დაცვას.

ვარჯიშზე არაერთხელ გაისმა სიტყვა - "კონცენტრაცია". საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მთავარი სისუსტეც ესაა. მნიშვნელობა არ აქვს, ვის ვეთამაშებით, ხშირად მატჩის კონკრეტულ მონაკვეთში კონცენტრაცია გვეკარგება.

გუნდი არ უნდა "გაწყდეს", სათამაშო რგოლებს შორის არ უნდა იყოს დიდი დაშორება. ამას ითხოვს ვაისი და ჩვენც ვეთანხმებით - ეს თანამედროვე ფეხბურთის უპირველესი მოთხოვნათაგანია.

მერე რა, რომ რუსულად...
ვაისმა სამი ენა იცის - რუსული, გერმანული და ინგლისური. ის შეგირდებს რუსულად ეკონტაქტება და ვერც გავამტყუნებთ.

ჯერ ერთი, ნაკრების ყველა ფეხბურთელმა იცის რუსული, რამდენიმე ჩვენებური სწორედ ამ ქვეყნის პრემიერლიგაში თამაშობს. მეორეც - ჩვენი ნაკრების მწვრთნელს, ალბათ, ყველაზე კარგად რუსული ეხერხება და რა საჭიროა ახალი ველოსიპედის გამოგონება იქ, სადაც ამის აუცილებლობა არ არსებობს?

მწვრთნელისა და ფეხბურთელის კომუნიკაცია ყოველთვის უმნიშვნელოვანესია და ვფიქრობთ, ჩვენს შემთხვევაში ის უკვე შედგა. ფეხბურთელი დამრიგებელზე ძალიან ხშირად მისი ვარჯიშებით მსჯელობს. ვაისმა ეს ტესტი ჩააბარა. ბიჭებს მისი წვრთნა მოეწონათ.

სოლიდური
სოლიდური კაციო, რომ იტყვიან, ვაისი ზუსტად ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს. არიან ადამიანები, ცხოვრებაში მაინცდამაინც ახლოს რომ ბევრს არავის უშვებენ, მაგრამ აქვთ ადამიანებთან ურთიერთობის ნიჭი.

არ მიყვარს ისეთი მწვრთნელები, ფეხბურთელს ზომაზე მეტად ახლოს რომ უშვებენ და ვაისი სწორედ საპირისპიროთა კატეგორიას მიეკუთვნება. ჟურნალისტის ფასი იცის, მასმედიასთან ურთიერთობა არ ეშლება - ასეთია ამ სტრიქონების ავტორის პირველი მოსაზრება, რომელიც დრომ უნდა გამოსცადოს.

სხვა მხრივ, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს უნდა მოსწონდეთ ახალი მწვრთნელი. ის ნამდვილ პროფესიონალად დავინახეთ იმ ერთი, არასრული დღის განმავლობაში, რომელიც ჟურნალისტებმა ეროვნულ გუნდთან ერთად გავატარეთ.

რაც მთავარია, სლოვაკი არ ტოვებს ცხვირაწეული, უჟმური და საკუთარ თავში ზედმეტად დარწმუნებული ადამიანის შთაბეჭდილებას. არადა, სლოვაკურ ფეხბურთში ის მართლაც ლეგენდარული პიროვნებაა - მწვრთნელის რანგში პირველად გაიყვანა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე.

რთული ხასიათის ბიჭებთან...
საქართველოს ნაკრების "შიდა სამზარეულოში" რა და როგორ ხდება, ეს ზუსტად არ ვიცით, თუმცა რაც ვნახე, იმაზე ქვემოთ დავწერ. აქ კი სხვა რამეზე უნდა ვთქვა.

მინდორზე თუ სხვაგან, ვაისს აუცილებლად მოუწევს შეხვედრა შედარებით რთული ხასიათის ქართველ ბიჭებთან. რატომღაც გვგონია, რომ სლოვაკი შეძლებს მათ გუნდურ ყალიბში მოქცევას.

რთული ბიჭები თავის დროზე სლოვაკეთის ნაკრებსაც არ აკლდა. რაღა შორს წავიდეთ, მაგალითად იტალიური "ნაპოლის" ვარსკვლავი მარეკ ჰამშიკიც გამოგვადგება. ჰამშიკის ხასიათის სირთულეზე კი იტალიაში ლეგენდები დადის. მარტივი ხასიათი არც "ლივერპულის" ვარსკვლავ მარტინ შკრტელს აქვს.

ვაისმა ეს ბიჭები მოთოკა და სწორედაც ერთ ყალიბში მოაქცია. იგივე უნდა მოახერხოს მან საქართველოს ნაკრებშიც. ეს აუცილებელია.

სლოვაკს ამის ძალა შესწევს, ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანს.

იდილია
დავაკვირდი საქართველოს ნაკრების მოთამაშეთა ქცევას, სიტყვა-პასუხსა და ურთიერთობებს სასტუმრო "ჰუალინგში" და ჩემი აზრი უნდა დავწერო - ჩვენი გუნდის "შიდა სამზარეულოში" ახლა იდეალური სიტუაციაა.

არ შეიძლება, ეს არ გიხაროდეს და ისიც ფაქტია, რომ თუ წარმატების მიღწევა გვინდა, ეს სწორედ ასეც უნდა იყოს. საქართველოს ნაკრებში არის რამდენიმე ინდივიდი, ვინც დადებით განწყობას ქმნის და მერე ამ განწყობას სხვებიც უერთდებიან.

რა თქმა უნდა, გამორჩევა ამ შემთხვევაში მთლად კარგი ტონი ვერ არის, მაგრამ აუცილებლად ცალკე უნდა დავწერო გურამ კაშიაზე. პირდაპირ უნდა ვთქვა - აგერ, რა ხანია, არ მყოლია ასეთი რესპონდენტი და კიდევ უფრო დიდი ხანია, არ მინახავს ასეთი უბრალო ფეხბურთელი.

ახლა კი ვხვდები, რატომ გამოფინეს ამხელა მხარდამჭერი ბანერი გურამის საპატივცემულოდ "ვიტესის" ფანებმა და რატომ უყვართ ასე ჰოლანდიაში...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
რა რთული ხასიათი რას აფეტიშებთ ამ ბიჭებს რომელიმე მესი ან რონალდო არ იყოს ისევ მათთვის არის პრესტიჟული თუ ნაკრებში ითამაშებენ, იქნებ უკეთეს კლუბში მიიწვიონ შემდეგ
0
რთული ხასიათი არა ! რთული ხასიათი შეიძლება ეპატიოს და ანგარიში გაეწიოს ვარსკვლავს; ჩვენ რომელი გვყავს შეუცვლელი?
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული