[ექსკლუზივი] "გულწრფელად ვამბობ, მწვრთნელს ჩემთვის არაფერი აუხსნია"

AutoSharing Option
ჩემმა ჟურნალისტურმა სვემ არაერთ რესპონდენტს გადამყარა. რა თქმა უნდა, ისინი გამოირჩეოდნენ ერთმანეთისგან, მათ შორის - ვაკო ყაზაიშვილიც. თუნდაც იმიტომ, რომ წლების განმავლობაში ვცდილობდი მასთან ინტერვიუს ჩაწერას და უარს ვიღებდი. 1-ელ სექტემბერს ეს შევძელი და მიზეზს მივხვდი: ეს ხდება არა ფეხბურთელის ცუდი ხასიათის, ან თავკერძობის გამო, არამედ - უაღრესი თავმდაბლობის.

ვაკოსთან სალაპარაკო ბლომად დაგროვდა - აქეთ ახალი კლუბი (ვარშავის "ლეგია"), იქით საქართველოს ნაკრების მოახლოებული მატჩი ავსტრიასთან...

ყაზაიშვილი ერთადერთი ქართველია, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს და მის მიმართ ინტერესს ესეც ზრდის. პროფესიონალი რომაა,
მან ეს ერთხელაც დაამტკიცა - უსწრაფესად მოაგვარა "ლეგიასთან" კონტრაქტის დეტალები და საქართველოს ნაკრებს დაუბრუნდა...

- ახალი ამბით დავიწყოთ. როგორ დაგხვდნენ ლეგიაში"?
- ძალიან თბილად. ყველაფერი უმაღლეს დონეზეა კლუბში. სტადიონიც ძალიან თანამედროვეა - ისეთი, ჩემპიონთა ლიგაში მოასპარეზე გუნდს რომ შეეფერება. სწორედ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, "ლეგია" ამ ტურნირში რომ თამაშობს. გარდა ამისა, როგორც გავიგე, ძალიან აქტიური გულშემატკივრები ჰყავს.

- მთავარ მწვრთნელ ბესნიკ ჰასის თუ ესაუბრეთ?
- როგორც იცით, ძალიან მცირე ხნით ვიყავი ჩასული ვარშავაში. მხოლოდ კლუბის სპორტულ დირექტორს და პრეზიდენტს ველაპარაკე. მთავარი მწვრთნელი არ მინახავს.

- თქვენს გადაწყვეტილებაზე გავლენა ალბათ იმანაც იქონია, რომ "ლეგია" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს...
- რა თქმა უნდა, ასეა. ჩემი ოცნება იყო ჩემპიონთა ლიგაში თამაში. ადრე არ მომეცა ამის საშუალება, ახლა კი გამოჩნდა შანსი, რომ ოცნება ამეხდინა. იმედი მაქვს, ლიგაში ჩემი დებიუტი წარმატებული იქნება.

- ჯგუფი ისეთია, რომ თავის გამოსაჩენად უკეთესს ვერც ინატრებთ: აქეთ "რეალი", იქით "დორტმუნდი"...
- მართლაც ძალიან ძლიერი ჯგუფია. ასეთ გუნდებთან თამაში ძალიან სასიამოვნოა.

- რა თქმა უნდა, "ვიტესის" თამაშებს ვადევნებდით თვალს. ბოლო მატჩებში მწვრთნელი ჰენკ ფრეიზერი აღარ გენდობოდათ. ჩვენ ამის მიზეზი ვერ გავიგეთ. თქვენ თუ აგიხსნათ?
- ჩემთვისაც აბსოლუტურად გაუგებარი დარჩა, რატომ არ მქონდა ბოლო მატჩებში სათამაშო პრაქტიკა. ამას გულწრფელად ვამბობ. არ აუხსნია მწვრთნელს არაფერი. საბოლოოდ, ისე დავშორდით, ერთმანეთთან არც გვილაპარაკია.

- "ლეგიაში" გურამ კაშიას გარეშე იქნებით. არ გაგიჭირდებათ?
- ბედნიერებაა, როცა გურამისნაირი მეგობარი გყავს გვერდით. გახსოვთ, თავიდან სამი ქართველი ვიყავით "ვიტესში", გიორგი ჭანტურიაც ჩვენთან ერთად იყო... რას ვიზამთ, უნდა მოსულიყო ამის დრო და მოვიდა კიდეც. სულ ერთად ვერ ვიქნებოდით...

- "ლეგიაში" სათამაშო პრაქტიკა, წესით, არ უნდა მოგაკლდეთ...
- მეც ამის იმედი მაქვს. ეგაა, მოდუნება არ შეიძლება. "ლეგია" ძლიერი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. მჯერა, პოლონურ კლუბში ჩემს საუკეთესო თვისებებს წარმოვაჩენ.

- ავსტრიასთან მატჩი კარს მოგვადგა...
- დიდი ხანია, მოუთმენლად ველოდები ამ შეხვედრას, მით უმეტეს, ესპანეთთან მოგების შემდეგ. იმ გამარჯვებამ ფსიქოლოგიურად ძალიან გაგვამაგრა, დაგვარწმუნა, რომ შეგვიძლია ძლიერი გუნდების დამარცხება. ყველას გვაქვს იმედი, რომ წარმატებით ვითამაშებთ. ციკლი იწყება, პირველი მატჩია, თანაც - საშინაო... მოკლედ, უდიდესი მნიშვნელობის თამაშია.

- მეტოქის რიგებში რომელიმე ფეხბურთელს თუ გამოარჩევდით?
- ავსტრია გუნდურ ფეხბურთს თამაშობს. თუ დაკონკრეტება გაინტერესებთ, უფრო ალაბასა და არნაუტოვიჩს გამოვარჩევდი. წლებია, სტაბილურად თამაშობენ უმაღლეს დონეზე.

- თამაშის მნიშვნელობა მართლაც უდიდესია...
- მთელ საქართველოს ჩვენი იმედი ექნება და ამხელა ნდობას გამართლება სჭირდება. ყველა მაქსიმალურად დავიხარჯებით.

- არადა, დანაკლისი სერიოზულია...
- სამწუხაროდ... ძლიერი ფეხბურთელები გამოტოვებენ მატჩს. გურამ კაშიამ სწორად თქვა - როგორც არ უნდა იყოს, მათ გარეშე უნდა შევძლოთ ფონს გასვლა.

- რას ნიშნავს ვაკო ყაზაიშვილისთვის ფეხბურთი?
- ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა. თუ არ ვვარჯიშობ, 24 საათის განმავლობაში ფეხბურთს ვუყურებ. ჩვენი პროფესიაა ეს, ჩვენი საქმეა - საქმე, რომელიც გვიყვარს. სულ 13-15 წელი გრძელდება ფეხბურთელის კარიერა. დრო სწრაფად გარბის. უნდა შეძლო და ამ დროის განმავლობაში თავი მაქსიმალურად კარგად დაამახსოვრო გულშემატკივრებს.

- რა არის თქვენი ყველაზე დიდი საფეხბურთო ოცნება?
- ვითამაშო მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებთან ერთად. ფეხბურთში ამაზე დიდი ოცნება არ მაქვს.

- თქვენი საყვარელი კლუბი...
- "ბარსელონა" და "იუვენტუსი"...

- რახან "ბარსელონა", მაშ, "რეალის" წინააღმდეგ ორმაგი მოტივაციით ითამაშებთ ჩემპიონთა ლიგაში...
- ასეც იქნება (იცინის)...

- ტრადიციად ქცეული კითხვა: მესი თუ რონალდო?
- ორივე დიდი ფეხბურთელია. ყველას თავისი შეხედულება აქვს და ყველას აზრს პატივს ვცემ, მაგრამ მე არც დავფიქრდები: მესი!

- საქართველოს შემდეგ რომელი ნაკრები გესიმპათიურებათ?
- ესპანეთი.

- ქართველი ფეხბურთელი, ვის მაგალითზეც გაიზარდეთ...
- ასეთი ერთი არ არის: კახა კალაძე, შოთა არველაძე, ლევან კობიაშვილი...

- რა არის ვაკო ყაზაიშვილის მთავარი ნაკლი?
- შეიძლება, არ მემჩნევა ხოლმე. ზოგჯერ ადვილად ვბრაზდები...

- მე გაბრაზებული ვერ წარმომიდგენიხართ, ნაკლად კი იმას თუ ჩაგითვლით, ძლივს რომ დაგითანხმეთ ინტერვიუზე. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით...
- ვიცი, ამას რომ მითვლით ნაკლად (იცინის)... დღეს, მგონი, ამომწურავად ვისაუბრეთ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
რა ჭირს ყაზაიშვილს ვინმეს საღადაო, სახელი მაინც დაწერე კაცურად,ადამიანურად. სახელი: არ ვიცი.. გლიჯავ...
დათო
11:14 04-09-2016
0
გასაგებია არ აგიხსნა რატომ არ გათამაშებდა. მაგრამ 1 თამაში სკამზე დასვეს და მეორე დღეს ჟურნალისტებთან დაიწყო მწვრთნელზე ლაპარაკი არ ვიცი რას მერჩისო. არ შეიძლება ასე, მიდი და პირდაპირ დაელაპარაკე. ისე წასულა საერთოდ არ ულაპარაკია და იჯარით რომაა ხომ არ დაავიწყდა?!
zaza
05:29 04-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული