ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაკრებში თამაში იყო - დღეს ხიზანიშვილის გაცილებაა!

AutoSharing Option
დღეს, 5 სექტემბერს, "დინამო არენაზე", საქართველოს და ავსტრიის ნაკრებების მატჩის დაწყებამდე ზურაბ ხიზანიშვილის ეროვნული გუნდიდან გაცილების ცერემონია გაიმართება.

ამასთან დაკავშირებით, ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"16 წელი იმ საქმეს ვემსახურე, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს და რომელშიც ყველაფერი ჩავდე.

ამ პერიოდში არაერთ სახელოვან გუნდში მომიწია თამაში, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საპატივცემულო საქართველოს ნაკრებში თამაში იყო. 93-ჯერ მოვირგე ეროვნული მაისური და ყოველთვის განსაკუთრებული განცდა მეუფლებოდა. იყო წარმატებებიც და წარუმატებლობაც, მაგრამ ყველაზე საპასუხისმგებლო და საამაყოა, როდესაც შენს ქვეყანას წარმოადგენ.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო ყველა ჩემს მეგობარს, თანაგუნდელს, რომლებთან ერთადაც მომიწია მრავალი წლის გატარება და გამარჯვებისთვის ბრძოლა, მაგრამ ყველაზე დიდი და განსაკუთრებული მადლობა ჩვენს გულშემატკივარს, რომელთა თანადგომას და სიყვარულს ყოველთვის ვგრძნობდი და ეს მაძლიერებდა. დღეიდან უკვე მეც გულშემატკივრის რიგში გადავინაცვლებ და იმედი მაქვს, რომ ყველა ერთად გავხდებით მოწმე ქართული ფეხბურთის იმ დიდი წარმატებისა და გამარჯვებისა, რომელსაც ყველა ასე ველოდებით!", - წერს ხიზანიშვილი.

ხიზანიშვილის დებიუტი 1999 წელს საქართველო-საბერძნეთის დაპირისპირების დროს შედგა და მას შემდეგ, 2015 წლის ჩათვლით, მან ეროვნული ნაკრების მაისურით 93 მატჩი ითამაშა.

ხიზანიშვილს საქართველოში თბილისის "ლოკომოტივში", თბილისის "დინამოსა" და "სამტრედიაში" უთამაშია, საზღვარგარეთ კი შოტლანდიური "დანდისა" და "გლაზგო რეინჯერსის", ინგლისური "ბლექბერნის", "ნიუკასლისა" და "რედინგის", ასევე, თურქული "ქაისერისფორის" ღირსებას იცავდა. ამჟამად 34 წლის მცველი ბაქოს "ინტერში" გამოდის.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ხიზანას გაუმარჯოოს!!))))
Premia
01:37 06-09-2016
0
მე პრემიები მეგონა ))))))))))))))))))))
svani
13:45 05-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული