საქართველოს ნაკრების მწვრთნელ-ფეხბურთელთა შეფასება 10-ბალიანი სისტემით

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2016 წელი მოლდოვასთან თბილისური შესარჩევი მატჩით დაასრულა. ეს დასასრული არ იყო ისეთი, როგორსაც ყველა ვისურვებდით. უახლოეს ნომერში "ლელო" აუცილებლად შეაფასებს განვლილ სანაკრებო წელიწადს, მანამდე კი მოლდოვასთან ფრედ დასრულებულ შეხვედრაში თითოეული ჩვენი ფეხბურთელის ნაღვაწი ავწონ-დავწონოთ (შეფასების კრიტერიუმად გამოვიყენეთ 10-ბალიანი სისტემა).

- საქართველო-მოლდოვა 1:1 - ფეხბურთი მხოლოდ ნახევარი საათით [VIDEO+PHOTO]

გიორგი ლორია 5 - ვერ ითამაშა ისე, როგორც მისგან ველოდით. დიდი ალბათობით, ჩვენს კარში არ გავიდოდა გოლი, ლორიას კარი რომ არ დაეკარგა. საქართველოს ნაკრების მეკარემ გაშვებულ გოლამდე რამდენიმე წამით
ადრეც დაუშვა შეცდომა და მეტოქის დარტყმულზე კონცენტრირება ვეღარ შეძლო - ბურთმა თავზე გადაუფრინა. სხვა ეპიზოდებშიც რამდენჯერმე გაუმართლებლად დატოვა კარი.

ოთარ კაკაბაძე 5,5 - შესანიშნავად ითამაშა პირველ ტაიმში, დაცვაშიც საიმედო იყო და შეტევაშიც ხშირად ერთვებოდა. მეორე ტაიმში ვითარება შეიცვალა, თუმცა ამაში მხოლოდ კაკაბაძეს ვერ დავადანაშაულებთ. გუნდი ვეღარ უტევდა და "ხიმნასტიკის" მარჯვენა მცველსაც, ძირითადად, დაცვითი ფუნქციების შესრულება უწევდა. მოლდოველთა გოლის ეპიზოდში საჯარიმოდან ბურთის ამოტანა ვერ შეძლო.

საბა კვირკველია 6 - საქართველოს ნაკრებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და ორჯერ გოლსაც გადაგვარჩინა. კვირკველიას კარგი თამაში ნაკრებში მით უფრო დასაფასებელია, რომ ყაზანის "რუბინში" საერთოდ არ აქვს სათამაშო პრაქტიკა. გარედან ისე ჩანს, რომ ყველა სანაკრებო მატჩისთვის საგანგებოდ ემზადება.

გურამ კაშია 6 - კვირკველიასთან ერთად, დამაჯერებლად იდგა დაცვის ცენტრში. საერთოდ, არის თამასა, რომელზე დაბლაც კაშია არასოდეს ეშვება და ასე იყო ამჯერადაც. მას გოლების გატანას ნამდვილად ვერ მოვთხოვთ.

გიორგი ნავალოვსკი 6 - საგოლე შეტევაში ბოლოსწინა პასი მისი იყო ქვილითაიაზე. შეტევებში აქტიურად ცდილობდა ჩართვას. სასურველი იქნებოდა, მის ჩაწოდებებს მეტი სიზუსტე და ეფექტი ჰქონოდა. მთლიანობაში, ნორმალურად ითამაშა.

ვაკო გვილია 6 - ისეთი კარგი ვერ იყო, როგორც უელსსა და ირლანდიასთან, თუმცა რამდენიმე ძალიან კარგი პასი კი შეასრულა. ვფიქრობთ, მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრების უსუსტესი თამაში გვილიას ნაადრევმა შეცვლამაც განაპირობა.

ბუბა დაუშვილი 6 - მისი მოვალეობაა ბრძოლა და ამ ამოცანას თავი კარგად გაართვა. ჩვეული თავგანწირვით იომა. ესაა, მისგან შემქმნელ ფეხბურთს ვერ დაელოდება კაცი. ერთ-ერთ ეპიზოდში საქართველოს ნაკრები აშკარა გოლისგან იხსნა, როცა მეტოქის დარტყმულს გადაეფარა.

გიორგი ჭანტურია 6,5 - ერთ-ერთი საუკეთესო იყო საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში. პირველ ტაიმში რამდენჯერმე გვიჩვენა მაღალი ტექნიკური არსენალი. მეორე ნახევარში შედარებით ჩრდილში მოექცა, თუმცა ერთ ეპიზოდში მაინც შეგვახსენა თავი, როცა 11-მეტრიანს ითხოვდა.

ვაკო ყაზაიშვილი 6,5 - გოლი გაიტანა და თუნდაც ამიტომ უნდა გამოვარჩიოთ სხვების ფონზე მისი გარჯა. "ლეგიაში" პრაქტიკა აკლია და ეს სანაკრებო მატჩებშიც აშკარად გამოჩნდა. გოლი კი მართლაც შესანიშნავი გაიტანა, თუმცა სხვა ეპიზოდებში მისგან აშკარად მეტს ველოდით.

თორნიკე ოქრიაშვილი 5,5 - რა თქმა უნდა, ეს არ იყო ის თორნიკე ოქრიაშვილი, რომლის ხილვასაც საქართველოს ნაკრების მატჩებში მივეჩვიეთ. ლიდერის ტვირთი ამ მატჩში ისე ვერ ზიდა, როგორც შეეძლო. პირველ ტაიმში ერთი საგოლე შანსი ჰქონდა, მეორე ნახევარში კი, საჯარიმოში რომ შეიჭრა, ის ეპიზოდი ძალიან ჰგავდა 11-მეტრიანს.

გიორგი ქვილითაია 6 - ვლადიმირ ვაისი მისი თამაშით უკმაყოფილო დარჩა. მართალია, "რაპიდის" ფორვარდი ძალიან შესამჩნევი არ იყო, მაგრამ სლოვაკი მწვრთნელის აზრს ბოლომდე ვერ გავიზიარებთ. ჩვენი მოსაზრება ფაქტებით გავამყაროთ. ქვილითაიამ გააკეთა საგოლე პასი და თავადაც უნდა გაეტანა, მაგრამ მის დარტყმულს ზედ კარის ხაზზე დახვდა მოლდოველთა მეკარე. ის იბრძოდა ყველა მაღალ ბურთზე, მოძრაობდა, იხსნებოდა, მაგრამ მაინცდამაინც ცენტრფორვარდის ბრალი ვერ იქნება, თუ მასთან ბურთი არ მიდის.

ჯაბა კანკავა 5 - საქართველოს ნაკრების კაპიტანი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო. ზოგადად, კანკავა ის ფეხბურთელია, სასტარტოში რომ უნდა იყოს. მისი ასე ხელოვნურად ჩამატებით მნიშვნელოვნად აირია ჩვენი ნაკრების სათამაშო სქემა.

ლადო დვალიშვილი შ.გ. - თითქმის 20 წუთი ითამაშა და ღირებული ვერაფერი გააკეთა. თავისი ხასიათიდან გამომდინარე, დვალიშვილი თამაშს ცდასა და მონდომებას არ აკლებს, მაგრამ რაც არ გამოდის, არ გამოდის...

დავით სხირტლაძე შ.გ. - ითამაშა ბოლო 10 წუთი, ანუ ის მონაკვეთი, როცა ჩვენი გუნდის თამაში არეული იყო. სხირტლაძე ცენტრალური თავდამსხმელია. ის დამოკიდებულია პარტნიორის კარგ პასზე. ასე რომ, მოედანზე ვერაფერი შეცვალა.

ვლადიმირ ვაისი 4 - გავრისკავ და ვიტყვი, რომ ეს იყო სლოვაკი სპეციალისტის ერთ-ერთი უსუსტესი მატჩი სამწვრთნელო კარიერაში. მის მიერ გაკეთებულმა შეცვლებმა გუნდი მთლიანად მოშალა, ნაცვლად უკეთესობისა. აირია ტაქტიკური სქემა და, რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, აუცილებლად მოსაგებ თამაშში ერთი ხანობა ცენტრფორვარდის გარეშეც დავრჩით.

ვაისის შეცდომად მიმაჩნია ისიც, რომ დაწინაურების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ზედმეტად გააკეთა აქცენტი ანგარიშის შენარჩუნებაზე. შესაძლოა, ეს არც იყო მწვრთნელის მითითება, მაგრამ მინდორზე ასე ჩანდა.

კარგი ის იყო, რომ ვაისმა აღიარა საკუთარი შეცდომები. და ერთიც: ალბათ, მწვრთნელი მეტად უნდა დაფიქრდეს ძირითადი შემადგენლობის შერჩევისას და რამდენიმე პოზიციაზე არჩევანს გადახედოს. ჩვენი რესურსი ულევი არ არის, მაგრამ ამ ეტაპზეც კი ნაკრებს მიღმა 2-3 ისეთი ფეხბურთელი დარჩა (ამაზე მერე იყოს), რომელთაც, ჩვენი აზრით, თუნდაც კონკურენციის მომატება შეეძლოთ ეროვნულ გუნდში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 22 /
ტიტქმს ყველა ნაკრები ატარებს ამ დგეებჰი ამხანაგურებს ჰვენები კი ისვენებენ სადააქ ფედერაციას გადასაყრელი ფული ვილები აქვტ ასასჰენებელი.
ბაჯო
11:04 16-11-2016
0
ქვილითაიამ საგოლე სიტუაციაში დაარტყა იმ ერთადერთ წერტილში,სადაც შანსი ქონდა მეკარეს,რომ აეღო ან მოხვედროდა ბურთი(((ან ახლო კუთხეში უნდა დაერტყა ან მოძრაობის საწინააღმდეგოდ
ზაზა
00:42 16-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული