- უელსი-საქართველო 1:1 - ჩვენი იმედის თამაში და კითხვა: ვინ დაგვწყევლა? [VIDEO+PHOTO]
- ირლანდია-საქართველო 1:0 - ტრადიციულად, ქართულად... [VIDEO+PHOTO]
ძალიან, ძალიან რთულია ითამაშო ირლანდიასა და უელსთან ისეთი ფეხბურთი, რომელიც წარმატებასთან მიგიყვანს. ირლანდიასთან მატჩში მეორე ტაიმი ჩაგვივარდა. ეს არ იყო იოლი მატჩი, მაგრამ ეს იყო შედარებით უკეთესი თამაში, ბოლო მატჩებს თუ გადავავლებთ თვალს. ეს უკვე ძალიან კარგია.
უელსი
საქართველოს ნაკრები დროდადრო თამაშობს კარგ, შემტევ ფეხბურთს, რომელიც იწყება ჩვენს საჯარიმოში გაკეთებული პასებით და გრძელდება სახიფათო მომენტით მოწინააღმდეგის კართან. ვლადიმირ ვაისმა იგრძნო ჩვენი ფეხბურთის დინამიკა.
საქართველოს ნაკრებს ჰყავს ლიდერი, გამორჩეული ინდივიდუალისტი თორნიკე ოქრიაშვილი. მას შეუძლია, ძალიან ბევრი გასცეს თანაგუნდელისთვის, საშური პასი მიაწოდოს, განავითაროს საკუთარი გუნდის შეტევა...
მაგრამ მისი საკლუბო კარიერა ჯერაც უკეთესის სურვილს ტოვებს და ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს. ეს - მომავალში, დღეს კი ლიდერი უკვე სახეზეა.
უნდა გვჯეროდეს: საქართველოს ნაკრები არის გუნდი, რომელსაც რაღაც შეუძლია. ის უკვე თამაშობს და ამავე დროს, მომავლის იმედს გვაძლევს. ეს ცხოვრებისეული ამბავია, მაგრამ ისეთი ამბავი, რომ თუ არ დაიჯერე, ვერ ირწმუნებ.
მომკალით და ასე მგონია - სწორედ ოქრიაშვილი არის ის ფეხბურთელი, რომელმაც, როგორც ელმავალმა, ისე უნდა გასწიოს საქართველოს ნაკრების ცხოვრება. და რაც უფრო მეტი იქნება ნაკრებში ასეთი ლიდერი, მით უკეთესი, ოღონდ მათ უნდა შეავსონ ერთმანეთი და არა - ხელი შეუშალონ. ეს არის მნიშვნელოვანი.
ხშირად გაიგონებთ - საქართველოს ნაკრებმა კარგად თამაში ისწავლაო. ეს ძალიან კარგია. ხომ არ ვამლაშებთ? არა, ნუ მოგვერიდება ამის თქმის. ჩვენ საკმარისად ვითმინეთ აუტსაიდერობა და ახლა დროა, რაღაც ვქნათ.
ყველა რაღაცას შვრება, რაღაცას ცდილობს, ერთ დროს წყალწაღებული აუტსაიდერებიც კი ტყავში ძვრებიან, რომ რაღაცას მიაღწიონ. ნელ-ნელა აღწევენ კიდეც. ჩვენც უნდა ვქნათ, ჩვენც უნდა მივაღწიოთ. ეს ჩვენი მოთხოვნაა, ეს, უბრალოდ, აუცილებლობაა. საქართველოს ნაკრებს შეუძლია ითამაშოს ისე, რომ თავაწეული იყოს, და ჩვენც, მედიაც, ქომაგებიც თავაწეულები ვიყოთ.
კმარა აუტსაიდერობა! ჩვენ ვიცით ფეხბურთი. მაგრამ არის ასევე ქვეყანა, პრესტიჟი და ღირსება. საქართველოსთვის ბიჭები საკუთარ თავს უნდა მოერიონ.
მიდით, ბიჭებო!
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"