უზბეკეთთან მატჩში საქართველოს ნაკრები ძირითადად ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებით იქნება დაკომპლექტებული. ამას თავისი ლოგიკური ახსნა აქვს, რადგან ეს დღე ფიფას ოფიციალურ "ფანჯარაში" არ ზის.
აქედან გ
ამ დროისთვის ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით საქართველოს ნაკრების შეკრების ზუსტი თარიღი და ადგილი. იანვარი რთული პერიოდია საფეხბურთო თვალსაზრისით, ბევრი კლუბი შეკრებაზეა... გარდა ამისა, სალაპარაკოა იმ ქართველი ლეგიონერების გუნდებთან, რომლებიც ამ შეხვედრისთვის ეროვნულ გუნდში იქნებიან მიწვეულნი.
ამ დროისთვის დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ უზბეკეთთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრები რამდენიმე დღის განმავლობაში უშუალოდ ადგილზე, დუბაიში მოემზადება. მანამდე კი საქართველოში აუცილებლად ჩამოვა ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი.
დიდი ალბათობით, სანაკრებო სიაში იქნებიან ის ფეხბურთელები, რომლებიც აქამდე საქართველოს ჩემპიონატში თამაშობდნენ, ახლა კი ლეგიონერები გახდნენ. ვლადიმირ ვაისისთვის მართლაც საჭიროა ასეთი მატჩი, რათა შეაფასოს ნაკრების უახლოესი რეზერვი.
მოდი, ვნახოთ უზბეკეთი...
იმთავითვე შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ნაკრებს დუბაიში ძლიერ მოწინააღმდეგესთან მოუწევს საქმის დაჭერა. უზბეკეთის ნაკრები წარმატებით თამაშობს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, სადაც A ჯგუფში მესამე ადგილზეა და ჩამორჩება ირანისა და სამხრეთ კორეის ნაკრებებს.გუნდს ყველა სათამაშო რგოლში ჰყავს ლიდერი. მეკარეებში გამოირჩევა ტაშკენტის "ლოკომოტივში" კახა მახარაძის თანაგუნდელი, 33 წლის იგნატი ნესტეროვი. ის ძალიან საიმედო და ძლიერი გოლკიპერია.
დაცვაში მთავარი კაცი მოსკოვის "ლოკომოტივის" ერთ-ერთი ლიდერი, 29 წლის ვიტალი დენისოვია. შეუცვლელი ფიგურები არიან ჩინეთში მოთამაშე უკანახაზელები, 24 წლის ეგორ კრიმეტსი და 31 წლის ანზურ ისმაილოვი.
ნახევარდაცვისა და ნაკრების ლიდერია 34 წლის ცენტრალური ნახევარმცველი, სერვერ ჯეპაროვი. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტექნიკითა და სათამაშო მანერით ის მთელ აზიაში ერთ-ერთი გამორჩეულია. ჯეპაროვმა კორეულ და არაბულ კლუბებში ითამაშა, ახლა კი კახა მახარაძესთან ერთად ტაშკენტის "ლოკომოტივის" ღირსებას იცავს. მას ნაკრებში 121 მატჩი (25 გოლი) აქვს ჩატარებული.
უზბეკთა ნახევარდაცვაში აუცილებლად უნდა ვახსენოთ ორი ფეხბურთელი, რომელიც ქართველ გულშემატკივარს კარგად ემახსოვრება რუსული პრემიერლიგიდან. ესენი არიან თორნიკე ოქრიაშვილის თანაგუნდელი "კრასნოდარში", 29 წლის ოდილ აჰმედოვი და ამჟამად პოლტავის "ვორსკლას" ერთ-ერთი ლიდერი, სანჟარ ტურსუნოვი.
თავდასხმის ხაზში გამორჩეულია 32 წლის ალექსანდრ ჰაინრიხი. მას თავის დროზე მოსკოვის ცსკა-ში უთამაშია, ახლა კი ყაზახური "ორდაბასის" ღირსებას იცავს ოთარ მარცვალაძესა და გოგიტა გოგუასთან ერთად.
აქვე არ უნდა გამოგვრჩეს ჩინური "ბეიჯინგ გუაონის" 23 წლის შემტევი - იგორ სერგეევი. ერთი სიტყვით, უზბეკეთის მოქალაქე მწვრთნელის, სამველ ბაბაიანის ხელში საკმაოდ კარგი კონტინგენტია თავმოყრილი.
რა უპირატესობა აქვთ უზბეკებს?
თავიდანვე შეიძლება ითქვას, რომ უზბეკეთის ნაკრებს ამ შეხვედრაში ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა ექნება. ამ ნაკრებში ლეგიონერები ისეთ გადამწყვეტ როლს არ თამაშობენ, როგორსაც - საქართველოს უპირველეს გუნდში.უზბეკეთში მოთამაშე ის ფეხბურთელები, რომლებიც ნაკრებში სისტემატურად ირჯებიან, წლების განმავლობაში ძირითადად ერთსა და იმავე კლუბებში (ტაშკენტის "ლოკომოტივი", "ფახთაქორი") ირჯებიან და კარგადაც არიან შეთამაშებულები, რაც სოლიდური პლუსია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"