ხოჭოლავა ოდესის "ჩერნომორეცის" ერთ-ერთი ლიდერია და უკრაინის ჩემპიონატში ტური იშვიათად ჩაივლის, იქაურმა ჟურნალისტებმა მას საქებარი სიტყვები არ უძღვნან. გადავწყვიტეთ, "ლელოს" მკითხველს ის ახლოს გავაცნოთ.
"ლელომ" ხოჭოლავასთან ინტერვიუ ჩაწერა...
- მოდით, ჯერ გაიხსენეთ თქვენი პირველი ნაბიჯები ფეხბურთში...
- საერთოდ, სპორტული ოჯახიდან ვარ, სადაც
- ...და რატომ მაინცდამაინც ფეხბურთი?
- ალბათ იმიტომ, რომ პატარაობიდანვე ძალიან მიყვარდა ფეხბურთი და თან, მამაჩემის მეგობარი გიორგი დევდარიანი მწვრთნელი გახდა. გიორგიმ თავისი მეგობრების შვილები, 92-93 წლებში დაბადებულები შეგვკრიბა. ასე შეიკრა გუნდი და დავიწყეთ ვარჯიში ასკ-ის დარბაზში.
- ცოტა მეტი გვითხარით თქვენს მწვრთნელებზე...
- პირველი, როგორც გითხარით, გიორგი დევდარიანი იყო. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მის ხელში ვიზრდებოდი როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ. მან ძალიან ბევრი მასწავლა და თუ რაიმე, თუნდაც პატარა წარმატება მაქვს დღეს, ეს მისი დიდი დამსახურებაა. ასევე დიდი როლი ითამაშა ჩემს აღზრდაში თემურ ფოცხვერიამ. პირდაპირ ვიტყვი - დევდარიანთან ერთად, ის გადაყოლილი იყო ჩვენს თაობაზე.
- მინდა, სწორედ თქვენს თაობაზე მიამბოთ. ამ ბიჭებზე მართლაც ძალიან დიდ იმედს ვამყარდებდით...
- საოცრად ძლიერი გუნდი გვყავდა და ამ მხრივაც გამიმართლა. ფაქტობრივად, ყველა თამაშს ვიგებდით ჩვენს ასაკში. შედეგიც სახეზეა - პარუნაშვილი, ჭანტურია და ყაზაიშვილი საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები არიან. აუცილებლად უნდა ვახსენო ტვილდიანიც. ის სამაგალითო პიროვნება და პროფესიონალია. ტრავმები უშლის ხელს, თორემ აუცილებლად იტყვის თავის სიტყვას.
- ვიცით, რომ თავიდან შემტევი იყავით. როგორ და რატომ შეიცვალეთ ამპლუა?
- მთელი ბავშვობა შემტევი ვიყავი, მაგრამ მაკლდა ყველაზე საჭირო და ფასეული რამ თავდამსხმელისთვის - გოლის ალღო. სამაგიეროდ, ბრძოლისუნარიანობა ჭარბად მქონდა.
ერთხელაც გიორგი დევდარიანმა შემომთავაზა, რომ დაცვაში მესინჯა ძალა. ვსინჯე და პირველი შეხვედრა ძალიან ცუდად ჩავატარე. ამის მიუხედავად, მაშინვე მივხვდი, რომ ეს ჩემთვის ზედგამოჭრილი პოზიცია იყო. ასე შევიცვალე ამპლუა...
- როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ შეძელით თბილისის "დინამოში" თავის დამკვიდრება?
- გულწრფელად გეტყვით, რომ ეს ჩემი ბრალია. არ ვამბობ, რომ დონეს ვერ ვაკმაყოფილებდი, მაგრამ რამდენიმე ოპერაცია დამჭირდა და ამაშიც საქმისადმი ჩემს დამოკიდებულებას ვადანაშაულებ. ალბათ, ისე ვერ ვუვლიდი თავს, როგორც საჭირო იყო. ამის გამო მოხდა, რომ ალექს გარსიას შემდეგ "დინამოს" არც ერთი მწვრთნელი არ მენდობოდა და ამიტომაც დავტოვე გუნდი.
- მინდა, მთლიანად საქართველოში გატარებული პერიოდის შეფასება გთხოვოთ. რა პრობლემების წინაშე დგას ზოგადად საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელი?
- პრობლემა ძალიან ბევრია, მაგრამ მჯერა, ფეხბურთის ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობა მოაგვარებს ამ პრობლემებს. ამ ხალხს ძალიან უყვარს ფეხბურთი. პირველ რიგში, ფინანსებზე უნდა ვთქვა - რთულია, როცა ფეხბურთელმა თან ოჯახის გამოკვებაზე უნდა იფიქროს და თან - ფეხბურთს დაუთმოს დიდი დრო. ინფრასტრუქტურაშიც გვაქვს პრობლემები, სტადიონზე ცოტა მაყურებელი დადის... არადა, ფეხბურთელისთვის სავსე ტრიბუნები დიდი სტიმულია. ეს არ გაძლევს მოდუნების საშუალებას. სწორედ მაშინ იზრდები, როცა მოდუნებული არ ხარ...
- იყო დრო, ბევრმა ხელიც ჩაიქნია თქვენზე. ქობულეთის "შუქურაში" მისვლის შემდეგ, რომ იტყვიან, "მეორე სუნთქვა" გაგეხსნათ...
- რასაც ჰქვია პროფესიული კარიერა, ჩემთვის სწორედ "შუქურაში" დაიწყო. დიდი ხანია ვიცნობ რევაზ ჩელებაძეს, შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს... როცა გაიგო, რომ გუნდს ვეძებდი, დამიკავშირდა და მითხრა - მე გენდობიო. უნდოდა, მის გუნდში ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი ვყოფილიყავი. იმ მომენტში, ეს ჩემი კარიერული წინსვლისთვის აუცილებელი იყო. კარგი გუნდი შეიკრა იმ წელს და მთლიანობაში კარგი სეზონიც გვქონდა.
აქვე, ვისარგებლებ თქვენი გაზეთით და "შუქურასა" და რევაზ ჩელებაძეს მადლობას გადავუხდი ამხელა ნდობისთვის.
- როგორ გაჩნდა "ჩერნომორეცში" გადასვლის შანსი?
- მოულოდნელად გამოჩნდა. კახა მჟავანაძე ხომ იცით? ის ჩემი მეგობარია, ერთადაც ვთამაშობდით "შუქურაში" და სწორედ მან უთხრა ჩემზე ოდესელებს. იმ მომენტში "ჩერნომორეცს" ცენტრალური მცველი სჭირდებოდა. რეკომენდაცია გამიწია "შუქურას" ყოფილმა მწვრთნელმა ფროლოვმაც... იმ დროს ის "ჩერნომორეცში" მუშაობდა...
კახას ამაგი არასოდეს დამავიწყდება... დღეს აქ საოცრად კარგ სიტუაციაში ვარ - დიდი ნდობა მაქვს, ჩემპიონატიც მაღალი დონისაა... თან საკმაოდ ახალგაზრდული გუნდი გვყავს. შარშან არ გამოგვივიდა სტაბილურად მაღალ დონეზე თამაში და ამის მიზეზი, ალბათ, ახალგაზრდა მოთამაშეების გამოუცდელობა იყო. წელს ძირითადი ბირთვი შევინარჩუნეთ და ექვსეულში მოსახვედრად ვიბრძვით. ეს ევროსაგზურის მოპოვების საშუალებას იძლევა. ბოლო 4 მატჩიდან ოთხივე მოვიგეთ, 6 გოლი გავიტანეთ და არც ერთი არ გაგვიშვია.
- ვიდრე ბლიცზე გადავალთ, ცხადია, საქართველოს ნაკრებზეც უნდა გკითხოთ. როგორ მიგიღეს გუნდში? რა ემოციები გამოგყვათ ავსტრიასთან მატჩისგან?
- ნაკრებში ძალიან თბილად მიმიღეს, მეგობრული გუნდია... ყველაფერს სიტყვებით ვერ გადმოვცემ. ვერც იმას ავხსნი, რას ნიშნავს ჩემთვის საქართველოს ნაკრები. როცა ქვეყნის მთავარ გუნდში გამოძახების შესახებ გავიგე, ეს ერთ-ერთი ბედნიერი მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში.
ბლიცი
- საყვარელი წიგნი...
- კოელიოს "ალქიმიკოსი".
- მწერალი...
- ჯეკ ლონდონი.
- მუსიკოსი ან ჯგუფი...
- The Notorious B.I.G. და Earth, Wind & Fire.
- კლუბი და ნაკრები...
- "რეალი" და ბრაზილია.
- ფეხბურთელი...
- ლიონელ მესი!
- თქვენი ოცნება ფეხბურთში...
- ვითამაშო საქართველოს ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატზე.
- მთავარი ნაკლი...
- ზოგჯერ ზედმეტი ემოციურობა...
- ოპტიმისტი ხართ თუ პესიმისტი?
- ოპტიმისტი.
- როგორ ატარებთ თავისუფალ დროს?
- ძირითადად ოდესის ცენტრში ვარ ხოლმე. ძალიან მიყვარს ეს ქალაქი. ხან მაღაზიებში დავდივარ, ხან კაფეში, ხან უბრალოდ ვსეირნობ...
- რა არის თქვენთვის მთავარი ცხოვრებაში?
- ჩემი ოჯახი და კიდევ ის ადამიანები, ვისთან ერთადაც გავიზარდე და დღესაც ერთად ვართ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"