სლოვაკეთი-საქართველო 3:1 - ჩვენ ვეძებთ ფეხბურთს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
...არც კი ვიცით, რა ან როგორი ახსნა მოვუძებნოთ ნეიტრალურ მოედანზე (ავსტრიაში) გამართულ ამ საერთაშორისო მატჩს, უფრო ზუსტად, ამხანაგურ შეხვედრას, სადაც, ერთი შეხედვით, მოულოდნელი არაფერი მომხდარა!..

ჰო, რატომ უნდა გაგვკვირვებოდა მარცხი იმ ნაკრებთან, მსოფლიოს კლასიფიკაციაში 32-ე ადგილზე რომ იმყოფება და რომელსაც თითქმის 100 (!) საფეხურით ჩამორჩები?

რა ვქნათ, ძალიან არ გვინდა ქართველი გულშემატკივრებისათვის იმის შეხსენება, რომ იმ ფიფას რეიტინგში დღესდღეობით ჩვენზე წინ არიან რუანდა და ბოტსვანა, მავრიტანია და ბელიზი, ყირგიზეთი და ახლა უკვე ბურუნდიც.

ანუ, აქედან გამომდინარე, არც უნდა "მოსთხოვო" საქართველოს
ნაკრებს, რომ სლოვაკეთს მოუგოს, ოღონდ საკითხავია, "რომელ" სლოვაკეთს: მეტოქემ ხომ ჩვენთან მართლაც ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და, ფაქტობრივად, სარეზერვო შემადგენლობაც დაგვიპირისპირა!

მარეკ ჰამშიკი, მარტინ შკრტელი, იურაი კუცკა, მიროსლავ შტოხი, პეტერ პეკარიკი, იან დიურიცა, ტომაშ ჰუბოჩანი, ვლადიმირ ვაისი-უმცროსი, მიროსლავ შტოხი - სლოვაკეთის ნაკრების არც ერთი ცნობადი სახე მოედანზე არ გამოსულა, ისე,  როგორც ძირითადი მეკარე მატიუშ კოჟაჩიკი.

მხოლოდ შეცვლაზე შემოვიდნენ ძირითადი შემადგენლობის სხვა ფეხბურთელებიც (მიხალ დიურიში, დუშან შვენტო, სტანისლავ შესტაკი), ანუ სლოვაკთა თავკაცი იან კოზაკი მთლიანად ექსპერიმენტულ შემადგენლობას დაეყრდნო და როგორც თვითონ ადევნებდა აუღელვებლად და უემოციოდ თავისი რეზერვისტების თამაშს თვალს, ასე აუღელვებლად (გნებავთ, აუჩქარებლად) თუ უემოციოდ მოიგო სლოვაკთა მეორე შემადგენლობამაც ის ამხანაგური შეხვედრა.

ეგ კი არა, პატივცემულმა კოზაკმა... მესამე მეკარეც გამოსცადა და არც იან ნოვოტას გარჯით უნდა დარჩენილიყო უკმაყოფილო. არადა, არავინ იცის, როგორ დამთავრდებოდა ეს მატჩი, სლოვაკებს მოედანზე ოპტიმალური შემადგენლობა რომ ჰყოლოდათ - საქართველოს ნაკრების ისტორიაში ხომ არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა განსაკუთრებული მოტივაციით სწორედ ძლიერ მეტოქესთან გვითამაშია.

აი, ამჯერად კი, ჩვენს ნაკრებთან მიმართებაში სიტყვა "მოტივაცია" აშკარად უადგილოც იყო და უცხოც, ისე, როგორც ძალიან ბევრი სხვა საფეხბურთო ტერმინი. რას დავაბრალოთ ჩვენი ნაკრების წევრთა თითქმის უმრავლესობის ასეთი უჯიგრო თამაში?

რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი მიზეზის მოყვანა შეიძლება, რომელთაგანაც ზოგი ობიექტურია, ზოგიერთი მიზეზი კი - მართლაც ქრონიკულია და აღარც ვიცით, საიდან დავიწყოთ.

უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ნაკრების საკადრო პრობლემებიც უნდა ვახსენოთ: სლოვაკებისაგან განსხვავებით, ნამდვილად არა გვაქვს იმის ფუფუნება, რომ წამყვანი ფეხბურთელების (ჯაბა კანკავას, ჯანო ანანიძისა და გიორგი ჭანტურიას) არყოფნა უარყოფითად არ აისახოს არა მხოლოდ თამაშზე, არამედ საბოლოო შედეგზეც.

ამათ გარდა, არ უთამაშიათ გიორგი ლორიასა და უჩა ლობჟანიძეს, ერთი-ორი ფეხბურთელი კი, ჩვენი აზრით, ამ ეტაპისათვის საქართველოს ნაკრებს რომ გააძლიერებდა, ვლადიმირ ვაისს, საერთოდ, არ გამოუძახებია.

ქრონიკულად პრობლემური
თუმცა, ჩვენი ნაკრების სლოვაკ თავკაცსა და მის მორიგ ექსპერიმენტ(ებ)ზე ოდნავ ქვემოთ ვისაუბროთ, მანამდე კი ისევ იმ ქრონიკულად ქცეული უშინაარსო, უჯიგრო და უმოტივაციო თამაშის მიზეზებს დავუბრუნდეთ; ანდა, რაღაა სათქმელი: დავუშვათ, ახალი მწვრთნელის ტაქტიკურ-სტრატეგიული სიახლეების გასაცნობად დრო არ იყო საკმარისი, მაგრამ ჩვენს კარში გაშვებული პირველი და მეორე გოლის ეპიზოდებში რა შეცდომებიც დაუშვეს საქართველოს ნაკრების მცველებმა თუ ნახევარმცველებმა, ამას ახალი მწვრთნელის ფაქტორს ვერ დავაბრალებთ.

მესამე გოლის აღწერისგან კი თავს შევიკავებთ: უკვე ხომ მართლაც ტრადიციასავით გვექცა ჩვენს კარში გაშვებული კურიოზული გოლები...

აღარაფერს ვამბობთ ასევე ქრონიკულად ქცეულ კიდევ ორ პრობლემატურ საკითხზე: სლოვაკებისგან განსხვავებით, ქართველ ლეგიონერთა ძალიან დიდი ნაწილი თავის კლუბში სათამაშო პრაქტიკასაა მოკლებული. ამას გარდა, ასევე სლოვაკებისაგან განსხვავებით, ჩვენი ჩემპიონატის დაბალი დონე კიდევ ერთხელ გამოჩნდა.

ზემოთ ვახსენეთ, რომ სლოვაკებმა თავიანთი ვარსკვლავები დაასვენეს, სამაგიეროდ, ძირითადში ვიხილეთ ამ ქვეყნის ჩემპიონატში მოასპარეზე ოთხი ფეხბურთელი და ოთხივემ მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა: ცენტრალურმა მცველმა კორნელ სალატამ, საყრდენმა ნახევარმცველმა ვიქტორ პეჩოვსკიმ, მარცხენა გარემარბმა ადამ ზრელაკმა და, განსაკუთრებით, გამთამაშებელმა მატიუშ ბერომ, რომელიც დუბლის ავტორთან, ცენტრფორვარდ ადამ ნემეცსა და მარჯვენა გარემარბ ერიკ საბოსთან ერთად, უდავოდ, საუკეთესო გახლდათ იმ ამხანაგურ შეხვედრაში.

როცა კითხვები მატულობს...
...არც ადრე შეგვპარვია ეჭვი საქართველოს ნაკრების ახალი თავკაცის, ვლადიმირ ვაისის კვალიფიკაციაში და დღესაც ასე ვფიქრობთ; თანაც, იმის მიუხედავად, რომ მისი ხელმძღვანელობით ჩვენმა ნაკრებმა ჯერ ყაზახეთის ნაკრებთან ითამაშა ფრედ, ახლა კი სლოვაკეთის, ფაქტობრივად, მეორე ნაკრებთან წააგო. თუმცა, ვაისის მისამართით კითხვები ყაზახეთთან საშინაო მატჩის მერეც იყო და ახლა, ალბათ, ბევრად მეტია.

რა თქმა უნდა, ახალი მწვრთნელი ჯერ ძიების პროცესშია და, სავარაუდოდ, ამას უნდა მივაწეროთ ის ფაქტიც, რომ სლოვაკი სპეციალისტი ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბებულა, თუ რომელი განლაგებით ათამაშოს საქართველოს ნაკრები. მოგეხსენებათ, რომ ყაზახეთთან საშინაო მატჩში ჩვენი ნაკრების ტაქტიკური განლაგება 4-2-3-1 იყო, თანაც, პირველ ტაიმში ცენფორვარდის პოზიციაზე ვაკო ყაზაიშვილი გახლდათ გამწესებული.

ამ ექსპერიმენტმა აშკარად არ გაამართლა. სამაგიეროდ, ყაზახების კართან სახიფათო მომენტებმა მაშინ იმატა, მოედანზე "ნამდვილი" ცენტრფორვარდი ნიკა კაჭარავა რომ გამოჩნდა. სხვათა შორის, გაგვიკვირდა, საქართველოს ნაკრების ამ სამი ამხანაგური მატჩისათვის კაჭარავა რომ არ გამოიძახა ვაისმა: სათამაშო პრაქტიკის უქონლობა თუ არის მიზეზი, მსგავსი პრობლემა ხომ ჩვენს სხვა ფეხბურთელებსაც ჰქონდათ?!.

თუმცა, ისევ დავუბრუნდეთ ვაისისის ტაქტიკურ სქემებს, რამეთუ სლოვაკეთის მეორე შემადგენლობასთან ჩატარებულ ამხანაგურ შეხვედრაში ამჯერად სხვა განლაგება ვიხილეთ. თანაც, ამჯერადაც, რამდენიმე ფეხბურთელს მოუწია თავისთვის უჩვეულო პოზიციაზე თამაში და უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ექსპერიმენტ(ებ)მა არ გაამართლა: ყაზაიშვილი ამჯერად... მარჯვენა ნახევარმცველად ვიხილეთ, ხოლო ნაკრების დებიუტანტი ვახტანგ ჭანტურიშვილი მოედნის ცენტრში უნივერსალ სანდრო კობახიძეს შეუწყვილდა, მათ უკან კი გამოკვეთილ საყრდენად ნიკა კვეკვესკირი გახლდათ გამწესებული.

აქვე, საკუთარ აზრს მოგახსენებთ: მიგვაჩნია, რომ იმ რამდენიმე ფეხბურთელს შორის, სლოვაკეთის მეორე ნაკრებთან მატჩში კრიტიკას რომ არ იმსახურებს, ერთ-ერთი სწორედ კვეკვესკირი იყო; აი, ყაზაიშვილი კი გამოკვეთილი ფლანგის ნახევარმცველი (მით უმეტეს, 4-1-4-1 განლაგების დროს) რომ არ არის, ეს ნათლად გამოჩნდა, ისე, როგორც ჭანტურიშვილი ჩაიკარგა მოედნის ცენტრში, არადა, ამ ახალგაზრდა ნახევარმცველმა თბილისის "დინამოში" მშვენიერი სეზონი ჩაატარა, სადაც ორივე ფლანგზე უწევდა თამაში და არა - ცენტრში.

კიდევ ვიმეორებთ: გვესმის, რომ ვლადიმირ ვაისი ძიების პროცესშია და 3 ივნისს დაგეგმილ მომდევნო ამხანაგურ მატჩში (რუმინეთის ნაკრებთან), შესაძლოა, სულ სხვა ტაქტიკა აირჩიოს, მაგრამ მეორე საკითხია, თუ რამდენად მალე და უმტკივნეულოდ შეეგუებიან თუ შეისწავლიან ჩვენი ნაკრების ფეხბურთელები (გნებავთ - ვეტერანები, გნებავთ - ახალგაზრდები) ახალი მწვრთნელის ტაქტიკურ ვარიაციებს.

დროის ფაქტორი
დროის ფაქტორი კი ამ შემთხვევაში ერთობ მნიშვნელოვანია: ვაისის წინამორბედს, კახა ცხადაძეს ხომ თითქმის ნახევარი წელიწადი დასჭირდა, საქართველოს ნაკრებს ახალი ტაქტიკური სქემა მეტ-ნაკლებად სრულყოფილად რომ აეთვისებინა.

ანუ ნუ გამოვრიცხავთ, რომ ამ უახლოეს ორ ამხანაგურ მატჩში (რუმინეთთან და ესპანეთთან) კვლავაც არაერთი სიახლე-ექსპერიმენტი ვიხილოთ ჩვენი ნაკრების ტაქტიკურ განლაგებასა თუ შემადგენლობაში, ოღონდ იმედსაც დავიტოვებთ, რომ შემოდგომისათვის (ანუ შესარჩევი ციკლის დაწყებამდე) ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელი და ფეხბურთელები ბევრად უკეთ გაუგებენ ერთმანეთს.

იმის იმედსაც დავიტოვებთ, რომ შემოდგომაზე ჩასატარებელ ოფიციალურ მატჩებს საქართველოს ნაკრები ოპტიმალური შემადგენლობით შეხვდება და ვაისიც მხოლოდ იმ ფეხბურთელებს გამოიძახებს, ვინც იმ მომენტისთვის ოპტიმალურ ფორმაში იქნება, თორემ კითხვები მერე იქნება, თუ იქნება.

ისე, როგორც ახლა აინტერესებს ბევრს ამ სამ ამხანაგურ თამაშებზე გოგიტა გოგუას გამოუძახებლობა: ეს უნივერსალი ფეხბურთელი ხომ ამჟამად მართლაც მშვენიერ ფორმაშია და, რაც მთავარია, ვაისმაც კარგად იცის მისი შესაძლებლობები...

...და პოზიტივიც
ბოლოს კი სლოვაკეთი-საქართველოს მატჩის დადებით ასპექტებზეც: ნიკა კვეკვესკირზე უკვე ვთქვით, ასევე თავიანთ დონეზე ჩაატარეს შეხვედრა გიორგი ნავალოვსკიმ და თორნიკე ოქრიაშვილმა, აქტიურად შემოვიდნენ შეცვლაზე ახალგაზრდა ფეხბურთელები, გიორგი ქვილითაია და ლაშა დვალი.

ასევე შეცვლაზე შემოსულმა ლევან ყენიამ კი ნაკრებში თითქმის რვაწლიანი პაუზის მერე გაიტანა გოლი, რაც მისალოცი საქმეა, ისე, როგორც საქართველოს ნაკრებში სადებიუტო მატჩის ჩატარება გვინდა მივულოცოთ ჯაბა ჯიღაურს, გიორგი ქვილითაიას და ვახტანგ ჭანტურიშვილს...


საერთაშორსიო ამხანაგური მატჩი
27.05. "რენერ არენა". ველსი (ავსტრია)
სლოვაკეთი-საქართველო 3:1
გოლები: 1:0 ნემეცი (5), 2:0 ნემეცი (56), 3:0 ზრელაკი (70), 3:1 ყენია (71)
სლოვაკეთი (4-2-3-1): მუხა (63. ნოვოტა) - გიომბერი, სალატა, ტესაკი, შკრინიარი - პეჩოვსკი, გრეგუში (87. შვენტო) - საბო (66. შესტაკი), ბერო (79. ჰროშოვსკი), ზრელაკი - ნემეცი (70. დიურიში).
სათადარიგოები: პეკარიკი, შტოხი
მწვრთნელი: იან კოზაკი
საქართველო (4-1-4-1): რევიშვილი - კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, ნავალოვსკი (66. დვალი) - კვეკვესკირი - ყაზაიშვილი (78. ჯიღაური), ჭანტურიშვილი (46. ამისულაშვილი), კობახიძე (46. ყენია), ოქრიაშვილი - მჭედლიძე (46. ქვილითაია).
სათადარიგოები: ცისკარიძე, დვალიშვილი, კვასხვაძე, მაკარიძე
მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი
არბიტრი: ო. დრახტა (ავსტრია)

მატჩის სტენოგრამა
5" - სლოვაკების პირველივე გააზრებული შეტევა გოლით დასრულდა: გრეგუშის მიერ  წამოწყებული კომბინაცია ბერომ გააგრძელა, რომლის ზუსტის პასის შემდეგ, დაახლოებით 10-11 მეტრიდან ნემეცმა ოსტატურად შეასრულა დარტყმა - 1:0.
9" - ოქრიაშვილის სახიფათო დარტყმას სლოვაკეთის ნაკრების მცველები გადაეღობნენ.
20" - ნავალოვსკის აქტიურობის შემდეგ კობახიძემ საჯარიმოს გარედან არაზუსტად დაარტყა.
39" - საბოს შორეული და ძლიერი დარტყმა რევიშვილმა მოიგერია.
49" - კვეკვესკირი საშუალო მანძილიდან ურტყამს - მუხამ პოზიცია სწორად შეარჩია.
54" - ოქრიაშვილის მიერ შესრულებული "სტანდარტული" არაზუსტი გამოდგა.
57" - ტესაკმა მარცხენა ფლანგიდან მაღალი გადაცემა გააკეთა ჩვენს საჯარიმოში, სადაც ნემეცმა ყველას დაასწრო და ზუსტი თავური დარტყმით ანგარიში გაზარდა - 2:0.
62" - შეცვლაზე აქტიურად შესული ქვილითაიას თავურ დარტყმას მეტოქის კართან ხიფათი მოჰყვა.
64" - ოქრიაშვილის ძლიერი დარტყმის მერე სლოვაკები მეკარე ნოვოტამ იხსნა. დამატებაზე ყველას ქვილითაიამ დაასწრო, მაგრამ არაზუსტად დაარტყა.
70" - სლოვაკებმა მარჯვენა ფლანგზე "სტანდარტულის" უფლება მოიპოვეს და ზრელაკის არცთუ ძლიერ დარტყმას (თუ ჩაწოდებას) ჩვენს კარში გატანილი მე-3 გოლი მოჰყვა - 3:0
71" - ყენიას მშვენიერი სოლო-რეიდი ეფექტური და ზუსტი დარტყმით დამთავრდა - 3:1.
84" - დვალის თავურის მერე ბურთი კუთხურზე გადავიდა.
87" - კაშიას მშვენიერი შანსი ჰქონდა, მაგრამ სლოვაკეთი ნოვოტამ გადაარჩინა.
89" - ქვილითაიას თავური დარტყმა არაზუსტი გამოდგა.
90" - შესტაკი რთული მდგომარეობიდან ახლო კუთხეში ურტყამდა: ბურთი მიზანს მცირედით ასცდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
dvalma iatamasha kargad?
amisulashvilma itamasha kargad ?
dacvashi viyavit noli !! dacere ra vin unda gamoedzaxa dacvashi!!! jurnalisti xar, tu federaciis pres mdivani?!! dacere !!! " ერთი-ორი ფეხბურთელი კი, ჩვენი აზრით, ამ ეტაპისათვის საქართველოს ნაკრებს რომ გააძლიერებდა," meti konkretikaa sachiro !!
gaucho
10:07 30-05-2016
0
ევროპული (არა მსოფლიო) საშუალო დონის ნაკრების მესამე შემადგენლობა პირწმინდად გვასწორებს მიწასთან სასაცილოა სატირალი რო არ იყოს.
გივია
10:16 30-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული