ალექსანდრე ამისულაშვილმა სანაკრებო კარიერა დაასრულა!

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მცველმა ალექსანდრე ამისულაშვილმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. ამასთან დაკავშირებით ფეხბურთელის განცხადება დღეს, 9 სექტემბერს, სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელდა.

თბილისის "დინამოს" 34 წლის ფეხბურთელს ეროვნულ გუნდში, რომლის ღირსებას 19 წლის ასაკიდან იცავდა, 49 მატჩი აქვს ჩატარებული. მის ანგარიშზე ოთხი გოლია. ბოლოს ალეკომ საქართველოს ნაკრებში ავსტრიის წინააღმდეგ, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩში (1:2) ითამაშა.

- საქართველო-ავსტრია 1:2 - ბატონო ვაის, ხანდახან თავი სიფრთხილესაც სტკივა! [VIDEO]

გამომდინარე იქიდან, რომ თავად ალეკოს სოციალურ ქსელში პირადი გვერდი არ აქვს, ნაკრებიდან წასვლის შესახებ განცხადება, მისმა
მეუღლემ ნინი ზარქუამ გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"ვინაიდან ამისულა არ არის დარეგისტრირებული არცერთ სოციალურ ქსელში, განცხადებას ავრცელებს ჩემს გვერდზე.

მოგესალმებით, ჩემთვის ძალიან ძნელია ამ განცხადების გაკეთება, თუმცა ვფიქრობ, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს და სწორედ ახლა დადგა ეს დრო, როდესაც მე ვემშვიდობები ეროვნულ ნაკრებს და გადავდივარ გულშემატკივართა რიგებში.

უპირველესად, მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ეროვნული ნაკრების ყველა ფეხბურთელს, ყველა მწვრთნელს, ვისთან ერთადაც მომიწია ქვეყნის ეროვნული ნაკრების ღირსების დაცვა. დიდი მადლობა ნაკრების თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც ყოველდღიურად ძალიან ბევრს და დაუღალავად შრომობენ. მადლობა მინდა, ვუთხრა ჩემს გულშემატკივარს თანადგომისთვის, დაფასებისთვის, სიყვარულისთვის.

აქვე მინდა, აუცილებლად აღვნიშნო, რომ მე ყოველთვის ვიყავი ჯანსაღი კრიტიკის მომხრე, ვითვალისწინებდი საფუძვლიან შენიშვნებს, რადგან ეს ჩემი განვითარებისათვის აუცილებელია. თუმცა, გულისტკივილით მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო პერიოდში, ჩემს მიმართ გამოთქმული მოსაზრებები კრიტიკის ზღვარს გაცდა და შეურაცხყოფაში გადაიზარდა, რაც დამეთანხმებით, მიუღებელია. უხეშმა, პირდაპირ ვიტყვი, შეურაცხმყოფელმა გამონათქვამებმა ჩემი მისამართით, ნეგატიური გავლენა იქონია ჩემზე და ჩემს ოჯახზე.

იმედი მაქვს დაფიქრდებიან ამ გამონათქვამების ავტორები და მომავალში მაინც გაითვალისწინებენ, რომ არ შეიძლება შეურაცხყოფა მიაყენო ფეხბურთელს, რომელიც სულს და გულს დებს თავის საქმიანობაში!

ჩემი ეს განცხადება, ჩემს მიმართ უკვე გამოთქმულ შეურაცხყოფას ვერ წაშლის, მაგრამ იმედი მაქვს, სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელებს, რომლებსაც ჯერ ყველაფერი წინ აქვთ, აღარ მოუწევთ მსგავსი გამონათქვამების მოსმენა.

ყველას, ვინც აფასებდით ჩემს საქმიანობას, დიდ მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის! ალექსანდრე ამისულაშვილი", - ნათქვამია განცხადებაში.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 66 /
კარგია, რომ მიხვდა, რომ სუსტი ცენტრია და მის გამო ბევრი გოლი გავუშვით როგორც ნაკრებში, ისე დინამოში, მაგრამ ყველაზე ცუდი ისაა, რომ მასზე უკეთესი მცველები თითებზე ჩამოსათვლელია. სამწუხაროდ.
merabi
13:06 09-09-2016
0
გადავრჩით,ასე არ ჯობია ტოო.ლობიოჯანიძის დრო მოვიდა.
reso
13:10 09-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული