ჯერ გავეცნოთ მოლდოველთა შემადგენლობას, ხოლო შემდეგ ორიოდე სიტყვით გავარჩიოთ დობროვოლსკის გუნდის ავანჩავანი...
მეკარეები: ილია ჩებანუ (მორდოვია, რუსეთი), სტანისლავ ნამაშკო (ლევადიაკოსი, საბერძნეთი), ალექსეი კოშელევი (შერიფი), ნიკოლა კალანჩეა (კრაიოვა, რუმინეთი);
მცველები: ალექსანდრუ ეპურეანუ (ბაშაქშეჰირი, თურქეთი), კატალინ კარპი (ვიტორული, რუმინეთი), ადრიან კასკავალი (ლუჩ ენერგია, რუსეთი), ვიქტორ გოლოვატენკო (ზარია ბელცი), ვიტალი ბორდეანი (შერიფი), ვიაჩესლავ პოსმაკი (დაჩია), პეტრუ რაცუ, ვადიმ
ნახევარმცველები: ალექსანდრ გაცკანი (როსტოვი, რუსეთი), ეუგენ ზასევიჩი (ტრაკაი, ლიტვა), გეორგე ანდრონიკი, ალექსანდრუ ანტონიუკი (ორივე - მილსამი), ვლადისლავ ივანოვი (ტირასპოლი), მაქსიმ მიხაილოვი (ზარია ბელცი), მაქსიმ ანტონიუკი (აკადემია);
თავდამსხმელები: ეუგენიუ სიდორენკო (მილსამი), იგორ ბუგაიოვი (ზარია ბელცი), რადუ გინსარი (შერიფი), დან სპატარუ (ზიმბრუ).
ლიდერები
მართალია, მოლდოვას ეროვნული ნაკრები ჩვენი ჯგუფის გამოკვეთილ აუტსაიდერად ითვლება, რაც განვლილმა მატჩებმაც დაადასტურა, მაგრამ ამ გუნდს თითქმის ყველა რგოლში ჰყავს ლიდერი, რომელთა შესახებაც აქედანვე უნდა ვიცოდეთ.მეკარის პოზიციაზე დიდი კონკურენციაა. დიდი ალბათობით, საქართველოს ნაკრებთან მატჩს ან "მორდოვიას" კარის დარაჯი ილია ჩებანუ დაიწყებს, ანდაც ბერძნული "ლევადიაკოსის" მეკარე სტანისლავ ნამაშკო.
მოლდოვა ბევრ გოლს უშვებს, მაგრამ დაცვაში რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელი მაინც ჰყავს. ამ რგოლში, უპირველეს ყოვლისა, "ბაშაქშეჰირის" მცველი ალექსანდრუ ეპურეანუ უნდა ვახსენოთ. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ვეტერანი იგორ გოლოვატენკო. ეს გამოცდილი უკანახაზელი რუსეთის ჩემპიონატში გატარებული წლების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა სათამაშოდ.
ნახევარდაცვის უდავო ლიდერად ითვლება "როსტოვის" შუახაზელი ალექსანდრუ გაცკანი. მოლდოვას ნაკრებს ერთადერთი ისეთი ფეხბურთელი ჰყავს, რომელიც ჩემპიონთა ლიგაში თამაშობს.
თავდასხმის ხაზი კი "აქილევსის ქუსლია". ბუგაიოვსა და სიდორენკოს უცხოეთში ასპარეზობის გამოცდილება კი აქვთ, მაგრამ მათ ძალიან უჭირთ გოლების გატანა.
მთავარი პრობლემა
მოლდოვური მედია ეროვნული გუნდის მთავარ პრობლემებზე წერს. პირველზე უკვე ვისაუბრეთ - კვალიფიციური თავდამსხმელების დეფიციტი. დობროვოლსკის გუნდმა სამ შეხვედრაში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა.მეორე მთავარი პრობლემა მცველთა ხშირი ინდივიდუალური შეცდომებია. მოლდოვამ შესარჩევი ციკლის სამ შეხვედრაში 10 გოლი გაუშვა, თუმცა ამ შემთხვევაში მხოლოდ მცველებს ვერ დავადანაშაულებთ.
იგორის იმედად
საერთოდ, მოლდოვის ნაკრების ბევრ გულშემატკივარს იმედი ჰქონდა, რომ ეროვნულ გუნდში ერთხელაც დაბრუნებული იგორ დობროვოლსკი სიტუაციას კარდინალურად შეცვლიდა უკეთესობისკენ, მაგრამ ჯერჯერობით ასე არ ხდება."ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ წარმატებით ვითამაშოთ. არც მე ვზოგავ თავს და არც - ბიჭები. ნებისმიერ შემთხვევაში, ვეცდებით, ჩვენი გულშემატკივრები გავახაროთ. ცუდი დასაწყისის მიუხედავად, მოლდოვას ამ შესარჩევ ციკლში მეტოქეთათვის სიურპრიზის შეთავაზება შეუძლია", - ეს საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველის, იგორ დობროვოლსკის სიტყვებია.
ცხადია, მოლდოველები შესარჩევ ციკლში პირველი ქულის აღების სურვილით იწვიან. ეჭვი არ არის, საქართველოს ნაკრებთან თბილისურ შეხვედრაში ისინი სწორედ ქულას გეგმავენ. ასე რომ, საქართველოს უპირველეს გუნდს "დინამო არენაზე" იოლი შეხვედრა არ ელოდება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"