აუტანელი ჰალსტუხი და... ჯონ ტოშაკი - ინტერვიუ გიორგი დემეტრაძესთან

AutoSharing Option
...უკან მოილია ძალიან საინტერესო კარიერა, არაერთი ქვეყნის გუნდი, საქართველოს ნაკრები, ციხე და პირველია ქართველებში, ვინც სამი ქვეყნის საუკეთესო ბომბარდირი გახდა - მოკლედ, ასეთი იყო 40 წელი, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ თავდამსხმელს, გიორგი დემეტრაძეს 26 სექტემბერს შეუსრულდა.

უმაღლეს ლიგაში 15 წლის გამოჩნდა - თელავის "კახეთში" მიიწვიეს და პირველი გოლი სკოლის მოსწავლემ გაიტანა. იქ 2 სეზონი გაატარა და 1994 წელს კონტრაქტი თბილისის "დინამოსთან" გააფორმა, სადაც უმაღლესი ლიგის ბომბარდირი გახდა.

სულ კარიერაში 7 ქვეყნის გუნდში ითამაშა, ახალ კლუბთან კონტრაქტი კი 16-ჯერ გააფორმა.
მათ შორის იყო როტერდამის "ფეიენოორდი" (სადაც თბილისის "დინამომ" იჯარით გაუშვა), ვლადიკავკაზის "ალანია" (სადაც სამ სხვადასხვა პერიოდში ითამაშა), სადაც 1999 წელს რუსეთის პრემიერლიგის ბომბარდირი გახდა. 2000 წელს გადავიდა კიევის "დინამოში" და გახდა უკრაინის ჩემპიონი. პირველია ქართველებში, ვისაც ესპანეთის პრიმერა დივიზიონის გუნდში ("სოსიედადი") უთამაშია.

ქართველებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოთამაშე იყო და ყველაზე ძვირადღირებულთა ტრანსფერებში მისი გვარი ხშირად ხვდებოდა: 2000 წელს კიევის "დინამოდან" "სოსიედადმა" 4,5 მილიონ ევროდ შეიძინა, 1999 წელს "ალანიამ" კიევის "დინამოს" 3 მილიონად მიჰყიდა, ხოლო 2005-ში დონეცკის "მეტალურგიდან" იმავე "ალანიაში" 2,5 მილიონად დაბრუნდა.

"დემეს" ბევრი და თან ლამაზი გოლი გაუტანია. ალბათ, ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა 1999 წელს კიევის "დინამოში" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ბაიერნის" წინააღმდეგ ჩაატარა. 34-ე წუთზე ანგარიში კახა კალაძემ გახსნა, ხოლო 72-ეზე, დემეტრაძემ ბადე "მაკრატელათი" შეარხია. სხვათა შორის, უკრაინის ტელევიზიამ ამ შეხვედრის კომენტატორად კოტე მახარაძე მიიწვია...

დემეტრაძე პირველი ქართველი ფეხბურთელია, ვინც პოლიტპატიმრად შერაცხეს: 2010 წლის ივლისში "ქურდულ სამყაროსთან კავშირის" ბრალდებით დააკავეს. საპატიმრო 2013 წლის 13 იანვარს დატოვა.

"ლელომ" დემეტრაძესთან ჩაწერა ინტერვიუ, სადაც რესპონდენტი განვლილ წლებზე, კარიერაზე, ციხეში გატარებულ დროსა და სხვა საინტერესო ამბებზე გვიყვება...

მეგონა, ვიღაც მგუდავდა...
- ფეხბურთელებს შორის ყველაზე ლაღ და არასტანდარტულ რესპონდენტს რომ ვასახელებდეთ, უკონკურსოდ გაიმარჯვებდი. შენი გულწრფელი ინტერვიუები ყოველთვის სახალისო წასაკითხი იყო...
- მე და ოფიციალური? შანსი არაა! კაცი სტანდარტებში თუ ჩაჯდები, მერე "გერხევა".

- სტანდარტებში არასოდეს ჩამჯდარხარ?
- არასოდეს!

- ისეთი ტიპი ხარ, ასე მგონია, ჰალსტუხი გეზიზღება...
- მაგრად! შარვალ-კოსტიუმს კიდევ ვიცმევდი, მაგრამ ჰალსტუხი... ალბათ, ცხოვრებაში სულ ორ-სამჯერ თუ მეკეთა. მაშინაც ერთი სული მქონდა, როდის მოვიძრობდი. ეს ჩემთვის ტანჯვა იყო, ასე მეგონა, რომ ვიღაც მგუდავდა.

- თავად მცველების "ჰალსტუხი" იყავი, სულ გუდავდი და ახრჩობდი. რას ფიქრობ, საუკეთესო წლები რომელ გუნდში გაატარე?
- რუსეთსა და უკრაინაში, "ალანიაში", კიევის "დინამოში", დონეცკის "მეტალურგსა" და კიევის "არსენალში". კარიერაში გასახსენებელი ბევრი მაქვს, მათ შორის - არასასიამოვნოც. მაგრამ სამი ქვეყნის ბომბარდირი გავხდი და, რა თქმა უნდა, ეს მეამაყება.

უჟმური ტოშაკი
- "არასასიამოვნო ამბები" ახსენე. რომელ გუნდში გადაგხდა ეს "არასასიამოვნო ამბები"?
- არ მინდა, რომელიმე შეურაცხვყო და ცუდად ვახსენო, რადგან ბევრ და ცნობილ კლუბში მითამაშია. უბრალოდ, ზოგან თამაში გამომდიოდა, ზოგან - არა.

მაგალითად, "სოსიედადში" რომ ჩავირიცხე, ესპანელებმა არაევროკავშირელ ლეგიონერებზე ლიმიტი დააწესეს, სამს თამაში შეეძლო, ერთს - სკამზე ჯდომა. თავიდან ძირითად შემადგენლობაში ვხვდებოდი, მაგრამ მერე დავშავდი და ხელი სწორედ ამან შემიშალა. ასეთ მდგომარეობაში კონკურენცია გამიჭირდა და ძირითადიდან ამომაგდეს. თანაც, იქ მთავარი მწვრთნელი ჯონ ტოშაკი იყო. ცხოვრებაში მსგავსი უჟმური ადამიანი არ მინახავს. რაღაც ინტრიგებს ხლართავდა და დიდად არავის უყვარდა. ძალიან მიკვირს, "რეალში" როგორ მიიწვიეს. ის ნაღდად არ იყო საუკეთესო მწვრთნელი, ვისთანაც მიმუშავია.

- 40 წლის გადასახედიდან განვლილ კარიერას როგორ შეაფასებდი?
- მთლიანობაში, დადებითად, რადგან ბევრ ცნობილ კლუბში ვითამაშე და, როგორც ვთქვი, სამი ქვეყნის ბომბარდირი გავხდი. ეს პატარა საქმე არ არის. ესპანეთსა და ჰოლანდიაში დიდხანს ვერ გავჩერდი, თუმცა ესეც სასარგებლო გამოცდილება იყო. მაგრამ თუ გინდა მკითხო, რას შეცვლიდი, გეტყვი, რომ - არაფერს.

- არაფერს?! რა, მეტის მიღწევა არ შეგეძლო?
- მეტის მიღწევა იმასაც შეუძლია, ვინც ყველაზე მეტს მიაღწია. თუმცა, ერთადერთი, შეიძლებოდა, მეტი მომენდომებინა და გარკვეულ საკითხებზე მეტად დავფიქრებულიყავი, მაგრამ... რაც იყო, იმითიც კმაყოფილი ვარ. საფეხბურთო კარიერა კლუბებსა და ნაკრებში ისე დავამთავრე და ცხოვრების ეს ეტაპი ისე გავატარე, უკან მოხედვის არ მეშინია. ადამიანებისგან სიყვარულს ვგრძნობდი და დღემდე ვგრძნობ, მთავარი კი სწორედ ეს არის - რა სახელი გექნება.

ციხეში ერთი ფეოლა გვაკლდა...
- ციხის პერიოდზეც ვილაპარაკოთ. ოთხ კედელს შორის გამოკეტვა ყველასთვის მძიმეა, მაგრამ ფეხბურთელობისას საუკეთესო კონტრაქტებს აფორმებდი და კარგი ცხოვრება არ გიკვირდა. ამის შემდეგ ციხე კიდევ უფრო მძიმე განსაცდელი იქნებოდა...
- რა თქმა უნდა. 2,5 წელი აბსურდული ბრალდებით ვიჯექი - ფეხბურთელს ქურდული სამყაროს წევრობა დამბრალდა. თუმცა ყველამ იცის, სინამდვილეში რაც უნდოდათ, მეთქვა ის, რაც ბუნებაში არ მომხდარა. ამის მიზანი კი ის იყო, რომ ყველას დაენახა - ნებისმიერ ცნობილ ადამიანს ჩემს გზას გაუყენებდნენ, თუ მათ მხარეს არ დადგებოდა.

- ცნობილია, რომ ციხეში საკმაოდ დაიკელი წონაში და ბევრსაც ვარჯიშობდი...
- იმიტომ, რომ ციხეში ფეხბურთი ყველაზე დიდი გართობა იყო. მაგრამ თავიდან ფეხბურთს რადიოში ვუსმენდი და ვოცნებობდით, ტელევიზორი გვღირსებოდა. ძალიან მძიმე პირობები გვქონდა. მერე "ზონაში" გადამიყვანეს, სადაც საფეხბურთო სამყაროში ცნობილი ხალხი დამხვდა - თბილისის "დინამოს" ყოფილი მფლობელი მერაბ რატიანი და ძალიან მაგარი კაცი, ვერელი გულშემატკივარი მიშა დაფქვიაშვილი. ერთი ფეოლა გვაკლდა, თორემ მაგარ გუნდს გავაკეთებდით.

- ფეხბურთს ხშირად თამაშობდი?
- ყოველდღე, საღამოს შვიდ საათამდე, ზაფხულში კი რვის ნახევრამდე, ანუ მანამდე, სანამ "ზონა" დაიხურებოდა.

სიროტასთან მეგობრობა
- ციხიდან გამოსული ქუთაისის "ტორპედოს" პრეზიდენტი იყავი, მაგრამ კლუბი მალე დატოვე. ახლახანს კი ცნობილი გახდა, რომ "ზუგდიდში" უკრაინელ ინვესტორებთან ერთად მიხვედი...
- არა, კლუბში არ მივსულვარ და რაც ამაზე დაიწერა, სისულელე იყო.

- აბა, რა მოხდა რეალურად?
- "ზუგდიდში" ვიცე-პრეზიდენტად დანიშნული სვიატოსლავ სიროტას დონეცკის "მეტალურგიდან" ვიცნობ და მას შემდეგ ვმეგობრობთ. კლუბში ჩამოსვლა რომ გადაწყვიტა, აქაურ საფეხბურთო ვითარებას არ იცნობდა და რაღაც საკითხებში რჩევა მკითხა. ეს იყო და ეს, მეტი სერიოზული არაფერი მომხდარა და "ზუგდიდში" ერთი დღითაც არ მიმუშავია. მაგრამ სიროტამ მცირე ხნის წინ საქართველო და კლუბი დატოვა, ჩვენ ერთმანეთს აღარ შევხმიანებივართ.

- როგორც ვიცი, ბოლო ორი წელია, ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობ...
- ეს თანამშრომლობა ჯერ კიდევ ორი წლის წინ დაიწყო, როცა ტექნიკური დირექტორის, ნიკა ჩხეიძის თანაშემწე ვიყავი. ფედერაციასთან თანამშრომლობას ახლაც ვაგრძელებ და ნაკრებებს სელექციონერის როლში ვეხმარები. მაგრამ გამოჩენა და აფიშირება არ მიყვარს, ჩრდილში ყოფნა მირჩევნია.

ბავშვებს ჩარჩოებში აქცევენ
- ნაკრებზეც ვილაპარაკოთ...
- ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეული თემაა. ჩვენს დროს ნაკრები ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე ვერ გადიოდა და ხალხი უკმაყოფილო იყო ამით. სამწუხაროდ, დრო გადის და ბოლო წლებში ასეთ დიდ ტურნირებზე მოხვედრის იმედიც გადაგვეწურა.

არადა, ოპტიმიზმი ყოველი ახალი შესარჩევი ციკლის დაწყებამდე გვიჩნდებოდა. ბოლოს რაღაც მაინც არ გამოგვდის და ყველა ერთად იმედგაცრუებულები ვრჩებით. ამ დროს, პოტენციალი იყო და ახლაც არის. ამიტომ, ძნელი ასახსნელია, რა გვემართება.

- საერთოდ, ბოლო თაობებში ვარსკვლავური პოტენციალის მქონე მოთამაშეები ნაკლებად ჩანან. შენი აზრით, ამის მიზეზი რა არის?
- მე ამ ვითარების სერიოზული ანალიზის პრეტენზია არ მაქვს. მაგრამ გეთანხმებით, რომ ძლიერი ინდივიდუალისტები თითქმის აღარ იზრდებიან. ხშირად, საფეხბურთო სკოლებში ნიჭიერ ბავშვებს ჩარჩოებში აქცევენ, ფინტებსა და მეტოქის მოტყუებას უშლიან, ასე კი ინდივიდუალისტების ნიჭი იკარგება და უფერულ თაობებს ვიღებთ.

არ მესმის, ბავშვს ნიჭი რომ აქვს, იმის გამოვლენას ხელს რატომ უნდა უშლიდე?!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
ვიქტორ აველაძე 2007 წელს გადავიდა ლევანტეში და დემეტრაძე მანამდე იყო
saba
17:49 02-10-2016
0
ხელისუფლება რო გახევს ქონებას ამას რაქვია ნეტა.დდ მაზავშიკია თუ ყომარბაზია ამ ნაგავ პოლიტიკანებს და მათ ზომბებს ყველას მირჩევნია დემე.აპა რამდენი აქვთ ხალხისგან უკანონოდ ახეული ქონება კეზერებს და მისნაირებს. ერთი სიტყვით ყველამ თავის ჩაოხრებულ საქმეს მიხედოს რაც შეეხება ესპანეთს დემე იყო პირველი ქართველი ვინც ითამაშა ესპანეთში და საერთოდ.როცა რამე არიცი სხვას რო კითხო ცოდვა არარი.
qutaiseli
19:31 02-10-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული