50 ადგილით ქვემოთ, ლიდერისა და 4 წამყვანი მოთამაშის გარეშე - რა ძალისაა მოლდოვა

AutoSharing Option
12 ნოემბერს "დინამო არენაზე" 2018 წლის მუნდიალის შესარჩევი მატჩი გაიმართება, საქართველოს ნაკრები მოლდოვას მასპინძლობს (მატჩი 21:00 საათზე დაიწყება).

მოლდოვის ნაკრები იგორ დობროვოლსკის ხელმძღვანელობით საქართველოში დღეს ჩამოდის. დობროვოლსკის საკმაოდ დიდი საკადრო პრობლემები აქვს. თუკი ვლადიმირ ვაისის გუნდში ტრავმის გამო მხოლოდ ჯანო ანანიძე ვერ ითამაშებს (ესეც ბოლომდე გამორიცხული არ არის), სტუმრებს მნიშვნელოვან ფეხბურთელთა ჯგუფი დააკლდება.

რაც მთავარია, არ იქნება ნაკრების ლიდერი, იტალიური "კალიარის" ნახევარმცველი, 26 წლის არტურ იონიცე. იგი ტრავმირებულია. იონიცემ სერია A-ში ბოლოს სექტემბერში ითამაშა. ამ ზაფხულს "კალიარიმ" იონიცეში 4,5 მილიონი
ევრო გადაიხადა.

არ იქნება არც დაცვის ერთ-ერთი ლიდერი იგორ არმაში (ყუბანი, რუსეთი), რომელიც ირლანდიასთან მატჩში დაიმტვრა პირველ ტაიმში და მას მერე არ უთამაშია. სხვათა შორის, არმაშმა კაპიტანი ალექსანდრ ეპურიანუ ამოაგდო შემადგენლობიდან და ახლა ეპურიანუ ძირითადს დაუბრუნდება.

ტრავმირებულია ეუგენ ჩებოტარუც (სიბირი, რუსეთი), რომელიც ირლანდიასთან შეცვლაზე შევიდა.

დისკვალიფიცირებულები არიან ნახევარმცველი ანდრეი კოჟოკარი (მილსამი) და ფორვარდი ალექსანდრ დედოვი (მილსამი). ირლანდიასთან მატჩში ორივე ძირითადში იყო.

სულ ბოლოს მოლდოვას ძირითადის მეკარე ნიკოლაე კალანჩეა (კრაიოვა, რუმინეთი) გამოაკლდა.

"ასეა, ვერავინ გადადებს ან გააუქმებს მატჩს, სამწუხაროდ, ბევრი გვაკლია ტრავმისა და დისკვალიფიკაციის გამო, მაგრამ უნდა გავიდეთ და ვითამაშოთ", - აცხადებს "ტრიკოლორის" თავკაცი დობროვოლსკი.

მოკლედ, მოლდოვას 5 მნიშვნელოვანი ფეხბურთელი აკლია და აქედან 4 ირლანდიაში ძირითადში იყო, ერთი კი შეცვლაზე შევიდა. გუნდი გამოცდილი ეპურიანუსა და ალექსანდრ გაცკანის (როსტოვი, რუსეთი) იმედად რჩება. დანარჩენები მოლდოვის (ერთი ლიტვის) სუსტ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები არიან.

მოლდოვის ნაკრები ამჟამად მსოფლიო რეიტინგში 173-ე პოზიციაზეა, რაც 51 საფეხურით უარესია საქართველოს რეიტინგზე. მოლდოვამ ბოლოს მარტში მოიგო ამხანაგური მატჩი ანდორასთან (0:1).

ოფიციალურ მატჩში მოლდოვამ ბოლოს 2013 წლის ოქტომბერში მოიგო! მას მერე მოლდოვამ ორის გარდა ყველა ოფიციალური მატჩი წააგო (ფრეები რუსეთთან და ლიხტენშტაინთან).

აი, ასეთი ნაკრები ითამაშებს თბილისში და თანაც განახევრებული შემადგენლობით.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ტექნიკით ჩვენ ვჯობნით, ფიზმომზადებით ისინი. ვნახოთ რომელი უფრო მნიშვნელოვანია დაბალი კლასის ფეხბურთელეში. ჩემი პროგნოზია: საქართველო 2:1 მოლდოვა.
გუჯა კახაძე
11 ნოემბერი 2016 12:09
0
ვახო! კაი ენის იყავი თუ ძმა ხარ, უკვე ცრურწმენებისაც უნდა დავიჯეროთ (ფეხბურთთან დაკავშირებით), აქაოდა "დაგვთარსა"-ო.
GELA
11 ნოემბერი 2016 11:46
0
ლუკას ვეთანხმები მეც და კიდევ. აქ თუ მოვიგებთ უი რა სუსტები ყოფილანო და იქ რომ ჩავალთ აღარც ნაკურთხი წყალი გვიშველის და არც იერუსალიმის მარილს მოგვიყრის ვინმე. ))
bs
11 ნოემბერი 2016 10:25
0
მე რომ ვიცი ჩვენთან გაიუმჯობესებენ სტატისტიკას მოლდოველები. ამ ბოლო დროს კი არა უშავს ნაკრებს, მაგრამ 20 წელია ეს სტატისტიკაა, აგებენ სულ ჩვენები
ვახო
10 ნოემბერი 2016 21:38
0
ლუკა მართალია :))))))))))))))))))
dato
10 ნოემბერი 2016 19:39
0
თავიდანვე თავქუდმოგლეჯილები შეტევაში უნდა წავიდეთ დაიბნევიან და გაუშვებენ გოლს, მერე კი ჩვენ თამაშს წავიყვანთ და კონტრშეტევებზე ერთორ გოლს კიდე გავუტანთ
beso
10 ნოემბერი 2016 18:09
0
გაგვიჭირდება, რადგან ჩვენები მხოლოდ ადამიანის სხეულის მქონე 11 მოწინააღმდეგეს როდი ეთამაშებიან. ჯვაროსნები ტრადიციულად ადამიანების სხეულის მქონე მოწინააღმდეგის გარდა საკუთარ თავებს, უჩინმაჩინ დემონებს, ეშმაკებს, ჭინკებს, მაჯლაჯუნებს და უჯმაჯურებს, მკითხავებს და ჯადოქრებს, ჰარი პოტერის მტრებს და ბოროტ დედინაცვალს ებრძვიან. ასე რომ, არ იქნება იოლი გასეირნება. სამჯერ პირჯვარი გადაიწერეთ, სამჯერ! ნაკურთხი წყალის მოსხურება და იერუსალიმის მარილის მოყრა დინამო არენას პერიმეტრზე და ჩვენი ნაკრების გასახდელის კარებში აუცილებელია! :)
ლუკა
10 ნოემბერი 2016 17:42
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული