თორნიკე ოქრიაშვილი: ვაისს დავალების და სათქმელის კარგად გადმოცემა შეუძლია

AutoSharing Option
ბოლო ორი წლის განმავლობაში თორნიკე ოქრიაშვილი საქართველოს ნაკრების ლიდერად ჩამოყალიბდა. 24 წლის შემტევ ნახევარმცველს საჭირო გოლი რამდენიმე მნიშვნელოვან შეხვედრაში გაუტანია. ასე იყო ბელორუსთან, ესპანეთთან და ბოლოს - უელსთან. როცა ის ფორმაშია და თამაშობს, საქართველოს მთავარი საფეხბურთო გუნდი ბევრად უკეთ გამოიყურება...

შეკრებაზე ჩამოსულმა ოქრიაშვილმა "ლელოს" ინტერვიუ მისცა...

- ირლანდია-უელსიდან საქართველომ მხოლოდ ქულა წამოიღო, მაგრამ ნაკრების თამაში გამოსწორდა და იმედი გააღვიძა...
- ირლანდიასთანაც და უელსთანაც ჩვენ ნამდვილი გუნდი ვიყავით. უფრო გუნდური თამაში ვაჩვენეთ, ვიდრე აქამდე ვახერხებდით.

- მოულოდნელად, ნაკრებმა საკმაოდ ტემპიანად და
თანამედროვედ ითამაშა. როგორ მოახერხა ეს გუნდმა, რომელსაც დინამიკური ფეხბურთის თამაში და შეტევების სწრაფად განვითარება ყოველთვის უჭირდა?

- ვლადიმირ ვაისს დავალების და სათქმელის კარგად გადმოცემა შეუძლია - ვარჯიშზეც და თეორიაზეც. მოედანზე ყველა თავის საქმეს აკეთებდა. რაც მთავარია, არ იყო ერთმანეთთან დაძაბულობა, ვინმე ბურთს თუ კარგავდა, რომელიმე ჩვენგანი აუცილებლად ეხმარებოდა და სხვის შეცდომას ასწორებდა. ეს იყო ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევა და ამის შედეგად, ერთმანეთს უფრო გავუგეთ.

- მოლდოვა ჯგუფის აუტსაიდერია, მაგრამ მასთან საქართველოს იოლად არასოდეს მოუგია, მძიმე თამაშებიც გვქონია და გავუმწარებივართ კიდეც. არადა, მიმდინარე შესარჩევის წინა ორი თამაშიდან გამომდინარე, ისეთი ეიფორიაა, თითქოს, მოლდოვასთან 3 ქულა გარანტირებული გვაქვს...
- ერთი ფეხბურთელიც არ მეგულება ნაკრებში, რომელიც გარანტირებულ სამ ქულაზე ფიქრობს. კონცენტრაციის გარეშე მოგება წარმოუდგენელია, იოლად კი სამ ქულას არავინ დაგითმობს, თუნდაც ეს ჯგუფის აუტსაიდერი იყოს.

ასე რომ, მოლდოვის ნაკრებთან მატჩისთვის ყველა მაქსიმალური მონდომებით ვემზადებით. მოგება გვინდა! ამავე დროს, ნაკრებმა თავისი თამაში იპოვა და გვინდა, იგივე განწყობა შევინარჩუნოთ.

- ბოლო პერიოდში გულშემატკივრის დამოკიდებულება მართლაც შეიცვალა - ქართული ფეხბურთისა და მოთამაშეების ლანძღვა კეთილგანწყობამ და იმედმა ჩაანაცვლა...
- ამას ჩვენ ყველაზე კარგად ვგრძნობთ და ყველას გვინდა, რომ ხალხი გავახაროთ, რომ მოლდოვასთან თამაშის შემდეგ თითოეული ქომაგი სტადიონიდან შინ კმაყოფილი წავიდეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
მხოლოდ იმის იმედზე დარჩენა, რომ თითქოს თამაში ვიპოვეთო, არ შეიძლება, თოკო როგორც შენ იბრძვი ბოლომდე ბურთისთვის, ისე უნდა იბრძოლოს თითოეულმა ნაკრების ფეხბურთელთაგან, წარმატებებს გისურვებთ!
giorgi,
14:02 09-11-2016
0
თორნიკეს ვეღარ ვცნობ, ყოჩაღ!!! წარმატებები ჩვენს ბიჭებს!!!
DAVID
14:11 09-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული