ვლადიმირ ვაისი: ჩემსა და პუტინს შორის კიდევ ერთი მსგავსება აღმოვაჩინე

AutoSharing Option
2016 წლის მარტში საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნული ვლადიმირ ვაისი ცნობილ სლოვაკურ საფეხბურთო ოჯახს წარმოადგენს. მამამისიც ვლადიმირ ვაისია, ასევე ყოფილი ფეხბურთელი - ჩეხოსლოვაკიის ნაკრებში ნათამაშები, 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი.

ვაისების ოჯახში, ეტყობა, მამაკაცთა სხვა სახელს არ ცნობენ - ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვაჟიც ვლადიმირ ვაისია - ბაბუასა და მამაზე პოპულარული ფეხბურთელი, სლოვაკეთის ნაკრების, "მანჩესტერ სიტის", "ბოლტონის", "გლაზგო რეინჯერსისა" და "ესპანიოლის" ექსთავდამსხმელი.

თავად გახლდათ ცნობილი ფეხბურთელი და შემდგომ აღიარებას მწვრთნელის რანგშიც მიაღწია. იყო ჩეხოსლოვაკიის ნაკრების წევრი და
1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე, 1993-95 წლებში კი მშობლიური სლოვაკეთის ეროვნულ გუნდში გამოდიოდა...

ვფიქრობთ, დაგაინტერესებთ ინტერვიუ, რომელშიც ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი საინტერესო ისტორიებს ჰყვება...

ყველა ვლადიმირი!
- როცა საქართველოს ნაკრების მწვრთნელად დაინიშნეთ, ბევრმა ყურადღება მიაქცია, რომ პუტინის მსგავსად, თქვენც ვლადიმირ ვლადიმიროვიჩი ბრძანდებით...
- (იცინის) ამაზე ხშირად მეხუმრებიან. ჩემსა და პუტინს შორის კიდევ ერთი მსგავსება აღმოვაჩინე - საათს ორივე მარჯვენა ხელზე ვატარებთ.

- საინტერესო საფეხბურთო კარიერა გაქვთ. სხვა თუ არაფერი, მსოფლიოს ჩემპიონატების მონაწილე ხართ, ერთხელ - როგორც მოთამაშის, მეორედ კი მწვრთნელის რანგში...
- 1990 წელს ჩეხოსლოვაკია ძალიან ძლიერი ნაკრები იყო. მე ჯგუფური ეტაპის ყველა შეხვედრა ვითამაშე - ამერიკასთან, ავსტრიასა და იტალიასთან, მეოთხედფინალში კი მომავალ ჩემპიონ გერმანიასთან 0:1 დავმარცხდით.

იოჟეფ ვენგლოში გვავარჯიშებდა. ის ჭკვიანი და დიპლომატი მწვრთნელი იყო. ფეხბურთელებს არასოდეს გვიყვიროდა, ინდივიდუალურად გველაპარაკებოდა და გუნდის წინაშე არასოდეს გაგვაკრიტიკებდა - მისგან ბევრი რამ ვისწავლე. არადა, ჩეხოსლოვაკიის ნაკრებში რთულ პერიოდში მუშაობდა.

ქვეყანა იშლებოდა, თავად კი სლოვაკი იყო და სულ ჰქონდათ კითხვები, რატომ არ იწვევდა ნაკრებში ამა თუ იმ ჩეხ ფეხბურთელს და რატომ ამჯობინებდა სლოვაკს? არადა, გუნდში ჩეხები და სლოვაკები თანაბრად ვიყავით.

- ამბობენ, ბუნება შვილზე ისვენებსო, მაგრამ მამათქვენი, უფროსი ვლადიმირ ვაისი ოლიმპიადის ვერცხლისპრიზიორი და კარგი ფეხბურთელი იყო, თქვენც კარგ დონეზე ითამაშეთ, თქვენმა შვილმა, პატარა ვლადიმირ ვაისმაც კარიერა კარგად დაიწყო და სამი წელი "მანჩესტერ სიტიში" თამაშობდა, მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეა. რა ხდება, ვაისებზე ბუნება არ ისვენებს?
- ძალიან მეამაყება, საფეხბურთო ოჯახიდან რომ ვარ. მამა საკმაოდ მაღალ დონეზე თამაშობდა და შვილიც კარგად იწყებდა...

- სამ ვლადიმირ ვაისში საუკეთესოდ რომელს მიიჩნევთ?
- ვფიქრობ, საუკეთესო პატარა ვლადიმირია. ნაკრებში უკვე 50-მდე თამაში ჩაატარა და დარწმუნებული ვარ, უფრო მეტ სარგებლობასაც მოუტანს გუნდს.

- ყატარში რატომ წავიდა?
- ეს დროებითია. ალბათ, მალე ისევ ევროპაში დაბრუნდება. მალე შვილიშვილს ველოდები და იმედია, ის კიდევ უკეთესი ფეხბურთელი იქნება.

- ბიჭი თუ იქნა, თქვენი ტრადიციიდან გამომდინარე, იმასაც ვლადიმირს დაარქმევთ, ალბათ...
- დიახ, მეოთხე ვლადიმირიც იქნება!..

- ფეხბურთელობის ჟამს ცნობილი მამა მკაცრად გაკრიტიკებდათ თუ მხოლოდ გამხნევებდათ?
- არა, მკაცრი არ ყოფილა.

ამას ვერასოდეს წარმოვიდგენდი!..
- შვილს თავადაც ასე ექცეოდით?
- ასევე ვერ მოვიქცეოდი, რადგან ვიყავი იმ ნაკრების მწვრთნელი, სადაც ის თამაშობდა. ეს კი მწვრთნელის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული მომენტია. რეალურად, ნაკრების მწვრთნელის პოსტი ამის გამოც დავტოვე. მამა-შვილის ერთ გუნდში მუშაობა ჩემთვისაც ძნელი იყო და მისთვისაც.

ახლა სლოვაკეთის ნაკრებში სხვა მწვრთნელი მუშაობს და პატარა ვლადიმირი ძველებურ ზეწოლას აღარ განიცდის, სულ სხვა ფსიქოლოგიური განწყობით გადის მოედანზე. თუმცა ის ნაკრებში ჩემს დროსაც ძალიან კარგად თამაშობდა.

- სლოვაკეთის ნაკრებში დაუვიწყარი წლები გაატარეთ...
- დიახ, ის წლები ძალიან კარგად მახსენდება, მაგრამ იქ დიდ ზეწოლას განვიცდიდი. ყველაზე ძნელი ისაა, როცა შენს ქვეყანაში ჯერ სახალხო გმირი ხარ, ბოლოს კი ლამის ყველაზე საშინელი ადამიანი ხდები. წარუმატებლობაში ხომ ყოველთვის მწვრთნელია დამნაშავე... მაგრამ ამაზე ლაპარაკი არ მინდა. ეს მწვრთნელის ხვედრია.

- საქართველოს ნაკრები მალე სლოვაკეთს ამხანაგურ მატჩში შეხვდება. საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ თამაში კი სასიამოვნო განცდა არ უნდა იყოს...
- ძალიან ძნელია, რადგან ჩემი ქვეყანა ძალიან მიყვარს. ეს თამაში ემოციების გარეშე ვერ იქნება. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ გუნდს ჩემი ქვეყნის ნაკრებისა და ჩემი შვილის წინააღმდეგ გავიყვანდი, მაგრამ მწვრთნელის საქმე ამიტომაცაა რთული. კარგი ისაა, რომ თამაში ავსტრიაში გაიმართება.

რა ვიცი საქართველოზე?..
- საქართველო საბჭოთა კავშირს რომ გამოეყო, ფეხბურთის განვითარების იმედი გვქონდა, მაგრამ პირიქით მოხდა და ახლა მძიმე კრიზისში ვართ. გულშემატკივარი უცხოელი მწვრთნელის ჩამოსვლას განსაკუთრებული იმედით ელის. ამ შემთხვევაში, მედლის მეორე მხარე გვაინტერესებს - საქართველოში მუშაობას თავად რა იმედებს უკავშირებთ?
- ჯერ მინდა, საქართველოში მოწვევისა და თბილი მიღებისთვის მადლობა ვთქვა. ყაზახეთში, ალმათის "ქაირათში" სამი წელი ვიმუშავე და დეკემბერში გუნდი დავტოვე. გავიდა ცოტა ხანი და დავით მუჯირი დამიკავშირდა - საქართველოს ნაკრებში მუშაობა შემომთავაზა. დავინტერესდი და ისტორიას გადავხედე...

- მანამდე ჩვენს ფეხბურთზე თუ იცოდით რამე?
- როგორ არ ვიცოდი?! ჯერ კიდევ მოთამაშეობის პერიოდიდან ვიცნობდი თბილისის "დინამოს" და იმ ქართველ ფეხბურთელებს, რომლებიც საბჭოთა პერიოდში ბრწყინვალედ თამაშობდნენ. მე პირადად ძალიან მომწონდა დავით ყიფიანი - ძალიან ტექნიკური, ჭკვიანი და ინტელიგენტი ფეხბურთელი, რომელიც თავითაც მშვენივრად თამაშობდა.

- თქვენ "დინამო" ასე კარგად გახსოვთ?!
- რა თქმა უნდა! 20 წლის ბიჭი ხომ არ ვარ? მაშინ საბჭოთა კავშირის ნაკრებში ბევრი კარგი ფეხბურთელი იყო. მე ის თამაშიც მახსოვს, "დინამომ" ევროპის თასი რომ მოიგო. ისიც ვიცი, რომ ქართველებს სულ გყავდათ ტექნიკური მოთამაშეები. თქვენი წარსული და პოტენციალი მაიმედებს, რომ აქ შეიძლება კარგი ნაკრების ჩამოყალიბება. ტექნიკა ისეთი რამაა, ამას ვერ ასწავლი. თქვენს ფეხბურთელებს კი კარგი ტექნიკური და ინდივიდუალური მონაცემები გააჩნიათ. სწორედ ეს უნდა გამოვიყენოთ.

- კარიერის პერიოდში როდესმე საქართველოში გითამაშიათ?
- არც მოთამაშის და არც მწვრთნელის რანგში ადრე აქ არასოდეს ვყოფილვარ. პირველად, ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტის გაფორმებამდე ჩამოვედი. მაგრამ როგორც გითხარით, ქართულ ფეხბურთს ვიცნობ. საქართველოში სლოვაკური გუნდები ჩამოსულან და ვიცი, აქ თამაშის ყველას ეშინოდა.

- გამიკვირდა, ინტერვიუმდე რაც მითხარით - თურმე, ნანახი გაქვთ ფილმი "რაჭა - ჩემი სიყვარული"...
- ბუნებრივია, მაშინ საბჭოთა კავშირიდან საკმაოდ ბევრი ფილმი შემოჰქონდათ. თანაც, ეს ფილმი სლოვაკურ და ქართულ რაჭაზე იყო. ისიც ვიცოდი, რომ კომუნიზმის კრახის შემდეგ დამოუკიდებლობა მოიპოვეთ და ქვეყანაში დიდი ცვლილებები მოხდა.

მიყვარს რისკი...
- წმინდა საფეხბურთო კუთხით, თქვენი წარსული და პოტენციალი მაიმედებს, ასეთ ქვეყანაში შეიძლება კარგი ნაკრების ჩამოყალიბება. ქართველებს ფეხბურთი გიყვართ და ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც კონტრაქტის გაფორმებას დავთანხმდი.

- საკუთარ ქვეყანაში მოთამაშის ერთი გამოხედვის ქვეტექსტსაც მიხვდებით და არ გამოგეპარებათ. უცხოეთში კი, სანამ ხალხის ფსიქოლოგიასა და მენტალიტეტს გაიგებთ, დრო გადის. სწორედ ეს იყო საქართველოში ჩამოსული უცხოელი სპეციალისტების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა...
- ენობრივი ბარიერი ყველაზე რთულია, მაგრამ მე ვიცი რუსული, გერმანული და ინგლისური. ქართველი ფეხბურთელები კი რუსულენოვან ქვეყნებსა და ევროპაში თამაშობენ, ნაწილმა რუსული იცის, ნაწილმა ინგლისური და ეს ბარიერი მომეხსნება. მაგრამ შედეგი აჩვენებს, ფეხბურთელებთან საერთო ენა გამოვნახე თუ არა.

- საქართველო არა მხოლოდ ნიჭიერი მოთამაშეებით, არამედ ამ ნიჭის გაფლანგვითაცაა ცნობილი. სლოვაკეთის ნაკრებში ასეთ ფეხბურთელებთან მუშაობისა და კალაპოტში მოქცევის გამოცდილება თუ გქონიათ?
- ასეთებს ყველა ქვეყანაში ნახავთ. მეც მინახავს ნიჭიერი სლოვაკი ფეხბურთელი, რომელიც შესაძლებლობებს ბოლომდე ვერ ავლენდა და მერე დაკარგულა. იმიტომ, რომ ნიჭი მხოლოდ საფუძველია, რომელსაც დიდი ფეხბურთელი ემყარება. ამ ნიჭის რეალიზებას კი მუხლჩაუხრელი შრომა სჭირდება. ქართული ფეხბურთის ბოლო მაგალითებიც ამაზე მეტყველებს: კობიაშვილმა, კალაძემ და იმავე მუჯირმა კარიერა შრომით აიწყვეს.

- საერთოდ, ახალგაზრდებით გარისკვა გიყვართ?
- კი, საკმაოდ. ჩემი შვილი 19 წლის იყო, როცა ნაკრებში, მსოფლიო ჩემპიონატის მატჩში სასტარტო შემადგენლობაში ვათამაშე. კიდევ რამდენიმე ახალგაზრდას ვენდე. მაგალითად, მარეკ ჰამშიკი ნაკრების კაპიტანი ჩემი მწვრთნელობის პერიოდში გახდა, მსოფლიოს ჩემპიონატზე კი სამკლავური ოფიციალურად მოირგო. მარეკი უკვე "ნაპოლიში" თამაშობდა და ნიჭიერი ფეხბურთელის სახელიც ჰქონდა, მაგრამ მაშინ სულ რაღაც 22 წლის იყო. ამ ბიჭებმა გუნდს ახალგაზრდული თავხედობა შესძინეს, რასაც არავინ ელოდა და საბოლოოდ, ჩვენი წარმატების მიზეზი ესეც გახდა.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 4 /
agdgoma da xvaleo!
0
პუტინი საეთოდ რა გასახსენებელი იყო ?მაგ უხსენებელი(((
ზაზა
19:12 04-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული