კაპიტანი ჯანზეა - საქართველოს ნაკრებს გაბრაზებული რუმინეთი ელოდება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები ავსტრიაშია და იქ განაგრძობს სამზადისს რუმინეთთან გასამართავი ამხანაგური მატჩისთვის, რომელიც 3 ივნისს ბუქარესტის ეროვნულ სტადიონზე შედგება. ვლადიმირ ვაისის გუნდს რეაბილიტაცია მართებს სლოვაკეთთან განცდილი მტკივნეული მარცხისთვის...

სლოვაკეთის ნაკრებთან მატჩის შემდეგ ვლადიმირ ვაისმა ფეხბურთელებს აღდგენითი ხასიათის ვარჯიშები ჩაუტარა. ჩვენი გუნდის მოთამაშეებმა გაიარეს ფიზმომზადების განმსაზღვრელი საერთაშორისო ტესტიც.

გვაქვს სასიამოვნო სიახლეც - გამოჯანმრთელდა ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა, რომელმაც სლოვაკეთთან მატჩის დღეს თავი შეუძლოდ იგრძნო და ვაისმა მინდორზე მისი გაყვანა არ გარისკა.

უკვე ჯანზეა თბილისის "დინამოს" მარჯვენა მცველი უჩა ლობჟანიძეც. მან სლოვაკეთის
ნაკრებთან შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა.

ნაკრებთან ერთად სრული დატვირთვით ემზადება გერმანული "დუისბურგის" შემტევი გიორგი ჭანტურია. ის ეროვნულ გუნდს დაგვიანებით, გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში ადგილის შესანარჩუნებელი პლეი ოფის შემდეგ შეუერთდა.

გუშინ გვიან საღამოდან ვაისის განკარგულებაში უნდა ყოფილიყო ესპანური "ხიმნასტიკის" საყრდენი ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია. მას ევროპული შეკრების პირველი ნაწილი და სლოვაკეთთან მატჩი სეგუნდა დივიზიონის კალენდარული მატჩის გამო გაუცდა. მოგეხსენებათ, "ხიმნასტიკი" პრიმერა დივიზიონში აღზევების შანსს ინარჩუნებს და მნიშვნელოვან მატჩში გუნდთან ერთად მისი ყოფნა აუცილებელი იყო.

მაშ ასე, როგორც იქნა, საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით შეიკრიბა, თუ არ ჩავთვლით ტრავმირებულ ჯანო ანანიძესა და გიორგი ლორიას.

მოდით, კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი ჩვენი გუნდის შემადგენლობას:

მეკარეები: ნუკრი რევიშვილი ("მორდოვია", რუსეთი), გიორგი მაკარიძე ("ფეირენშე", პორტუგალია), როინ კვასხვაძე ("ტორპედო");

მცველები:
გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), საბა კვირკველია ("რუბინი", რუსეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი ("დინამო", თბ), ლაშა დვალი ("შლიონსკი", პოლონეთი), ოთარ კაკაბაძე ("დინამო", თბ), უჩა ლობჟანიძე ("დინამო", თბ), გიორგი ნავალოვსკი ("სკა ენერგია", რუსეთი), ზურაბ ცისკარიძე ("ტეპლიცე", ჩეხეთი);

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა ("რეიმსი", საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი ("ინტერი", აზერბაიჯანი), გიორგი აბურჯანია ("ხიმნასტიკი", ესპანეთი), ლევან ყენია ("სლავია", ჩეხეთი), ალექსანდრე კობახიძე ("დნიპრო", უკრაინა), ვალერი ყაზაიშვილი ("ვიტესი", ჰოლანდია), თორნიკე ოქრიაშვილი ("ესქიშეჰირსფორი", თურქეთი), ჯაბა ჯიღაური ("დინამო", თბ), ვახტანგ ჭანტურიშვილი ("დინამო", თბ);

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე ("ემპოლი", იტალია), ვლადიმერ დვალიშვილი ("პოგონი", პოლონეთი), გიორგი ქვილითაია ("დინამო", თბ), გიორგი ჭანტურია ("დუისბურგი",, გერმანია).

საქართველოს ნაკრები ავსტრიიდან რუმინეთში 1-ელ ივნისს გაემგზავრება. 3 ივნისს გასამართავი სპარინგის პირდაპირ რეპორტაჟს 22 საათიდან "პირველი არხი" შემოგვთავაზებს.

გენერალი გაბრაზებულია!
თამამად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რუმინეთის ნაკრები, რომელსაც უაღრესად გამოცდილი დამრიგებელი ანგელ იორდანესკუ მოძღვრავს, საქართველოს ნაკრებს გამწარებული დახვდება.

ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ეტაპზე ჩვენმა მომავალმა მეტოქემ ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და, რბილად რომ ვთქვათ, თავი ვერაფრით გამოიჩინა.

პირველ მატჩში რუმინეთი ბოგდან სტანჩუს გოლით მთელი მატჩის განმავლობაში უგებდა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის (ყოფილი ზაირი) ნაკრებს, მაგრამ ბოლო წუთზე აფრიკელთა დაწოლას ვეღარ გაუძლო და ფრეს (1:1) დასჯერდა.

გაცილებით დრამატული გამოდგა რუმინელთა ბოლო ამხანაგური შეხვედრა, რომელშიც კარპატელებმა 3:4 წააგეს ევროპის ჩემპიონატის კიდევ ერთ მონაწილე უკრაინასთან. რუმინელთაგან ამ მატჩში გოლები ტორჟემ, ალიბეკმა და იმავე სტანჩუმ გაიტანეს, უკრაინელთაგან კი თავი ზოზულიამ, ზინჩენკომ, კონოპლიანკამ და იარმოლენკომ გამოიჩინეს.

ასე რომ, ამბიციური იორდანესკუ საქართველოსთან მატჩში აუცილებლად გამარჯვებისთვის დაგეშავს შეგირდებს. მით უმეტეს, უკრაინასთან მატჩის შემდეგ 66 წლის სპეციალისტს შეგირდთა გარჯით უკმაყოფილება არ დაუმალავს.

რუმინეთის ნაკრები საქართველოსთან მატჩისათვის ასეთი შემადგენლობით ემზადება:

მეკარეები: ჩიპრიან ტატარუშანუ ("ფიორენტინა", იტალია), კოსტელ პანტილიმონი ("უოტფორდი", ინგლისი), სილვიუ ლუნგი ("ასტრა");

მცველები: რაზვან რაცი ("რაიო ვალეკანო", ესპანეთი), ვლად კირიკეში ("ნაპოლი", იტალია), დრაგოშ გრიგორე ("ტულუზი", საფრანგეთი), ალექსანდრუ მატელი ("დინამო ზ", ხორვატია), ვალერიცა გერმანი ("ასტრა"), კრისტიან საპუნარუ ("პანდური"), კოზმინ მოტი ("ლუდოგორეცი", ბულგარეთი), სტელიანო ფილიპი ("დინამო" ბ), ალინ ტოსკა ("სტიაუა");

ნახევარმცველები: გაბრიელ ტორჟე ("ოსმანლისფორი", თურქეთი), მიჰაი პინტილი ("სტიაუა"), ალექსანდრუ მაქსიმი ("შტუტგარტი", გერმანია), ალექსანდრუ ჩიპჩუ ("სტიაუა"), ოვიდიუ ჰობანი ("ჰაპოელი ბეერ-შევა", ისრაელი), ლუჩიან სანმარტენი ("ალ იტიჰადი", საუდის არაბეთი), ადრიან პოპა ("სტიაუა"), ადრიან როპოტანი ("პანდური"), ანდრეი პრეპელიცა ("ლუდოგორეცი", ბულგარეთი), ანდრეი ივანი ("კრაკოვია", პოლონეთი), ნიკოლაე სტანჩუ ("სტიაუა");

თავდამსხმელები: ბოგდან სტანჩუ ("გენჩლერბირლიგი", თურქეთი), კლაუდიუ კესერუ ("ლუდოგორეცი", ბულგარეთი), ფლორინ ანდონე ("კორდობა", ესპანეთი), დენის ალიბეკი ("ასტრა"), იოან ჰორა ("პანდური").

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
ფიზმომზადების ტესტი თუ გაიარეს იქნებ შედეგებიც გაგეგოთ. თამაშის შემდეგ მსგავს ტესტს ყველა ნაკრები გადის. როდემდე მოგვაწვდით ზოგად ინფორმაციებს?
სირბილის სწავლების ცენტრი
11:32 01-06-2016
0
და ისევ წაგება
999l
09:48 31-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული