ჩვენ და მოლდოველები: 7 სექტემბერი, გვახსოვდეს და... დავივიწყოთ!

AutoSharing Option
1994 წლის 7 სექტემბერი. საქართველო-მოლდოვა 0:1 (ფოტო ჟურნალ "დებიუტიდან")
12 ნოემბერს გასამართი მატჩით საქართველოს ეროვნული ნაკრები საფეხბურთო წელიწადს დაასრულებს. ძალიან გვინდა, რომ ჩვენმა უპირველესმა გუნდმა 2016 წლის უკანასკნელ მატჩში ქართველი გულშემატკივარი გაახაროს და ამ შესარჩევ ციკლში პირველი გამარჯვება მოიპოვოს!

კი ბატონო, ყველას ძალიან მოგვეწონა ჩვენი ნაკრების თამაშის ხარისხი ბოლო ორ მატჩში (განსაკუთრებით, უელსთან). არც ის გვავიწყდება, რომ იმავე უელსთან სულაც მოგება შეიძლებოდა, ხოლო მანამდე გართულ ორ ოფიციალურ შეხვედრაში (ირლანდიასა და ავსტრიასთან), თითო ქულა რომ აგვეღო, აბსოლუტური კანონზომიერება იქნებოდა...

სამწუხაროდ, დღესდღეობით,
სულ სხვა რეალობაა: ამ შესარჩევ ციკლში ჩატარებულ სამ მატჩში მხოლოდ 1 ქულა გვაქვს და თუ გვინდა, რომ მომავალი წლის ოფიციალურ შეხვედრებს ჩვენთვის რაიმე დატვირთვა ჰქონდეს, მაშინ მოლდოვას აუცილებლად უნდა მოვუგოთ!

...შარშან, 8 ოქტომბერს, თბილისში გიბრალტარის ნაკრები რომ დავამარცხეთ (4:0), იმის შემდეგ საქართველოს ნაკრებს ოფიციალური მატჩი არ მოუგია. ამას გარდა, ასევე ოფიციალურ შეხვედრებში, თავისი პირველი გამარჯვების მოლოდინშია საქართველოს ნაკრების თავკაცი ვლადიმირ ვაისი. სლოვაკი სპეციალისტის ხელმძღვანელობით ჩვენმა უპირველესმა გუნდმა წლეულს ერთი მატჩი მოიგო (სტუმრად, ესპანეთთან!), 2 შეხვედრა ფრედ ითამაშა, ხოლო 4 - წააგო.

მთავარი მწვრთნელის გარდა, არანაკლები მოტივაცია უნდა ჰქონდეთ ჩვენს ფეხბურთელებსაც. სულ რაღაც ერთი თვის წინათ არ იყო, მართლაც მშვენიერი შთაბეჭდილება რომ დატოვეს ხვალინდელ მეტოქეზე ბევრად უფრო ძლიერ მოწინააღმდეგეებთან პაექრობებში?!.

თუმცა, ნურც იმას დავივიწყებთ, რომ თანამედროვე ფეხბურთში დიდი იშვიათობაა ისეთი მატჩები, სადაც გამარჯვებულის ვინაობა წინასწარ არის ცნობილი. არც იმან უნდა შეგვიყვანოს შეცდომაში, რომ მოლდოვის ნაკრები არასოდეს განეკუთვნებოდა თუნდაც საშუალო კატეგორიის გუნდების რიცხვს, და არც იმან, რომ მოლდოველები თბილისში წარუმატებელი სერიით (ზედიზედ 5 წაგება) ჩამოვიდნენ.

არადა, სამწუხარო რეალობაა - ურთიერთდაპირისპირებათა ისტორიაში ვერც მოლდოველებს ვჯობნით. ქვემოთ ისტორიულ ექსკურსს შემოგთავაზებთ და მხოლოდ ოფიციალურ ურთიერთშეხვედრებზე გავამახვილებთ ყურადღებას...

უარყოფითი ბალანსი
საქართველოსა და მოლდოვის ნაკრებებს დღემდე 11 მატჩი ჩაუტარებიათ ერთმანეთთან და მცირე უპირატესობას ჩვენი ხვალინდელი მეტოქე ფლობს: 5 მოგება, 2 ფრე და 4 წაგება (ბურთების სხვაობა - 16:15).

ამ 11 დაპირისპირებიდან მხოლოდ 4 იყო ოფიციალური: 1996 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში (ჩვენებისთვისაც და მოლდოველებისთვისაც სადებიუტო რომ იყო), ორივე მატჩი ... მოლდოველებმა მოიგეს, მომდევნოში კი (1998 წლის მსოფლიოს შესარჩევში) თითქმის სრულფასოვანი რევანში ავიღეთ.

თუმცა, დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მაინც გვქონდა კი არა, დღესაც გვაქვს: სწორედ მოლდოვის ნაკრებთან ჩაატარა თავისი პირველი ოფიციალური მატჩი საქართველოს ნაკრებმა და 1994 წლის 7 სექტემბრის ის მარცხიანი დღე კოშმარივით რჩება ქართველი გულშემატკივარის მეხსიერებაში!

კი, ბატონო, ორივე ნაკრებისათვის პირველი ოფიციალური მატჩი იყო, მაგრამ საქართველოს ნაკრები იმდენად გამოკვეთილ ფავორიტად მიიჩნეოდა, რომ თამაშამდე მხოლოდ იმაზე იყო ბჭობა, თუ რამდენბურთიანი სხვაობით მოვიგებდით ჩვენთვის სადებიუტო და ისტორიულ შეხვედრას.

მას შემდეგ, 22 წელიწადი გავიდა, მაგრამ დღემდე ვერავინ და ვერაფრით ახსნის, თუ როგორ "მოვახერხეთ" და ის თამაში წავაგეთ! იშვიათად თუ იქნება მსგავსი მატჩი, როცა ერთ გუნდს "არანორმალური" უპირატესობა ჰქონდეს და 20-მდე (!) უაღრესად ხელსაყრელი მომენტიდან ვერც ერთი ვერ გამოიყენოს!

კი, თურქ არბიტრთა აშკარად ტენდენციური მსაჯობაც თვალში საცემი იყო, სტუმართა ერთადერთი კონტრშეტევა რომ გოლით დასრულდა, ეგ ფაქტიც კონტექსტიდან ამოვარდნილს წააგავდა, მაგრამ მაინც ამოუხსნელი იყო, თუ როგორ ვერ მოიგო საქართველოს ნაკრებმა თავის ისტორიაში პირველი ოფიციალური შეხვედრა!

იმ ნაკრებმა, რომელმაც ის შესარჩევი ციკლი საბოლოოდ მესამე ადგილზე დაამთავრა და იმდროინდელი რამდენიმე მაჩვენებელი დღემდე რომ საუკეთესოდ რჩება: პირველად და უკანასკნელად მოხდა, როცა ჩვენმა ნაკრებმა შესარჩევ ციკლში 5 (ხუთი) მატჩი მოიგო და ასევე პირველად და უკანასკნელად მოხდა, როცა შესარჩევი ციკლი ჩვენმა უპირველესმა გუნდმა ბურთების დადებითი სხვაობით დაასრულა!

ისევ დავუბრუნდეთ 1994 წლის 7 სექტემბრის იმ მატჩს, სადაც ჩვენი ნაკრების თავკაცმა ალექსანდრე ჩივაძემ მოლდოველებს მართლაც სუპერშემტევი შემადგენლობა დაუპირისპირა!

ეგ კი არა, ბევრის აზრით, ზედმეტად შემტევიც და ამის დასტურად იმდროინდელი მართლაც გამორჩეული შემადგენლობის გახსენება გამოდგება: ძირითადში მხოლოდ ორი ნომინალური მცველი (კახა ცხადაძე, მურთაზ შელია) გვყავდა, რომელთა გვერდით... შემტევი ნახევარმცველი გიორგი ნემსაძე მოქმედებდა.

ნახევარდაცვა ხომ საერთოდ შეტევაზე ორიენტირებული ფეხბურთელებით (ფლანგებზე - მიხეილ ყაველაშვილი და რევაზ არველაძე, ცენტრში - გოჩა ჯამარაული და გიორგი ქინქლაძე) იყო დაკომპლექტებული, თავდასხმაში შოთა და აჩიკო არველაძეები გახლდნენ გამწესებულნი, რომელთა ოდნავ უკანაც მოქმედებდა გია გურული.

თუმცა, ასეთმა ზეშემტევმა შემადგენლობამაც ვერ შეძლო და სადებიუტო მატჩი ვერ მოიგო; სამწუხაროდ, იმ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ გამორჩეულ წარმომადგენელს თემურ ქეცბაიას, რომელიც იმ დროისათვის ერთ-ერთი იშვიათი ლეგიონერთაგანი გახლდათ (ბერძნულ აეკ-ში გამოდიოდა).

ოფიციალურ მიზეზად, ქეცბაიას ტრავმა დასახელდა, არადა, მის გარდა, ნაკრებში იმ დროისათვის მხოლოს სამი ლეგიონერი იყო: კახა ცხადაძე ("აინტრახტი", გერმანია), გია გურული ("ლე ავრი", საფრანგეთი) და გიორგი ჩიხრაძე ("შახტიორი", უკრაინა). ყველა დანარჩენი ფეხბურთელი კი იმ დროისათვის თბილისის "დინამოში" გამოდიოდა...

...ის შესარჩევი ციკლი მოლდოველებთან დავიწყეთ და მოლდოველებთან დავამთავრეთ, თუმცა კიშინიოვში გამართულ იმ მატჩს აღარანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა და რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის გარეშე მოასპარეზე საქართველოს ნაკრები 2:3 დამარცხდა. სხვათა შორის, საქართველოს ნაკრები კაპიტნის სამკლავურით პირველად გამოიყვანა თემურ ქეცბაიამ.

რევანში
პირველმა შესარჩევმა ციკლმა ფეხბურთის ქართველ გულშემატკივრებს სრულიად საფუძვლიანი იმედი გაუჩინა: სადებიუტო ციკლში ხომ მხოლოდ გერმანიასა და იმ დროისათვის მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს, ბულგარეთის ნაკრებს ჩამოვრჩით.

თუმცა, ჩვენთვის რიგით მეორე ციკლში არანაკლებ ძლიერები მეტოქეები (იტალია, ინგლისი, პოლონეთი) შეგვხვდა. კიდევ ერთ მეტოქედ კი კვლავაც მოლდოვა გვერგო და სწორედ მაშინ შევძელით კიდეც სრულფასოვანი რევანშის აღება. ოღონდ, ის ციკლი წარუმატებლად დავიწყეთ: იმის გამო, რომ იტალიასთან (სტუმრად) და ინგლისთან (შინ) დავმარცხდით, ალექსანდრე ჩივაძეს ნაკრების თავკაცის პოსტიდან წასვლამ მოუწია.

სამწუხაროდ, ახალ მწვრთნელს, დავით ყიფიანს სადებიუტო მატჩი ინგლისთან, სტუმრად, "უემბლიზე" ჰქონდა და სასწაულიც არ მოხდა (0:2 წავაგეთ); აი, მომდევნო შეხვედრაში კი, როგორც იქნა, ნანატრი გამარჯვებაც მოვიპოვეთ: ბათუმში, თითქმის ოპტიმალური შემადგენლობით (მხოლოდ მურთაზ შელია გვაკლდა) მოასპარეზე საქართველოს ნაკრებმა შოთა არველაძისა და გიორგი ქინქლაძის გოლებით 2:0 მოვუგეთ მოლდოვას.

ეს მატჩი იმითაც იყო დასამახსოვრებელი, რომ პირველად და უკანასკნელად მოხდა, როცა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ოფიციალური მატჩი სხვა ქალაქში ჩაატარა; თანაც, ნაკრებში დებიუტი ჰქონდა ზაზა ჯანაშიას.

ის ციკლი მშვენიერი, სამმატჩიანი სერიით დავასრულეთ: იტალიასთან თბილისში ფრედ ვითამაშეთ (კახა კალაძისა და ნიკა ტოგონიძის ბენეფისად რომ იქცა), მერე კი ზედიზედ ორი შეხვედრა მოვუგეთ მოლდოვას (სტუმრად) და პოლონეთს (შინ). აღსანიშნავია, რომ მოლდოველებთან მატჩის წინ დავით ყიფიანს სერიოზული საკადრო პრობლემები შეექმნა და ძირითადი შემადგენლობის სამი საკვანძო ფეხბურთელი მოისაკლისა - შოთა არველაძე, კახა ცხადაძე, ლევან კობიაშვილი.

არც მურთაზ შელია და გოჩა ჯამარაული იყვნენ 100-პროცენტით მზად და მხოლოდ შეცვლაზე შემოვიდნენ. აღსანიშნავია, რომ ჩვენებმა ის შეხვედრა 9 (!) ფეხბურთელით დაამთავრეს, მასპინძლებმა კი - 10 ფეხბურთელით: არბიტრმა ჯერ კახა კალაძე გააძევა, მერე კი ორივე გუნდის ლიდერებს, ალექსანდრ კურტეანუსა და გიორგი ქინქლაძეს დაატოვებინა მოედანი!

ამის მიუხედავად, მაინც შევძელით ერთბურთიანი უპირატესობის შენარჩუნება იმ მატჩში, სადაც კაპინის სამკლავურით პირველად გამოიყვანა საქართველოს ნაკრები გიორგი ნემსაძემ...

საქართველო-მოლდოვის ყველა დაპირისპირება
ამხანაგური მატჩი
02.07.1991. კიშინიოვი. რესპუბლიკური. 7 000 მაყურებელი
მოლდოვა-საქართველო 2:4
გოლები: 0:1 ქეცბაია (5), 0:2 დარასელია (18), 1:2 სპირიდონი (27), 2:2 ხარია (50), 2:3 მ. ჯიშკარიანი (79), 2:4 ყაველაშვილი (88)
საქართველო: ჩხეიძე - კუდინოვი, ცხადაძე, შელია, გ. ჯიშკარიანი - ცომაია, გ. კილასონია - ბიგვავა (59. მ. ჯიშკარიანი), გ. დარასელია, ქეცბაია - ყიზილაშვილი (65. ყაველაშვილი).
კაპიტანი: კახა ცხადაძე
მწვრთნელი: გიგა ნორაკიძე

ევროპის ჩემპიონატი
07.09.1994. თბილისი. ბ. პაიჭაძე. 55 000 მაყურებელი
საქართველო-მოლდოვა 0:1
გოლი: 0:1 ოპრია (40)
საქართველო: ზოიძე - ნემსაძე, ცხადაძე, შელია - ყაველაშვილი, ჯამარაული, ქინქლაძე, რ. არველაძე (69. ზ. რევიშვილი) - გ. გურული (46. ინალიშვილი) - ა. არველაძე, შ. არველაძე.
კაპიტანი: კახა ცხადაძე
მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე

ევროპის ჩემპიონატი
15.11.1995. კიშინიოვი. რესპუბლიკური. 8 000 მაყურებელი
მოლდოვა-საქართველო 3:2
გოლები: 1:0 ტესტიმიცანუ (5-პენ), 2:0 მიტერევი (18), 2:1 დ. ჯანაშია (68), 3:1 მიტერევი (73), 3:2 კულიბაბა (81-საკ. კარში)
საქართველო: ზოიძე - ღუდუშაური (56. დ. ჯანაშია), კუდინოვი, ბერაძე, ჩიხრაძე - გოგიჩაიშვილი, ცქიტიშვილი, ჯამარაული (62. მაჭავარიანი), ქეცბაია - ქინქლაძე - შ. არველაძე.
კაპიტანი: თემურ ქეცბაია
მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე

მსოფლიოს ჩემპიონატი
07.06.1997. ბათუმი. ცენტრალური. 12 000 მაყურებელი
საქართველო-მოლდოვა 2:0
გოლები: 1:0 შ. არველაძე (28), 2:0 ქინქლაძე (51-პენ)
საქართველო: ზოიძე - ნ. ლობჟანიძე, ცხადაძე, ჩიხრაძე, კობიაშვილი - გოგიჩაიშვილი, ნემსაძე (80. ა. არველაძე), ჯამარაული (66. კიკნაძე), ქეცბაია (84. ზ. ჯანაშია) - ქინქლაძე - შ. არველაძე.
კაპიტანი: კახა ცხადაძე
მწვრთნელი: დავით ყიფიანი

მსოფლიოს ჩემპიონატი
24.09.1997. კიშინიოვი. რესპუბლიკური. 9 000 მაყურებელი
მოლდოვა-საქართველო 0:1
გოლი: 0:1 ქეცბაია (10)
საქართველო: ტოგონიძე - ნ. ლობჟანიძე, შეყილაძე, კალაძე, ჩიხრაძე - ქეცბაია, ნემსაძე, ქინქლაძე, გახოკიძე (88. ჯამარაული) - ყაველაშვილი (82. შელია), ა. არველაძე (66. გუჩუა).
კაპიტანი: გიორგი ნემსაძე
მწვრთნელი: დავით ყიფიანი

ამხანაგური მატჩი
12.02.2003. თბილისი. ლოკომოტივი. 7 000 მაურებელი
საქართველო-მოლდოვა 2:2
გოლები: 1:0 ჩალაძე (61), 1:1 დადუ (75), 2:1 აშვეთია (83), 2:2 დადუ (84-პენ)
საქართველო: ლომაია (46. ნიკურაძე) - აბრამიძე (64. ქემოკლიძე), შაშიაშვილი, ამისულაშვილი, სახვაძე - დიდავა (46. მენთეშაშვილი), გოგობერიშვილი - აფხაზავა (46. ჩალაძე), მ. ჯიქია (46. კვარაცხელია), დ. მუჯირი (46. ვ. დარასელია) - ალექსიძე (46. აშვეთია).
კაპიტანი: გიორგი შაშიაშვილი
მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე

ამხანაგური მატჩი
18.08.2004. ტირასპოლი. ცენტრალური. 8 500 მაყურებელი
მოლდოვა-საქართველო 1:0
გოლი: 1:0 მიტერევი (67)
საქართველო: ლომაია - მჟავანაძე, ხიზანიშვილი, კალაძე, კობიაშვილი (79. აფციაური) - კვარაცხელია, ცქიტიშვილი (46. დ. მუჯირი) - ბურდული, ჯამარაული, ა. იაშვილი (46. ჯაკობია) - დემეტრაძე (61. ალექსიძე).
კაპიტანი: კახა კალაძე
მწვრთნელი: ალენ ჟირესი

ამხანაგური მატჩი
27.02.2006. ლა ვალეტა. ტა ქალი. 100 მაურებელი
მოლდოვა(ახ)-საქართველო 5:1
გოლები: 1:0 ზისლისი (5), 2:0 ზისლისი (13), 2:1 ცქიტიშვილი (18-პენ), 3:1 ალექსეევი (48), ნამაშკო (59-პენ), 5:1 გოლოვატენკო (71)
საქართველო: თევდორაძე - ბენაშვილი (60. მჭედლიშვილი), ხიზანიშვილი, ასათიანი, ღვინიანიძე - კ. მახარაძე, კანკავა (46. კობიაშვილი) - გ. ჭელიძე (65. რ. გოცირიძე), ცქიტიშვილი, დ. მუჯირი - ბ. გოცირიძე (46. მარცვალაძე).
კაპიტანი: მალხაზ ასათიანი
მწვრთნელი: კლაუს ტოპმიოლერი

ამხანაგური მატჩი
06.06.2009. თბილისი. მიხეილ მესხი. 8 000 მაყურებელი
საქართველო-მოლდოვა 1:2
გოლები: 0:1 სოფრონი (7), 0:2 გოლოვატენკო (57), 1:2 ხიზანიშვილი (85)
საქართველო: ლომაია - შაშიაშვილი, კვახაძე, ხიზანიშვილი, გ. ფოფხაძე - დაუშვილი (77. ყენია), კობიაშვილი (70. რაზმაძე), დ. კვირკველია (60. მერებაშვილი) - ა. იაშვილი, ბ. გოცირიძე (27. სეთურიძე) - ალექსიძე (63. დვალიშვილი).
კაპიტანი: ლევან კობიაშვილი
მწვრთნელი: ექტორ კუპერი

ამხანაგური მატჩი
11.08.2010. კიშინიოვი. ზიმბრუ. 6 000 მაყურებელი
მოლდოვა-საქართველო 0:0

საქართველო: ლორია - უ. ლობჟანიძე, ამისულაშვილი (46. დ. კვირკველია), ასათიანი (69. სალუქვაძე), კალაძე - ხიზანიშვილი, გოგუა (64. აფციაური) - ა. იაშვილი (46. გელაშვილი), სირაძე (56. მერებაშვილი), კობიაშვილი - დვალიშვილი (78. კოშკაძე).
კაპიტანი: კახა კალაძე
მწვრთნელი: თემურ ქეცბაია

ამხანაგური მატჩი
11.11.2011. თბილისი. მიხეილ მესხი. 4 000 მაურებელი
საქართველო-მოლდოვა 2:0
გოლები7: 1:0 კობახიძე (36), 2:0 ანანიძე (39-პენ)
საქართველო: ლორია - გ. კაშია, ამისულაშვილი, ხუბუტია (86. შ. გრიგალაშვილი), გრიგალავა - ხიზანიშვილი (86. ჯანელიძე), მაისურაძე (53. განუგრავა) - გელაშვილი (64. ს. გურული), ანანიძე (58. გორგიაშვილი), კობახიძე - დვალიშვილი (56. მოდებაძე).
კაპიტანი: ზურაბ ხიზანიშვილი
მწვრთნელი: თემურ ქეცბაია

ფოტოები ჟურნალ "დებიუტიდან"
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
21 ქულით ვერ გავდიოდით. 25 დააგროვა გერმანიამ და 22 ბულგარეთმა.
Teimuraz
16:29 12-11-2016
0
ეეჰ, კაი რა. მე როგორც მახსოვს იმ ევროზე მოვიგეთ 5 თამაში. მოლდოვასთვისაც რომ მოგვეგო 2 გვექნებოდა 7 მოგება. რატო ვერ გავიდოდით? აღარ მახსოვს ბულგარელებმა რამდენი ქულა დააგროვეს.
haha
12:59 12-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული