მთავარია, თავს მოერიონ... გიორგი დევდარიანი ოქრიაშვილზე, ჭანტურიასა და სხვებზე

AutoSharing Option
ბავშვობიდანვე ძალიან "გაზიანი" იყო და რაც მალე გაუვა ეს "გაზი", მით უკეთესი იქნება მისთვის

საქართველოს ეროვნული ნაკრების ბოლო ორი მატჩის შეფასება გიორგი დევდარიანს ვთხოვეთ. არცთუ შემთხვევით, დღეს ეროვნული გუნდის ლიდერები ის ფეხბურთელები (თორნიკე ოქრიაშვილი და ვაკო ყაზაიშვილი) არიან, რომელთაც მის ხელში გამოიარეს.

- უელსი-საქართველო 1:1 - ჩვენი იმედის თამაში და კითხვა: ვინ დაგვწყევლა? [VIDEO+PHOTO]
- ირლანდია-საქართველო 1:0 - ტრადიციულად, ქართულად... [VIDEO+PHOTO]


დევდარიანი ქართულ ფეხბურთში რიგითი მწვრთნელი არ არის. ის წარმატებით მუშაობდა ჩვენს კლუბებსა და ასაკობრივ ნაკრებებში. ამიტომ, "ლელოს" მკითხველისთვის მისი აზრი
საინტერესო უნდა იყოს...

- მოდით, შევაფასოთ საქართველოს ნაკრების ბოლო ორი მატჩი...
- უპირველეს ყოვლისა, ვიტყვი იმას, რომ საქართველოს ნაკრების ბოლო ორმა თამაშმა იმედი გააჩინა. რა თქმა უნდა, ეს არ არის ის, რაც ყველას დაგვაკმაყოფილებს, მაგრამ უკეთესობა ჩანს.

მახარებს ისიც, რომ დღეს საქართველოს ნაკრებში წინა პლანზე გამოდიან ის ფეხბურთელები, რომლებმაც ჩემთან არაერთი წელი იმუშავეს. ეს ფეხბურთელები თანდათან იხსნებიან - ვაკო ყაზაიშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი...

მჯერა, ისინი ბოლომდე გამოავლენენ თავიანთ პოტენციალს და ამით ჩვენი ნაკრები კიდევ უფრო ძლიერი გახდება. მაგალითად, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დავით სხირტლაძეს მეტი შეუძლია და ამაში ის მალე ვლადიმირ ვაისსაც დაარწმუნებს. აუცილებლად უნდა ვახსენო გიორგი აბურჯანიაც. მასაც ასევე ძალიან ბევრი შეუძლია...

დღეს საქართველოს ნაკრებში არ არის გიორგი ჭანტურია. თავისი პოტენციალით მას შეუძლია, ეროვნულ გუნდს დიდი სარგებლობა მოუტანოს და ეს ფაქტია. ასევე მჯერა, რომ საქართველოს ნაკრებში აუცილებლად ითამაშებენ დავით ხოჭოლავა და მამუკა კობახიძე. მათაც აქვთ ამის პოტენციალი. ჩემი აზრით, ეს თაობა ახლა შედის სიმწიფის ასაკში - იმ ასაკში, როცა მკაფიოდ უნდა გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები. ეს გარემოება საშუალებას მაძლევს, ოპტიმისტურად ვუყურო საქართველოს ნაკრების მომავალს...

აუცილებლად ცალკე უნდა ვთქვა ვაკო გვილიაზე. ეს ფეხბურთელი ძალიან მოუხდა საქართველოს ნაკრებს. რამდენიმე შეცდომა ჰქონდა ბურთის ამოტანის დროს, მაგრამ ეს გამოსწორებადია.

მე მტკიცედ მჯერა, რომ სულ მალე ლუკა ზარანდიასაც ექნება ეროვნულ გუნდში მოხვედრის ჯანსაღი ამბიცია. როგორც ჩანს, პატარა ბელგიურმა წარუმატებლობამ მასზე ძალიან კარგად იმოქმედა. ყოველდღე ვხედავ მას "ლოკომოტივში" და მიხარია, საქმისადმი ასეთი დამოკიდებულება რომ აქვს...

ვაისის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან მოკლე დროში მოახერხა გუნდში ადაპტაცია. ისე, ვისურვებდი, რომ უფრო სწრაფად გადავიდეთ დაცვიდან შეტევაში და ბევრი რამ მხოლოდ ჩვენს ინდივიდუალიზმზე არ იყოს დამოკიდებული. უელსთან მატჩში ოქრიაშვილმა მშვენიერი პასით მეკარესთან პირისპირ დატოვა მჭედლიძე, მაგრამ ეს უფრო ინდივიდუალური ქმედების შედეგი იყო, ვიდრე - გუნდურის.

- რა ტაქტიკური სიახლეები შენიშნეთ საქართველოს ნაკრების თამაშში?
- დღევანდელი ფეხბურთი ისეა, რომ განსაკუთრებულ ტაქტიკურ სიახლესთან შეხვედრა, ალბათ, აღარ მოგვიწევს. ვაისის ტაქტიკური სქემა იყო 4-2-3-1. დაახლოებით ამავე სქემით თამაშობდა საქართველოს ნაკრები თემურ ქეცბაიას მწვრთნელობის დროსაც. სხვა საქმეა, როგორ თამაშზე გააკეთებ აქცენტს, როგორ მოამზადებ შეტევას და ასე შემდეგ...

- ცალკე უნდა გკითხოთ იმ ფეხბურთელებზე, რომლებმაც თქვენს ხელში გაიარეს. დავიწყოთ თორნიკე ოქრიაშვილით, ვინც, ჩემი აზრით, საქართველოს ნაკრების გამოკვეთილ ლიდერად ყალიბდება...
- თორნიკე უდიდესი შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელია. ვისურვებდი, რომ მას უფრო უკეთ ჰქონოდა აწყობილი საკლუბო კარიერა.

ბავშვობიდანვე ძალიან "გაზიანი" იყო და რაც მალე გაუვა ეს "გაზი", მით უკეთესი იქნება მისთვის. აუცილებლად ბოლომდე უნდა მოერიოს საკუთარ თავს. მე დარწმუნებული ვარ: ოქრიაშვილისათვის ეს არ არის მაქსიმუმი. მას შეუძლია, მოუმატოს და ეს აუცილებლად უნდა გააკეთოს. ოქრიაშვილს აქვს ბევრი ისეთი თვისება, რომელიც დღევანდელ ფეხბურთში განსაკუთრებით ფასობს.

- ვაკო ყაზაიშვილზეც გკითხავთ...
- ვაკოს აღმოჩენაში უდიდესი წვლილი მიუძღვის თემურ ფოცხვერიას. მას ბახმაროში შეკრებაზე ჰყავდა წაყვანილი ბავშვთა გუნდი. ვაკო ოზურგეთიდან იყო იქ ასული ფეხბურთის სათამაშოდ. ფოცხვერიამ თბილისში წამოიყვანა. ის არის ძალიან კარგი პიროვნული თვისებების მქონე ადამიანი.

მთელი ოთხი წლის განმავლობაში, გარდატეხის ასაკში ვიმუშავე მასთან და უნდა გითხრათ, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასე მოხდა. სხვათა შორის, ბავშვობაში არ იყო ისე გამორჩეული, როგორიც დღეს არის. მალევე გამოავლინა თავისი ნიჭი. იმთავითვე ვენდობოდი მას, ძირითად შემადგენლობაში ვაყენებდი...

რად ღირს თუნდაც ის, რომ პირდაპირ დუბლშემადგენლობიდან წავიდა "ვიტესში". ისე წავიდა, რომ უმაღლეს ლიგაში მხოლოდ რამდენიმე შეხვედრა ჰქონდა ჩატარებული. ეს განსაკუთრებული ამბავია.

- საქართველოს ნაკრებმა ბოლო ორი მატჩი კარგად ჩაატარა, მაგრამ მაინც მგონია, რომ გიორგი ჭანტურიასთან ერთად ამ გუნდს შეუძლია, უკეთესი იყოს...
- გიორგი ჭანტურიას შესაძლებლობები ძალიან კარგად ვიცი. გეტყვით პირდაპირ: საქართველოს ნაკრებში ჭანტურიას შეუძლია იყოს არა რიგითი ფეხბურთელი, არამედ ლიდერი. მას ეს აშკარად შეუძლია. უბრალოდ, ისიც საკუთარ თავს უნდა მოერიოს.

ეს არ არის იოლი, მაგრამ გიორგი ვალდებულია, ეს გააკეთოს. სადაც უთამაშია, ყველა გუნდში ლიდერი იყო. უბრალოდ, მან საქართველოს ნაკრებში უნდა ითამაშოს ისეთი ფეხბურთი, როგორიც სურს ვლადიმირ ვაისს და არა ისეთი, როგორიც თვითონ უნდა. ესაა მთავარი. ასეთ შემთხვევაში ჭანტურია საქართველოს ნაკრებში შეუცვლელი ფეხბურთელი გახდება.

- არ იქნება, საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ბოლოდროინდელ შედეგებზე არ გკითხოთ...
- ფაქტია, შედეგები ჩვენს დროს უკეთესი იყო. "ჩვენს დროს" რომ ვამბობ, ვგულისხმობ იმ პერიოდს, როცა ასაკობრივ ნაკრებებში ვმუშაობდით მე, ვასილ მაისურაძე და გია ცეცაძე. ჩვენ გვქონდა ერთნაირი ხედვა და აზრები.

მოგეხსენებათ, რაც ასაკობრივ ნაკრებებში თამაშს მორჩა 1988 წელს დაბადებული თაობა, დადგა დაახლოებით ხუთწლიანი ჩავარდნა და ჩვენ შევძელით, რომ ამ ასაკში წარმატებები კანონზომიერებად გვექცია. მერე ისე მივეჩვიეთ პირველი შესარჩევი ციკლის დაძლევას, რომ ეს უკვე იოლი გვგონია, მაგრამ იოლი არ არის.

- ვთქვათ, ფეხბურთის ფედერაციიდან მიიღეთ შეთავაზება თუნდაც რომელიმე ასაკობრივ ნაკრებში მუშაობაზე. დათანხმდებით?
- მე, პირველ რიგში, ვარ ქართველი და ჩემი ყველა გადაწყვეტილება აქედან მომდინარეობს. თავის დროზე ძალიან მიმზიდველი შეთავაზება მქონდა ისრაელიდან, მაგრამ არ წავედი. არ წავედი, რადგან ჩავთვალე, რომ მქონდა ვალდებულება ქართული ფეხბურთის მიმართ. ალბათ, მალე მაინც წავალ და საზღვარგარეთ მოვსინჯავ ძალას. ყველამ იცის, რომ არასოდეს დამიზოგავს თავი ჩვენი ფეხბურთისთვის.

დღევანდელ ხელმძღვანელობასთან და არცერთ სანაკრებო სამწვრთნელო შტაბთან პირადული პრობლემა არ მაქვს. უნდა გითხრათ გულწრფელად: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წინა პრეზიდენტთან, ზვიად სიჭინავასთან, არ მქონია დათაფლული ურთიერთობა, თუმცა ჩვენ ვახერხებდით საქმის კეთებას... თავის დროზე, ყველამ იცოდა, რომ გიორგი დევდარიანი გიორგი ნემსაძეს უჭერდა მხარს. მივიტანე 1993 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა განვითარების გეგმა უმცროს ახალკაცთან და მან უპირობოდ დამიჭირა მხარი. დღეს ამ ფეხბურთელებიდან ბევრი თამაშობს საქართველოს ნაკრებში...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
წარმატებები დევდარიანს. დროა საზღვარგარეთ წავიდეს სამუშაოდ და შეიძინოს მეტი გამოცდილება. მას აქვს პოტენციალი რომ ჩემპიონთა ლიგა მოიგოს და მომავალში საქართველოს ნაკრების მწვრთნელად მოგვევლინოს. მას ეს შეუძლია და აუცილებლად უნდა გააკეთოს. ეს ადვილი არ არის, მაგრამ უნდა იმუშაოს ახალი მწვერვალების დასაპყრობად. წარმატება არ დააყოვნებს.
ლუკა
16 ოქტომბერი 2016 06:00
0
მაგარი კაცია ერთხელ შემხვდა ბიბლიოთეკაში წიგნებით დაგრუზული .მე მგონი 17 წლამდელები ჰყავდა შეკრებაზე,
გიგი
15 ოქტომბერი 2016 15:38
0
გაიხარე გიორგი. შენისთანა ტრენერიც და კაცი ორი რომ იყოს კიდევ ფეხბურთში, რაღა გვიჭირს.ისრაელში რო იყო, აქეთ უნდა გიხმობდნენ,მარა გვესმის შენი
გიორგი
15 ოქტომბერი 2016 14:50
0
ჯიგარი ხარ გიო,ეჩვი არავის ეპარება რომ სენ ხარ მარტლაც კარგი ცპეციალისტი, რაც მტავარია გიყვარს სენი საკმე და გულუთ ეკიდები ყველაპერს რაც ფეხბურთს შეეხება
dato
15 ოქტომბერი 2016 12:20
0
რა პროფესიაა ეს არის, ყველას წლები ერთი და იგივ კითხვა უნდა დაუსვა.
niko
15 ოქტომბერი 2016 12:02
0
ფედერაცია სულელი იქნება,თუ დევდარიანს არ გამოიყენებს და უცხოეთში გაუშვებს.ასეთების დაკარგვის ფუფუნება ქართულ ფეხბურთს არა აქვს.
სოსო
15 ოქტომბერი 2016 10:47
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული