[ოთხშაბათის საკითხავი] როგორ ვითამაშოთ ირლანდიასა და უელსში?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი მოადგა კარს. ავსტრიასთან საშინაო მარცხის შემდეგ ირლანდიასა და უელსთან მატჩებმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. ფაქტია, ამ ორ ურთულეს შეხვედრაში რაღაცას მაინც უნდა გამოვრჩეთ, თორემ ციკლის წარმატებით ჩამთავრების შანსი პრაქტიკულად ნულს გაუტოლდება.

რა თქმა უნდა, ვლადიმირ ვაისმა უკეთ იცის, როგორ ათამაშოს ნაკრები. ეს წერილი მწვრთნელის კომპეტენციაში ჩარევის მცდელობად არავინ უნდა აღიქვას. მხოლოდ ჩემს აზრს გამოვთქვამ...

ველით უკეთეს საქართველოს
ავსტრიასთან მატჩისგან განსხვავებით, ბრიტანულ ტურნეში საქართველოს უკეთეს ნაკრებს ველით. ვფიქრობ, მოლოდინს აქვს ლოგიკური საფუძველი. ფეხბურთში წინასწარ
არაფრის ვარაუდი არ ვარგა, მაგრამ დღეის მონაცემებით ირლანდია-უელსთან თამაში უნდა შეძლონ ლევან მჭედლიძემ და ლევან ყენიამ. ნუ გამოვრიცხავთ ჯაბა კანკავასაც და არც ის დაგვავიწყდეს, რომ კლუბი და, შესაბამისად, უკეთესი სათამაშო ფორმა იპოვა თორნიკე ოქრიაშვილმაც.

გავრისკავ და დავწერ: ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების თამაში ყველაზე მეტადაა დამოკიდებული სწორედ ოქრიაშვილზე. მას ჯერაც სჭირდება მეტი სათამაშო პრაქტიკა, მაგრამ ის უკვე ვნახეთ "კრასნოდარში" და ცუდი ნამდვილად არ იყო.

რას ფიქრობს ვაისი?
ზუსტად ვიცით, რომ ვლადიმირ ვაისი ეროვნული გუნდის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მართებულად მიიჩნევს იმას, რომ ჩვენს ფეხბურთელებს, უფრო ზუსტად კი მათ უმრავლესობას, სათამაშო პრაქტიკა აკლია.

ავსტრიასთან მატჩში მე ველოდი, რომ მეტად დაიტვირთებოდნენ ის ფეხბურთელები, რომელთაც აქვთ პრაქტიკა, მაგრამ ასე არ მოხდა. სანთლით საძებანი არ არიან ისეთი მოთამაშეები, რომელთაც აქვთ სათამაშო წუთები და ავსტრიასთან სკამიდან არ წამომდგარან.

მაგალითად, მე არ მესმის, როგორ შეიძლებოდა, კარგ ფორმაში მყოფი ნიკა კვეკვესკირი საქართველოს ნაკრებს არ გამოსდგომოდა? მართალია, ეს რამდენიმე დღეა, ნიკას ტრავმა აქვს, მაგრამ ავსტრიასთან ის სრულიად ჯანმრთელი იყო და, ვფიქრობ, სათამაშო დროს იმსახურებდა. იმის იმედიც არის, რომ ნაკრების ბრიტანულ ტურნემდე კვეკვესკირი გამოჯანმრთელებას მოასწრებს.

გოგუას ფაქტორი
ორიოდე დღის წინ საქართველოს ნაკრების რეზერვის ჩვენეული ხედვა შემოგთავაზეთ. ამ თემას ერთხელაც აღარ მივუბრუნდებით. როგორც წესი, წაგებული სანაკრებო მატჩის შემდეგ მწვრთნელებს ახალი მებრძოლები გამოჰყავთ ასპარეზზე.

ძალიან კარგად გვესმის, რომ საქართველოს ნაკრების რესურსი დღეს ამოუწურავი არ არის და რთულია ისეთი ფეხბურთელის პოვნა, რომელიც ეროვნულ გუნდს მართლა გააძლიერებს. და მაინც, ჩემი აზრით, ასეთი ფეხბურთელი არის - თუ გოგიტა გოგუა ჯანმრთელადაა, მას შეუძლია, დიდი სარგებლობა მოუტანოს საქართველოს ნაკრებს.

გოგუა ძალიან კარგია ყაზახეთის ჩემპიონატში, ეს ჩემპიონატი კი ხელწამოსაკრავი ნამდვილად არ არის. ეს ის ფეხბურთელია, თითქმის ნებისმიერ პოზიციაზე რომ შეუძლია თამაში, ორთაბრძოლებში ძლიერია და უშიშარი. ეს სულაც არ არის ნაკლებად მნიშვნელოვანი ფაქტორი ბრიტანულ გუნდებთან მომავალ ჯახში, ჩვენი მოწინააღმდეგეების სათამაშო სტილიდან გამომდინარე.

ადვილი სავარაუდოა, რომ ირლანდიაც და უელსიც შეეცდებიან, ძალისმიერ ორთაბრძოლებში დაგვჩაგრონ და სწორედ ამის ხარჯზე მიაღწიონ წარმატებას. აქამდე, ირლანდიამ ყველა მატჩი მოგვიგო და ამაში ლოგიკის რაღაც მარცვალი უნდა ვეძიოთ.

ჩემი აზრით, "მარცვალი" მეტოქის უკეთეს ფიზიკურ მომზადებაშია. ვიხსენებ საქართველოს ნაკრების ყველა წაგებას "სამყურებთან" და მივდივარ ერთადერთ დასკვნამდე: ირლანდიელებთან მატჩების კონკრეტულ მონაკვეთებში საქართველოს ნაკრები, უბრალოდ, დაიღალა.

ჩვენ ერთადერთი გამოსავალი გვრჩება - დუბლინში არამც და არამც არ უნდა დავიღალოთ! წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან გაგვიჭირდება. გოგუა თითქმის არასოდეს იღლება მინდორზე და ეს მისი დიდი პლუსია.

ჩემი აზრით, წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა გოგუა ჭირვეული ფეხბურთელი იყო. ის ახლა საფეხბურთო სიმწიფის ასაკშია და თავად იცის, რომ მეტი მოეთხოვება. მე ძალიან მტკივა გული იმის გამო, რომ ის ჯერაც ვერ იქცა შეუცვლელ ფეხბურთელად საქართველოს ნაკრებისთვის - როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური მიზეზების გამო. ამის გამოსწორება ჯერ კიდევ შესაძლებელია.

არ შეგვეშინდეს!
ირლანდიის ამ ფორმაციის ნაკრებს, და დიდწილად უელსსაც, ერთი ზნე სჭირს: საშინაო მატჩებში, განსაკუთრებული მხარდაჭერის ფონზე, იმედი აქვს, რომ ადრე თუ გვიან პირობითი აუტსაიდერი დაფრთხება და საკუთარ თამაშს მოახვევენ თავს. ამიტომ, დუბლინსა და კარდიფში არამც და არამც არ უნდა შეგვეშინდეს! უნდა ვითამაშოთ რწმენით და თავდადებით. უნდა გვჯეროდეს, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია.

ტაქტიკა
აღარ უნდა განმეორდეს ის, რაც ავსტრიასთან შეხვედრის პირველ ტაიმში მოხდა. საქართველოს ნაკრებმა, თუნდაც გასვლით თამაშში, უარი უნდა თქვას ზედაცვით ტაქტიკაზე. უნდა გვახსოვდეს - რაც დამოუკიდებელ თუ საბჭოთა ხანის ქართულ ფეხბურთს წარმატებები ჰქონია, სულ შემოქმედებითი ფეხბურთის დამსახურებით ყოფილა.

უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ საუკეთესო თავდაცვა შეტევაა. რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში დაცული უნდა იყოს ბალანსი. უბრალოდ, მხოლოდ დაცვაზე ფიქრი კარგს არაფერს მოგვიტანს.

რას უნდა ავერიდოთ...
ავსტრიასთან მატჩის წინ არაერთხელ დავწერეთ, რომ საქართველოს ნაკრები აუცილებლად უნდა არიდებოდა ჯარიმებს საკუთარი საჯარიმოს მისადგომებთან. სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრების მწვრთნელ-ფეხბურთელებმა ეს ვერ გაითვალისწინეს და ამის გამო უმკაცრესად დავისაჯეთ.

დღეს სტანდარტული სიტუაციების ხეირიანად შესრულება ყველა გუნდმა ისწავლა, მაგრამ არავის შეუცვლია ერთი დაუწერელი კანონი, რომლის მიხედვითაც, ბრიტანული ნაკრებები განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ამგვარ სიტუაციებს და კარგადაც ასრულებენ მათ.

ასე რომ, მაქსიმალურად ფრთხილად უნდა ვიყოთ და შეძლებისდაგვარად მოვერიდოთ ჯარიმებს. ირლანდიისა და უელსის ნაკრებთა ფეხბურთელები დიდებულად თამაშობენ "მეორე სართულზე". მეტიც - ეს ირლანდიის ნაკრების მთავარი კოზირია.

გასაგებია, რომ მათ აღარ ჰყავთ რობი კინი - ლეგენდარული ფორვარდი, ვისაც არაერთხელ დაუდვია ჩვენი ცოდვა და მისი არყოფნა გარკვეული შვებაა ჩვენთვის, მაგრამ ირლანდიას ჰყავს სხვა ყოჩაღი შემტევი ბიჭები და ისინი მეტოქეს შეცდომას არ პატიობენ.

მოკლედ, ასი თვალი და ყური გვჭირდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 27 /
კობახიძეზე რატო არაფერს ამბობთ? თუ ბევრი გვყავს ეგეთი?
levani
15:00 21-09-2016
0
ავსტრიასთან მატჩში არ იყო ოპტიმალური შემადგენლობა ეს მწვრტნელის დამსახურებაა რაღატო იწვევს ცისკარიძეს მითუმეტეს დაცვაში პრობლემები გვაქვს ადრე კარგი შთაბეჭდილება დატოვა სულ ცოტა ხნით როცა ითამაშა. სად იყო კვეკვესკირი ამჟამად უკეთეს ფორმაში იყო ვიდრე დაოშვილი რომელიც არ ჩანდა საერთოდ. სანამ გვიან არ არის გეგუჩიძე მოიყვანონ პირველ ნაკრებში, ქართველი უნდა იყოს აუცილებლად ამ ეტაპზე.
ზურა
15:15 21-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული