[ოთხშაბათის საკითხავი] გმადლობთ, ხიზან!

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან ზურაბ ხიზანიშვილი გავაცილეთ. ეს არ იყო რიგითი მოვლენა. 1999 წლიდან ხიზანიშვილი ეროვნული გუნდის შეუცვლელი მოთამაშე გახლდათ გარკვეულ პერიოდამდე. 16 წელი და 93 სანაკრებო მატჩი უკვე ჩაწერილია ისტორიაში და თუ გული გაქვს, თუ ქართული ფეხბურთი გიყვარს, ამაზე ემოციის გარეშე ვერ დაწერ და ვერც ემოციის გარეშე წაიკითხავ...

საქართველოს ნაკრები მუდამ რჩება ჩვენს საყვარელ გუნდად. საქართველოს ნაკრები ჩვენთვის განსაკუთრებული რამაა. ის გვიყვარს ძველიც და ახალიც. წაგებულიც და მოგებულიც. ამაყიც და დროებით თავდახრილიც. გვიყვარს და გვჯერა ჩვენი ფეხბურთის მომავლის.

და მაინც,
ალბათ არ ეწყინებათ საქართველოს ნაკრებში ამჟამად მოთამაშე ფეხბურთელებს, თუ დავწერ, რომ იმ ძველ ნაკრებს სხვანაირი ხიბლი ჰქონდა. თავი დავანებოთ იმას, რომ იმ ნაკრებში მართლაც დიდი ფეხბურთელები თამაშობდნენ (სხვა საქმეა, რომ ვერც იმ გუნდმა გაგვახარა რაიმე მნიშვნელოვანი წარმატებით). თითქოს, სხვანაირი ურთიერთობა იყო თუნდაც ჩვენსა და ფეხბურთელებს შორის.

ამბობენ, ჟურნალისტსა და ფეხბურთელს შორის მეგობრობა სასურველი არ არისო. რა თქმა უნდა, ამაში არის სიმართლის მარცვალი. მეგობარს ყოველთვის ბოლომდე ვერ გააკრიტიკებ. მეგობარი შეიძლება დაინდო.

პირდაპირ უნდა ვთქვა - მე ვამაყობ, რომ ზურაბ ხიზანიშვილი ჩემი მეგობარია. ვამაყობ იმით, რომ ცხოვრებამ გადამყარა ასეთ ადამიანს, თავისი საქმის ასეთ პროფესიონალს...

ზურას გამოჩენა დიდ ფეხბურთში და ჩემი მისვლა ჟურნალისტიკაში ერთმანეთს დაემთხვა. გემოვნებაზე არ დავობენ: ის დღემდე რჩება ჩემთვის გამორჩეულ რესპონდენტად, ძალიან კარგ ფეხბურთელად და კიდევ უფრო კარგ ადამიანად.

ახლა, როცა საქართველოს ნაკრებიდან გავაცილეთ ზურაბ ხიზანიშვილი, მინდა ერთი ისტორია გავიხსენო. არ ვიცი, "ხიზანას" ახსოვს თუ არა ეს პატარა ამბავი, მაგრამ მე მართლა არასოდეს დამავიწყდება...

საქართველოს ნაკრებთან ერთად უკრაინაში ვართ ქართველი ჟურნალისტები. ის მატჩი ჩვენმა გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა, მაგრამ მინიმალური ანგარიშით წააგო. თამაში რჩება და გეზს ეგრევე აეროპორტისკენ ვიღებთ. საქართველოს ნაკრების ავტობუსში ვარ უზომოდ დამწუხრებულ ბიჭებთან ერთად...

ტელეფონს ვიღებ, ოციოდე წუთი მაქვს საიმისოდ, რომ მასალა გამოვგზავნო თბილისში, მაგრამ... მობილური დამჯდარია!

მთელი დღის განმავლობაში თამაშის მომლოდინეს ტელეფონის დატენვა დამვიწყებია. "ხიზანას" გვერდით ვზივარ. სასწრაფოდ ტელეფონს მაწვდის. თან ამატებს, რამდენიც გინდა, ილაპარაკეო.

ვრეკავ თბილისში. ვიწყებ რეპორტაჟის გადმოცემას და მივდივარ იმ ადგილას, სადაც... ხიზანიშვილი უნდა გავაკრიტიკო. წამიერად აზრზე მოვდივარ და ვჩერდები. ჩემი მეგობარი, მისი ტელეფონი და მისივე კრიტიკა - ცოტა უხერხული "კომპოტია"...

და ზუსტად ამ დროს ზურა მეუბნება: "დაწერე, რასაც ფიქრობ. ეს ხომ იმისთვის იწერება, რომ ხვალ უკეთესები ვიყოთ", - უცებ დიდზე დიდი ლოდი მეხსნება გულიდან და ჩემს სათქმელს ბოლომდე ვამბობ. ეს იყო პატარა შტრიხი ზურაბ ხიზანიშვილის პორტრეტისთვის...

არასოდეს დავშვრები ზურას პიროვნულ თვისებებზე წერით. დავიწყოთ სულ თავიდან. იმდენი და ისეთი ტრანსფერები ჩაეშალა, ბევრი მის ადგილზე დაიბოღმებოდა, ხელს აიღებდა ფეხბურთზე. "ხიზანამ" კი ითამაშა და რაც ითამაშა, მართლა კარგი და გემრიელი ფეხბურთი გამოუვიდა - ის არც ერთ გუნდში არ ყოფილა რიგითი ფეხბურთელი.

მე ზუსტად ვიცი, რომ საზღვარგარეთ მოთამაშე ზურაბ ხიზანიშვილს მუდან თან ჰქონდა საქართველოს დროშა და ის ჩუმად, უსიტყვოდ, მაგრამ დიდი მგზნებარებით განიცდიდა ნოსტალგიას.

მე ზუსტად ვიცი, რომ ბევრ ძლიერ გუნდში თამაშის, კარიერული წინსვლის მიუხედავად, ზურა დარჩა უბრალო ადამიანად, ერთ რიგით ქართველად, კარგ მეოჯახედ, მეუღლედ, მამად...

საფეხბურთო თვისებებზე ცალკე ვიტყვი. არ ვიცი, ვინ როგორ ფიქრობს, მაგრამ პირადად ჩემთვის ზურაბ ხიზანიშვილის რამდენიმე თამაში საქართველოს ნაკრებში უთანაბრდება მსოფლიო კლასის ფეხბურთელთა მიერ ნაჩვენებ თამაშებს.

ერთი სიამოვნება იყო მისი თამაშის ცქერა. დღევანდელ მსოფლიოში მცველები ძირითადად ფონს სხვა თვისებებით გადიან და სათამაშო ინტელექტს არად დაგიდევენ. ხიზანიშვილი არ არის ასეთი მცველი: ის ყოველთვის "ტვინით" თამაშობს. ფეხბურთში ყველას აქვს თავისი "სისუსტეები" და მე სწორედ ასეთი მცველები მიყვარს.

მე ასე ვფიქრობ: ხიზანიშვილს შეეძლო, მეტი სარგებლობა მოეტანა საქართველოს ნაკრებისთვის. თუნდაც ის პერიოდი ავიღოთ, როცა ფეხბურთელი და ეროვნული გუნდი დაშორებულნი იყვნენ. მერე რა, რომ მთავარი მიზეზი აქ ხიზანიშვილი სულაც არ იყო.

ბოლო პერიოდში მას ბევრი კრიტიკა ხვდა საქართველოს ნაკრებში ნაჩვენები თამაშის გამო. "ხიზანამ" ამასაც გაუძლო და ამ დიდი კრიტიკის შემდეგ ერთხელაც დაბრუნდა საქართველოს ნაკრებში.

ეროვნული გუნდიდან კი წავიდა, მაგრამ ზურა ჯერაც მოქმედი ფეხბურთელია. ის ბაქოს "ინტერში" თამაშობს და წესით, აზერბაიჯანის ჩემპიონატში კიდევ კარგა ხანს ითამაშებს. და მაინც, მოვა დრო, როცა ის ფეხბურთს შეეშვება.

ჩემთვის ძალიან საინტერესოა, როგორ წარიმართება ხიზანიშვილის საფეხბურთო ცხოვრება მას შემდეგ, რაც ის ბუცებს ლურსმანზე ჩამოჰკიდებს. ორი აზრი არ შეიძლება იყოს: ქართულ ფეხბურთს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ზურას ინტელექტი დაკარგოს.

მეტიც: ნაღდად არ ვიცი, რას ფიქრობს ამ საკითხზე თავად, მაგრამ მე მჯერა - მისგან ძალიან კარგი მწვრთნელი დადგება. ამის თქმის საფუძველს მაძლევს მისი სიღრმისეული საფეხბურთო ცოდნა, დეტალებში წვდომის განსაკუთრებული უნარი, მტკიცე და, ამავე დროს, ძალიან უშუალო ხასიათი.

...ახლა ვიხსენებ ძველ ამბებს და მიკვირს: რა მალე გაირბინა თექვსმეტმა წელმა. თითქოს გუშინ იყო, ზურაბ ხიზანიშვილსა და ოთარ ხიზანეიშვილს დებიუტი რომ ჰქონდათ საქართველოს ნაკრებში. მაშინ საბერძნეთმა თითქმის წაგებული თამაში მოგვიგო, ორმა პირტიტველა ჭაბუკმა კი შესანიშნავად ითამაშა.

დიდი დროა საფეხბურთო თვალსაზრისით 16 წელი. მაშინდელი ჭაბუკები დღეს უკვე ვეტერანი ფეხბურთელები არიან. უყურებ ამ გაფრენილ 16 წელს და სევდიანი ფიქრები გიპყრობს: შენც აღარ ხარ პატარა ბიჭი და იქნებ შენი კარიერის საუკეთესო წლებიც ზურგს უკან იყოს?!

ასეა თუ ისე, ყველამ მადლობა უნდა ვუთხრათ ზურაბ ხიზანიშვილს საქართველოს ნაკრებში გატარებული 16 წლისა და 93 მატჩის გამო. თავისუფლად შეიძლებოდა, ასიც ყოფილიყო, მაგრამ რაც არის, ეს ვიკმაროთ.

ცხოვრება კი გრძელდება. არავინ იცის, რას გვიმზადებს ხვალინდელი დღე. ნურც იმას გამოვრიცხავთ, რომ ერთ დღეს ზურაბ ხიზანიშვილი დაუბრუნდეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს.

ცხოვრება გრძელდება. ჩვენ ვიცით, რომ არასოდეს უნდა ვთქვათ - "არასოდეს". ისიც ვიცით, რომ საქართველოს ნაკრები ზურაბ ხიზანიშვილისათვის ყველაზე ძვირფასი გუნდია. მაგრამ წასვლა გარდაუვალი იყო. ამ ცხოვრებაში ყველაფერი დროებითია...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ზურაბ დიდი მადლობა კარგი ქართველობისთვის და კარგი, თავდადებული ფეხბურთელობისთვის!!...გისურვებ საქართველოს საფეხბურთო ცხოვრების გაძლიერებას და ყოველივე საუკეთესოს ცხოვრებაში!
არტაგი
12:20 08-09-2016
0
მადლობა და წწარმატებები ხიზანიშვილს ცხოვრებაში. იმედია თავის საფეხბურთო გამოცდილებას ისევ ქართულ ფეხბურთს მოახმარს.

ისე, კობიაშვილი თუ წაიკითხავს შალვას მიმართვას მისადმი ლელოს ბლოგზე კარგს იზამს. პოლიტიკაში რა ესაქმება, ფეხბურთი თავზე გვექცევა. კარგი ბლოგია.
ლუკა
18:02 07-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული