თბილისი აქამდე მწარედ ახსოვთ... რუსეთის ნაკრების 10 ყველაზე დამამცირებელი მარცხი

AutoSharing Option
რუსებს ევროპის ჩემპიონატზე მათი ნაკრების სამარცხვინო გამოსვლა ჯერ ვერ მოუნელებიათ და, აგერ, კიდევ ერთი მტკივნეული დარტყმა მიიღეს - როგორც იცით, სტანისლავ ჩერჩესოვის გაწვრთნილები 8 ნოემბერს, დოჰაში, ყატარის ეროვნულ გუნდს ამხანაგურად დაუპირისპირდნენ და 1:2 დამარცხდნენ, არადა, თავიდან იგებდნენ.

ცხელ გულზე, "სპორტ-ექსპრესმა" რუსეთის ნაკრების ყველაზე დამამცირებელი წაგებების ათეული დაასახელა. გამოცემის ჟურნალისტი აღნიშნავს: "ჩვენ თავი ბევრჯერ გვიგრძვნია შეურაცხყოფილად, ეგრეთ წოდებულ "ჯუჯებთან" და საშუალო დონის ნაკრებებთან მარცხით".

ყატართან წაგების გარდა, "სპორტ
-ექსპრესმა" ეს მატჩებიც გაიხსენა: ისლანდიასთან (1998 - 0:1), ისრაელთან (2000 - 1:4 და 2003 - 1:2), ესტონეთთან (2002 - 1:2), ალბანეთთან (2003 - 1:3), რუმინეთთან (2008 - 0:3), უელსთან (2016 - 0:3).

სხვებს რომ "ჯუჯებად" მოიხსენიებენ, თავად აღმოჩნდნენ მათ როლში 2004 წლის 13 ოქტომბერს, როცა მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში პორტუგალიისგან განადგურდნენ - 1:7. საქმე იქამდეც კი მივიდა, რუსეთის ნაკრების მაშინდელმა მწვრთნელმა გეორგი იარცევმა სათადარიგოთა სკამი მსაჯის საფინალო სასტვენამდე აღშფოთებულმა დატოვა.

ამ სიაში მოხვდა 2003 წლის 30 აპრილს თბილისში გამართული მატჩიც, როცა ევრო 2004-ის შესარჩევ ციკლში ივო შუშაკის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა მალზახ ასათიანის მიერ მე-12 წუთზე გატანილი გოლით რუსეთი 1:0 დაამარცხა და ლამის მთელი ქვეყანა ქუჩაში საზეიმოდ გამოიყვანა.

- ისტორია: ვის აწყობდა საქართველო-რუსეთის მატჩის ჩაშლა? [VIDEO]

"კარგი იქნებოდა, შუქი ისევ ჩამქრალიყო. შესაძლოა, საქართველოსთან მინიმალური ანგარიშით მარცხი სანაკრებო კონფუზების სიაში არ უნდა დაგვესახელებინა, მაგრამ 2003 წლის აპრილში ეს ნამდვილ კოშმარად ჩანდა.

რუსეთის ნაკრებს თბილისში შემოდგომაზე უნდა ეთამაშა, მაგრამ მაშინ სტადიონზე ელექტროენერგია გაითიშა, მატჩი შეწყდა და გაზაფხულისთვის გადაიტანეს. ამჯერად, საქართველოს დედაქალაქში განათების მხრივ ყველაფერი წესრიგში იყო.

მიუხედავად ამისა, მატჩის დასასრულს რუსეთის ნაკრების გულშემატკივრები ყველაფერს შესწირავდნენ, პროჟექტორები კიდევ ერთხელ რომ გამორთულიყო", - წერს გამოცემა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
გაანებეთ ამ ჯიქიას თავი არ უნდა და უჯიქნია სადაც უნდა იქ. რა გვაქ სახვეწარი.
0
ჯიქია არ ათამაშეს... და იქნებ დაფიქრდეს სად მიდის სათამაშოდ... იქნებ ჯობია საქართველოს ძირითადში თამაში რუსეთში სკამის ხეხვას და ყატართან წაგებებს
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული