"ძველი და დღევანდელი გიორგი ჭანტურია ორი სხვადასხვა პიროვნებაა"

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 23 წლის შემტევი გიორგი ჭანტურია ბოლო დროს რუსული "ურალის" ერთ-ერთ ლიდერად იქცა. თამაში ისე არ გავა, ქართველმა მოიერიშემ გოლი ან საგოლე პასი არ მიითვალოს. შემთხვევითი არ არის, რომ ჭანტურია უკვე იქცა რუსული კლუბის ქომაგთა საყვარელ ფეხბურთელად...

ავსტრიასთან თბილისური მატჩის შემდეგ ჭანტურია უელსსა და ირლანდიასთან შეხვედრებში არ იყო ნაკრების შემადგენლობაში. ეს უკავშირდება გასახდელში მომხდარ ინციდენტს, რომლის სააშკარაოზე გამოტანა არც ნაკრების მწვრთნელმა ისურვა და არც თავად ფეხბურთელმა.

საბედნიეროდ, ყველაფერი მოგვარდა და ვლადიმირ ვაისმა მოლდოვასთან მატჩისთვის კვლავ უხმო ჭანტურიას საქართველოს უპირველეს
გუნდში...

- თავდაპირველად, მცირე პაუზის შემდეგ ნაკრებში დაბრუნება უნდა მოგილოცოთ, მანამდე კი იყო ინციდენტი, რომელზეც კონკრეტულად არაფერი თქმულა...
- ჯერ მადლობა მოლოცვისთვის! მცირე ინციდენტი კი ნამდვილად მოხდა... რაც მთავარია, მომხდარიდან უკვე გამოვიტანე შესაბამისი დასკვნები. მივხვდი ჩემს დანაშაულს. ასეთი რამ აღარ განმეორდება!

- ძალიან კარგია, რომ პრობლემა მოგვარდა... ერთი შეხედვით, მოლდოვა იოლი მეტოქეა, მაგრამ თუ ჩავუღრმავდებით, საქმე მთლად ასეც არ არის. მეტოქეს ჰყავს რამდენიმე კვალიფიციური ფეხბურთელი, თუნდაც რუსული პრემიერლიგიდან...
- შეიძლება იმის თქმა, რომ მოლდოვა ერთ-ერთი ყველაზე სუსტი გუნდია ჩვენს ჯგუფში, მაგრამ მოდუნება წამითაც არ შეიძლება. საშინაო თამაშია, რომელიც აუცილებლად უნდა მოვიგოთ. ამისთვის ყველამ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. ჩემი თქმა რად უნდა - დღევანდელ ფეხბურთში საერთოდ აღარ არის იოლი მატჩები. დიდი ბრძოლა გველის წინ.

- "ურალში" კი თქვენი საქმეები კარგად მიდის...
- ტრაბახით არ ვამბობ, მაგრამ მართლაც ძალიან კარგ ფორმაში ვარ. სამწვრთნელო შტაბის მხრიდან დიდი ნდობა მაქვს და მეც უფრო თავდაჯერებული გავხდი. შეიძლება ითქვას, "ურალის" ერთ-ერთ ლიდერად ვითვლები. ძალიან მოტივირებული ვარ ყველა თამაშზე. ვცდილობ, ბოლომდე დავამტკიცო ჩემი შესაძლებლობები.

- ვხედავთ, წონაშიც ძალიან დაგიკლიათ...
- მოვიშორე ზედმეტი კილოგრამები. რომ ვთქვი, კარგ ფორმაში ვარ-მეთქი, ესეც ვიგულისხმე. საერთოდ, ეს პრობლემა ტრავმის შემდეგ გამიჩნდა. ახლა ყველაფერი კარგად არის, თავს შესანიშნავად ვგრძნობ.

- რას იტყვით "ურალზე", როგორი გუნდია?
- ძალიან მებრძოლი გუნდია. საშუალება მეძლევა, ბოლომდე წარმოვაჩინო ჩემი შესაძლებლობები. ვგრძნობ, რომ გუნდს ვჭირდები და ეს ფეხბურთელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 4 თამაში დაგვრჩა წლის ბოლომდე და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შესვენების წინ ათეულში დავმკვიდრდეთ.

- თავის დროზე თქვენმა ტრანსფერმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. პირადად მეც, არ მემეტებით "ურალისთვის". შეიძლება ითქვას, რომ ეს გუნდი არ იქნება ბოლო გაჩერება თქვენს კარიერაში?
- რა თქმა უნდა, არა! ჩემი მიზანი უფრო მაღალ დონეზე თამაშია, თუმცა ახლა მხოლოდ "ურალზე" ვარ კონცენტრირებული. ზაფხულში, როცა ამ გუნდში გადავედი, ვფიქრობ, სწორი არჩევანი გავაკეთე. დღეს ეს უკვე თავისუფლად შემიძლია, ვთქვა. მჭირდებოდა გუნდი, სადაც მექნებოდა უწყვეტი პრაქტიკა და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის შანსი. სწორედ ეს იყო გადაწყვეტილების მოტივი. თუ ასე გავაგრძელებ თამაშს, მჯერა, ზაფხულში მექნება საინტერესო შეთავაზებები.

- კონტრაქტი რა ხანგრძლივობისაა?
- ხელშეკრულება 2+1 სისტემით გავაფორმე.

- გუნდს მთავარი მწვრთნელი შეეცვალა...
- ვადიმ სკრიპჩენკომ თავისი სურვილით დატოვა გუნდი. ის ძალიან კარგი მწვრთნელია, თუმცა "ურალში" უკვე ამოწურა საკუთარი შესაძლებლობები. მან "კრილია სოვეტოვი" ჩაიბარა, სადაც გიორგი ლორია თამაშობს. ჩვენი ახალი მწვრთნელი კი, გეცოდინებათ, ალექსანდრ ტარხანოვია. ძალიან მცოდნე და გამოცდილი სპეციალისტია.

- "ტერეკთან" მატჩში გოლი გაიტანეთ და მცირე ტრავმაც მიიღეთ. იმ თამაშს რუსეთში დიდი აურზაური მოჰყვა - გარიგებული იყოო, ამბობენ...
- შემიძლია დავიფიცო, რომ ჩემთვის არავის არაფერი უთქვამს - ან გოლი არ გაიტანოო თუ რაღაც ამდაგვარი. გავედი სათამაშოდ, გავიტანე გოლი... მერე ფეხი ვიტკინე და სათადარიგოთა სკამზე გადავინაცვლე.

- ეკატერინბურგი როგორი ქალაქია?
- ძალიან კარგი. მესამე ქალაქია მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის მერე რუსეთში. თბილი ხალხი ცხოვრობს, ფეხბურთი ძალიან უყვართ...

- "ურალის" ახალ მთავარ მწვრთნელს თუ ესაუბრეთ?
- კი, ვილაპარაკეთ. ძალიან მეიმედება შენიო, მითხრა. ზოგადად, ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვს ქართველი ფეხბურთელების მიმართ.

- რუსულ სტადიონებზე რამდენად ახერხებთ "თქვენი" ფეხბურთის თამაშს, რომელიც დიდწილად იმპროვიზაციას ეფუძნება?
- ვერ დავიჩივლებ მოედნების გამო. მოგეხსენებათ, 2018 წელს რუსეთი მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობს და ბევრი სტადიონი განაახლეს. არის სტადიონები, რომლებზეც თამაში ერთი დიდი სიამოვნებაა, მაგალითად - კრასნოდარში. მალე თორნიკე ოქრიაშვილის გუნდს შევხვდებით. ქართული დერბი იქნება.

- გიორგი ჭანტურია ახლა და წლების წინ - ბევრად შეიცვალეთ?
- ასაკის მატება ყველას ცვლის. დიახ, ძველი და დღევანდელი გიორგი ჭანტურია ორი სხვადასხვა პიროვნებაა. აღარ ვუშვებ ისეთ შეცდომებს, როგორსაც ადრე ვუშვებდი. ვფიქრობ, ეს ჩემს თამაშზეც აისახება.

- სად არის დღეს საქართველოს ნაკრების ადგილი?
- რამდენჯერმე ვნახე ჩვენი მატჩები ირლანდიასა და უელსთან. პირდაპირ გეტყვით: სიამაყის გრძნობა გამიჩნდა. მტკიცედ მწამს, რომ შეგვიძლია, შესარჩევი ციკლი სამეულში დავასრულოთ. ბევრი კარგი ფეხბურთელი გვყავს. 1990, 92 და 93 წლებში ვართ დაბადებულები, გამოცდილება და ახალგაზრდული ჟინი ერთმანეთშია შერწყმული.

- ფაქტია, საქართველოს ნაკრებში კონკურენციამ იმატა...
- ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, გუნდმა წარმატებას რომ მიაღწიოს. თავად ფეხბურთელიც უფრო მეტად იზრდება კონკურენციის პირობებში. დღეს საქართველოს ნაკრებს ბევრი კვალიფიციური ფეხბურთელი ჰყავს და კონკურენციაც არის. არიან ფეხბურთელები, თამაშში 15-16 კილომეტრს რომ დარბიან. ეს შესანიშნავი მაჩვენებელია.

- ალბათ, მხოლოდ ერთეულებს შეხვედრიათ ქართულ ფეხბურთში იმდენი კონტრასტული შეფასება, რამდენიც თქვენ. ბოლომდე როდის "გაიხსნება" გიორგი ჭანტურია?
- არ არსებობს, რომ ყველა ყოველთვის კმაყოფილი იყოს, ეს კარგად ვიცი. ყველაზე უკეთ მე ვიცი, რა შემიძლია და ყველაფერს ვაკეთებ, რომ ჩემი შესაძლებლობები ბოლომდე ვაჩვენო. მე ვიცი, ახლა რა დონეზე ვარ და პირდაპირ გეტყვით - ეს არ არის ჩემი მაქსიმუმი!

- და ბოლო კითხვაც: ძველ ბარსელონელებთან, ყოფილ თანაგუნდელებთან თუ ინარჩუნებთ ურთიერთობას?
- რა თქმა უნდა! ახლო მეგობრები ვართ მე და "ინტერის" ფორვარდი მაურო იკარდი. სამი წლის განმავლობაში ერთ ოთახში ვცხოვრობდით. დღესაც გვაქვს სისტემატური კავშირი. ჩემი მეგობრები არიან სერხი რობერტო, ჟერარდ დეოლოფეუ, რაფინია... რამდენიმე მაშინდელი ბარსელონელი დღეს ხიხონის "სპორტინგშია". ჩემი თანაგუნდელი იყო როჩინა, რომელიც დღეს "რუბინში" თამაშობს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
ასე იტანს დაამდენ პასს აკეტებსო....
დადეთ სტატისტიკა და მკითხველი თვიტონ შEაფასებს ჭანტურიას როგორ თავდამსხმელს...
Ameri
16:53 24-11-2016
0
გაუმარჯოს, ჭანტურიას!
Gela
22:17 11-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული