რუმინეთი VS საქართველო - ვინ იქნება ჯარისკაცი და ვინ გენერალი?

AutoSharing Option
დღეს, 3 ივნისს, ბუქარესტის ეროვნულ სტადიონზე საქართველოს ნაკრები ევროპული შეკრების მეორე ამხანაგურ მატჩს გამართავს. თბილისის დროით 22 საათზე კონტინენტის პირველობის მონაწილე რუმინეთის ნაკრები გველოდება, რომელსაც გამოცდილი სპეციალისტი ანგელ იორდანესკუ (მეტსახელად "გენერალი") წვრთნის. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს "საზოგადოებრივი მაუწყებელი" შემოგვთავაზებს.

მას შემდეგ, რაც ულაპარაკოდ დავმარცხდით სლოვაკეთის ნაკრების მესამე შემადგენლობასთან, რეაბილიტაცია დღეს, ბუქარესტში გვმართებს. რთული მისიაა, მაგრამ არა - შეუსრულებელი...

ვლადიმირ ვაისი: ყველასთან ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ
გურამ კაშია: მაქსიმუმი უნდა მივიღოთ ამ შეკრებიდან

დაბრუნებები
საქართველოს ნაკრებს ოთხი ფეხბურთელი უბრუნდება. სლოვაკეთთან მატჩის წინ შეუძლოდ იგრძნეს
თავი ეროვნული გუნდის კაპიტანმა ჯაბა კანკავამ და მცველმა უჩა ლობჟანიძემ. რაც შეეხება გიორგი აბურჯანიას, ის ტარაგონას "ხიმნასტიკს" ესპანური სეგუნდა დივიზიონის პრინციპულ მატჩში შეეშველა და ნაკრებს მოგვიანებით შეუერთდა.

ცნობილია, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, 23 წლის გიორგი ჭანტურია რუმინეთთან დღევანდელ სპარინგს გამოტოვებს. გუშინ ის ვარჯიშზე დაშავდა, თუმცა გუნდთან ერთად რჩება და შესაძლოა, ესპანეთთან 7 ივნისის ამხანაგურ მატჩში ითამაშოს კიდეც. შეგახსენებთ, რომ მას არც სლოვაკეთთან უთამაშია, ოღონდ სხვა მიზეზით - "დუისბურგთან" ერთად მნიშვნელოვანი თამაში ჰქონდა...

Sportall.Ge

ვლადიმირ ვაისი კარპატელებთან მატჩისთვის ამ შემადგენლობას ამზადებს:

მეკარეები: ნუკრი რევიშვილი (მორდოვია, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (ფეირენშე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო);

მცველები:
გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვირკველია (რუბინი, რუსეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი (დინამო თბ), ლაშა დვალი (შლიონსკი, პოლონეთი), ოთარ კაკაბაძე (დინამო თბ), უჩა ლობჟანიძე (დინამო თბ), გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ზურაბ ცისკარიძე (ტეპლიცე, ჩეხეთი);

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (რეიმსი, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი (ინტერი, აზერბაიჯანი), გიორგი აბურჯანია (ხიმნასტიკი, ესპანეთი), ლევან ყენია (სლავია, ჩეხეთი), ალექსანდრე კობახიძე (დნიპრო, უკრაინა), ვალერი ყაზაიშვილი (ვიტესი, ჰოლანდია), თორნიკე ოქრიაშვილი (ესქიშეჰირსფორი, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო თბ), ვახტანგ ჭანტურიშვილი (დინამო თბ);

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ვლადიმერ დვალიშვილი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ქვილითაია (დინამო თბ).

გენერალი
სანამ რუმინეთის ნაკრების ამჟამინდელ შემადგენლობასა და გუნდის ლიდერებზე ვიტყოდეთ, უპირველეს ყოვლისა, კარპატელთა გამოცდილი დამრიგებელი, ანგელ იორდანესკუ უნდა ვახსენოთ.

Sportall.Ge

ბევრი მიიჩნევს, რომ "გენერლის" სამწვრთნელო უნარების გარეშე საშუალოზე საშუალო ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ რუმინეთის ნაკრებს ძალიან გაუჭირდებოდა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა და ამაში მართლაც უნდა იყოს სიმართლის მარცვალი.

წარსულში ცნობილ ფეხბურთელს (37 მატჩი, 21 გოლი რუმინეთის ნაკრების შემადგენლობაში), 66 წლის იორდანესკუს მართლაც რომ მდიდარი სამწვრთნელო კარიერა აქვს. "სტიაუა", "ანორთოსისი", რუმინეთისა და საბერძნეთის ნაკრებები, "ალ ჰილალი", "ალ აინი", "ალ იტიჰადი" - ეს იმ გუნდების თუ ნაკრებების ჩამონათვალია, "გენერალს" სხვადასხვა დროს რომ გაუწვრთნია.

სამშობლოში ის მართლაც უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობს. ამაში ნათლად დავრწმუნდებით, თუ რუმინეთის ნაკრების ბოლოდროინდელ ისტორიას გადავხედავთ. ის ქვეყნის პირველ გუნდს სათავეში მესამედ ჩაუდგა.

სხვადასხვა კლუბში მოპოვებულ ტიტულებს რომ თავი დავანებოთ, ფაქტია: რუმინეთის ნაკრები ჩვენთვის დიდწილად სწორედ იორდანესკუსთან ასოცირდება. ის იყო იმ "დიდი გუნდის" მწვრთნელი, სადაც წლების წინათ გეორგე ჰაჯი, ჯიკა პოპესკუ, დან პეტრესკუ, ფლორან რადუჩოუ და სხვები ყოჩობდნენ...

გაბრაზებულები გველიან
სულ მალე რუმინეთი ევროპის ჩემპიონატში ჩაერთვება. კარპატელებს ისეთი ჯგუფი შეხვდათ, რომლის დაძლევაზეც თავისუფლად შეუძლიათ, იფიქრონ. აქ არის ერთი გამოკვეთილი ფავორიტი - მასპინძელი საფრანგეთი, რომელთანაც რუმინელებს 10 ივნისს სასტარტო მატჩი უწევთ; კარგად დაკომპლექტებული, მაგრამ დიდ ტურნირებზე ხშირად არასტაბილური შვეიცარია; დაბოლოს, ალბანეთი, რომელთანაც, ეჭვგარეშეა, იორდანესკუ და მისი შეგირდები მხოლოდ სამ ქულას გეგმავენ.

მას შემდეგ, რაც ევროპის ჩემპიონატისთვის სამზადისი დაიწყო, რუმინეთის ნაკრებმა ერთი ამხანაგური მატჩიც ვერ მოიგო. ჯერ იყო ხელიდან გაშვებული გამარჯვება კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრებთან. რუმინელები მთელი შეხვედრის განმავლობაში იგებდნენ და მხოლოდ 90-ე წუთზე გაუშვეს გოლი.

მერე კი იყო დასანანი მარცხი უკრაინასთან. იმ სპარინგში იორდანესკუს გუნდმა თითქმის შემოატრიალა უიმედო სიტუაცია, მაგრამ ბოლომდე ვერ მიიყვანა საქმე და 3:4 დამარცხდა.

რუმინელთაგან თავი ტორჟემ, ალიბეკმა და სტანჩუმ გამოიჩინეს. როგორც რუმინული პრესა იტყობინება, იორდანესკუ ძალიან უკმაყოფილო იყო თავისი გუნდის თამაშით. მწვრთნელი განსაკუთრებით შეუშფოთებია დაცვის მიერ დაშვებულ არაერთ ელემენტარულ შეცდომას...

ანგელ იორდანესკუმ უკვე შეარჩია ის ფეხბურთელები, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე რუმინეთის ღირსებას დაიცავენ:

მეკარეები: ჩიპრიან ტეტერუშანუ (ფიორენტინა, იტალია), კოსტელ პანტილიმონი (უოტფორდი, ინგლისი), სილვიუ ლუნგი (ასტრა);

მცველები: რეზვან რაცი (რაიო ვალეკანო, ესპანეთი), ვლად კირიკეში (ნაპოლი, იტალია), დრაგოშ გრიგორე (ტულუზი, საფრანგეთი), ალექსანდრუ მეცელი (დინამო ზ, ხორვატია), ვალერიკე გემანი (ასტრა), კრისტიან სეპუნარუ (პანდური), კოზმინ მოცი (ლუდოგორეცი, ბულგარეთი), სტელიანო ფილიპი (დინამო ბ);

ნახევარმცველები: გაბრიელ ტორჟე (ოსმანლისფორი, თურქეთი), მიჰაი პინტილი (სტიაუა), ალექსანდრუ კიპჩუ (სტიაუა), ოვიდიუ ჰობანი (ჰაპოელი ბეერ-შევა, ისრაელი), ლუჩიან სენმარტიანი (ალ იტიჰადი, საუდის არაბეთი), ადრიან პოპა (სტიაუა), ანდრეი პრეპელიცე (ლუდოგორეცი, ბულგარეთი),ნიკოლაე სტანჩუ (სტიაუა);

თავდამსხმელები: ბოგდან სტანკუ (გენჩლერბირლიგი, თურქეთი), კლაუდიუ კეშერუ (ლუდოგორეცი, ბულგარეთი), ფლორინ ანდონე (კორდობა, ესპანეთი), დენის ალიბეკი (ასტრა).

ლიდერები
რუმინეთის ნაკრები ისეთი გუნდია, ძირითადად, ფონს კოლექტიური თამაშით რომ გადის, მაგრამ ყველა სათამაშო რგოლში ჰყავს ისეთი ფეხბურთელები, სხვაზე მეტი რომ უნახავთ და გამოუცდიათ.

აქ არის ორი გამოცდილი მეკარე - კოსტელ პანტილიმონი ინგლისური "უოტფორდის" კარს იცავს, ჩიპრიან ტეტერუშანუ კი იტალიური "ფიორენტინას" წევრია.

დაცვაში აშკარად გამოირჩევა რეზვან რაცი. ეროვნული გუნდისა და ესპანური "რაიო ვალეკანოს" 35 წლის ვეტერანმა ქვეყნის პირველ გუნდში 110 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

გუნდის ლიდერად ითვლება 26 წლის ცენტრალური მცველი ვლად კირიკეში. ის იტალიურ "ნაპოლიში" თამაშობს და ეროვნულ გუნდში 40 შეხვედრა ჩაატარა. ევროპის ჩემპიონატზე რუმინეთს სწორედ კირიკეში უკაპიტნებს.

ნახევარდაცაში უნდა გამოვარჩიოთ თურქული "ოსმანლისფორის" ნახევარმცველი გაბრიელ ტორჟე. მან ეროვნული გუნდის შემადგენლობაში 49 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა. ნახევარდაცვის წამყვან ფეხბურთელებად ითვლებიან მიჰაი პინტილი და ალექსანდრუ კიპჩუ (ორივე - სტიაუა).

თავდასხმის ხაზში რუმინეთს არ ჰყავს გამოკვეთილი ლიდერი. ეს ისე, ფურცელზე, თორემ ვინ იცის, რა იქნება უახლოეს შეხვედრებში...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
აუ ეს რუმინრთი, რა სერიოზული გრეხია...../ მაგრად მახსოვს 0-2 წავაგეთ, პატარა ვიყავი მაშინ , გავსკდი ბგავილით :D .../ იმის მერე , ცრემლი გამიშრა ვეგარ ვტირივარ... :D / დგეს რო მოვიგოთ აი არ ვიცი რას ვიზავ, შეილება სიხარულისგან გავაფრინოო :D
Vaso
17:58 03-06-2016
0
ახალი ამბავი:იმ სტადიონზე სადაც რუმინეთის და საქართველოს მატჩი იმართება ორგანიზატორებს ორმაგი კარის ბადეები დაუყენებიათ,შიშობენ გაბრაზებული ქართველი ფეხბურთელები ისეთი სიძლიერით დაარტყამენ კარში,რომ ერთმა პირმა ბადემ შეძლება ვერ გაუძლოს და თავი დაიზღვიეს,რეპორტაჟის დროს დააკვირდით კარებებს და დარწმუნდებით,რომ ეს ასეა.
roma
17:26 03-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული