"გილოცავთ სომხეთიდან! ყოჩაღ, ბიჭებო!" - რეაქციები ესპანეთი-საქართველოს მატჩის შემდეგ

AutoSharing Option
ხეტაფეში, ესპანეთის ნაკრებთან საქართველოს გამარჯვება მთელი მსოფლიოსთვის დიდი სენსაცია აღმოჩნდა. ვლადიმირ ვაისის გუნდმა ორკვირიანი საწვრთნელი შეკრება ევროპის ჩემპიონის დამარცხებით დაასრულა.

ესპანეთი-საქართველო 0:1 - სიზმარი თუ ცხადი? [VIDEO+PHOTO]

ქართული ფეხბურთის ისტორიაში ეს მეორე შემთხვევაა, როცა საქართველომ მსოფლიოს ჩემპიონი დაამარცხა - პირველად, ეს 2006 წელს მოხდა, როცა თბილისში ურუგვაის 2:0 ლევან კობიაშვილის დუბლით ვძლიეთ...

...მაგრამ ესპანეთი მსოფლიოს ჩემპიონია, პლუს, ევროპის მოქმედი ჩემპიონი და ფიფას რეიტინგის ათეულშია (მაისში მე-6 პოზიციას იკავებდა), ბოლო 16 თვეში კი ვისენტე დელ ბოსკეს გუნდი პირველად დამარცხდა.

უცნაური და
დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ ეს კრიზისში მყოფმა ქართულმა ფეხბურთმა შეძლო. ამ მოგებით ჩვენი ფეხბურთი მსოფლიო გრანდი ვერ გახდება და არც ჩვენი პრობლემები მოგვარდება. მაგრამ შანსია, რომ ეს სიხარულის დღე ქართული ფეხბურთის წინსვლისთვის გამოვიყენოთ.

ვაისის გუნდისთვის მომდევნო მატჩი უკვე ოფიციალურია - 5 სექტემბერს მსოფლიო 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ავსტრიას უმასპინძლებს, იმ ავსტრიას, რომელიც დღე-დღეზე ევროპის ჩემპიონატში ჩაერთვება.

* * *
ცნობილ რუსულ გამოცემა "სპორტ-ექსპერსს" ესპანეთი-საქართველოს თამაშის ტექსტური რეპორტაჟი მიჰყავდა და ამ სენსაციური მოგების პერიპეტიებს აღწერდა - ჟურნალისტის მიერ ცინიზმით (ნეტავ საიდან?) დაწყებულ რეპორტაჟში ჯერ პატივისცემა გაჩნდა, ბოლოს კი - გაოცება!

"შესაძლოა, ამ შეხვედრაში მცირე ინტრიგაა, სამაგიეროდ, ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი ნაკრების შეფასება ყოველთვის საინტერესოა - მე ქართველებს არ ვგულისხმობ...

...რა უნდა ვთქვათ, საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი ჩინებულად ჩაატარა. დაცვაში კარგად იდგა. ვაისის ხელქვეითებს წარმატება შესვენებამდე განხორციელებულმა ერთადერთმა აზრიანმა შეტევამ მოუტანა. მაგრამ ესპანეთს წინ მთელი ტაიმი აქვს, რათა მომავალი ევროს ერთ-ერთი მთავარი ფავორიტის სახელი დაიცვას...

მატჩი დასრულდა! იმის თქმა, რომ შედეგი მოულოდნელია, არაფრის თქმას ნიშნავს. საქართველოს ნაკრებმა თავის 25-წლიან ისტორიაში ყველაზე ხმაურიანი გამარჯვება მოიპოვა. ესპანელებმა კი თავის გულშემატკივრებს დაფიქრების მიზეზი მისცეს. აღსანიშნავია, რომ ვაისის ხელქვეითებმა ტაქტიკურად გამართული თამაში აჩვენეს, რომლის წინააღმდეგაც ესპანელთა ვარსკვლავურმა თავდასხმამ ვერაფერი გააწყო, განსაკუთრებით - მეორე ტაიმში. თუმცა, მალე ევროპის ჩემპიონატი დაიწყება და, რომ იტყვიან, ეს სულ სხვა ისტორიაა.

თქვენთან ერთად საქართველოს ნაკრების უდიდეს წარმატებას თვალს ადევნებდა ევგენი პერეხოჟევი".

* * *
საინტერესო იყო მკითხველთა კომენტარებიც - ხუმრობა, გაოცება, მილოცვის ფორმა...

"მსაჯმა 7 წუთი დაამატა და ესპანელებს შანსი 99-ე წუთამდე მისცა - სასაცილოა, ყოჩაღ, ქართველებს"!..

"მსაჯები ყოველთვის ესპანელებს ემხრობიან და ამხანაგურ შეხვედრაშიც 7 წუთი დაამატეს, მე-10 წუთზე კი დაასრულეს"...

"კვასხვაძის კლუბი ვერ მოვძებნე. აი, ასეთმა უსახელო ბიჭმა მოუგო ევროპის ჩემპიონებს"...

"ქართველებმა ტექსტის დამწერს მათ მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულების გამო ხასიათი გაუფუჭეს"...

"ქართველებით მოვიხიბლე, თანაც, ძალიან იშვიათად ჯარიმდებიან"...

"კვირკველია არავის ინდობს, დღეს ნამდვილი გმირია"...

"ჰა-ჰა-ჰა, ქართველები ესპანელებს მათსავე მოედანზე ბურთს ქუსლით უგორებენ - დასცინიან"!..

"რევიშვილს შეცვლა დასჭირდა. ასე იბრძვიან ბიჭები ამხანაგურ შეხვედრაში"!..

"გვარდიოლა "მანჩესტერ სიტის" სახელს გადაარქმევს და "ქინძმარაული ლაითს" უწოდებს"...

ვინმე ვალერი ვოლკოვი წერს: "არავის გაუკვირდებოდა, ესპანელებს ქართველები რომ გაენადგურებინა. ესპანელთა მოგებაზე მინიმალური ფსონი იყო.

მიუხედავად ამისა, "სატურნის" ყოფილმა სლოვაკმა მწვრთნელმა ვაისმა, მოულოდნელად, ქართველების დაცვა დაალაგა. ესპანელები კი ბურთს ნელა აგორებდნენ და თავდასხმაში ამიტომ გაუჭირდათ. მიუხედავად იმისა, რომ მსაჯმა 10 წუთი დაამატა, ამდენის დამატება კი არ მახსენდება, ქართველებმა საკუთარი კარის დაცვა მოახერხეს.

მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონთან მოგებამ ქართველებს დაუვიწყარი დღესასწაული მიანიჭა.

კიდევ რამდენი წელი დასჭირდება საქართველოს, მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატზე რომ გავიდეს? მეგონა, რომ ამას აზერბაიჯანელები და სომხები უფრო ადრე მოახერხებდნენ, მაგრამ ესპანეთთან ამ გამარჯვებამ დიდებადაკარგული ქართული ფეხბურთის აღორძინების იმედი დამიბრუნა. მაგრამ საამისოდ, დიდი ფულია საჭირო და რადგან ახლა ქართული ეკონომიკა სასურველ დონეზე არ არის, ამის გაკეთება ძალიან გაძნელდება"...

"70-იანი წლების "დინამოს" გულშემატკივარი ვარ და ეს ქართული ფეხბურთის ისტორიული დღეა. ძმებო, გილოცავთ და ჩვენს პატივისცემას გამოვხატავ - როგორ მომენატრა თქვენთან ჩამოსვლა და ქართული ღვინო! ღმერთმა ქნას, რომ ეს ბოლო გამარჯვება არ იყოს"!..

"იქ ჩადი და ნახავ, რა "ძმებიც" არიან"...

"მე მაინც ვულოცავ"...

"ასეთ მეტოქეს სუსტი კლუბების ფეხბურთელებით რომ მოუგებ, უდიდესი სენსაციაა"...

"ამხანაგური თამაში კი იყო, მაგრამ ესპანეთის მისსავე მოედანზე დამარცხება მაინც მაგარია. თამაშს ბარში მეგობრებთან ერთად ვუყურებდი და ბრავო, გრუზია"!..

"დაუჯერებელია, რომ საქართველომ, რომელმაც ციკლი სამარცხვინოდ ჩააგდო, ძირითადი შემადგენლობით მოთამაშე ესპანეთს მოუგო! გილოცავთ მეზობლებო"!..

"ქართველებს რესპეცტ! გავვოგნდი, შედეგი რომ ვნახე"...

"2006 წელს მსოფლიოზე იტალიის მოგების შემდეგ ამდენი არ მიყვირია! ღმერთო, მადლობა"!..

"თბილისი: ესპანეთი - საქართველო 0:1. ერთადერთი გოლი პედრო. ახლა ხეტაფე: საქართველო - ესპანეთი 0:1. ერთადერთი გოლი ოქრიაშვილი. კარგი რევანშია"...

"არა, რა, ვაისი კარგი მწვრთნელია. ქართველებო, გილოცავთ"!..

"გამიკვირდა, ქართველები არ იძაბებოდნენ"...

"გილოცავთ სომხეთიდან! ყოჩაღ, ბიჭებო!"

"ქართველების 4 ნომერი (გურამ კაშია - რედ) სასწრაფოდ ლა ლიგაში"!..

"ქართველები ტაქტიკურად მაგრად თამაშობენ"...

"ოქრიაშვილი რა კარგი ყოფილა, ჩვენს მწვრთნელებს თვალები სად აქვთ"?!.

"ფანტასტიკაა! ქართველებმა ერთი შეტევით მოიგეს"!..

* * *
ახლა ვნახოთ, რას წერენ უკრაინულ ფორუმებზე:

"გოლი მეორე ტაიმში რომ გაეშვათ და ვერ გაეტანათ, კიდევ გასაგები იქნებოდა. მაგრამ წინ 50 წუთი ჰქონდათ და ქართველების კარი ვერ აიღეს"!..

"ოქრიაშვილი ჩვენი ფეხბურთელია"!..

"ძალიან უცნაურია"!..

* * *
ესპანურ მედიაში ვკითხულობთ:

"საფრანგეთში გამგზავრებამდე ჩატარებული შეხვედრა ესპანეთს იმის გაანალიზებაში უნდა დაეხმაროს, თუ რა მოხდა ხეტაფეში. ესპანეთის ნაკრებმა წააგო გუნდთან, რომელსაც მსოფლიო ფეხბურთში 137-ე რეიტინგი აქვს. საერთოდ, რა მიზნები გვაქვს, თუ საქართველოს ვერ ვუგებთ", - წერს პოპულარული "მარკა".

"დიარიო ასის" მკითხველებმა ასეთი შეფასებები გააკეთეს:

"საქართველოს მშვენიერი გუნდი ჰყოლია"...

"ჩვენ წაგებას არაფრით არ ვიმსახურებდით"...

"საქართველოს დაცვის დაძლევა ძალიან ძნელია"...

"იმედია, ევროპის ჩემპიონატს ჩეხებთან უკეთესად დავიწყებთ"...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ქართველებო გილოცავთ,ასე გააგრძელეთ.
0
აჰა და ესეც შემადგენლობები
Nukri
19:34 12-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული