[ოთხშაბათის საკითხავი] მოსალოდნელი რევოლუცია და ვაისის არჩევანი

AutoSharing Option
საწერი ბევრია. აქეთ "დინამოს" ევრომარცხი, იქით საქართველოს ნაკრების შემადგენლობა... ალეკო გოგობერიშვილის ამბავიც არ უნდა გამოგვრჩეს, ამბავი ფეხბურთის უსაზღვრო სიყვარულისა. მოკლედ, მივყვეთ...

როცა ევროპისათვის მზად არ ხარ...
თბილისის "დინამომ" თითქმის დაასრულა ევროთასებზე ასპარეზობა. გუნდი ვერ გავიდა ვერც ჩემპიონთა ლიგის და ვერც ევროპალიგის ჯგუფში. ეს უკვე ცუდია. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ამოცანა ვერ შესრულდა.

"დინამოს" ევროთასებზე უკეთ უნდა ეთამაშა. ბოლომდე ვერ გაამართლა იურაი იარაბეკმა. სლოვაკმა ვერ შეძლო და "დინამო" თავს ზემოთ ვერ გადაახტუნა. ზაგრების "დინამო" და პაოკ-ი ჩვენზე ძლიერი გუნდები არიან, მაგრამ
სწორედ ასეთ გუნდებს უნდა მოუგო, თუ წინსვლა გინდა. სხვანაირად ჯგუფში ვერ შეხვალ.

ზაგრების "დინამო" და პაოკ-ი ყოველთვის შენზე მეტს დახარჯავენ. შენ კი დანახარჯის მოფრთხილება უნდა ისწავლო. რა უნდათ "დინამოში" ლეგიონერებს? არ მესმის, როგორ და რატომ აღმოჩნდნენ ისინი გუნდში.

ამბობენ, რომან ფიფია უახლოეს მომავალში ბევრ მათგანს დაითხოვს და "დინამოში" მხოლოდ რენე ფერეირა და სტეფან ველევი დარჩებიანო. მართალიც იქნება - "დინამო" საქართველოს ჩემპიონატში როგორღაც ლეგიონერების გარეშეც გავა ფონს, მომავალი ევროთასებისთვის კი ეს ლეგიონერები ჩვენ აღარ გამოგვადგებიან.

კლასი ერთია და, საინტერესოა, როგორ მოხდა, რომ გადამწყვეტი შეხვედრებისთვის, როცა მათ სარგებლობა უნდა მოეტანათ გუნდისთვის, ყველა მათგანი ტრავმირებული აღმოჩნდა? ეს ლეგიონერები იარაბეკმა შეარჩიაო, არაერთხელ ითქვა. თუ ეს მართლაც ასეა, სლოვაკი სპეციალისტისადმი ძალიან დიდი პატივისცემის მიუხედავად, უნდა დავწერო - მან ჯერ კვალიფიკაცია უნდა აიმაღლოს, სანამ ფეხბურთში კარგის და ცუდის გარჩევას ისწავლის.

საერთოდ, ურყევი ჭეშმარიტებაა: ლეგიონერი ადგილობრივ ფეხბურთელზე ორი თავით მაღლა უნდა იდგეს. ამას ვინ ჩივის, ქართველი ფეხბურთელებიც კი, ევროთასებზე ციდან ვარსკვლავები რომ არ მოუწყვეტიათ, ერთი თავით მაღლა იდგნენ ლეგიონერებზე.

ხომ შეიძლება, ერთხელ "გავარტყათ" ლეგიონერის ტრანსფერი. "გავარტყათ" ისე, როგორც აზერბაიჯანულმა "გაბალამ" "გაარტყა" ლიბერიის ეროვნული ნაკრების ლიდერის, თეო უიქსის შემთხვევაში.

როგორ დავიჯერო, რომ აზერბაიჯანელმა სელექციონერებმა ქართველებზე უკეთ იციან ფეხბურთი? ამის არ მჯერა. ვიცი, რომ განსხვავება ფინანსებშია, მაგრამ ბევრი მუშაობით ამ ნაკლის ასე თუ ისე ნიველირება შესაძლებელია.

ლეგიონერებზე ვთქვით და ვერც ქართველ ფეხბურთელებს დავივიწყებთ. "დინამოში" მოთამაშე ბევრ ჩვენებურს ამბიცია აქვს, რომ კარგ უცხოურ კლუბში ითამაშოს. გულზე ხელი უნდა დავიდო და ისე დავწერო - ისინი მზად არ არიან ასეთი პატივისთვის.

საერთოდ, უცხოეთში რომ დამკვიდრდე, როგორც წესი, ჯერ მშობლიურ ასპარეზზე უნდა მიაღწიო რაღაცას, მერე კი მშობლიური გუნდით - ევროთასებზე. საქართველოს ჩემპიონობა არ ჭრის, ევროთასებზე კი... რამდენიმე დინამოელისთვის ეს ევროთასები კარიერული წინსვლის საფუძვლად უნდა ქცეულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა. და ეს მხოლოდ მათი ბრალია.

ადამიანურად მესმის ფიფიასი. მან მშვენივრად იცის თავისი საქმე. მე მის ადგილას ასე მოვიქცეოდი: ავირჩევდი ერთ კონკრეტულ გეზს, თუნდაც გუნდის შედარებით გაახალგაზრდავებას და მივყვებოდი მას ბოლომდე სანდო ხალხითა და დიდი მოთმინებით.

ახლა კი გული ვერაფრით დაგვწყდება. ძალიან, ძალიან უნდა გაგვმართლებოდა, რომ რაღაცისთვის მიგვეღწია. ასე იშვიათად უმართლებთ. "დინამოს" არ ჰქონდა თამაში და არ ჰყავდა მაღალი დონის ფეხბურთელები.

ორი სიტყვა ვაისის სიაზე
ვლადიმირ ვაისის სანაკრებო სია თან მომწონს და თან არ მომწონს. ჯერ დავიწყოთ იმით, თუ რა მომწონს. კრიტიკა ბოლოსთვის იყოს. პირველ რიგში, მომწონს ის, რომ ნაკრებს ოთარ მარცვალაძე უბრუნდება.

- ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ცვლილება განახორციელა

მე ასე მგონია: საქართველოს ნაკრებმა ბოლომდე ვერ გამოიყენა ამ მართლაც შესანიშნავი ფორვარდის თვისებები. პრაქტიკულად არ მახსენდება, საქართველოს ნაკრებში ოთარს თავის ოპტიმალურ პოზიციაზე ეთამაშოს. დიახ, ის ცენტრალური თავდამსხმელია და, იმედია, ვაისი სწორედ ამ პოზიციაზე ათამაშებს.

შანსი მიეცა დავით სხირტლაძეს და ესეც კარგია. ამით ვაისმა მესიჯი გამოგვიგზავნა, რომ ის ყურადღებით ადევნებს თვალს ევროპის სხვადასხვა პირველობაზე მოთამაშე ქართველი ფეხბურთელების გარჯას.

ამბობენ, რომ "დინამოს" წარუმატებელი საევროთასო ოდისეის ფონზე ეროვნულ გუნდში თბილისური კლუბიდან ზედმეტად ბევრი ფეხბურთელია. ერთი მხრივ, ეს გასაგებია; მეორე მხრივ კი, გვინდა თუ არა, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს ჩემპიონატში საუკეთესო ფეხბურთელები სწორედ "დინამოში" თამაშობენ და ამ დროისთვის მეტ-ნაკლებად სწორედ ისინი თუ დააკმაყოფილებენ საერთაშორისო დონეს.

ახლა იმაზე, რაც არ მომწონს. არ მომწონს ის, რომ საქართველოს ნაკრებში არიან ფეხბურთელები, რომლებიც ამ მომენტისთვის უგუნდოდ დარჩნენ. არ მომწონს ის, რომ არიან ფეხბურთელები, რომელთაც აკლიათ სათამაშო პრაქტიკა.

გასაგებია - სათამაშო პრაქტიკის მიხედვით რომ გავაკეთოთ არჩევანი, მაშინ სანაკრებოდ ვარგის 11 ფეხბურთელსაც კი ვერ მოვუყრით თავს, მაგრამ უკიდურეს შემთხვევაში, უგუნდო ფეხბურთელი არ უნდა იყოს ნაკრებში.

არ უნდა იყოს თუნდაც პრინციპის გამო, თორემ ძალიან კარგად ვიცი - თუნდაც თორნიკე ოქრიაშვილს ძალიან ბევრი შეუძლია. რა თქმა უნდა, მას არაფერს ვერჩი. უბრალოდ, სეზონი დაიწყო და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ავსტრიელს ჭარბად ექნება ეს პრაქტიკა.

აუცილებლად უნდა დავწერო ჯაბა კანკავაზეც. მე ვერავინ დამაჯერებს, რომ კანკავამ ნაკრებში "რაღაც აურია". ვიცნობ ჯაბას და იმიტომ. მაინც მჯერა, რომ მან თვითონ თქვა უარი ნაკრებში თამაშზე, რადგან 100 პროცენტით მზად არ არის. ჯაბა ის კაცია, ვინც ამას გააკეთებს და ადრეც გაუკეთებია.

თუ მაინც სხვაგან მარხია ძაღლის თავი, თუ ვაისს ან სხვა ვინმეს მაინცდამაინც არ ეპიტნავება კახა ცხადაძის ფორმაციის ნაკრების კაპიტანი, თუნდაც ეროვნული გუნდის წინა დამრიგებლისადმი გაკეთებული მხარდამჭერი განცხადებების გამო, ეს უკვე ცუდია.

საერთოდ, ცუდია, როცა ფეხბურთში არასაფეხბურთო თამაშები ჭარბობს. კაპიტანი კი ქართველ ხალხთან სუფთა და პირნათელია. ამის დაწერის უფლებას კანკავას მთელი კარიერა, მისი ადამიანობა და ოჯახიშვილობა მაძლევს...

გოგობერა
39 წლის ალეკო გოგობერიშვილი ხონის "იმერეთში" მივიდა. ერთი შეხედვით, პირველ ლიგაში ერთი რიგითი ტრანსფერი განხორციელდა, მაგრამ ეს ასე არ არის. კაცი ფეხბურთს ვერ ელევა. რამდენადაც ვიცი, გოგობერიშვილი კიდევ რამდენიმე წელს აპირებს თამაშს და ეს ძალიან კარგია.

ალეკო გოგობერიშვილს ჯერ კიდევ კარგა ხნის წინ შეეძლო, ბუცები ლურსმანზე ჩამოეკიდა. დღევანდელი "ციცინათელებისგან" განსხვავებით, მან კვალი დატოვა ქართულ ფეხბურთში. ალეკო არ ჩქარობს ამის გაკეთებას და მისი საქციელი გვეუბნება, რომ ის ფეხბურთისთვისაა დაბადებული.

არიან ადამიანები, რომლებიც ცხოვრების წესად ერთ რომელიმე საქმეს აირჩევენ და მერე ეს არჩევანი სანანებელი უხდებათ. ისინი ხშირად საკუთარ თავსაც კი არ უტყდებიან, რომ შეცდომა დაუშვეს. უბრალოდ, მთელი ცხოვრების განმავლობაში ტვირთად აწევთ გაკეთებული არჩევანის სიმძიმე...

სიმართლე გითხრათ, ამ თემაზე არასოდეს მისაუბრია მართლაც გამორჩეულ რესპონდენტ ალეკო გოგობერიშვილთან, მაგრამ რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ მას არასოდეს უნანია გაკეთებული არჩევანი.

თუ მის თამაშს დააკვირდებით, ეს კარგად ჩანს. ბევრი მოვალეობას იხდის და ეს უკვე ცუდია. "გოგობერა" კი სიამოვნებით თამაშობს. მე არაერთხელ მინახავს ახლოდან მისი გარჯა. ის სიამოვნებას იღებს თითოეული ეპიზოდით, ცდილობს, სოლიდურ საფეხბურთო ასაკშიც კი რაღაც ახალი აღმოაჩინოს მინდორზე. ახალგაზრდა პარტნიორებს ფასეულ რჩევა-დარიგებებს არ აკლებს...

სათქმელი კი მას მართლაც აქვს. ყველა დამეთანხმება - მისი დარი საყრდენი ნახევარმცველი საქართველოში ახლა ბევრი არ არის. ბევრი არც მაშინ იყო, როცა "გოგობერა" კარიერის ზენიტში გახლდათ. ეგაა, მაშინ საქართველოს ნაკრებში გვარიანი კონკურენცია იყო და იქ დღევანდელივით იოლად ხვდებოდნენ ფეხბურთელები...

მოკლედ, "გოგობერა" ქართულ ფეხბურთში რჩება. რჩება აქტიურ ფეხბურთელად და არ შეიძლება, ეს არ გახარებდეს, თუ ქართული ფეხბურთი გიყვარს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
საერთოდ ფეხბურთელი რომელსაც არ აქვს გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი და "ხეხავს" სათადარიგოთა სკამს, ან კიდევ უგუნდოთაა არ უნდა მიაკარო ნაკრებს! არ ააქვს მნიშვნელობა ვინც გინდა ის იყვეს! ნაკრებში თამაში არის ეროვნული სიამაყე და არა ვიღაცეებისთვის საცდელი მანქანა!
Gocha Juve
00:11 25-08-2016
0
კანკავას პიროვნულად დიდ პატივს ვცემ მაგრამ სიმართლე ვთქვათ და არაფერი ფეხბურთელი არარის, ვერც ტექნიკით გამოირჩევა და ტაქტიკურადაც მოიკოჭლებს, ფიზიკურად არის ძლიერი და მაგით გადის ფონს... საფრანგეთში ჩატარებულ სეზონში ყველა თამაშში მინიმუმ ყვითელი ბარათი გარანტირებული ჰქონდა!დღევანდელ ფეხბურთში საყრდენისგან მარტო ჩაშლას არ ითხოვენ(რაც კარგად გამოსდის კანკავას)შეტევის წამოწყებაც ევალება(რაც არ შეუძლია კანკავას)! მარცვალაძეს გამოძახება კი დიდი ვერაფერი მატებაა ნაკრებისთვის,"საქართველოს ნაკრებმა ბოლომდე ვერ გამოიყენა ამ მართლაც შესანიშნავი ფორვარდის თვისებები":-), ავტორ რამდენ კლუბში უთამაშია მარცვალაძეს და რომელმა გამოიყენა "ამ მართლაც შესანიშნავი ფორვარდის თვისებები"??? იმაში კი გეთანხმები რომ უგუნდო და უთამაშებელი ფეხბურთელი ნაკრებს არ უნდა გააკარო მაგრამ მაშინ ვანის სულორიდან და ჭიათურის მაღაროელიდან უნდა გამოიძახო ფეხბურთელები და დიდი განსხვავება არ იქნება მათ შორის...
goga
02:26 25-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული